სისტემის კრახი და მოჯადოებული წრე - კვირის პალიტრა

სისტემის კრახი და მოჯადოებული წრე

,,ის, რაც დღეს ხდება, "მხედრიონის" დროს ხდებოდა" - ცნობილი უფლებადამცველის ლია მუხაშავრიას მიერ 2014 წლის 10 ნოემბერს ნათქვამი ეს ფრაზა გამახსენდა მაშინ, როდესაც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ამბავი გავიგე. ქალბატონმა ლიამ ეს თქვა ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი სატელევიზიო გამოსვლის იმ ნაწილის შეფასებისას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფით "საიდუმლო" საქმეს ეხებოდა.

აი ფრაგმენტები ქალბატონი ლიას ინტერვიუდან:

"მხედრიონის" დროს ხდებოდა ეს, როდესაც ჯაბა იოსელიანი მართავდა ყველას და ყველაფერს, ისე, რომ არც კონსტიტუციით და არც კანონმდებლობით, მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ის არ იყო არჩეული და მანდატის მქონე პირი"

"ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ზის თავის შუშის სასახლეში და მართავს მთელს მთავრობას, თავის - პროკურატურიან-გამომძიებლებიანად, მათთვის ეს ცხადი გახდა".

"თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა გაარკვია და ეს კარგია, ამის შედეგად, სათანადო დასკვნებიც უნდა გააკეთონ, რომ არ შეიძლება ყველაფერი მართოს ადამიანმა, რომელიც გასულია კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან. ის ერთი კერძო პირია, თუმცა სინამდვილეში ყველა და ყველაფერია.

ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე არ არის გამოძიება. ეს ევროსასამართლომ თავის დადგენილებებში აღნიშნა. ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს თუ ხდება ღარიბაშვილის დროს, განსხვავება დიდი არ არის, რადგან სისტემა იგივეა და ეს ძალიან საშიშია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, იმ სახელმწიფოში არ ლაპარაკობენ არც დემოკრატიაზე, არც დემოკრატიულ პროცესებზე და არც მსართლმსაჯულებაზე. ასეთ ქვეყნებში ლაპარაკობენ ავტორიტარულ რეჟიმზე" (ციტატის დასასრული).

ახლა ბატონ გია ხუხაშვილს მოვუსმინოთ. მისი აზრები იმით არის საინტერესო, რომ იგი თავიდანვე ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანი და მისი მრჩეველი იყო. მოქმედი სისტემის არსიც კარგად შეისწავლა - გავიხსენოთ თუნდაც მისი მონაყოლი იმაზე, უჩა მამაცაშვილთან ერთად, როგორ აგვარებდა ახალი ხელისუფლების ურთიერთობას ბიზნესმენებთან.

"რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სისტემამ მოახერხა და გარკვეულწილად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. სისტემით გაჯერდა მთლიანად და დღეს ის სისტემა მართავს და არა ის ადამიანები, პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ. ზოგჯერ იძიებს ის პროკურორი, რომელიც თავად შეიძლება იყოს საქმის ფიგურანტი, ასეთ აბსურდათანაც გვაქვს ხოლმე საქმე. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება. სისტემური და რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა 23 იანვარს ,,იმედის"" ეთერში და დასძინა, რომ სისტემის ლუსტრირება უნდა მოხდეს და მისგან გაწმენდა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, ჩემი აზრით. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ხვალ და ზეგ რა გველოდება კიდევ, ჩვენ არ ვიცით. სამწუხაროდ, ისეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, რომ ველოდები, ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მინდა დავაზუსტო: სისტემამ კი არ აიყვანა ქოცების ხელისუფლება მძევლად, არამედ თვითონ ქოცებმა - ,,ჩვენმა მეგობრებმა, ვისთან ერთადაც ჩვენ რეჟიმი დავამარცხეთ", რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე დედას აგინებდნენ საერთო ,,მეგობრებს" ერთმანეთთან სატელეფო საუბრებისას (ბატონ გიას ეს კარგად უნდა ახსოვდეს), დიდი ენთუზიაზმით მოირგეს და შეირგეს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის სისტემა. მათი მოქმედება 2012 წლის არჩევნებიდან გასული ორი წლის განმავლობაში ასაბუთებს იმას, რომ რეჟიმის დამარცხება და ძალაუფლებაში მოსვლა ძალზე ბევრ მათგანს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის და ამბიციების დაკმაყოფილებისათვის უნდოდა. ხსენებული სისტემა კი ამას შესანიშნავად უზრუნველყოფს.

