პუტინთან შეხვედრა - სჯობს გვიან, თუ არასდროს? (პეტრე მამრაძის ბლოგი) - კვირის პალიტრა

პუტინთან შეხვედრა - სჯობს გვიან, თუ არასდროს? (პეტრე მამრაძის ბლოგი)

 

სხვადასხვა შეფასებებით პუტინმა სოჭის ოლიმპიადაზე ასტრონომიული თანხა - 51 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს გაცილებით მეტი ყოფილა, ვიდრე დღემე ჩატარებულ ზამთრის ყველა ოლიმპიადაზე ერთად აღებული. სპეციალისტების აზრით ეს თანხა კიდევ 7 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ არანახული კორუფციის გამო გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი მოპარულია ან გაფლანგული. შემთხვევით არ დავწერე, რომ ფული პუტინმა დახარჯა. ზამთრის ოლიმპიადის რუსეთში ჩატარება და ამისათვის ბიუჯეტიდან ასტრონომიული სახსრების ხარჯვა ერთი ადამიანის - სრულიად რუსეთის ჩეკისტი-თვითმპყრობელი ვლადიმერ პუტინის ნებით გადაწყდა და ამ ნებას რუსეთში ვერავინ აღუდგა ისევე, როგორც საქართველოში ვერავინ შეუშალა სააკაშვილს, დაეხარჯა რამდენიმე მილიარდი დოლარი უაზრო და ფინანსურად წამგებიან მშენებლობებზე და სხვადასხვა პროექტებზე. რუსეთის სახელმწიფო ყოველწლიურად მრავალმილიარდიან შემოსავალს ღებულობს ნავთობის, ბუნებრივი აირის და სხვა წიაღისეულის ექსპორტით. ამავდროულად, რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილის საჯარო შეფასებით რუსეთში სტაგფლაციაა დაწყებული, რაც ეკონომიკური სტაგნაციის და ინფლაციის სახიფათო კომბინაციას წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით საინტერესოა, დავსვათ კითხვა - როგორ ცხოვრობს რუსეთი დღეს? რეალურად რა ვითარებაა მეზობელ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომლის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს?

პუტინის ჩეკისტურმა კლეპტოკრატიამ ვერ დააშინა ცნობილი რუსი მეცნიერები (ნ.გილინსკი, გ.სატაროვი, ა.პიონტკოვსკი და სხვები). ოფიციალური მონაცემების დამუშავების შედეგად მათ არაერთხელ შეაფასეს პუტინის მრავალწლიანი  მმართველობის შთამბეჭდავი და მართლაც გრანდიოზული ,,მიღწევები’’. აღმოჩნდა, რომ სადღეისოდ რუსეთი იკავებს:

1-ლ ადგილს მსოფლიოში მოსახლეობის კლებით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ხანდაზმულთა შორის თვითმკვლელობების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ბავშვებსა და მოზარდებს შორის თვითმკვლელობების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში განქორწინებებისა და ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის მოცულობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში აბორტებისა და მშობიარობისას დაღუპული ქალების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ჰეროინის მოხმარებით (მსოფლიო წარმოების 21%!);

1-ლ ადგილს მსოფლიოში მაგარი ალკოჰოლის გასაღების მოცულობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში სპირტისა და სპირტიანი სასმელების მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე (რუსეთში მოიხმარენ 18ლ სუფთა ალკოჰოლს ერთ სულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით 8 ლიტრზე მეტი მოხმარება იწვევს ერის შეუქცევად დეგრადაციას);

1-ლ ადგილს მსოფლიოში თამბაქოს მოწევის ზრდის ტემპებით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში მწეველი ბავშვების რაოდენობით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპებით;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ავიაკატასტროფების რაოდენობით (13-ჯერ მეტი საშუალო მაჩვენებელზე მსოფლიოს მასშტაბით);

1-ლ ადგილს მსოფლიოში გარემოს დაბინძურებით ბუნებრივი აირის ჩირაღდნული წესით დაწვის შედეგად;

1-ლ ადგილს მსოფლიოში ავტოსაგზაო კატასტროფებით (ყოველწლიურად იღუპება 33-35 ათასი ადამიანი, დაჭრილების რაოდენობა კი 250-280 ათასს აღწევს);

154-ე ადგილს მსოფლიოში (178-დან) კორუფციის აღქმის რეიტინგში.

აი ასეთ მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენ ქვეყანაში დახარჯა პუტინმა 51 მილიარდი დოლარი პირადი ზეიმისათვის.  აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ რეკორდსმენ რუსეთში წასულია და ცხოვრობს მილიონამდე ქართველი. ანუ ჩვენში არსებული ვითარების გამო, ყოველ მეოთხე-მეხუთე ქართველს ურჩევნია, რომ ცხოვრობდეს არა საქართველოში, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე; ურჩევნია იქ მუშაობდეს, იქ შოულობდეს ფულს და იქედან ეხმარებოდეს სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს თუ ახლობლებს. მოსკოვი მეორე ადგილზეა მსოფლიოში იქ მცხოვრები ქართველების რაოდენობით და ამ მხრივ მნიშვნელოვნად უსწრებს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს - ქუთაისს.

