წიწამურში რომ მოკლეს ილია....
’’....უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?’’
ი.ჭავჭავაძე, ,,ბედნიერი ერი’’
,,წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი…’’
გალაკტიონ ტაბიძე
1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურში მოკლეს თავადი ილია ჭავჭავაძე. დაღუპვამდე 8 წლით ადრე, 1899 წლის ნოემბერში, Pater Patriae-მ (მამულის მამამ, ლათ.) გამოაქვეყნა წერილი სათაურით ,,ასის წლის წინათ’’. გთავაზობთ ფრაგმენტს:
,,დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოსდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები, ზოგან სურსათის ნაკლებობა, - ყოველივე ეს ერთად, აბრკოლებდა ჯარს. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ზოგან ხელდახელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერა ხერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოველს დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება ბატონიშვილი ვახტანგ, მიაგება ოთხმოცი უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი, ტფილისამდე გზა-და-გზა სხვადასხვა ადგილას ორმოც-და-ათ-ათი საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა. ამ სახით იარა ჯარმა მთელი თვე და ექვსი დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა. ტფილისი დიდის ყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26 ნოემბერს. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანს და ვერაზედ გავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას.
მეფე გიორგიც გაეგება თავისი ამალით. თან ახლდნენ: მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, სხვა ბატონიშვილები, გამოჩენილი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა ტფილისისა. ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.
ბოლოს მოვიდა ჯარიცა. მეფე გიორგი თვითონ წარმოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში. სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთსა დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა. კავალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორრინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში: ,,ჯარი, დასასრულ, მოვიდა ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოდგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისი წყობითა და წეს-რიგიანობითა. სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე. მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბანები სულ მთლად სავსე იყო თეთრ ჩადრიან ქალებითა, კაცს ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი ერისას’’.
მეფე გიორგიმ, გახარებულმა, რომ სასურველი აუსრულდა, ყოველივე ღონისძიება იხმარა, რომ ჯარი კარგად დაებინავებინა და სურსათი საკმაო და რიგიანი ჰქონოდა. შემოსვლის მეორეს დღესვე ჯარს გაუგზავნა ხუთ საპალნემდე ღვინო და რვაასი ცალი ხმელი თევზი, გარდა ამისა, რაც ულუფად დაწესებული იყო. აფიცრებს სადგომად თავისი სასახლე უთავაზა, ხოლო აფიცრებმა არ ინდომეს მეფის შეწუხება და დიდი მადლობა გადაუხადეს ამისთანა გულმტკივნეულ თავაზიანობისათვის.
ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. ამ დიდის ყოფით და ამბით დახვდა რუსეთის ჯარს მეფე და ერი. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისამ და ნუგეშისამ. დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდამ პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში საქართველოს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერადა და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისის სისხლით ჰრწყავდა ყოველს კუთხეს თავისის ქვეყნისას. ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველო მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ფრთაშესხმული.
დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ.’’
რუსეთის მცირერიცხოვანი რაზმის შემოსვლის წლისთავზე, 1800 წლის შემოდგომაზე, აღმოსავლეთ საქართველოში კრიტიკული ვითარება შეიქმნა. იმერეთში ჯარი შემოიკრიბა სოლომონ მეორემ, რომელსაც მხარს ახალციხის ფაშა უჭერდა. მოდიოდა ცნობები, რომ სამხრეთ აღმოსავლეთიდან საქართველოში აპირებდა შემოჭრას სპარსული ჯარების სათავეში მდგარი ერეკლე მეორეს ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი. დაღესტნიდან 10 ათასიანი ჯარით წამოვიდა ავართა სახანოს მმართველი ომარ-ხანი. მან გადმოლახა ალაზანი და შემოვიდა კახეთში. თბილისში პანიკა დაიწყო. ლაზარევი, კნორინგი და კოვალენსკი არწმუნებდნენ გიორგი მეთორმეტეს, რომ საჭირო იყო ადგილობრივი ძალების მობილიზება. მეფემ კატეგორიული უარი უთხრა მათ იმ მიზეზით, რომ ქართველებისაგან შემდგარი ჯარი შეიძლება ალექსანდრე ბატონიშვილის მხარეს გადასულიყო. ლაზარევმა თავაზიანი წერილით შესთავაზა ომარ-ხანს დაეტოვებინა საქართველო, რაზედაც ხანმა უპასუხა, რომ მოქმედებდა ბატონიშვილ ალექსანდრეს თხოვნით და დაიხევდა იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფლებდნენ ბატონიშვილის მოთხოვნას და აკურთხებდნენ მას მეფედ. ამასობაში ლაზარევის რაზმს შეუერთდა იოანე ბატონიშვილის ცხენოსანთა მცირე რაზმი. ახლა უკვე ლაზარევმა ულტიმატუმი გაუგზავნა ომარ-ხანს და გაემართა მის დასახვედრად.
