აურზაური არაფრის გამო - პუტინის კლეპტოკრატიის კრახის მოლოდინში, ანუ გვაღირსებენ თუ არა ოკუპანტები უვიზო რეჟიმს?
აურზაური არაფრის გამო - პუტინის კლეპტოკრატიის კრახის მოლოდინში, ანუ გვაღირსებენ თუ არა ოკუპანტები უვიზო რეჟიმს?
29-01-2016
ფოტოსურათზე ასახულია რუტინული პროცედურა რუსეთის ერთერთ საჯარისო ნაწილში. ოფიცრები და ჯარისკაცები თაყვანს სცემენ ხატს, რომელზედაც კა-გე-ბე-ს პოლკოვნიკი პუტინია ასახული. ხატზე პუტინის სახის გარშემო ოქროსფერი შარავანდედია, ისეთივე, როგორიც წმინდანების ხატებზეა გამოსახული.

საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ანცვიფრებდა ევროპელებს აღვირახსნილი კორუფციის მასშტაბით. ბოლო ათი წლის განმავლობაში უშიშარმა რუსმა მეცნიერებმა და პუბლიცისტებმა არაერთხელ გამოაქვეყნეს მასალები, რომლებიც ასაბუთებდა, რომ პუტინი და მისი მთავრობა ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლებაა რუსეთის ისტორიაში (დაინტერესებულ მკითხველებს ვთავაზობ ნახონ ბი-ბი-სი-ზე სულ რამდენიმე დღის წინათ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი პუტინზე და მის თანამზრახველებზე). პუტინის კლეპტოკრატულმა ავტორიტარიზმმა გაანადგურა რუსული ეკონომიკა და მთლიანად დამოკიდებული გახადა რუსეთი ნავთობისა და გაზის მსოფლიო ფასებზე. საქმე იქმადე მივიდა, რომ პუტინის ,,სისტემის" ერთერთმა თავკაცმა, ამჟამად ,,სბერბანკის" პრეზიდენტმა გერმან გრეფმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი, არასწორი მმართველობის გამო, დამარცხდა საერთაშორისო კონკურენციაში და გახდა ,,დაუნშიფტერი", ანუ ქვეყანა, რომელიც ფსკერისაკენ მიექანება. გრეფმა აღიარა, რომ რუსეთის ეკონომიკას აწი ნავთობის ფასების გაზრდაც ვეღარ უშველის და რომ საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების შეცვლა.

თვით რუსეთში ბევრი დაიწერა რუსეთის შეიარაღებულ სისტემაში არსებულ სავალალო ვითარებაზე. ახლახან ცნობილმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმირ ბეკიშმა განაცხადა, რომ რუსეთს იმის რესურსიც აღარ აქვს, რომ სირიაში მცირე მასშტაბის სამხედრო კამპანია აწარმოოს. რუსეთის ფრთიანი რაკეტების და ავიაბომბების 40% (!) არ ფუნქციობს. ხოლო ნატო-სთან კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთი ჩამოიშლება მაქსიმუმ ერთ-ორ თვეში.

დასავლეთის და რუსეთის ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ პუტინის მმართველობის პირობებში რეფორმების ჩატარებისა და მოდერნიზაციის არავითარი შანსი არ არსებობს. ცოტა ხნის წინათ რუსეთის სამოქალაქო ინიციატივების კომიტეტის წევრმა ვასილი მელნიჩენკომ ჭეშმარიტად რუსული გულწრფელობით განაცხადა: ,,საშინელება ის კი არ არის, რომ ტრ-კში ვიმყოფებით. საშინელება ის არის, რომ ტრ-კში ყოფნის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ".

აქ საჭიროა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპანტ რუსეთში მილიონამდე, ანუ პრაქტიკულად ყოველი მეოთხე ქართველი ცხოვრობს; რომ მოსკოვი მეორე ქალაქია მსოფლიოში იქ მცხოვრები ქართველების რაოდენობით (ქუთაისი საკმაოდ დიდი სხვაობით მესამე ადგილზეა); რომ მრავალი ქართველი დღესაც ცდილობს გადავიდეს რუსეთში, იმისათვის რომ იქ იმუშაოს, ფული იშოვოს და ოჯახი და ახლობლები შეინახოს. გავიხსენოთ ეს ყველაფერი და დავფიქრდეთ იმაზე, თუ სად იმყოფება და სად მიექანება ჩვენი ერი და ჩვენი სახელმწიფო.

,,პროვინციალიზმი ზღვა დგას ჩვენში, დუღს და გადმოდის", - წერდა ჯერ კიდევ 1998 წელს ჯანსუღ ღვინჯილია. რუსეთზე მოყვანილი ინფორმაციის და ბატონ ჯანსუღის ზუსტი დიაგნოზის გათვალისწინებით გავაანალიზოთ ის აჟიოტაჟი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ატყდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გახმაურებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით.

