20 წელი პლურალისტური ფეოდალიზმის მოჯადოებულ წრეზე
,,...ქართველნი, სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველმოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა""
ვახუშტი
,,ჩვენი ქვეყნის მართვის ჩვევები უნდა გამოვიმუშაოთ. ეს ქვეყანა თქვენია და თქვენ განსაზღვრავთ მის ბედს და ხელისუფლება მხოლოდ თქვენ უნდა მოგემსახუროთ. ახლა ხდება ისე, რომ საარჩევნოდ მოდიან და თითო ტომარა ფქვილს და შაქარს სასირცხვილოდ არიგებენ. ამას აპირებენ ახლაც, არ შეცდეთ, იცოდეთ! ბოლო 20 წელიწადია დავდივართ ამ მოჯადოებულ წრეზე, ერთი გვატყუებს ერთი ფოკუსით, მეორე გვატყუებს მეორე უბედურებით, მესამემ კი ლამისაა უკან ბატონყმობის დაბრუნება მოისურვოს" - ეს ფრაზა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წლის ივლისში წარმოთქული სიტყვის ფრაგმენტია.
,,რა გვჭირს ამისთანა? რატომ ვერ დავლაგდით ამდენი წელი? გვეშველება ოდესმე რამე?"" - ასეთ შეკიხვებს ხშირად ვისმენდი საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც კი ჩავსულვარ ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ამ წერილში მოკლედ შევეხები ,,მოჯადოებულ წრეზე სიარულის"" ძირითად მიზეზებს.
2009 წლის ზაფხულში, როდესაც რუსთაველის გამზირზე ,,არაჩვეულებრივი"" პოლიტიკური გამოფენა იყო მოწყობილი და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტილი იყო საკნებით, ტელეწამყვანმა ჰკითხა მაშინდელი ოპოზიციის ერთერთ პოპულარულ ლიდერს, ჰქონდა თუ არა მას საქართველოს გამთლიანების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმა. ,,ხალხო, რა გეგმა უნდა ამას? სააკაშვილი რომ წავა, ეს დალოცვილი ქვეყანა გამთლიანდება, აბა რას იზამს!"" - უპასუხა იმ ლიდერმა და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ,,ჯიგრული"" პასუხით მეტი ადამიანის გული მოიგო, ვიდრე კონკრეტული გეგმა რომ ჰქონოდა და იმ გეგმაზე რომ ესაუბრა.
საქართველოში პლურალისტული ფეოდალიზმი სუფევს, წერდა იმავე 2009 წლის ზაფხულში ათენში მოღვაწე ცნობილი მეცნიერი ილია რუბანისი. მეცნიერი ზუსტად და ღრმად ჩაწვდა ჩვენში არსებული ვითარების არსს: მან დაინახა, რომ ქართული პოლიტიკა ლიდერობაზეა დამყარებული და არა წარმომადგენლობითობაზე; ყველა ე.წ. პოლიტიკური პარტია რომელიმე პიროვნების გარშემო იქმნება და სწორედ ამის გამოა, რომ პატარა ქვეყანაში 180-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული; საგულისხმოა, რომ ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული ლიდერები მოქმედი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან; ოპოზიციური პარტიებიდან არცერთი არაა ნამყოფი ხელისუფლებაში, ხოლო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ვერცერთი პარტია ვერ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას; პოლიტიკა იმდენად პერსონალიზებულია, რომ ლიდერების პოლიტიკური პოზიციების სხვაობას ხშირად არავინ აქცევს ყურადღებას; საქართველო ქვეყანაა, სადაც სრულიად განსხვავებული, თუნდაც ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური პროგრამების მქონე ოპოზიციური ლიდერები შეიძლება გაერთიანდნენ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ პრეზიდენტის გადაყენება უნდათ;
ერთი სიტყვით ეს არის ფეოდალური ტიპის პოლიტიკური სისტემა, სადაც ტელევიზიაში დადებითი გაშუქების კაც-საათები და პატრონ-კლიენტური ურთიერთობების ინდივიდუალური ქსელები ძალაუფლების მოპოვების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს;
საქართველოში საერთოდ არ არსებობს საშუალო ფენა; ეს ფენა ვერც იარსებებს ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს დაზღვევის სახელმწიფო სისტემა, ჯანდაცვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, განათლების სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო ან სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურები და ა.შ. ევროპაში ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული იქმნებოდა და ხელს უწყობდა იმას, რომ ყოველ სოციალურ ფენას თავისი წვლილი შეეტანა საზოგადოებრივი პარტნიორობის სისტემის შექმნაში;
საქართველოში კი საზოგადოებრივი პარტნიორობა არ არსებობს: პროფკავშირებს კანონით ეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება და მათ არსებობას აზრი ეკარგება; მეტწილად აგრარულ სახელმწიფოში საერთოდ არ არსებობს კოოპერატიული მოძრაობა; მიზეზთა გამო ეკლესია ერთადერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც სიტყვა ეთქმის ყველაფერზე, რაც კი ხდება.