1800 წლის ნოემბერში მდინარე იორთან მოხდა ბრძოლა, რომელიც დასრულდა ომარ-ხანის სრული დამარცხებით. ლაზარევმა უპატაკა კნორინგს, რომ ქართველი ცხენოსნები აღმოჩნდნენ ბრძოლის შუაგულში, გამოიჩინეს ,,სანაქებო ვაჟკაცობა’’ და არ შედრკენ მაშინაც, როცა მტერი ცდილობდა მათ ალყაში მოქცევას. ლაზარევი აღნიშნავდა, რომ მტერმა ბრძოლის ველზე 1500 დაღუპული დატოვა, მაგრამ დაჭრილები და ტყვეები ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინაიდან ,,ქართველები ისე გამწარდნენ, რომ არცერთ ლეკს არ ინდობდნენ’’.
ომარ-ხანის დამარცხების შემდეგ მალე მოვიდა ცნობები, რომ ბატონიშვილმა ალექსანდრემ გადაიფიქრა თბილისზე ლაშქრობა, რომ სოლომონ მეორე, თურმე, საერთოდ არაფერს აპირებდა, ხოლო ბატონიშვილებმა ვახტანგმა და მირიანმა წერილით აცნობეს კნორინგს თავისი ერთგულების შესახებ და იფიცებოდნენ, რომ ,,სპარსეთში გადასვლაზე ფიქრიც კი არ უნდათ’’.
,,...ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს...’’ ამბობს ილია ჭავჭავაძე წერილში ,,ერი და ისტორია’’. ეს ეპიზოდიც მოვიყვანე იმისათვის, რომ მკითხველმა ცოცხლად წარმოიდგინოს მაშინდელი ტრაგიკული ვითარება. ბევრ ახალგაზრდასთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ მათ მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე. ისტორიკოსი არ ვარ და მხედველობაში მაქვს მხოლოდ ის მინიმუმი, რომელიც ყველა განათლებულმა ქართველმა უნდა იცოდეს. არადა ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბრუნება (ფოთის, ახალქალაქის, ახალციხის, სოხუმის და სხვ. აღება) გაგრძელდა ათეული წლების განმავლობაში და შესაძლებელი გახდა მხოლოდ სისხლიანი ბრძოლების შედეგად, რომელთა დროს ტერიტორიები ხან ერთ, ხან მეორე მხარის ხელში გადადიოდა. აჭარა კი დაუბრუნდა საქართველოს მხოლოდ 1878 წელს და ილია ჭავჭავაძემ დიდი წვლილი შეიტანა აჭარის მოსახლეობისა და ლიდერების პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში.
,,ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში’’, წერს ილია ჭავჭავაძე წერილის ბოლოს და მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ 1799 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლები აღარ გამართულა ან იმართებოდა მხოლოდ ადრე დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების მიზნით. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ,,Pater Patriae-ს’’ ეს სიტყვები დაზუსტებას და განმარტებას საჭიროებს.
1853 წლის შემოდგომაზე ,,წყეულ-შეჩვენებული თათრები (სხვა მხრივ იმ დროს მათ ჩვენში არავინ იხსენიებდა) შვაღამეზე მიჰპარვიან საზღვრის სიმაგრეს შეკვეთილს, სადაც რუსის ჯარის ერთი როტა იდგა დარაჯათ. თათრებს მძინარე რუსებისთვის ყელი გამოუჭრიათ, ამბის წამომღებიც კი არ დაუტოვებიათ. მალე რუს ხელმწიფემ ოსმალოს ომი გამოუცხადა’’, წერს ნიკო ნიკოლაძე მოგონებებში. ნიკოლაძე იქვე იხსენებს, რომ კავკასიაში მყოფი რუსეთის ჯარი ,,სულ ლეკებს და შამილს ჰყავდა დაკავებული მთებში’’ და დასავლეთი საქართველო თითქმის უჯაროდ იყო. გამოცხადდა ადგილობრივი მობილიზაცია. სხვებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის მამაც მოხალისედ ჩაეწერა ქართულ მილიციაში. ბრძოლები გურიაში მიმდინარეობდა. ქართველებმა სძლიეს მათზე უფრო მრავალრიცხოვან მტერს და განდევნეს გურიიდან. ,,ლევან და მალაქია გურიელებმა მოკრიფეს ხალხი და თათრებზე ნადირობა გამართეს. . . შემოდგომაზე ჩვენი საზღვრები სულ გაწმენდილი იქნა მტრისგან, რუსის ჯარის დაუხმარებლად, მარტო ჩვენებური მილიციის მეოხებით’’, წერს ნ.ნიკოლაძე და იხსენებს, რომ ,,ქუთაისს მოიტანეს და მთელ ქალაქს აჩვენეს წაკვეთილი თავი ხასან-ბეგ თავდგირიძის’’ და შემდეგ ეს თავი ,,დიდი ამბით ტფილისს გააგზავნეს’’.
