ამაზრზენი ნეოკომები და მათი კორპორაციული ზნეობა - კვირის პალიტრა

ამაზრზენი ნეოკომები და მათი კორპორაციული ზნეობა

,,ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად""

ლორდ ექტონი

,,ჩვენი გოგო-ბიჭები, რომელთა ასაკი ჯერ ათ-თორმეტ წელს არ გადაცდენია და რომლებიც ისეთები არიან, აშკარად უკეთეს მშობლებსა და უკეთეს სამშობლოს იმსახურებენ, ოცი-ოცდახუთი წლის შემდეგ ქვეყნის ბატონ-პატრონები უნდა გახდნენ. უკანასკნელ ხანებში ჩვენ პირდაპირ ენადა ვართ გაკრეფილები და ლაპარაკის ნამდვილი ზღვა დავაყენეთ, რომელსაც ეს ჩვენი ინტერვიუ კიდევ რამდენიმე წვეთით აადიდებს. მაგრამ რა გავაკეთოთ? პრაქტიკულად რა ვიღონოთ, რომ ქვეყნის ეს ბატონ-პატრონები ღირსეული ბატონ-პატრონები გამოდგნენ, განათლებულები, გონიერები, ზრდილები, მშრომელები, პროფესიონალები, ქვეყნის პატრიოტები და მოჭირნახულენი, ღვთისმოსავები, პატიოსნები, კაცთმოყვარეები, ამაყები და თავისუფლები? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თქვენ თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, მიპასუხეთ, თუ არა და, მოდით, ერთად ვკითხოთ სხვებს - იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი..."" იკითხა, ქეთევან სადღობელაშვილისთვის მიცემულ ცნობილ ინტერვიუში, გამოჩენილმა მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ 1989 წლის 7 ივლისს, ანუ ზუსტად 24 წლის წინათ.

,,რა ვქნა, ბატონო, სამსახური მაქვს პროჭული და მეც პროჭივით ვიქცევი"", უთხრა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ - პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ცნობილ მშენებელს მიხეილ ოსაძეს. (ჯემალ ქარჩხაძის ინტერვიუს დროს გილაური 14 წლისა იყო, 2004 წლის თებერვალში, 29 წლის ასაკში ის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, ოსაძესთან გულახდილი საუბრისას კი უკვე ფინანსთა მინისტრად მუშაობდა).

,,მოკლედ, რუსებმა სამი ბომბი ჩამოაგდეს, მოვლენები ერედვში სოფლის ცენტრში ხდებოდა, სადაც 2000 ჯარისკაცი, 800 რეზერვისტი და 300 გაწვრთნილი სპეცნაზელი იდგა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ.

ამ დაბომბვას და ზოგადად იმ სურათს, რომელიც ერედვის ცენტრში ხდებოდა, ტელევიზიებიც იღებდნენ. საინტერესოა, რატომ არ აჩვენებენ იმ კადრებს, იმ წუთში იქ რაც ხდებოდა, იმ გულისამრევ კადრებს...

ყველანი იქ ვიდექით, ჯარიან-ყველაფრიანად და ამ დროს ვახტანგაშვილის ჯიპიდან გიჟებივით გადმოხტნენ ახალაიები და გაიქცნენ. ძმამ ძმა მიატოვა, დათა გორისკენ გაიქცა, ბაჩო კი ერთი გლეხის - ბერუაშვილის ოჯახში შევარდა და შეშინებული, გაგიჟებული ეკითხებოდა, - გორის გზა საით არისო. მათ უთხრეს, საითაც იყო. გამოვარდა, ღობეს გადაახტა და გაიქცა. ხალხი კი ამ ყველაფერს უყურებდა, უკან დაედევნა, უყვიროდა, სად გარბიხართო. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი შეშინებული თვალები, როგორიც იმ წუთას ბაჩო ახალაის ჰქონდა. ხალხი იმასაც კი ამბობდა, - ვესროლოთ, სად გარბიან, ხომ არ გადაირივნენ, ასე როგორ გვტოვებენო?! თავთუხაშვილიც გაიქცა, "მასტერა" რომ მანქანაში უჯდებოდა, წიხლით გადმოაგდეს, ალბათ, იფიქრეს, მანქანა არ დამძიმდესო"", ასე იხსენებს აკაკი ცოტნიაშვილი სააკაშვილის 080808 ავანტიურის ეპიზოდებს.

,,რევოლუციის შემდეგ მოლაპარაკებებში ხაინდრავა და ვოლსკი ჩაერთნენ, ისინიც ჩვენს შენიშვნებს ითვალიწინებდნენ, მუდმივად ხეობაში იმყოფებოდნენ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვიხევია. მაგრამ, რაც ისინი წავიდნენ და იაკობაშვილმა შერეული კომისიის მასხრად აგდება დაიწყო, მოლაპარაკებებზე აღარავინ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, "ნაცმოძრაობას" არავინ ხვდებოდა. შემდეგ იყო ის, რომ სანაკოევის ხელისუფლება შეიქმნა, გზები გადაიკეტა თამარაშენში, რათა ოსებს აღარ ევლოთ თამარაშენი-ქურთა-კეხვისა და ჯავის მიმართულებით. ეს იყო 2006 წელს. მაშინ ამდენს ვერ ვაანალიზებდით, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ომამდე მივსულიყავით. სპეციალურად იქმნებოდა დაძაბული სიტუაციები; ხომ გეუბნებით, ბოლოს იმაზეც წავიდნენ, რომ იქაური პოლიციის უფროსი ააფეთქეს სოფელ დმენისში, თუ არ ვცდები, გვარად თიბილოვი იყო. არ გასულა აფეთქებიდან ნახევარი საათი, რომ შემოვლით გზაზე სანაკოევის კორტეჟი ააფეთქეს და ბიჭები დაიჭრნენ. მოკლედ, პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა.

ომის დეტალების გამოძიებას მივესალმები, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს "ნაციონალური მოძრაობისთვის" დასასმელი. 7 აგვისტოს ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა რომ ცეცხლი გახსნეს და ცხინვალის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, რუსმა სამშვიდობოებმა მეღვრიკისიდან ცხინვალის, დმენისის, არცევის მიმართულებით ბლოკ-პოსტებზე შლაგბაუმები აუწიეს და ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალისკენ გაუშვეს. რუსების სამშვიდობოებს არანაირი ბრძანებით, მანდატით ჩვენები აღნიშნულ ტერიტორიაზე არ უნდა შეეშვათ.

ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო მოლაპარაკება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, რომ ჩვენ არ ჩავერევით ამ ამბავში, თქვენ თვითონ განაიარაღეთ სეპარატისტები და ბანდფორმირებები და დაამყარეთ თქვენი კონსტიტუციური ძალაუფლებაო, და ამით ხომ არ მოტყუვდნენ?! ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ცხინვალი მთელი ღამე იბომბებოდა და მეორე მხარეს ერთი ტყვიაც კი არ გამოუსვრია ჩვენი მიმართულებით. როგორც კი შევიდა ჩვენი პირველი ტანკი ცხინვალში, მაშინვე ავიაცია ჩაერთო საქმეში და დაბომბეს ტერიტორია. უნდა დაიკითხოს ყურაშვილი, იყო თუ არა მასა და კულახმეტოვს შორის რამე მოლაპარაკება? ამ შეკითხვის დასმის საბაბს ისიც მაძლევს, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რუსები ხელს არ გვიშლიან, შეგვიშვეს ცხინვალშიო. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და თავი შეატყუებინეს ცხინვალის ტერიტორიაზე.

შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: ოსებმა რომ ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს, ქართველებმა რატომ არ გამოიყვანეს ხალხი ხეობიდან?! ვინ იძლეოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამა და ამ სოფელს ვაკონტროლებთო, მაშინ, როდესაც ომი 8 აგვისტოს უკვე დასრულებული იყო. ვინ იყო იმ პერიოდში პრესსამსახურში? ამის გამო იქ ხალხი ჩაიხოცა, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ტერიტორიები ჩვენ მიერ კონტროლდებოდა და სახლებს არ ტოვებდნენ!

პასუხი ომისდროინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეზე აქვს გასაცემი. ჩამოვიდნენ სამნი - თავთუხაშვილი და ახალაიები, სამასი კაცით შეიაღარებულნი, და მიდიოდნენ დმენისში, როტაცია უნდა ჩავატაროთ, წუხელის ჩვენ ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიასო. რას ვაკონტროლებდით, როდის ვაკონტროლებდით?! ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით - ცოტნიაშვილი, მე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, იმ სამას ვაჟკაცს იქ ჩაახოცინებდნენ. მე ჩემი ჯიპით რომ წამოვიყვანე თავთუხაშვილი და ახალაიები, უკან მაგათი პიკაპი ააფეთქეს და ხალხი დაუხოცეს. სწორედ მაშინ ჩამოაგდეს მანქანიდან "მასტერა", რომელიც სხვა მანქანისკენ გაიქცა, ის მანქანა აფეთქებას გადაურჩა. გენშტაბში რომ ვიღაც იჯდა და ნახაზებს ადგენდა, იმას არ უნდა სცოდნოდა, ამ სამას კაცს ცხვრებივით სად აგზავნიდა?! სრულიად მოუმზადებელი და დაუგეგმავი იყო ყველაფერი. რომ ამბობენ, ჯარი გაწვრთნილი იყოო (მე ჯარისკაცებთან პრეტენზია არ მაქვს, ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ), დღისით, 8 აგვისტოს ხეობაში ოფიცერს ვეღარ იპოვიდით. ტყვია-წამლით დატვირთული მანქანები დატოვეს და გაიქცნენ, ისიც ჩვენი თავში სახლელი გახდა, იმის გვეშინოდა, არ აფეთქებულიყო. ქუჩებში რომ ჯარიკაცებს ვხვდებოდით და ვეკითხებოდით, სად არის თქვენი ხელმძღვანელი-თქო, გვპასუხობდნენ, გაიქცნენო. მაინტერესებს, ერედვის მიმართულებით რომ საჯარისო ნაწილები იყო, ვინ იყვნენ მათი ხელმძღვანელები, სარდლები, ოფიცრები, ვინ დაყარა ჯავშანჟილეტები, ტყვია-წამალი, იარაღი. ჯავშანჟილეტებს იმიტომ იხდიდნენ, რომ თავისუფლად გაქცეულიყვნენ. მრცხვენია ამას რომ ვამბობ. ამბობდნენ, ამერიკელებმა გაწვრთნეს ჯარიო, ამერიკელებმა ჩვენი ჯარი სამშვიდობო მისიისთვის გაწვრთნეს და არა საომრად.

იხ. სრულად: