ხმალი ბრეჟნევისთვის - კვირის პალიტრა

ხმალი ბრეჟნევისთვის

"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განიკითხავენ - დამპყრობს ემსახურებოდითო. მე კი ამას ვიტყვი: მართალია, ბედმა ასეთ დროს გვარგუნა ცხოვრება, მაგრამ არავისზე ნაკლები ქართველები არ ვყოფილვართ! ახლა კი მინდა ის ამბავი გავიხსენო, რომლის მოგონებაზეც თვალს ცრემლი მადგება", - მოგვწერა ანტონ ჩაჩიბაიამ...

1981 წელს, საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავზე, საბჭოთა ცეკას მთავარი ფიგურის, ლეონიდ ბრეჟნევის შესახვედრად ვემზადებოდით. საჩუქარიც ხომ უნდა მიგვერთმია? ამიტომ დიდი სჯა-ბაასის მერე მოვიფიქრეთ, - ომში ნაბრძოლი კაცია და იარაღის ჩუქება გაახარებსო.

მხატვარმა დიმიტრი თაყაიშვილმა იპოვა კაცი, რომელიც მამაპაპეულ ხმალს გაჭირვების გამო ყიდდა. ვთხოვეთ, ფასზე მოსალაპარაკებლად ცეკაში მოეყვანა. სტუმარს სოლიკო ხაბეიშვილის კაბინეტში ველოდებოდით. გაიღო კარი და დიმიტრი თაყაიშვილს მოხუცი კაცი შემოჰყვა. სოლიკომ ჰკითხა, როდინდელი ნაკეთობაა და ვისგან დაგრჩათო. მოხუცმა ამაყად გვიამბო ყველაფერი. ხაბეიშვილი კმაყოფილი დარჩა, - ბრეჟნევს ასეთი საჩუქარი აუცილებლად მოეწონებაო! ამის გაგონებაზე მოხუცი ფეხზე თოფნაკრავივით წამოვარდა - რა ბრძანეთ, ვინ დარჩება კმაყოფილიო?! მან კი უპასუხა, - ხმალი ბრეჟნევს უნდა ვაჩუქოთო. მოხუცმა თვალი მოგვავლო, მერე ხაბეიშვილს მიახალა, - ეგ არ გამოვაო! ქუდს ხელი სტაცა და კაბინეტიდან გავარდნა დააპირა. სოლიკომ შეაჩერა, რატომო? ეს ხმალი ქართველმა გამოჭედა და საქართველოში უნდა დარჩესო, - ისე მტკიცედ გვითხრა, მივხვდით, მის გადაბირებას ვერ შევძლებდით. ხაბეიშვილი წამოდგა, მოხუცს ხელი გადახვია, - ძიაკაცო, ამას ჩვენც უნდა მივმხვდარიყავითო, მიეფერა და დიდი პატივით გააცილა.

გამოსავალი კი იქვე მოვიფიქრეთ, - იმხანად თბილისში მდგარი რუსული გარნიზონიდან ხმალი ვიყიდეთ და სამხატვრო აკადემიაში ცნობილ ლეკ ოსტატებს ჩავაბარეთ. მათ ღამეები გაათენეს და რუსული ხმალი ნახევრად ძვირფასი თვლებით ისე მოოჭვეს, ქართულისგან ვერავინ გაარჩევდა. ბრეჟნევს საჩუქარი აეროპორტში, გაფრენის წინ, მიართვეს და როგორც ვიცი, ძალიან გახარებია. ასე დასრულდა რუსული ხმლის ქართულად გასაღების ამბავი, რომლის მოწმეთაგან ჩემ გარდა არავინ არის ცოცხალი!