დასავლეთ საქართველოში მდგომარეობა დამძიმდა 1855 წელს სევასტოპოლის დაცემისა და აფხაზეთში ზღვიდან ომერ-ფაშის რაზმების შეჭრის შემდეგ. ეს რაზმები ბევრად უკეთ იყო აღჭურვილი, ვიდრე რუსეთის ჯარი და კაჟიანი ფილთა-თოფებით შეიარაღებული ქართული მილიცია. ენგურამდე მტერს არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ენგურზე კი, რუხის ციხის ნანგრევებთან, მტერს დახვდა ქართული მილიცია და რუსეთის ჯარის ორიოდე ბატალიონი თავად ივანე-მუხრან ბატონის ხელმძღვანელობით. ევროპული იარაღით (შტუტცერის შაშხანებით და სხვ.) შეიარაღებულმა თურქებმა ამოხოცეს ჩვენი ჯარი. იმ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა მოხუცებული პოლკოვნიკი იოსელიანი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იყო ქცეული მთელ რუსულ ჯარში. თურქები დაეპატრონენ თითქმის მთელ სამეგრელოს. ჩვენმა გადარჩენილმა ჯარისკაცებმა კი ცხენისწყალი გადმოლახეს და გამაგრდნენ. ,,ახლა უკვე საქართველოში ვართ და დასახევი აღარ გვაქვს’’, გამოუცხადა ივანე მუხრან-ბატონმა გადარჩენილ ჯარისკაცებს. ნიკო ნიკოლაძე არ ახსენებს ამ ფრაზას თავის მემუარებში და მე ეს ამბავი მისი ქალიშვილისგან, ქ-ნ რუსუდან ნიკოლაძისაგან ვიცი. შემდგომში ჩვენმა ისტორიკოსებმა დამიდასტურეს ამ ფრაზის აუტენტურობა და ამიხსნეს, რომ შამილთან ომის გმირმა გენერალმა თქვა ის, რასაც მაშინ ქართველთა დიდი უმრავლესობა ფიქრობდა. (ამის გათვალისწინებით ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები "სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო დამხვდა!", განსაკუთრებულ დატვირთვას ღებულობს.)
მანამდე, 1854 წლის ზაფხულში, ლეკების ჯარი შემოიჭრა კახეთში და ააოხრა ალაზნის ველი. გენერალმა დავით ჭავჭავაძემ სასტიკად დაამარცხა ლეკების ჯარი სოფელ შილდასთან (ყვარლიდან 20 კმ-ში), მაგრამ დილით ლეკების მცირე რაზმი შამილის ერთერთი ვაჟის მეთაურობით შეიჭრა წინანდალში. ლეკებმა გაიტაცეს დავით ჭავჭავაძის მეუღლე, გიორგი მეთორმეტეს შვილიშვილი ანა ბაგრატიონი, ასევე ანას და ბარბალე, ნახევარი წლით ადრე თურქებთან ბრძოლაში დაღუპული გენერალ ილია ორბელიანის ქვრივი. (რუსეთის იმპერატორმა ანა და ბარბალე ბაგრატიონების სანაცვლოდ შამილს რუსეთის ტყვეობაში მყოფი მისი ვაჟიშვილი დაუბრუნა.) ტყვეობიდან დაბრუნებულმა ანა ბაგრატიონმა მოუყვა ალექსანდრე დიუმას როგორ გადაუარეს ლეკებმა მის 12 თვის ქალიშვილს ლიდიას ცხენებით და როგორ მოკლეს ხანჯლით ჯერ კიდევ ცოცხალი ჩვილი გოგონა. ასე დაიღუპა გიორგი მეთორმეტეს პატარა შვილიშვილის შვილი კნორინგის რაზმის შემოსვლიდან 55 წლის შემდეგ.
