"პალიტრამ" ჩემი შვილიშვილის სიცოცხლის ის წამი მაჩუქა" - კვირის პალიტრა

"პალიტრამ" ჩემი შვილიშვილის სიცოცხლის ის წამი მაჩუქა"

ამას წინათ წერილი მივიღეთ: "დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის მომეწერა, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ახლა, როგორც იქნა, გავბედე. ჩემო პალიტრელებო, თქვენი გაზეთი ჩემთვის საკრალური გახდა - მან გარდაცვალების მეორე დღეს  ჩემი შვილიშვილი ლადო თითქოს ცოცხალი დამიბრუნა.

იმ დღეებიდან, როცა ენით აუწერელი ტრაგედია დაგვემართა, ბევრი არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ ლადოს გარდაცვალების მეორე დღეს მეზობელი შემოვიდა, ხელში "კვირის პალიტრა" ეჭირა, - ნახეთ ვინ დაუბეჭდავთო! ცრემლი წამსკდა, -  ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ფოტოზე მე და ლადუნა ვიყავით - პლეხანოვზე ბორდიურზე ვისხედით და "კვირის პალიტრას" ვკითხულობდით. იცით, ეს რა იყო? თქვენმა გაზეთმა ჩემი შვილიშვილის სიცოცხლის ის წამი  მაჩუქა, რომელმაც ქვეყნად მომაბრუნა. ლადო თითქოს მეუბნებოდა, არსად წავსულვარ, აქ ვარო. მახსოვს, ხელები მიცახცახებდა, ცრემლი მახრჩობდა და სურათს დავცქეროდი -   ბიჭი მანიშნებდა, რომ ჩვენ მუდამ ვარსებობთ ერთმანეთისთვის, მას შემდეგაც კი, როცა იმ ქვეყნად მივდივართ.  თუ ჩემი ამბავი გაინტერესებთ, იქნებ დამიკავშირდეთ.

პატივისცემით, თემურ ადეიშვილი."

ჩვენ ბატონ თემურს დავუკავშირდით.

- როგორც გავიგეთ, ლადო თქვენი შვილიშვილი იყო...

- ლადუნა  საოცარი ბიჭი იყო. მის დანახვაზე ყველაფერი ცუდი გავიწყდებოდა. მე მისი ბაბუის ძმა ვარ, თანაც ძალიან უფროსი, მაგრამ ის ჩემი მეგობარიც იყო და იმედიც. სერიოზული ყმაწვილი იყო, მანქანასაც ვანდობდი ხოლმე, ვიცოდი, არასოდეს მოუვიდოდა შეცდომა. მაგრამ სხვა დაეჯახა და მოკლა...  ლადუნას გამწარებულმა მამამ, რადგან მისი შვილის მკვლელი დაუსჯელი დადის, შვილის საფლავზე თავი დაიწვა.

- რას ბრძანებთ?!.

- ასე იყო. მაგრამ ამით არ დაგამძიმებთ. მე იმიტომ მოგწერეთ, რომ ლადუნამ იმ ქვეყნიდან მომცა იმედი, რომ სიცოცხლე არასოდეს წყდება. უცნაური ამბები ხდებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ. მეზობლის არაჩვეულებრივი გოგონა მძიმედ იყო დაავადებული, ახლა საბედნიეროდ, ჯანმრთელია. ლადუნა მომავალი ექიმი იყო, ამ ბავშვს მძიმე დღეებში მუდამ გვერდით ედგა. იმ დღეს, როცა ლადო გარდაიცვალა, გოგონა  უცხოეთში იყო და ისე, რომ არაფერი იცოდა, დარეკა, ლადო იკითხა, -  სიზმარი ვნახე, ლადომ მომიკითხა, მეც მოვიკითხე, მან კი თავი დახარა და არაფერი მიპასუხა. მითხარით, ხომ არაფერი უჭირსო. მერე სხვამ დაგვირეკა, - წუხელ ლადო მესიზმრა ძალიან ლამაზ მინდორზე სახლის აშენებას აპირებდა. მითხრა, - მე გაკეთება ვერ მოვასწარი, დედას ვეღარ დავეხმარები, მაგრამ ჩემ მაგივრად ყველაფერს ვახტანგი გაუკეთებსო... ვახტანგი ლადოს ძმაა და ძმის სიკვდილის შემდეგ დედას სულ ის უდგას მხარში.

- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სურათის შესახებ გვითხარით...

- ეს სურათი პლეხანოვზეა გადაღებული. ლადოს ბებია   სტომატოლოგთან მივიყვანე. ლადო ჩვენთან იყო. ბებიას რომ  ველოდებოდით  "კვირის პალიტრა" ვიყიდეთ, ჩამოვსხედით ძველ პატარა პარკში და კითხვა დავიწყეთ... როგორც ჩანს, ამ დროს თქვენმა ფოტოგრაფმა გამოიარა და ეს წუთი დაიჭირა. შემდეგ კი, ჩვენი ოჯახის საშინელი ტრაგედიის დროს ამ წუთით ლადუნა დაგვიბრუნდა. ძვირფასო და საყვარელო "კვირისპალიტრელებო", გმადლობთ ამ დიდი შვებისთვის...