დავიწყებ იმით, რომ ლავროვს საქართველოზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. ის პრესკონფერენციაზე აჯამებ
და გასული წლის მოვლენებს და პასუხი გასცა ჟურნალისტების (რამდენადაც ვიცი ქართველი ჟურნალისტების) შეკითხვებს. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე პასუხს სულ სხვა სტატუსი აქვს, ვიდრე მინისტრის ოფიციალურ განცხადებას. მკითხველს შევახსენებ, რომ ლავროვმა თქვა, რომ მზად არის ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის; დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც და რომ ,,პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა". მართლაც, თავის დროზე პუტინმა ისევ ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს, თუ ამას ქართული მხარე მოინდომებს. არა მარტო დიპლომატისათვის, არამედ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვერც პუტინი და ვერც ლავროვი დასმულ შეკითხვებს სხვანაირად ვერ უპასუხებდნენ, ვინაიდან სხვა პასუხი მათთვის წამგებიანი იქნებოდა. ლავროვის ხსენებულმა სიტყვებმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ატყდა მსჯელობა იმაზე, ვინ ჯობია შეხვდეს ლავროვს, ეყოფა თუ არა ჩვენს ახალგაზრდა მინისტრს კომპეტენცია გამოცდილ ლავროვთან სასაუბროდ და ა.შ. ამ დღეებში ბევრმა ადამიანმა მკითხა აზრი - შეძლებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება გაჩენილი შანსის გამოყენებას და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ზოგი იმედიანად იყო განწყობილი (,,ეტყობა რაღაცა სასიკეთო ხდება, აბა ლავროვი ტყუილად ხომ არ იტყოდა ასეთ რამეს!"). ზოგი კი კითხვას არც სვამდა, არამედ უიმედოდ ამბობდა, რომ ქოცების უნიათო მთავრობა, ცხადია, ვერ გამოიყენებს ამ შანს. ვცდილობდი ამეხსანა, რომ არავითარი შანსი არ გაჩენილა და ვხედავდი, რომ ადამიანებს არ უნდოდათ ამის დაჯერება. საქმე კი ნამდვილად ასეა.

1946 წელს თავის ცნობილ გამოსვლაში ,,მშვიდობის კუნთები" უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: ,,ომის განმავლობაში ჩვენ რუს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობის დროს დავრწმუნდი, რომ არაფერს ისე არ სცემენ თაყვანს, როგორც ძალას (იხ. ფოტოსურათი, პ.მ.) და არაფერს არ სცემენ ნაკლებ პატივს, როგორც სისუსტეს, განსაკუთრებით კი სამხედრო სისუსტეს"

კა-გე-ბე-ს ჯარების ეფრეიტორ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების აქტიური ხელშეწყობით რუსეთის მთვრობამ შეძლო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება; იქ მძლავრი სამხედრო ბაზების განთავსება; საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება. 2008 წლის აგვისტომდე და შემდგომ პერიოდშიც სააკაშვილმა გადასცა რუსეთს ყველა ღირებული ობიექტი. (იხ. ზურაბ აბაშიძის მიერ გამოქვეყნებული ნუსხა). როგორც პუტინი ამბობს ხოლმე ასეთ შემთხვევებში: ,,მორჩა. საკითხი საბოლოოდ დაიხურა".

რუსეთის მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს უარყოს საკუთარი გადაწყვეტილება და აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. 2008 წლიდან დღემდე რუსეთის მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ (და არა რუსეთმა) გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა. (მაშინ, 2008 წლის აგვისტოში, პარლამენტის წევრი გახლდით. შესანიშნავად მესმოდა სააკაშვილის მიერ ჩადენილი ავანტიურის და ღალატის სრული მნიშვნელობა, მაგრამ ხმა მივეცი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და არ ვნანობ. ეს იყო ერთადერთი სწორი მოქმედება - სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა.) ახლა რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ თუ საქართველოს უნდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ინიციატივა საქართველოსგან უნდა მოდიოდეს და საქართველომ შესაბამისი პირობებს უნდა დათანმხდეს - სხვანაირად ოკუპანტებისაგან უვიზო რეჟიმს ვერ ვეღირსებით.

ამ თემაზე საუბრისას ხშირად მომყავს ასეთი, წმინდა ჰიპოთეტური მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენთან ხელისუფლებაში მოვა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სთხოვს რუსეთის მთვრობას მიიღოს საქართველო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში; რომ ჩრდილოკავკასიიის რესპუბლიკების მსგავსად საქართველოც იყოს რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ოღონდ სანაცვლოდ რუსეთმა სცნოს საქართველოს ის საზღვრები, რომელიც ჰქონდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას სსრკ-ს შემადგენლობაში. ანუ სიმბოლურად მაინც სცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ყოფნა რუსეთის ფედერაციის სუბიექტ საქართველოში!

