"გული მისკდება, როცა მესმის: ვინ არის ეს კაცი და რატომ არის ასეთ დღეშიო" - კვირის პალიტრა

"გული მისკდება, როცა მესმის: ვინ არის ეს კაცი და რატომ არის ასეთ დღეშიო"

"კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშაპს მახვილით კლავდა"

"სულხან-საბას ძეგლი ისე რატომ უნდა გაიმეტო, რომ გვერდით ტუალეტი მიუდგა?"

ამბავი, რომელზეც მოქანდაკე გოგი ჟღენტი გვწერს, საამაყოცაა და გულდასაწყვეტიც. ერთი ჩვენს სიმამაცესა და ნიჭიერებას უკავშირდება, მეორე - გულგრილობა-გულარხეინობას.

"წინაპართა სახელზე დადგმულ ქანდაკებას დიდი სიმბოლური დატვირთვა ენიჭება - ის გაცოცხლებული წარსულია, რომელიც მომავალ თაობებს გულში უნდა ჩარჩეს. ასეა ყველგან. უპირველესად იტალიას გავიხსენებ - იტალიელები დიდი რუდუნებით უვლიან წინაპართა ქანდაკებებს. ჩემდა საბედნიეროდ, მათ შორის ტურინში ჩემი ქანდაკებაცაა. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში კი იავარქმნილ ძეგლებს შეხვდებით. სულხან-საბა ორბელიანის ქანდაკება, ფასანაურის გზაზე, 1983 წელს მე და მოქანდაკე გენადი ზაქარაიამ დავდგით. ისეთ დღეშია, მის გამო გული ისე მტკივა, რომ წლებია, ამ გზაზე არ გამივლია... არადა, სამხედრო გზაზე ათასობით უცხო ტურისტი დადის და მათ თვალში ვართ შერცხვენილები. გთხოვთ, მიმართოთ მთავრობას, რომ ქანდაკების აღსადგენად და სირცხვილის ჩამოსარეცხად თუნდაც მცირე თანხა გამოყოს; ამ საქმეზე ქანდაკების ავტორები უსასყიდლოდ ვიმუშავებთ და უცხოელები უკულტურობას ვეღარ დაგვწამებენ".

- ბატონო გოგი, სასიამოვნო ისტორიით დავიწყოთ.

- 1978 წელს სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჩემს პედაგოგს, გია ჯაფარიძეს, რეზო თაბუკაშვილმა უთხრა, იტალიელებმა გადაწყვიტეს, ყველა პარტიზანი ტურინში გადმოასვენონ და ერთი მემორიალი დაუდგან. ამის გაკეთება კი ქართველებს გვთხოვესო. ბატონი გია მუშაობას შეუდგა. ცოტა ხანში რეზო თაბუკაშვილი მოვიდა სამუშაოს დასახედად. უეცრად ჩემს ნამუშევარს მიაჩერდა... კომუნისტების დროს ბიბლიურ სიუჟეტებს ვინ გაგვაკეთებინებდა, ამიტომ ვიეშმაკე და საკურსოდ გავაკეთე ჩვეულებრივი ბიჭის ქანდაკება, რომელიც გველეშDაპს მახვილით კლავდა. ბატონმა რეზომ - იტალიის მემორიალში აუცილებლად ეს ქანდაკებაც უნდა შევიტანოთო... ბატონ რეზოსთან ერთად ერთი თვე დავრჩი იტალიაში. გაოგნებული ვიყავი მისი შესაძლებლობებით, იტალიური არ იცოდა და იქ ისე ისწავლა, რომ დახურულ არქივებში შედიოდა და ქართულ კვალს ეძებდა. თანაც იქ, სადაც იტალიის მთავრობის განკარგულებაც კი არ სჭრიდა... მემორიალი იტალიელებმა ტურინთან იმ ადგილას გახსნეს, სადაც ერთ ღამეში დაიღუპა იტალიის 2 000-მდე პარტიზანი. მათ შორის იყვნენ ქართველებიც, რომელთა ბრძოლამაც განაჩენი გამოუტანა იტალიაში ფაშიზმს. კარგად მახსოვს ის დღე - აღტაცებული იტალიელები, მათი საჩუქრები. ერთმა ბიზნესმენმა გამოაცხადა, - რადგანაც არ ვიცით, რას მოისურვებდნენ ქართველები, რომლებმაც იტალიას ამხელა საქმე გაუკეთეს, გვირჩევნია, ფული გადავცეთო და ლანგრით ფულის პაკეტი გამოგვიწოდა. ბატონი რეზო მიკროფონთან მივიდა და ბრძანა, - ეს არის ჩვენი საჩუქარი იტალიელი ხალხისთვის, რისთვისაც ფულს არ ვიღებთო! იტალიელები ტურინის ქართულ მემორიალს დღესაც ისე უვლიან, როგორც თავიანთ სახლ-კარს. მაგრამ სირცხვილით ვიწვი, სულხან-საბას გავერანებულ ქანდაკებაზე რომ მესმის, - ვინ არის ეს კაცი და რატომ არის ასეთ დღეშიო.

ჩვენს გულის წყვეტას არ ვჩივი, უცხოელების რომ არ მრცხვენოდეს - ერმა ეროვნული მოღვაწე ისე რატომ უნდა გაიმეტოს, რომ მის ქანდაკებას გვერდით ტუალეტი მიუდგას?

- ტუალეტი რატომღა მიუდგეს?

- ეს ქანდაკება ისეთ ადგილზე დგას, სადაც ყოველთვის ჩერდებოდა ხალხი და იქაურობას ათვალიერებდა. თავის დროზე იქ წყაროც იყო, მის ადგილზე ტუალეტი დადგა ვიღაც ტვინნაღრძობმა! ეს ძეგლი 1983 წელს დაიდგა - საქართველოს რუსეთთან მიერთების ღონისძიებები ეწყობოდა. ცეკას მდივანმა, გიორგი ანდრონიკაშვილმა დამიძახა, - რუსეთმა ამ ღონისძიებისთვის უამრავი ფული მოგვცა, ვიშოვოთ დრო და რახან სულხან-საბას ქანდაკება არ გვაქვს, ამ გზაზე დავდგათო. ძალიან გამიხარდა - სულხან-საბა სწორედ ამ გზით გაჰყვა საქართველოდან ლტოლვილ ვახტანგ მეფეს რუსეთში და სწორედ ამ გზის მილევისას გულისშემძვრელი სიტყვები წარმოთქვა: "ჩვენ უკან, ღმერთმა ქნას, ჩვენს ქვეყანაში უკეთესობა შეიქმნას". ეს სიტყვები დავაწერეთ ბარელიეფს. მასზევე დავიტანეთ გამოსახულებები სულხან-საბას იგავ-არაკებიდან. ძეგლზე ვმუშაობდით მე, გენადი ზაქარია, არქიტექტორები: თიო გაბუნია და კოკა ურუშაძე. კოკა გმირულად დაიღუპა აფხაზეთში. ვისურვებდი, სულხან-საბასა და ამ კაცის ნაკვალევზე დავფიქრდეთ და წინაპრების ხსოვნას პატივი დავუბრუნოთ!

ეთერ ერაძე