მაშ რა რჩება? თუ პოლიტიკოსები განცალკევებული ინდივიდები არიან, თუ საზოგადოება მხოლოდ ინდივიდების სიმრავლეა, მაშინ რა უდგას წინ, რომ პოლიტიკური სისტემა სააქციო ფირმად გარდაიქმნას?
საზოგადოებრივ საყრდენს მოკლებულ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლებელია ჰქონდეთ და, შესაბამისად, არც გააჩნიათ ქვეყნის მომავლის განსხვავებული სტრატეგიული ხედვა. სწორედ ამიტომ ვერც ხელისუფლება და ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ სთავაზობენ ხალხს თავის პასუხებს ხალხის და სახელმწიფოს წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე.
საქართველოს პრეზიდენტს აშკარად აკლია სახალხო ლეგიტიმურობა, ამიტომაც შექმნა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობა, რომელთანაც შედარებით შარლ დე გოლის მმართველობა სუსტი გამოჩნდებოდა.
კანონის უზენაესობას დიდი პრობლემები აქვს. ხელისუფლება იღებს კანონებს და შემდეგ თვითონ ახდენს მათ ინტერპრეტირებას შეკავების და დაბალანსების მექანიზმების სრული არარსებობის პირობებში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს ოპოზიციის ფინანსურ მხარდაჭერას, საზარელი თავდასხმების სამიზნე ხდება. უდიდესი პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას ისევ ცალკეული პიროვნებები ეწინააღმდეგებიან და არა ხალხი. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ როცა ოპოზიციას არ აქვს ფესვები საზოგადოებაში, ძალაუფლების სტრუქტურის რეფორმირების ნაცვლად მხოლოდ ძალაუფლების სათავეში მყოფი პიროვნებების შეცვლა ხერხდება. ძალაუფლების სათავეში მოსული ადამიანი კი ღებულობს კარტ-ბლანშს (ანუ მანდატს აკეთოს ის რაც უნდა) პრეზიდენტობის მთელი ვადისათვის.
ისევე, როგორც ფეოდალურ ხანაში, მეფის ძალაუფლებას მხოლოდ მის კარზე მყოფი ფეოდალი ბარონები აკავებენ, რომლებსაც თვითონ სურთ მეფობა.
აი, მოკლედ, ის ძირითადი აზრები, რომელიც მოყვანილია რუბანისის წერილში. ბოლოს რუბანისი ასკვნის, რომ ქართული ,,დემოკრატია"" ,,პლურალისტურ ფეოდალიზმს"" წააგავს და მოუწოდებს დასავლეთს გადახედოს პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში რეფორმებისადმი თავის მიდგომას: იქნებ სწორედ ჩვენი ნაკარნახევი რეფორმები ქმნის იმ ტიპის ინდივიდუალიზმს, რომელიც დემოკრატიაში არ გარდაიქმნება? ასეთი კითხვით ამთავრებს წერილს მეცნიერი, რომელიც ჭეშმარიტების ძიებას პოლიტკორექტულობაზე აშკარად მაღლა აყენებს.
