მეორედ მოსვლა ბულაჩაურში - კვირის პალიტრა

მეორედ მოსვლა ბულაჩაურში

"ჩვენი სოფელი ბულაჩაური, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადაურჩა ტრაგედიას, - ადიდებულმა ხევის წყალმა თითქმის ნახევარი მთები წამოიღო, სოფელზე ჩამოატარა და გზად რაც დახვდა, ნაგებობები თუ ნარგაობა, ქვიშის მთებში დამარხა. სასწაული იყო, რომ ზვავმა სახლებს გარს შემოუარა, თორემ ცოცხალი ვერავინ გადაურჩებოდა. სამაგიეროდ, სრულიად გაანადგურა გზები. ახლა სოფელი უმძიმეს დღეშია - სამანქანო გზებზე, რამდენიმე ადგილზე, არათუ მანქანა, ადამიანიც ვეღარ დადის. დუშეთის გამგეობა დაგვპირდა, გზას გავწმენდთო, მაგრამ დაპირება ცრუ გამოდგა... საშინელ დღეში ვართ, საკუთარ სახლებამდე ვეღარ მივდივართ, ეგებ გზა გაწმინდონ, ქვებში ნახევრად დამარხული სახლებიც გაგვასუფთავებინონ. სხვანაირად ჩვენ ამ "მეორედ მოსვლას" ვერ გავუმკლავდებით.

პატივისცემით, სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობა"

წერილის წაკითხვის შემდეგ ბულაჩაურში წავედით. რაც ვნახეთ, იმის დაჯერება შეუძლებელი აღმოჩნდა, - მთებიდან მოვარდნილ წყალს მთები მოუგლეჯია, ტონობით ქვად დაუშლია და გზად ყველაფერი დაუმარხავს... ერთ-ერთ სახლს მივადექით. იქიდან ქალბატონებმა - ეთერ და მარგალიტა ჯუხარაშვილებმა ქვებში ნახევრად დამარხულ ჭიშკარს ზემოდან გადმოუარეს...

- ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა უეცრად ზათქი და გრიალი გაისმა მთებიდან. ხევის წყალმა სხვა დროსაც იცის მოდიდება, მაგრამ მსგავსი ხმაური არ გვსმენია. ზეციდან წყალი ღმუილით და გრიალით მოდიოდა, მთებიდან კი ისეთი ხმაურით, იმის აღწერა შეუძლებელია. მეორედ მოსვლა გვეგონა. უზარმაზარი ქვების საშინელი ზათქი და ჯახი აყრუებდა ყველაფერს... არ ვიცი, რა ძალამ გადაგვარჩინა, რომ არავინ დაიღუპა. სადაც გზად გაიარა, მოსავალი მთლიანად მოსპო. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ სოფლის ნაწილი მოვხვდით ამ საშინელებაში - ჩანს, წყალმა სადაც გზა იპოვა, იქ გადმოხეთქა... სოფლის ზედა სახლებში მოაგარაკეები იყვნენ და ისე ჩამარხა მათი ჭიშკრები და გზა, მანქანები ვეღარ გამოჰყავდათ. მერე ფული შეაგროვეს და ნაწილობრივ გაწმინდეს, მაგრამ გზისა და სახლების მთლიანად გაწმენდას იმდენი ფული უნდა, ხალხი ვერ შეძლებს... დაგვპირდნენ, დაგეხმარებითო, მაგრამ არავინ ჩანს... ამასობაში ჩვენი გვემართება, აღარც გზა გვაქვს და ვეღარც სახლებში შევდივართ...

პ.ს. არავინ იცის, ხვალ რას გვიმზადებს ბუნება, მაგრამ ყველაფერში ადამიანებს გვიდევს წილი - ნიაღვრის ასეთი მოსკდომა, გარშემო ტყეების გაკაფვის ბრალიცაა. მთავრობა კი გზის გაკეთებასთან ერთად იმაზეც უნდა ზრუნავდეს, რომ ამ სოფელში გაზი შევიდეს და ტყე აღარ მოიჭრას.

პ.პ.ს. დუშეთის გამგეობა გზის აღდგენის პირობას აგვისტოს ბოლოსთვის იძლევა - ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებულს ველოდებითო. იმედი გვაქვს, პირობა შესრულდება.