"არ გაბედოთ გოგილოს ბაღის წართმევა!" - კვირის პალიტრა

"არ გაბედოთ გოგილოს ბაღის წართმევა!"

"თუ რეაგირება არ მოხდება, ჩვენი სკვერის დასაცავად ქუჩაში გამოვალთ"

"თბილისელებმა კარგად იციან ავლაბარში მდებარე გოგილოს აბანო. ტურისტები ხშირად სტუმრობენ მას და გოგილოს ბაღს, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს. გარდა იმისა, რომ ეს ისტორიული ადგილია, რომლითაც წარსულშიც და დღესაც აღფრთოვანებულია როგორც ქალაქის სტუმარი, ასევე ადგილობრივი, ერთადერთი დასასვენებელი ადგილიცაა ავლაბრელებისთვის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გოგილოს ბაღის 703 კვმ ფართობი კერძო პირზე გასხვისდა და ამ ტერიტორიაზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა. პროექტი უკვე დამტკიცებულია... მივმართავთ თბილისელებს: დავიცვათ გოგილოს ბაღი განადგურებისგან". წერილს ხელს აწერს 600 კაცი.

"კვირის პალიტრა" გოგილოს ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში გარკვევას შეეცადა.

ლეილა გაბაძე: - ჩემი სახლი გოგილოს ბაღს ესაზღვრება. მოპირდაპირე მხარეს საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამ კორპუსის გაყვანილობებისთვის ზაფხულში გოგილოს ბაღის მონაკვეთი გადათხარეს. ერთ დღეს ბაღში რამდენიმე კაცი მუშებთან პრეტენზიებით მოვიდა, - ეს ჩვენი კუთვნილი ტერიტორიაა და რა უფლებით გადათხარეთო! გაგვიკვირდა, დავინტერესდით მათი ვინაობით. გვითხრეს, - სკვერის მეპატრონის წარმომადგენლები ვართო. მათგანვე შევიტყვეთ, რომ გოგილოს ბაღი უყიდია ვინმე ნიკოლოზ ოკლეის. საჭირო დოკუმენტაციაც გვაჩვენეს და აქ ასაშენებელი 6-სართულიანი სასტუმროს პროექტიც. ეს ამბავი მთელ უბანს გავაგებინეთ. მერიის არქიტექტურულ სამსახურს მივადექით. სკვერი 2010 წელს გაუყიდიათ, პროექტი კი თბილისის მერს, დავით ნარმანიას დაუკანონებია.

- მერიაში რა გითხრეს?

- არქიტექტორი ნინო ღოღობერიძე არც შეგვხვედრია, ტელევიზიით მიკიბ-მოკიბა პასუხი. ჯერჯერობით სამუშაო იმის გამო ვერ დაიწყეს, რომ არქიტექტურულმა სამსახურმა მისცა შუალედური, ანუ ხარვეზის გამოსწორების პერიოდი - სთხოვდნენ ხეების პრობლემის მოგვარებას. პრობლემა ვერ მოაგვარეს და ინვესტორი იძულებული გახდა, პროექტი შეემცირებინა. 6 იანვარს ახალი პროექტის განხილვისას მოვითხოვეთ, რომ ადგილს სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნდეს. ნარმანიასთან შეხვედრა პროექტის განხილვის დღესვე მოვინდომეთ, თუმცა ამაოდ. შემდეგ რაიონის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას შევხვდით, რომელმაც მერის ნათქვამი გადმოგვცა: სკვერს არაფერი ემუქრებაო. მეორე დღეს მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს შევხვდით. 14 იანვარს აქცია მაინც მოვაწყვეთ, საპასუხოდ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ტელევიზიით განაცხადა: ეს აქცია აზრს მოკლებულია, რადგან მერია წინააღმდეგია სკვერებში ნარგავების განადგურებისა და მშენებლობებისა, ჩვენ დავიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ამავე დროს, დაცული უნდა იქნეს ინვესტორის ინტერესიც. შევეცდებით, შევთავაზოთ ადგილმონაცვლეობაო.

29 თებერვალს მერიის არქიტექტურული სამსახურიდან განსხვავებული პასუხი მივიღეთ, - ვინაიდან სკვერს ჰყავს მესაკუთრე, თქვენ უნდა მოახერხოთ ბატონ ოკლეისთან შეთანხმება ნოტარიული წესითო. ვერ შევძელით ინვესტორთან შეხვედრა. გამოდის, ტყუილად ვნაყავთ წყალს. თუ ვნახეთ, რომ მშენებლობის დაწყებას აპირებენ, ამის საშუალებას არ მივცემთ! სკვერის შენარჩუნების მომხრე მთელი ავლაბრისა და თბილისის სხვა უბნების მოსახლეობაც ჩვენ გვერდით დგას. 600 კაცის ხელმოწერა გვაქვს. ამ ეტაპზე, მეტი არ იყო საჭირო, თორემ 6000-სსაც მოვაგროვებთ.

გიული ჭავჭანიძე: - სკვერი უნდა შენარჩუნდეს. ეს ისნის რაიონის მცხოვრებთა ერთადერთი დასასვენებელი ადგილია.E თუ რეაგირება არ მოხდება, ჩვენი სკვერის დასაცავად ქუჩაში გამოვალთ.

"კვირის პალიტრა" მერიის არქიტექტურის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა: "სასტუმროს მშენებლობაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ. ასე რომ, მოქალაქეთა პროტესტი საფუძველს მოკლებულია"."

ეკა სალაღაია