ახლა კი სიტყვა ცნობილ ამერიკელ ექსპერტებს, ახლო წარსულში კი მამა-ბუშის და ბილ კლინტონის ადმინისტრაციების მაღალჩინოსნებს, გრემ ალისონს და რობერტ ბლეკვილს გადავცეთ. ორიოდე წლის წინათ გამოქვეყნებულ ანალიზში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი რჩება სახიფათო და რთულ სახელმწიფოდ, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაშალოს მასთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობები; აღნიშნავენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება ისევ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, კიდევ უფრო საჭიროს ხდის იმას, რომ ვაშინგტონმა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან თანამიმდევრული, რეალისტური პოლიტიკის მეშვეობით. ექსპერტები გამოყოფენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომელთა გამო რუსეთს კვლავაც დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისათვის. ვციტირებ:

,,პირველი: რუსეთი ახლაც ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია 30 წუთში ამოშალოს აშშ მსოფლიო რუკიდან. ჯონ კენედით დაწყებული აშშ-ს ყველა პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბირთვული ომის არდაშვებისათვის;

მეორე: რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია დასავლეთისათვის ბირთვული ტერორიზმის პრევენციის სფეროში. აშშ-ს გან დახმარების სახით მიღებული 11 მილიარდი დოლარისა (ნან-ლუგარის პროგრამით) და რუსების შთამბეჭდავი პროფესიონალიზმის წყალობით, ,,ბოროტების იმპერიის’’ დაშლის შემდეგ ოცი წელიწადი ისე გავიდა, რომ უკონტროლო ბირთვული იარაღი მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ გამოჩენილა;

მესამე: რუსეთი თამაშობს არსებით როლს ბირთვული იარაღისა და სარაკეტო სისტემების გავრცელების პრევენციაში. ახლა ვაშინგტონი ცდილობს შეაჩეროს ირანის სწრაფვა შექმნას ბირთვული იარაღი. აშშ-ს ამ მცდელობების მარცხი ან წარმატება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, მიჰყიდის თუ არა რუსეთი ირანს შესაბამის ტექნოლოგიებს.

მეოთხე: რუსეთის მხარდაჭერა დაზვერვის მონაცემების გაცვლისა და ანტიტერორისტულ ოპერაციებში თანამშრომლობის სფეროში კვლავ არსებითია აშშ-ს მიერ ალ-ყაედასა და სხვა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების დამარცხებისა და განადგურებისათვის.

მეხუთე: რუსეთი უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მომარაგების გზას ავღანეთში მებრძოლი ამერიკელი სამხედროსათვის. მას შემდეგ, რაც გაუარესდა აშშ-ს ურთიერთობა პაკისტანთან, რუსეთზე გამავალი სიცოცხლის გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ამ გზით ამჟამად დღიური მომარაგების ნახევარზე მეტი შედის ავღანეთში;

მეექვსე: რუსეთი ნავთობის უდიდესი მომპოვებელია მსოფლიოში, ბუნებრივი აირის მოპოვებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთმა უფრო მეტი შემატა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარს, ვიდრე რომელიმე სხვა სახელმწიფომ დედამიწის ზურგზე. ევრაზიიდან მომავალი ენერგიის ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი გზების დიდი ნაწილი რუსეთში იღებს სათავეს და ჰკვეთს დროის ცხრა ზონას. აშშ-ში ავტოტრანპორტი ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელ საწვავს მოიხმარს. ყოველი სამი ბარელიდან ორი რუსეთიდანაა იმპორტირებული და აშშ-ს მოქალაქეები კარგან გრძნობენ რუსეთის ზეგავლენას ბენზინის გასამართ სადგურებთან (შენიშვნა: ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები აშშ-ში ადგილობრივი ნავთობის და გაზის მოპოვების გასაზრდელად. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და ექსპერტების მიერ ასახული სურათი სწრაფად იცვლება. პ.მ.).

მეშვიდე: მოსკოვი მნიშვნელოვანი მონაწილეა დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში. შემთხვევითი როდია, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოთა ხუთეულში შედის; გარდა ამისა რუსეთი დიდი რვიანის და დიდი ოცეულის წევრიცაა. რუსეთის პოლიტიკის დაახლოება აშშ-ს მიზნებთან მნიშვნელოვანი იქნება ძალების დაბალანსებისა და ისეთი გარემოს შექმნისათვის, რომელშიც ჩინეთი დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც გლობალური ძალა ისე, რომ არსებულ წესრიგს არ ააყირავებს.