რუბანისის ანალიზი ამომწურავად პასუხობს კითხვას - რატომ დავდივართ ამდენი წელი ,,მოჯადოებულ წრეზე"". საშუალო ფენის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ნამდვილი პოლიტიკური პარტიების არარსებობის პირობებში მდიდრდება მხოლოდ ის, ვინც ძალაუფლებას იგდებს ხელში და ეს გამდიდრება მიიღწევა არა ეკონომიკის განვითარების, არამედ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღატაკების ხარჯზე. ხალხის მასაში გროვდება უკმაყოფილების და უსამართლობის მძაფრი განცდა. არჩევნებისა თუ რევოლუციების შედეგად ძალაუფლებას შეიძლება ახალი კლანი და ატამანი დაეუფლოს, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება. გავიხსენოთ: გამოჩენილმა მეცნიერმა ერნსტ გელნერმა გასული საუკუნის 90-ან წლებში სამოქალაქო საზოგადოება უწოდა ისეთ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანის გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა ფულის პირდაპირი კეთება ეკონომიკური აქტიურობის მეშვეობით, ისე რომ არც ხელისუფლებაში ყოფნა და არც ხელისუფლებასთან რაიმე ურთიერთობის დამყარება საჭირო არ არის.
რუბანისის კვლევის გამოქვეყნებიდან ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე თითქმის ორწელიწადნახევარი გავიდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და პლურალისტური ფეოდალიზმის მრავალმა გამოვლენამ დაადასტურა რუბანისის ანალიზის სისწორე. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თითქოს განზრახ გააკეთა ყველაფერი საზოგადოების გასაწბილებლად. ,,ეტყობა იმისათვის შეიკრიბნენ, რომ დაგვარწმუნონ: ამათ ხელისუფლებაში მოყვანას, ისევ მიშას ატანა ჯობია"", მეუბნებოდნენ 2009 წლის ზაფხულში საკნებით გადაკეტილ რუსთაველზე ფეხით მოსიარულე ადამიანები და სალანძღავ სიტყვებსაც არ იშურებდნენ ,,ოპოზიციის"" მიმართ. გაერთიანების ნაცვლად პატარ-პატარა დაჯგუფებების ატამანები დროის და ენერგიის უდიდეს ნაწილს ურთიერთლანძღვასა და ჩაძირვას ანდომებდნენ. იმის გარჩევას, რომელი მათგანი აკეთებდა ამას რეჟიმის დავალებით და რომელი მხოლოდ პირადი შურისა და ბოღმის გამო, აზრი არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს. ამასობაში რეჟიმმა მიაღწია სრულ და ცხადია სრულიად უკანონო კონტროლს ქვეყნის ყველა სახის რესურსზე. ამ რესურს რეჟიმი ასევე სრულიად უკანონოდ იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ის რად ღირს, რომ რეპრესიების შიშით ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ ბედავდა ოპოზიციის დაფინანსებას, რეჟიმი კი ცინიკურად აცხადებდა, რომ ოპოზიციის ნაწილი (ცხადია ის ნაწილი, რომელსაც თვითონ რეჟიმი არ აფინანსებდა) უცხოეთიდან ფინანსირდებოდა. კიდევ ერთხელ მკვეთრად გამოჩნდა, რომ ჩვენში საერთოდ არ არსებობდა პოლიტიკური პარტიები. ნაციონალური მოძრაობა მთლიანად შეერწყო სახელმწიფო აპარატს, პირველ რიგში კი აპარატის რეპრესიულ ნაწილს. ხოლო დაქსაქსული და ურთიერთგადაკიდებული ატამანები თავის მცირე ჯგუფებთან ერთად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ რეჟიმს. (გავიხსენოთ, რომ ე.წ. ოპოზიციურმა რვიანმა, შემდეგ კი უკვე ექვსიანმა, ისე დაასრულა თავისი უღიმღამო მოღვაწეობა, რომ მოსახლეობის მხოლოდ შვიდმა პროცენტმა გაიგო მისი არსებობის შესახებ. ამ შვიდი პროცენტიდან რამდენმა იცოდა რას აკეთებდნენ ის პარტიები, ადვილი წარმოსადგენია).