რა იქნება მაშინ?

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ჩვენი ,,ტერიტორიული მთლიანობა" არ აღდგება. რუსეთის მთავრობაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში შემუშავდა ახალი ფედერაციის შექნის გეგმა. ამ გეგმის შესაბამისად საქართველოს ნაცვლად ახალ ფედერაციაში თანასწორუფლებიან სუბიექტებად მოაზრებულია არა მარტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (რომელიც ჩრდილო ოსეთს უნდა შეუერთდეს), არამედ აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და მეექვსე სუბიექტად საქართველოს დარჩენილი ნაწილი. თუმცა ამ გეგმის საკმაოდ ბევრ ავტორს მიაჩნდა, რომ სამეგრელოსაც ცალკე სუბიექტის სტატუსი უნდა ჰქონდეს!

მსგავსი იდეები რუსეთის მაშინდელი დუმის ზოგიერთმა წევრმა დიდი ენთუზიაზმით (,,ისევ მშვიდობა იქნება", ,,ძმები ვართ რუსები და ქართველები, გვეშველება ყველას, ისევ ძმურად ვიცხოვრებთ, როგორც სსრკ-ში" და ა.შ.) გაუზიარეს საქართველოს პარლამენტის მოსკოვში ,,სალაპარაკოდ" ჩასულ წევრებს.


სააკაშვილის მოღალატეური პოლიტიკისა და 2008 წლის ჩადენილი ავანტიურის შედეგად დღეს ვითარება ბევრად უფრო მძიმეა ჩვენთვის, ვიდრე მაშინ. ამიტომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობაში ვერც ერთი ფორმატი ვერ იმუშავებს კონსტრუქციულად, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარდა. ეს უკანასკნელი კი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ელოდა. ზურაბ აბაშიძის პიროვნული თვისებების გარდა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფორმატის მანდატი მკაცრად არის შემოსაზღვრული და აბაშიძე და კარასინი არასოდეს ეხებიან იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რომლებშიც რუსეთის მთვრობა იოტისოდენა დათმობას არ აპირებს და რომელთა უბრალო ხსენებაც კი მოიტანს ერთადერთ შედეგს - ამ ფორმატის შეწყვეტას და გაუქმებას. არადა ნატოს ხელმძღვანელობა აქეთ გვთხოვს, რომ ეს ფორმატი უსათუოდ შევინარჩუნოთ…

გამოჩენილმა ამერიკელმა დიპლომატმა ჯორჯ კენანმა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაწერა, რომ რუსეთი ყოველთვის აიძულებდა მეზობელ ქვეყნებს გამხდარიყვნენ კრემლის ვასალები ან კრემლის მტრები. პუტინის კლეპტოკრატული რეჟიმი ანადგურებს რუსეთის სახელმწიფოებრიობას (საგულისხმოა, რომ პუტინის გარემოცვაში ეს ზოგიერთებს შესანიშნავად ესმით) და ამიტომ ცდილობს შექმნას მითი, რომ პუტინი განასახიერებს რუსეთის იმპერიის აღორძინებას და მის აღდგენას. დღეს, როგორც არასდროს გვმართებს სიფრთხილე და სტრატეგიული მოთმინება. რაც უფრო უახლოვდება პუტინის კლეპტოკრატია კრახს, მით უფრო დიდია რისკი, რომ პუტინმა ისევ საქართველო გამოიყენოს მორიგი ,,გამარჯვების" პოლიგონად. არადა, ისტორიული პერსპექტივა ნამდვილად არ არის უიმედო. სწორი მოქმედების პირობებში ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ საქართველოს მშვიდობიან, ყველა მხარის მტკიცე სურვილით განპირობებულ გამთლიანებას.

ვაი, რომ ჩვენი უნიათო ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ამისათვის და ისღა უნდა გვიხაროდეს, რომ მთავრობა შედარებით ,,პრაგმატულ" პოლიტიკას ატარებს.