წინანდალში ლეკების შემოჭრისას დაიღუპა ილია ჭავჭავაძის ძმა, 20 წლის კონსტანტინე. ილია მაშინ 17 წლისა იყო.
სპეციალისტებისაგან გამიგია, რომ ,,100 წლის წინათ’’ ერთერთი ყველაზე ემოციურია ილია ჭავჭავაძის წერილებს შორის. საგულისხმოა, რომ არც მოყვანილ ფრაგმენტში, არც წერილის დარჩენილ ნაწილში ილია ჭავჭავაძე არაფერს წერს რუსეთის მთავრობის მრავალ დიდ დანაშაულზე, რომელიც მან ჩაიდინა ერთმორწმუნე მცირერიცხოვანი ერის მიმართ, როგორც 1799 წლის ნოემბერში მცირე რაზმის შემოყვანამდე, ისე მომდევნო ასი წლის განმავლობაში. არადა, ცნობილი რუსი ისტორიკოსის ი.გორდონის სიტყვებით რომ ვთქვათ, პეტერბურგში შესანიშნავად იცოდნენ, ,,როგორი ბოროტი ოინი მოუწყვეს საქართველოს 1783 წლის ტრაქტატით’’. იცოდნენ და აღიარებდნენ კიდევაც! 1801 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის დავალებით რუსეთის სახელმწიფო საბჭომ განიხილა საქართველოს გადარჩენის საკითხი. საბჭოს ოქმში აღნიშნულია, რომ ,,1783 წელს რუსეთის მიერ საქართველოსათვის მიცემულმა პროტექციამ, ჩაითრია ეს უბედური ქვეყანა უკეთურობის უფსკრულში და გამოიწვია მისი სრული ღონებამიხდილობა’’ (ვთარგმნე სიტყვასიტყვით, სტილის დაცვით). აღვნიშნავ, რომ საქართველოს ,,უკეთურობის უფსკრულში ჩათრევა’’ იმაში მდგომარეობდა, რომ 1787 წელს თურქეთთან მეორე ომის დაწყებისთანავე რუსეთმა მთლიანად გაიყვანა თავისი ჯარი საქართველოდან. ამავდროულად რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა ერეკლე მეორეს ,,უზრუნველეყო საქართველოს უსაფრთხოება ადრინდელი კავშირების აღდგენის მეშვეობით, რომელი კავშირებიც მოირღვა მის ქვეყანაში რუსეთის ჯარის განთავსების გამო’’. განურჩევლად ამის დამწერის ფიქრებისა და ზრახვებისა, ძნელია შეაფასო ეს რჩევა სხვანაირად, თუ არა ზღვარსგადასულ ცინიზმად და აბსურდად. ბუნებრივია, საქართველოს ყველა ჯურის მტრებმა რუსეთის ჯარის წასვლა შესამამის ,,მესიჯად’’ აღიქვეს და ჯავრი იყარეს საქართველოზე. შემდგომი მრავალმხრივი შემოსევების შედეგად საქართველოს ისედაც კატასტროფულად შემცირებული მოსახლეობა (ეთნიკური ქართველების) შემცირდა 622 ათასამდე (!) 1800 წლის აღწერით; საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი კი სრულიად გაუკაცრიელდა. აქვე აღვნიშნავ, რომ 1799 წლის სექტემბერში გიორგი მეთორმეტე ეხვეწებოდა რუსთა ხელმწიფეს არა მარტო ჯარის გამოგზავნას, არამედ საქართველოს შეყვანას რუსეთში, რომ საქართველოს ჰქონოდა იგივე სტატუსი, რაც რუსეთის სხვა პროვინციებს.
1811 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და შემდგომ წლებში რუსმა ეგზარქოსებმა იმდენად უმოწყალოდ გაძარცვეს და გაანადგურეს ქართული ეკლესიები და მონასტრები, რომ ცნობილი რუსი პუბლიცისტი ნ.დურნოვო სასოწარქვეთით წერდა, რომ სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში ქართულ ეკლესიას მეტი ზარალი მიადგა ერთმორწმუნე რუსეთისაგან, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში მუსლიმთა შემოსევების შედეგად.