ახლა სიტყვას ირაკლი ალასანიას გადავცემ:

"ახლა ნიშვნელოვანია სისტემური ცვლილება. მთავარია შეირჩეს სწორი სისტემა კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის და ეს იყოს ღია სისტემა. ეს ფილოსოფიაა შესაცვლელი და არა ერთი ჭიკაიძის გაშვება. ეს ვერაფერს შეცვლის. მოვა სხვა, რომელიც იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში... სამწუხაროსდ უნდა გითხრათ, რომ რეგიონებში დავდივარ და ყველგან მთავარი პრობლემა, რომელიც ხალხს აქვს, არის ის, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს, ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუ ეს არ შეათანხმა ადგილობრივი სუსის აწარმომადგენელთან. ეს არის სირცხვილი. ეს არ არის ის სისტემა, რისთვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ 23 იანვარს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში".

სუსის (ანუ უშიშროების სააგენტოს) მეშვეობით არა მარტო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, არამედ ქვეყნის პარლამენტიც იმართებოდა. ასეთი სამარცხვინო რამ შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფმა ქოცებმა - პარლამენტარებმა და მინისტრებმა, ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,რესპუბლიკელების" ჩათვლით, ფიცი გატეხეს და არ შეასრულეს თავისი მოვალეობა. ეს არამარტო დიდი სირცხვილია, არამედ დანაშაულიც არის. გავიხსენოთ, როგორ იცავდნენ ქოცები მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს, თუმცა იცოდნენ, რომ მან უკანონოდ გაიყვანა მერაბიშვილი ციხიდან და გასამართლებული იყო გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისათვის; გავიხსენოთ ე.წ. ,,ტრაქტორების"" სამარცხვინო საქმე; ,,რემენას"" თბილისში ჩამოყვანა - გაპარება და ძალზე ბევრი სხვა რამ, რაზედაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ევალებოდათ პრინციპული და საჯარო რეაგირება.

ახლა შევადაროთ ხუხაშვილის ზემოთ ციტირებული აზრი იმას, რასაც ხუხაშვილი ერთი წლის წინათ, 2014 წლის 6 იანვარში წერდა:

,,მას შემდეგ, რაც ივანიშვილმაც დატოვა პოლიტიკური არენა, მივიღეთ საკმაოდ უცნაური რეალობა - გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ ერთი პიროვნებისთვის მინიჭებული მანდატის საფუძველზე. ეს მდგომარეობა საშიშია, თუმცა არა - დრამატული. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ობიექტურ რეალობას, დავიცადოთ და ნელ-ნელა ყველაფერი შევუსაბამოთ კონსტიტუციას. მით უმეტეს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური წესრიგი ძალთა კანონით განსაზღვრული გადანაწილების საფუძველზე".

ერთი წლის წინათ, ხუხაშვილის ამ აზრის კომენტირებისას აღვნიშნავდი, რომ ხელისუფლებაში მოსული ქოცები არც ნელ-ნელა და არც ჩქარა არ შეუსაბამებენ ყველაფერს კონსტიტუციას, ვინაიდან ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად. ასეთ დროს კი, ძალაუფლების მპყრობელნი არასოდეს არ ზრუნავენ საკუთრი ძალაუფლების შეკვეცაზე და მის კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევაზე.

,,ახლა მთავარია, პოლიტიკურმა ძალებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თვითონ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, კომპეტენციის ზღვარი და არ დარჩნენ ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში. გააცნობიერონ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა, არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. მხოლოდ ასეთი მიდგომა შესძენს ხელისუფლებას სახალხო ლეგიტიმაციას", განაგრძობს ხუხაშვილი იგივე წერილში.

