"კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო..." - "ხაზეინის" ნება, ანუ რამდენად რელევანტურია მმართველ კოალიციაში სტრატეგიული პარტნიორობა?! - კვირის პალიტრა

"კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო..." - "ხაზეინის" ნება, ანუ რამდენად რელევანტურია მმართველ კოალიციაში სტრატეგიული პარტნიორობა?!

,,რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე "რესპუბლიკელები", რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ, 2015 წლის 16 თებერვალს.

ივანიშვილის მიერ "რესპუბლიკელების" მიჭირხვნიდან ორნახევარი თვის შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრად კი რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი დანიშნა. მოგვიანებით დავით უსუფაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან ურჩია პრემიერს "რესპუბლიკელებისათვის" მინისტრის კიდევ ორი პორტფელი მიეცა. უსუფაშვილის ,,რჩევა" მოულოდნელი არ იყო - უმრავლესობიდან ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ რესპუბლიკელებს ასეთი ,,რჩევების" მისაცემად საკმარისი ბერკეტები ჩაუვარდათ ხელში.

რაც შეეხება ,,ხელოვნურად აგორებულ თემებზე კომისიების შექმნას: თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის მინისტრებად დანიშვნის შემდეგ პრესა აღნიშნავდა, რომ მანამდე, ბოლო სესიაზე, "რესპუბლიკელებმა" მხარი აღარ დაუჭირეს საყდრისზე კომისიის შექმნას. არადა რამდენიმე კვირით ადრე მხარს უჭერდნენ. იმასაც აღნიშნავდნენ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებითაც დადუმდნენ რეპუბლიკელები, თუმცა მანამდე ფრიად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ კოდექსის მიმართ. ზოგიერთი იმასაც ვარაუდობდა, რომ მინისტრების პორტფელები გადაეცათ "რესპუბლიკელებს" იმიტომ, რომ ისინი ,,უფრო მორჩილები და დამყოლები გამხადრიყვნენ".

საყდრისთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მოქმედება და ლიცენზიის განახლების შემდეგ კომპანიის მიერ სადაო ადგილის აფეთქება, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, თბილისში აკრედიტებულმა დასავლეთის დიპლომატებმა ჩვენთან მოქმედი პატრონ-კლიენტელური (პატრონყმული) სისტემის შემზარავ გამოვლინებად მიიჩნიეს. "რესპუბლიკელებმა" ეს შესანიშნავად იცოდნენ და ესმოდათ, რომ კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე უარის თქმით, ისევე, როგორც საარჩევნო კოდექსზე გაჩუმებით, ისინი ლახავდენ დასავლეთელი პარტნიორების თვალში თავის ,,პროდასავლურ" იმიჯს. მაგრამ რესპუბლიკელები წავიდნენ ამაზე, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ეს უღირდათ.

,,...მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნვეყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული", - თქვა 3 მარტს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის გახმაურებულ განცხადებაში.

მე კი მინდა განვაცხადო, რომ დღიდან დანიშვნისა თინა ხიდაშელი შეუდგა თანამდებობის მაქსიმალურად გამოყენებას საკუთარი და ვიწროპარტიული მიზნებისათვის. ცხადია, სწორედ ამ მიზნების განხორციელებისათვის მოითხოვეს "რესპუბლიკელებმა" ეს მნიშვნელოვანი სტატუსი. სააკაშვილის უნიჭო მოწაფეებს კარგად ახსოვთ, როგორ იყენებდა ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას მხოლოდ და მხოლოდ პირადი პიარისთვის და რას მიაღწია მაშინ ამით. მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ კრიტიკის გარეშე არ დამიტოვებია ირაკლი ალასანიას არც ერთი პოპულისტური და დემაგოგიური განცხადება, რომლის მეშვეობით თავდაცვის მინისტრი ალასანია პირადი პოპულარულობის გაზრდას და საკუთარი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ცდილობდა, თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების ხარჯზე. ასევე ვაკრიტიკებდი მინისტრ ხიდაშელის პოპულიზმს.