მერვე: რუსეთი უდიდესი ტერიტორიის მქონე სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე. აღმოსავლეთით ის ჩინეთს ესაზღვრება, დასავლეთით პოლონეთს, არქტიკაში ის აშშ-ს  მეზობელია. ამ ტორიტორიაზე გადის სატრანზიტო დერეფნები გლობალური ბაზრებისაკენ, რომელთა სტაბილურობა აშშ-ს ეკონომიკის სასიცოცხლო ინტერესებშია;

მეცხრე: რუსეთის ინტელექტუალური ძალა ვლინდება იმაში, რომ რუსეთს მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს, ვიდრე აზიის ყველა ქვეყანას ერთად აღებულს, მათემატიკურ ოლიმპიადებზე რუსეთის გუნდები, როგორც წესი, პირველ ადგილზე გადიან. ამჟამად რუსული რაკეტები ერთადერთი საშუალებაა რითაც ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებზე მიფრინავენ (აშშ-ს ადმინისტრაციამ დახურა შესაბამისი ამერიკული პროგრამა, პ.მ.). მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ციფრული კომპანიის გუგლის თანადამფუძნებელი რუსეთში დაბადებული სერგეი ბრინია.

მეათე: ძნელია ჭარბად შეაფასო რუსეთის მავნე პოტენციალი. წარმოიდგინეთ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს, თუ მან მოინდომა აშშ-ს მიერ საერთაშორისო მიზნების მიღწევის ჩაშლა - დაწყებული ავღანეთის მომარაგების გზის გადაკეტვითა და თეირანისათვის ეს-300 საჰაერო თავდაცვითი რაკეტების მიყიდვით, დამთავრებული ჩინეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაბლოკვით. (მკითხველს ვთხოვ გაიხსენოს რა მოხდა რამდენიმე თვის წინათ სირიასთან დაკავშირებით. პ.მ.).

ასე რომ, თუ გაიგონებთ, რომ რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსი რუსეთზე საუბრისას ამბობს ,,რაში გვაინტერესებს ეს რუსეთი?’’, სთხოვეთ მას დაასახელოს სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც მეტი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად დაიცავს  აშშ საკუთარ  ეროვნულ ინტერსებს’’ (ციტატის დასასრული).

აი ასეთი რიტორიკული შეგონებით ამთავრებენ ცნობილი ამერიკელი ექსპერტები თავის ანალიზს. მე კი მინდა მკითხველს შევახსენო ვანო მერაბიშვილის ცნობილი განცხადება, იმის თაობაზე, რომ (ვციტირებ): ,,არასოდეს არ ყოფილა რუსეთი ისეთი დაუცველი და სუსტი, როგორც არის დღეს, რადგან ის არის ძალიან დაბნეული და არაადეკვატურ სპონტანურ ნაბიჯებს დგამს......მე რაიმე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის ქმედებაში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რუსეთი არის ძალიან დაბნეული. . .  დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი არის ჩვეულებრივი უსუსური ქვეყანა და მითი მისი დაზვერვის სამსახურების ყოვლისშემძლეობაზე არის მხოლოდ მითი და ეს მითი ჩაბარდა ისტორიას. რა თქმა უნდა, რუსეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული არის ის, რომ ასეთი დარტყმა მას მიაყენა საქართველომ’’ და ა.შ. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადებები საქართველოს ტელევიზიით ჯერ კიდევ 2006 წელს რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ გააკეთა. ყალბი პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია და მრავალი წლის განმავლობაში ამ თავშესაფრიდან მსგავსი განცხადებების ნიაღვარი მოდის -  მერაბიშვილის ციტირებული განცხადება მხოლოდ წვეთია იმ ნიაღვრიდან. მინდა აგრეთვე შეგახსენოთ, რომ პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მართულმა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელეს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, რომლის შედეგად რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა; რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგას, ხოლო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სარაკეტო სისტემებია განლაგებული. ეს რაკეტები საქართველოს ნებისმიერ წერტილს სწვდება.

,,თუ გაიგონებთ, რომ რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსი რუსეთზე საუბრისას ამბობს ,,რაში გვაინტერესებს ეს რუსეთი?’’, სთხოვეთ მას დაასახელოს სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც მეტი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად დაიცავს  აშშ საკუთარ  ეროვნულ ინტერსებს’’, აცხადებენ გრემ ალისონი და რობერტ ბლეკვილი ჩემს მიერ უკვე ციტირებულ ფრაგმენტში. ჩვენც ხომ არ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რომელია ის სახელმწიფოები,  რომლებსაც რუსეთზე მეტი გავლენა აქვთ იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად ან წარუმატებლად დაიცავს საქართველო საკუთარ  ეროვნულ ინტერსებს? ამ კითხვას 22 წელიწადია ვსვამ, მაგრამ დღესაც არ არის მასზე სწორი პასუხის გაცემა დაგვიანებული - სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ღალატის შედეგად რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიის ჯერ ხომ მხოლოდ 22%-ზეა განლაგებული....

პეტრე მამრაძე, 14 თებერვალი, 2014 წელი