პეტრე მამრაძე, 29 იანვარი, 2016 წელი
avimusaifi
18 მაისი 2016 16:26
ვინმეს გაქვტ დასაბუთებული პასუხი,თუ რატომ უძახდა მიშას პუტინი ,,პრიდატელს,, 2008 წლის ომის შემდეგ? რა დაპირდა და რა არ შეუსრულა? თუ რამეს დაპირდა და გადააგდო - ვენაცვალე მაგას..
აკა
08 თებერვალი 2016 16:10
ბატონო ალექსი, საქართველო 25 წელია თავისუფალია, და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ს უ ბ ი ე ქ ტ ს. .დეიურე აღიარებულია ყველა განვითარებული ქვეყნის მიერ აღიარებულ საზღვრებში, გარდა რ უ ს ე თ ი ს ა ..... რუსეთიდან მისი პირდაპირი მართვა 1991 წლიდან შეწყვეტილია, უმნიშვნელო გავლენას ახდენენ მხოლოდ, მოღალატე ქართველებისა და რუსეთის უშიშროების ქართველი აგენტების მეშვეობით..... თქვენ ისევ სტალინის, ორჯონიკიძისა და ლენინის სულებთანა ხართ ჩახუტებული...დაივიწყეთ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეები, ისტორიას ჩაჰბარდა... თუ ხანში შესული ხართ გეპატიებათ, მომავლისთვის ძალა აღარ გეყოფათ..
წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგავთ, რაც ნაადრევი სიბერისა და გამორუსების ბრალია .. ამით შეუგნებლად ემატებით ისედაც მომრავლებულ გადაჯიშებულ გამორუსებულ ქართველობას.... სირიაში მებრძოლ ისლამისტის დონეზე ხართ, რაც სამწუხაროა...
სხვა სიახლეები
ოცი წლის წინათ, 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.
დაწვრილებით...
ერთხელ შევარდნაძესთან თათბირის დასრულების შემდეგ ერთმა მინისტრმა ისაუბრა დასავლეთში ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების შეცვლის, კერძოდ კი ე.წ. ჰომოფილიის დამკვიდრების შესახებ. იმ დღეებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოს დედაქალაქის მერად გეი აირჩიეს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით აფიშირებდა თავის სექსუალურ ორიენტაციას.
დაწვრილებით...
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს არ მისცემდნენ გაწევრების სამოქმედო გეგმას, ანუ მაპ-ს, მაგრამ გარანტია მოგვცეს, რომ საქართველოს უსათუოდ მიიღებდნენ ნატო-ში. ამ ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა პუტინზე და მის ჩეკისტურ რეჟიმზე. ჩეკისტებმა ფორსირებულ რეჟიმში გააქტიურეს თავისი "სასარგებლო იდიოტი" - კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი და 2008 წლის აგვისტოში სასურველი შედეგიც მიიღეს
დაწვრილებით...
"რეპუბლიკელებს" გადასცეს ,,ხაზეინის" ნება: ,,ოცნება" მათ შანტაჟს არ დაჰყვება და არავითარ გარანტიებს არ მისცემს საარჩევნო სიებთან და სამომავლო თანამდებობებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ,,კარგად მოიქცევიან", მაშინ მათ მინისტრებს არ მოხსნიან და პროკურატურაც ვერ დაადგენს, რომ საგარეჯოს არჩევნებზე დანაშაულია ჩადენილი.
დაწვრილებით...
"საქმეს ის ადამიანები აფუჭებენ, ვინ ლიდერებს დათვურ სმსახურს უწევს. ჯერ კიდევ ღრმადაა ჩვენში საბჭოთა წარსული, რომელიც გვეუბნება, რომ ხელმძღვანელს მონურად უნდა დაემორჩილო, მთავარია ბრმად ენდო, მერე სხვა მოვა იმას აუგად მოიხსენიებ და ახალს ადიდებ... როდესაც ფიქრობ, რომ ლიდერი ყოველთვის მართალია ეს არასწორია".
დაწვრილებით...
"ერის დვრიტის უგულებელყოფას, ვინც უნდა მოიმოქმედოს ეს (თავად მან თუ ვინმე სხვამ), ბოლო აქვს ხოლმე ან ტრაგიკული ან კომიკური, მაგრამ არაოდეს - შუალედური" წერდა 1989 წლის ივლისში გამოჩენილი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ზურაბ მიქელაძე ესსეში "დვრიტა ერისა".
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინათ ნატო-ს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ალიანსი იწვევს თავის რიგებში ახალ სახელმწიფოს მონტენეგროს, ანუ ჩერნოგორიას.
დაწვრილებით...
,,ნუ ელოდებით, რომ არაფრის მაქნისი ოპორტუნისტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია და იდიოტად დაბადებული ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ან თუნდაც ,,ოპოზიციის ვარსკლავები" ამ განსაცდელის შემდეგ უფრო გონიერები იქნებიან".
დაწვრილებით...
,,ესენი მეუბნებიან ,,იმედი" დავხუროთო. ეგ რომ გავაკეთო, ესენი როგორღა გავაკონტროლო?", ამბობდა ვიწრო წრეში მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ და ,,ესენი"-ს ქვეშ პირველ რიგში ხერხემალ ვანო მერაბიშვილს და ჰარი პოტერ ზურაბ ადეიშვილს გულისხმობდა.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი 37კვ.მ უცხოვრებელი,
იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი
იყიდება პერსპექტიულ ადგილას ვორონცოვზე -
სააწრაფოდ! იყიდება კორპუსის ბინა ორთაჭალაში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები