"სანახევროდ მშივრები ვართ, არ ვიცი, შვილს როგორ გავზრდით" - რატომ არ იღებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას?! - კვირის პალიტრა

"სანახევროდ მშივრები ვართ, არ ვიცი, შვილს როგორ გავზრდით" - რატომ არ იღებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას?!

"მე და ჩემი მეუღლე ვალერი ბერუაშვილი პატიოსანი შრომით მოვიპოვებდით სარჩოს, რომ არა ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც ჩემი ქმარი ინვალიდად აქცია: ცალი თვალი დაკარგა, არის მეორე თვალის დაკარგვის საფრთხეც. ამას თან დაერთო ინფარქტი და დიაბეტი. დღეს ნათესავის ბინაში ვცხოვრობთ, სადაც თავზე გვაწვიმს, ბეტონზე გვძინავს და ხშირად ვშიმშილობთ. არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერა და ვერ მოვხვდით", - მოგვწერა ნათია გაიხარაშვილმა. "კვირის პალიტრა" მათ ოჯახს ეწვია.

ნათია გაიხარაშვილი:

-არასოდეს გვილხინდა, თუმცა არ გვშიოდა, ვწვალობდით და თავი გაგვქონდა. იანვარში ვალერის ინფარქტი დაემართა. სტენტირების შემდეგ დიაბეტი დაუდგინეს. აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები, გარდა ამისა, ის ბავშვობიდან იყო დაავადებული გლაუკომით, რის გამოც, ოპერაცია გაიკეთა და თვალი დაკარგა. მეორე თვალზეც იგივე დაავადება აქვს, 10% აქვს მხედველობა და მუდმივად სჭირდება ძვირადღირებული წამლები. მეც დავკარგე სამსახური, რადგან ჩემს ქმარს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა. ავიღეთ ბანკის ვალები, ყველაფერი გავყიდეთ, რომ წამლები მეყიდა. ამჟამად ვალერის ბიძის სახლში ვცხოვრობთ, სადაც ბეტონის იატაკია, კედლებზე ბზარებია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის. ზამთარში, ყინვაში, ვაივაგლახით გვიწევს თავის გატანა. ხშირად საჭმლის ფული არა გვაქვს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი 100 ლარია - ვალერის მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია, ისიც აგვისტოდან დაენიშნა. აქედან ნახევარი კომუნალურ გადასახადებში მიდის, ვალერის კი თვეში 250 ლარის წამალი უნდა. სამსახური ვერ ვიშოვე, ახლომახლო არაფერია, შორს ვერ გავალ, ვალერის უპატრონოდ ვერ დავტოვებ.

9 წელია, რაც ჰიპოთირეოზი მაქვს და მუდმივად წამლები მჭირდება, ვეგეტონევროზიც დამემართა, - შიშები მაქვს, მარტო ვერსად მივდივარ... არავისი მშურს, მაგრამ იმისთანებს აქვთ სოციალური დახმარება, გაოცდებით. მოვიდა აგენტი, აღწერა ჩვენი მდგომარეობა,- ნახა 3 ფორმა 100 და გვით-ხრა, როცა ინვალიდის სტატუსი დაუდგინდება, მერე შევიყვანთ ბაზაშიო. მაღალი- ქულები მოვიდა -95 000. რამდენიმე თვეში- ვალერიმ ინვალიდის სტატუსი მიიღო.- ხელახლა დავწერეთ განც-ხადება. 2 თვე ველოდით აგენტს, არ მოდიოდა, სანამ ბატონ ცოტნე გამსახურდიას არ ვთხოვეთ დახმარება. მერე მოვიდა და მიუთითა, რომ ვალერი მეორე ჯგუფის ინვალიდია, მაგრამ მისი დაავადებები არ ჩაწერა, არც ის, მუდმივად წამლები რომ სჭირდება. ისევ მაღალი ქულებით შეგვაფასეს. ვფიქრობ, აგენტები გაფრთხილებული არიან, არ მიუთითონ სრული ინფორმაცია, რათა ნაკლებს მისცენ დახმარება.

გამგეობასაც მივმართეთ, იქნებ წამლების ფულით დავეფინანსებინეთ, იქაც უარი გვითხრეს, თანხა არ აქვთ. ვართ ასე, ღმერთის ანაბარა. ერთადერთი, 5-შვილიანი მეზობელი გვეხმარება, რომელიც თავად სოციალურად დაუცველია. ქოხში ცხოვრობენ და როცა დახმარება მიუვათ, ხან ბურღულეულს გვიყოფენ, ხან ჭიქა ზეთს გვაწვდიან. ამას წინათ მეზობელს სახლი დავულაგე და 10 ლარი მომცა. მეტწილად, ცარიელ პურზე ვართ. ექიმთან მისასვლელი თანხა, როგორც იქნა, შევაგროვეთ, მაგრამ იმდენი წამალი ჩამოწერა, ხელი ჩავიქნიე. ვალერის გამობერილი აქვს მეორე თვალიც, შესაძლოა, გასკდეს ბადურა და იგივე განმეორდეს, რაც მარცხენა თვალზე... მეგობარმა სოციალურ ქსელში დადო ჩვენი ისტორია და ანგარიშის ნომერიც მიუთითა, მაგრამ თეთრიც არავის დაურიცხავს. ალბათ, ხალხში ნდობაა დაკარგული, რადგან ბევრი იტყუება.

6 წლის შემდეგ, ღმერთმა ინება და დავორსულდი, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ. ძალიან მაშინებს მომავალი, როგორ გავზრდით შვილს ამისთანა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილები?!

ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს: "სანუგეშო არაფერია. ვალერი ბერუაშვილი არის შშმ პირი და პენსიას იღებს, მაგრამ მთლად შრომისუუნარო არ უნდა იყოს, ვინაიდან აქვს მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. მის დეკლარაციაში დაავადებები არ არის მითითებული. ბევრი გვირეკავს ამ ოჯახზე, მაგრამ ვერაფერს ვშველით. ქულებს ის ფაქტიც მატებს, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ცოლი შრომისუნარიანია. არ გამოვრიცხავთ , რომ დიაბეტი და მხედველობის პრობლემები გახდეს მისი ხელახალი გადამოწმების საფუძველი".

ნანა ფიცხელაური

პ.ს. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ  დაუკავშირდეთ ნათიას: 555 13 17 14