ვაი, რომ ეს აზრიც აბსურდულია. პოლიტიკური ძალები და აღმასრულებელი ხელისუფლება თვითონ არასოდეს არ გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, კომპეტენციის ზღვარს, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ აიძულებს მათ ეს გააკეთონ! ხაზს ვუსვამ, კი არ სთხოვს, კი არ შეახსენებს ან მიუთითებს, არამედ აიძულებს! სხვა შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი პიროვნებათა ჯგუფი არა თუ დარჩება ჩრდილოვანი, ნაკლებად დაბალანსებული მმართველობითი სისტემის ტყვეობაში, არამედ მთელ ქვეყანას ბნელეთში მოაქცევს და სულ მალე მხოლოდ გმირები თუ გაბედავენ საჭირბოროტო თემების ,,აწევას". (ახლა და ქვემოთ ზუსტად ვციტირებ იმას, რაც ერთი წლის წინათ ბლოგზე გამოვაქვეყნე ხუხაშვილის ციტირებულ წერილთან დაკავშირებით).

ასევე, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მას-მედიის ჩათვლით, შეუძლია ბრძოლით დაუმტკიცოს ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებათა ჯგუფს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა უპირველეს ყოვლისა არის არა უფლება, არამედ - პასუხისმგებლობა, მსახურება და არა - ბატონობა. თუ ჩვენ მოვიცდით, ან არასაკმარისად ვიბრძოლებთ, მაშინ ხელისუფლება ამას არასოდეს არ გააცნობიერებს. პირიქით - ძალაუფლების მპყრობელნი საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის სწორედ ბატონობა და ყველაფრის დაუსჯელად კეთების უფლება და არა პასუხისმგებლობა და მსახურება და მათი ასეთი მიდგომა ,,სახალხო ლეგიტიმაციას" ნაცლად საერთო-სახალხო ზიზღს და სიძულვილს შესძენს მათ. ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ გვაკლია.” (ციტატის დასასრული).

მინდა შევახსენო მკითხველს ის, რაც ბოლო წლის განმავლობაში ბევრჯერ მითქვამს: ქვეყნის მართვის მცდელობა ისე, თითქოს ეს სააქციო საზოგადოებაა, რომლის საკონტროლო პაკეტი ჯიბეში გიდევს, გარდაუვალი კრახით სრულდება. აქვე მინდა დავაზუსტო ქალბატონ ლია მუხაშავრიას აზრი. სისტემური მანკიერების თვალსაზრისით დღეს მართლაც ხდება ის, რაც ,,მხედრიონის"" დროს ხდებოდა. ისიც მართალია, რომ ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არის მას შორის რა ხდებოდა სააკაშვილის დროს და რა ხდება ახლა, უნებლიე მედროვე ღარიბაშვილის ფსევდოპრემიერობის პირობებში. მაგრამ სისტემური ანალიზისათვის ძალზე საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჯაბა იოსელიანის სრული ანტიპოდი: ჯაბა იოსელიანი თვითონ გეგმავდა ყაჩაღურ თავდასხმებს და ტერორისტულ აქტებს, ივანიშვილი კი უდიდესი ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში და მას მხოლოდ კარგი უნდა ხალხისა და ქვეყნისათვის. 2012 წლის ზაფხულში მან დიდი წუხილით ისაუბრა იმაზე, რომ ერი ოცი წლის განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე დადიოდა და აღნიშნა, რომ საჭირო იყო მოჯადოებული წრის გარღვევა და განვითარება. სამწუხაროდ, მანკიერი სისტემა არ უშვებს იმას, რომ კეთილი განზრახვები რეალობად იქცეს. ის დროა გავიხსენოთ ძველი სიბრძნე, რომ გზა ჯოჯოხეთისაკენ კეთილი განზრახვებითაა მოფენილი. ხოლო საზოგადოებაში ჯერაც არ გამოჩენილა ძალა, რომელსაც ძალუძს პროვინციალიზმის მიჯირყვნა და ამ წრის გარღვევა. საქართველოში არსებული ვითარების ყველა ასპექტი ასაბუთებს ამას და ცხადყოფს, რომ ერი განაგრძობს მანკიერ წრეზე სიარულს, ეს წრე კი ვიწროვდება.

პეტრე მამრაძე, 25 დეკემბერი, 2015 წელი