ყველაფერი ეს და, ცხადია, ბევრი სხვა რამეც შესანიშნავად იცოდა ილია ჭავჭავაძემ. მაგრამ მისი წერილის დაწერის მომენტისათვის ეთნიკური ქართველების რიცხოვნობა მაშინდელ საქართველოში უკვე მილიონ სამას ათას აღემატებოდა და სწრაფად იზრდებოდა. იცოდა ისიც, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე გაჩნდა ეთნიკური ქართველების პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბების პერსპექტივა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყრიდა საფუძველს და ტიტანურ შრომას ეწეოდა ამ პროცესის ხელშეწყობა-დაჩქარებისათვის; მას ესმოდა, რომ ქართველები სასწაულებრივად გადაურჩნენ ,,ერთ დიდ საფლავში’’ ჩასვლას და აცნობიერებდა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე გადატანილი ყველა ბრძოლა უმნიშვნელო იყო მანამდე უწყვეტ ტოტალურ ჟლეტასთან შედარებით (წარმოიდგინეთ მასშტაბი პიროვნებისა, რომელსაც შეეძლო ასეთი მსჯელობა მიუხედავად მრავალი ტრაგედიისა და 1854 წელს საკუთარი ძმის წინანდალში ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ). თუ ასეთი სიმაღლეებიდან დავხედავთ და შევაფასებთ წმინდა ილია მართლის წერილს, უნდა ვაღიაროთ, რომ მასში წერია სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
პოლიტიკაში და სახელმწიფო მოღვაწეობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტების სწორ შერჩევა-დალაგებას. ილია ჭავჭავაძე ამას ბრწყნინვალედ ახერხებდა და მისი წერილი ამის შესანიშნავი ნიმუშია.
მოზარდი ვიყავი, როცა მამაჩემმა ,,ბედნიერი ერი’’ წამაკითხა და მითხრა: ,,პაპაშენი, დიდი პაპაც, სხვა წინაპრები კარგად იცნობდნენ თავად ილია ჭავჭავაძეს და დიდ პატივს სცემდნენ მას. ილია ყოველთვის ამბობდა, რომ არც ქართველ გლეხობას, არც ამქრებს, არც სხვა წოდების ღირსეულ ადამიანებს არ მოიაზრებდა ,,ბედნიერ ერში’’. ამაში მხოლოდ ყალბ და გარყვნილ ელიტებს გულისხმობდა: მუქთახორა თავადაზნაურობას, გამყიდველ ფსევდოინტელიგენციას, საერთოდ ყველას, ვინც თავის პირად ინტერესებს და ამბიციებს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებდა’’.
გარდაცვალებამდე ორიოდე ელით ადრე ილია ჭავჭავაძემ თანამოაზრეთა ვიწრო წრეში თქვა, რომ თუ საქართველოს მალე ეღირსებოდა თავისუფლება, ის ინატრებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სპირიდონ ვირსალაძე გამხდარიყო. (ს.ვირსალაძე გამოჩენილი ექიმი და საზოგადო ექიმი გახლდათ და გ.მამულიას პუბლიკაციის თანახმად, თავდაპირბველად, ილიას კარნახით, სწორედ მან შეადგინა ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ძირითადი თეზისები). გავიდა წლები და ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა. პირველი რესპუბლიკის დაარსებისას ჩვენი ხალხის უმრავლესობამ ხმა მისცა სოციალ-დემოკრატებს, ანუ მათ, ვისაც ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერები ილიას მკვლელებს უწოდებდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა ნოე ჟორდანია, რომელიც 1907 წლის შემოდგომაზე, როდესაც ილიას გარდაცვალებიდან 40 დღეც არ იყო გასული, გამოაქვეყნა წერილი „ბნელი ძალები”. ამ წერილში ნოე ჟორდანია კატეგორიულად უარყოფს სოციალ-დემოკრატების რაიმე კავშირს ილიას მკვლელობასთან. ამავე დროს, იგი არ უარყოფს, რომ სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს ნიადაგი ილიას მკვლელობისთვის. ნოე ჟორდანია ამაყობს იმით, რომ სოციალ-დემოკრატების მიერ მომზადებულმა ნიადაგმა წარმოშვა (1905-1907 წლების) რევოლუცია. თავის მსჯელობას კი ნოე ჟორდანია შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა”. ცხადია, ნაფოტად ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძეს მიიჩნევდა’’ (აღებულია პროფესორ ვახტანგ გურულის ინტერვიუდან).
ვფიქრობ მკითხველისათვის ნათელი უნდა იყოს ამ ტრაგიკული მოვლენების კავშირი საქართველოში გასული საუკუნის 80 წლებში ,,ლექის აღზევებასთან’’ და ამ ლექის დომინირებასთან ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პეტრე მამრაძე, 12 სექტემბერი, 2013 წელი