აი ასეთ ვითარებაში, 2011 წლის ოქტომბერში, მეხივით გავარდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება მისი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვის შესახებ. საქართველოს ისტორიაში უდავოდ უდიდეს ქველმოქმედს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებდა, მაგრამ ხალხის დიდმა ნაწილმა მაშინათვე მხარი დაუჭირა მას. "ჩვეულებრივ ქართველებში, რომელთაც მე ვესაუბრე, შემაშფოთებელი ენთუზიაზმია. ჩემი არასამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლებისა და არაპოლიტიკურ ადამიანებში ათიდან ათი ადამიანი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ძირითადად ერთ ფრაზას იმეორებენ - "ის ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოსთვის". წერდა მაშინ ცნობილი მეცნიერი თომას დე ვაალი. იმ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი იყო ავტორიტარულ-კლეპტოკრატული რეჟიმისაგან ერთადერთი დამოუკიდებელი ქართველი ბიზნესმენი საქართველოში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთა შორის. რუბენისის სცენარის შესაბამისად ის მაშინათვე გახდა საზარელი თავდასხმების სამიზნე. მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელ ექსპერტებზე და დიპლომატებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მასობრივმა მხარდაჭერამ, რომელიც ხალხმა გაუწია ბანკ ,,ქართუს"". ბანკთან რიგების გამოჩენისას მათ იფიქრეს, რომ ადამიანებს მასობრივად გაჰქონდათ თავისი ფული ხელისუფლების მხრიდან გაძარცული ბანკიდან, რომელსაც რეჟიმი გაუსაძლის პირობებს უქმნიდა და აშკარად განადგურებას უპირებდა. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეთ ვითარებაში ხალხი სწორედ ასე მოიქცეოდა, მეუბნებოდნენ უცხოელები. ,,რომ მითხრეს, ხალხს უკანასკნელი კაპიკები შეაქვს ბანკის გადასარჩენად, ვერ დავიჯერე და თვითონ წავედი, რომ დავრწმუნებულიყავი. ეტყობა თქვენში იწყება მასობრივი სამოქალაქო დამოურჩილებლობა რეჟიმისადმი და ამან შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა"", მითხრა თბილისში იმ დღეებში მყოფმა ცნობილმა დასავლეთელმა ექსპერტმა.
აკადემიური თვალსაზრისით კარგად მესმის, რატომ აშფოთებდა დე ვაალს ხალხის მასობრივი ენთუზიაზმი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. მეცნიერი თავიდანვე წუხდა იმაზე, რომ ამას შეეძლო ისევ ის მოეტანა ქვეყანისათვის, რაც მოუტანა ვარდების რევოლუციის შემდეგ პირადად სააკაშვილისადმი ხალხის მასობრივმა მხარდაჭერამ. (2004 წლის იანვრის არჩევნებს უცხოელი ექსპერტები მეწყერს და ზვავს ადარებდნენ). უცხოელ ექსპერტებს და დიპლომატებს მაშინ ვუხსნიდი, რომ ივანიშვილს ძალაუფლების ხელში ჩაგდების არავითარი სურვილი არ ჰქონდა. გამოჩენილ ქველმოქმედს პოლიტიკაში მოსვლით ისევ დიდი ქველმოქმედების გაწევა უნდოდა თავისი ხალხისათვის. ეს ნაბიჯი მან სრულიად მოუმზადებელმა გადადგა და გულწრფელად ისაუბრა ამაზე თავის ინტერვიუებში.
"თუ ოპოზიცია შეძლებდა ამის გაკეთებას [ხელისუფლებაში მოსვლას] ჩემი დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, მე არ ჩავერთვებოდი პოლიტიკაში. როგორც დავინახე, რომ ოპოზიციას ეს არ შეეძლო, მე მოვედი, რათა დავეხმარო ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსასვლელად"" - უთხრა ივანიშვილმა დე ვაალსაც პირადი შეხვედრის დროს 2011 წლის შემოდგომაზე.
ივანიშვილი დაეხმარა ოპოზიციას და დახმარების პროცესში დარწმუნდა, რომ თვითონ უნდა დარჩენილიყო ლიდერად და პრემიერი გამხდარიყო - წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ შეგროვებული კოალიცია ხუხულასავით დაიშლებოდა. ივანიშვილს მოუწია მუშაობა იმ ადამიანურ რესურსთან, რომელიც მოიპოვებოდა მაშინ საქართველოში. მან გააერთიანა პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ისეთი ჯგუფები, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, დროის და ენერგიის უდიდეს ნაწილს ურთიერთლანძღვაზე და ერთმანეთის ჩაძირვაზე ხარჯავდნენ (დღემდე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება კოალიციის ცნობადი სახეების სკანდალური სატელეფონო საუბრების აუტენტურობაში). პრაქტიკულად არცერთ ჯგუფს არ ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი და, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, კოალიციაში მხოლოდ იმიტომ გაერთიანდნენ, რომ სხვა შემთხვევაში პოლიტიკური სცენიდან განუსაზღვრელი დროით გაქრობა მოუწევდათ. დღესაც კოალიცია მხოლოდ იმით არის შეკრული, რომ ,,ყველას შეუძლია გადახტეს, მაგრამ ვინც გადახტება, კისერს მოიტეხავს"" (ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ).
როგორც მოქალაქე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, განურჩევლად მათი პოლიტიკური წარსულისა, ვინც 2011 წლის შემდეგ მხარში ამოუდგა ივანიშვილს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ჩვენი ცნობილი მეცნიერების, ხელოვანების, სპორტსმენების, ტექნოკრატების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, ვინც ურთულეს მომენტში გააკეთა სწორი არჩევანი და ახლა დაუღალავად იღწვის ქვეყნის სასიკეთოდ. ეს ადამიანები რომ არა, კოალიცია ვერ შედგებოდა და სადისტური სისტემაც კრახს არ იგემებდა და არ ჩამოშორდებოდა ძალაუფლებას. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ ცვლის ძირითად სურათს: მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ასპრეზზე სადღეისოდ მხოლოდ ორი ძალა - ,,ქართული ოცნება"" და ნაციონალური მოძრაობა დარჩა - საქართველო თავისი ბუნებით დღესაც ისეთივე პლურალისტურ - ფეოდალურია, როგორც ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. მკითხველს მოვუწოდებ თვითონ გაიხსენოს პლურალისტული ფეოდალიზმის მრავალი, მეტად ან ნაკლებად კოლორიტული გამოვლენა ბოლო შვიდი თვის და, თუნდაც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ერთი არსებითი გარემოებაც: ავტორიტარული კლეპტოკრატიის თავკაცებს პრივატიზებული ჰქონდათ კორუფცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მცირე კორუფცია მთლიანად აღმოფხვრილი იყო. ელიტური კორუფცია ჰყვაოდა და არანახულ დონეს მიაღწია, მაგრამ მასაც რკინის ხელით აკონტროლებდნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი. ,,გუნდის"" არცერთ წევრს არ შერჩებოდა იოტისოდენა თვითშემოქმედება და დადგენილი პირადი ,,ქვოტის"" გადაჭარბება საკუთარი თავის სასარგებლოდ და, შესაბამისად, ,,ობშჩიაკის"" საზიანოდ. ყველა ასეთი მცდელობა სასტიკად აღიკვეთა და ამან შექმნა შესაბამისი განწყობა. დღეს კი მრავალი ადამიანი, ვისაც თანამდებობის გამოყენებით ფულის კეთების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია, ცდილობს სახელისუფლებო სტრუქტურების ახალ შემადგენლობაში ჩანერგვას. ცდილობს და ზოგ შემთხვევაში ახერხებს კიდევაც. ,,ნაცების"" ნარჩენებსაც იმედი აქვთ, რომ ,,ქოცები"" (ასე ეძახიან ,,ოცნების"" წარმომადგენლებს) არა მარტო არ შეამცირებენ ელიტარულ კორუფციას, არამედ მასობრივი კორუფციის აღზევებასაც ვერ შეაჩერებენ; ამის შედეგად კი კორუფცია შეაღწევს პოლიციაში, საბაჟოზე, საზოგადოდ სახელმწიფო სტრუქტურებში და ეს მალე გამოიწვევს ხალხის მასობრივ გაწბილებას.
საქართველოში ,,ძალაუფლების სტრუქტურის რეფორმირების ნაცვლად მხოლოდ ძალაუფლების სათავეში მყოფი პიროვნებების შეცვლა ხერხდება"" ამბობს ილია რუბანისი. დღევანდელი ვითარების სპეციფიკა და ,,მოჯადობული წრის"" გარღვევის შესაძლებლობა ძირითადად ძალაუფლების სათავეში მოსულ ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მე საკმარისად ვიცნობ ივანიშვილის ზნეობრივ პრინციპებს და ფასეულობებს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამტკიცო - მას თავშიაც არ მოუვა თანამდებობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის; მისთვის ძალაუფლება არასოდეს არ გადაიქცევა ტკბობის ისეთ წყაროდ, რომელიც ბევრ ადამიანს უფრო იზიდავს, ვიდრე ნარკომანს ნარკოტიკი. . . .ის ყველაფერს ეცდება, რომ ერმა მართვის ჩვევები გამოიმუშავოს, ხელისუფლება მხოლოდ ხალხს მოემსახუროს და მოჯადობული წრეც გაირღვას. ამ ეტაპზე ამისათვის კანონის უზენაესობის და ხელისუფლების ბიზნესში სრული ჩაურევლობის მიღწევაა საჭირო. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
,,ქართული ნაციონალიზმის ძირითადი ნაკლი იქედან გამომდინარეობს, რომ დღემდე ვერ მოხერხდა პიროვნებისა და სახელმწიფოს ისეთი ურთიერთმორგება, რომლის დროსაც პიროვნული ინტერესები დაკმაყოფილი იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის გზით. ისეთ პირობებში კი, როდესაც პირადი კეთილდღეობის მისაღწევად არა მხოლოდ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლაა საჭირო, არამედ აუცილებელია სახელმწიფოსათვის საზიანო ქმედებაც, აშკარაა, რომ ამგვარი საზოგადოების ნაციონალიზმი და სახელმწიფოებრიობა მრავალმხრივ დეფექტურია. ტოტალიტალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი არაერთი რეციდივი გვახლავს თან და მათგან გათავისუფლება არც ისე იოლია, როგორც ეს წარმოედგინა ჩვენს ეროვნულ ოპტიმიზმს რეფორმების ადრეულ ეტაპზე"", წერდა 1999 წელს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი მამუკა ბიჭაშვილი. ეს ღრმა და ზუსტი აზრი იმსახურებს დეტალურ გაანალიზებას და კომენტარს. იმედი მაქვს ამ თემას კიდევ მივუბრუნდები. ახლა კი აღვნიშნავ, რომ მოჯადოებული წრის საბოლოო გარღვევა მაშინ იქნება შესაძლებელი, ,,როცა მოხერხდება პიროვნებისა და სახელმწიფოს ისეთი ურთიერთმორგება, რომლის დროსაც პიროვნული ინტერესები დაკმაყოფილი იქნება მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის გზით"".
აი ის ამოცანა, რომელსაც უნდა აცნობიერებდეს და რომლის გადაჭრისათვის უნდა იღწვოდეს ყველა ერისკაცი.
პეტრე მამრაძე, 7 მაისი, 2013 წელი