"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის" - კვირის პალიტრა

"დედა იტალიაში გათხოვდა, მამამ კი არაფერი იცის"

არქივი

"სოციალურ ქსელში შემთხვევით დედას პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა. კომენტარებს გადავავლე თვალი, ვიღაცები დედაჩემს გათხოვებას ულოცავდნენ"

ჩემი მშობლების სურათს ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ დედა გათხოვდა, ჩემმა ძმამ და მამამ კი არაფერი იციან.

ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს და ფინანსური პრობლემები დედას დააწვა მხრებზე. ჩემს ძმას ასთმა დაუდგინეს და ექიმმა გვირჩია, ზამთარ-ზაფხულ დასასვენებლად ბაკურიანში წაგვეყვანა. დედა კომუნალური გადასახადებისა და საკვების ფულს ძლივს შოულობდა, ბაკურიანში სახლის დაქირავებაზე ვერც კი ვიოცნებებდით. მშობლებმა იმსჯელეს და გადაწყდა, რომ დედა საზღვარგარეთ მომვლელად წავიდოდა. მამამ ფული ისესხა და დედა იტალიაში გაუშვა. ის ყოველთვიურად თანხას გვიგზავნიდა. ჩემი ძმის მკურნალობა და ბაკურიანში წაყვანაც მოვახერხეთ. თითქოს ყველაფერი დალაგდა.

დედას ჩამოსვლაზე რომ დავუწყებდი ლაპარაკს, ყოველთვის რაიმეს იმიზეზებდა და საერთოდ, ცდილობდა, ამაზე არ გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით მისი მეორე პროფილი აღმოვაჩინე, იტალიური სახელით და გვარით. სურათები დავათვალიერე, საპატარძლო კაბა ეცვა და ვიღაც კაცის გვერდით იდგა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გათხოვდა. კომენტარებს გადავავლე თვალი, იტალიურად ულოცავდნენ. ისე ვინერვიულე, რომ ცუდად გავხდი. სასწრაფოდ გამოვრთე კომპიუტერი, თუმცა ნანახი გონებიდან ვერ ამოვიშალე. ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია. ერთ დღესაც რომ შევეხმიანეთ ერთმანეთს, დედას ვკითხე, მანდ გათხოვდი-მეთქი? ჯერ დაიბნა, მერე სიცილი დაიწყო, - რა კარგი ფანტაზიის უნარი გაქვსო და მირჩია, მოთხრობების წერა დამეწყო. ქორწილის ფოტოები გადავუგზავნე. მაშინ კი გამოტყდა, რომ შეხვდა კაცს, რომელიც შეუყვარდა. სწორედ მისი დახმარებით გვარჩენდა ჩვენ და მთხოვა, მამაჩემისთვის არაფერი მომეყოლა. არ უნდოდა, მისთვის გული ეტკინა. არა მგონია, მამაჩემის მოტყუება სწორი იყოს, თუმცა ვერც დედას დავაღალატებ. ორ ცეცხლს შუა ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

თათული ღვინიანიძე