რატომ დავკარგეთ სპორტული თაობა - კვირის პალიტრა

რატომ დავკარგეთ სპორტული თაობა

იმდენჯერ უტკენია გული ჩვენი სპორტსმენების მარცხს, რომ ამ ტკივილს შევეჩვიეთ კიდეც. მაგრამ იყო წლები, მტრის ჯავრს ჩვენი სპორტსმენები გვყრიდნენ. კი მაგრამ ახლა რა ასეთი უშველებელი გვჭირსო, - ხშირად გაიგონებთ ქართველი გულშემატკივრებისაგან. გამოსავალი ალბათ არის ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

ჩვენი მამა-პაპანი ბავშვების წვრთნას 5 წლიდან იწყებდნენ, - ფიზიკურად გაძლიერება გამარჯვების ერთადერთი შანსი იყო. ახლა კი გამარჯვებამდე ვინ მივა, ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჩვენი ბავშვები უმოძრაობით ლამის დაავადმყოფდნენ, - საქართველოში ბავშვების სავარჯიშო სპორტული კომპლექსები, მანეჟები, საცურაო აუზები დანგრეულ-დალეწილია...

თუ გვინდა რაიმე გვეშველოს, სპორტის სამინისტრომ უპირველესად უნდა ააშენოს ახალი ტიპის სპორტული ბაზები, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ივარჯიშებენ, არამედ იქვე ექნებათ სკოლა, რომელშიც სწავლების სრულ კურსს გაივლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობა ფიზიკურადაც განვითარდება და გონებრივადაც - სპორტული მონაცემების მქონე ახალგაზრდებს განსაკუთრებულად შეეწყობათ ხელი როგორც სწავლაში, ისე წვრთნაში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბავშვები არა მხოლოდ სპორტის ერთ სახეობაში გამოცდიან შესაძლებლობებს, არამედ რამდენიმეში. მთავარია, სპორტულ შენობებთან იყოს სპორტული მოედანი სარბენი ბილიკით, სპორტული ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი; მწვრთნელებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რამდენიმე დღით ღამის გასათევად დარჩნენ ბაზაში. კვება აუცილებლად უნდა იყოს კალორიული.

გავიხსენოთ, რა დატვირთვა ჰქონდა წლების წინათ ასეთ ბაზას დაბა ლესელიძეში, სადაც სხვადასხვა სახეობის სპორტსმენები იკრიბებოდნენ.

ასე რომ, დიდი თხოვნით მივმართავ სპორტის მინისტრს, გამონახოს სახსრები ამ იდეის განსახორციელებლად, - დარწმუნებული ვარ, ეს არა მხოლოდ ჩემი, მთელი ჩემი ქვეყნის სათხოვარია!

ზურაბ მამუკელაშვილი