ხიდაშელის და მისი თანაპარტიელების მოქმედებაში საგარეჯოს არჩევნებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პრესაში ჯერ არაფერი იწერებოდა, როდესაც შემხვდნენ მაღალი წოდების ვეტერანი სამხედროები და მითხრეს, რომ საგარეჯოში საქართველოს სხვადასხვა ქვეგანაყოფიდან გადაჰყავდათ სამხედროები იმისათვის, რომ მათ ხმა მისცენ თინა ხიდაშელის შემცვლელ თამარ ხიდაშელს. ,,გულისამრევია ეს ყველაფერი! როდის დაანებებენ ჯარს თავს?", - წუხდნენ ჩემი ძველი ნაცნობები.

გავიდა რამდენიმე დღე და ირმა ინაშვილმა განაცხადა:

"...გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს როგორ აპროტესტებდნენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სპეცუბნების გახსნას. მაშინ ეს იყო მანკიერი, დღეს კი, მოსწონთ. 546 ჯარისკაციდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ მხოლოდ 25 იყო საგარეჯოელი. ჯარისკაცებს, რომლებიც მესტიიდან, ზუგდიდან და ბორჯომიდან არიან, თავად აქვთ კითხვები, რატომ მონაწილეობენ საგარეჯოს მაჟორიტარობის არჩევნებში. არ ვამბობთ, რომ სამხედროებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ის, რომ ასე სწრაფად იცვლება დისლოკაციის ადგილი და ჯარისკაცების რაოდენობა, ეს პირდაპირ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც ისედაც აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, მიზნად აქვს დასახული ჯარისკაცების ხმების გამოყენება მათი კანდიდატის მხარდასაჭერად".

ირმა ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულები იყვნენ სოფლის რწმუნებულები და გამგებლები.

"ამბობენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. სწორედ ეს მახინჯი კანონებია შესაცვლელი. რას აკეთებდა 3 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილი, რა უნდა სოფლის გამგებელს და რწმუნებულს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ეს არის ირიბი ზეწოლა ამომრჩეველზე, რადგან მიმდინარეობს მათი ფარულად აღრიცხვა".

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, როგორ ითვლის საარჩევნო ბიულეტენებს მინისტრი ხიდაშელი. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა თინამ განაცხადა, რომ ამით კანონი არ დაურღვევია და ეს მართლაც ასეა. მაგრამ "ქოცებმა" კარგად იციან, როგორი დარტყმა მიაყენა თავდაცვის მინისტრმა თავისი კანონიერი მიოქმედებით ,,ოცნების" ისედაც შელახულ იმიჯს.

ირმა ინაშვილის პროტესტის პასუხად თინა ხიდაშელმა ისევ ეფრეიტორ სააკაშვილს მიბაძა. მან არც უარყო და არც დაადასტურა, რომ საგარეჯოს რაიონში გადაიყვანეს სამხედროები სხვა რაიონებიდან. სამაგიეროდ ბრალი დასდო ინაშვილს ანტიდასავლურობაში:

"ადამიანს, რომელიც ებრძვის ევროკავშირს, რომელიც ებრძვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რომ არ ჰქონდეს ნდობა ჯარისკაცების, ვინც გუშინ ავღანეთში ნატო-ს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს მისი ტრაგედიაა", - განმარტა ხიდაშელმა, რომელმაც თავის თანაპარტიელებთან ერთად ფეხქვეშ გათელა დასავლური ღირებულებები საგარეჯოს არჩევნების პროცესში და სრული კრახი განიცადა: ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზების შედეგად თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს სწორედ ჯარისკაცების და ოფიცრების ხმებით ,,აჯობა".

საქართველოს ტრაგედია ისიც არის, რომ წლების განმავლობაში ,,პროდასავლურობას" იჩემებენ ადამიანები, ვინც უხეშად არღვევს თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის პრინციპებს და არად აგდებს ყველა იმ ფასეულობას, რომელსაც ტრადიციულად დასავლურს ვუწოდებთ. არ მეგულება უფრო ანტიდასავლური ძალა, ვიდრე კა-გე-ბე-ს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი და მისი თანამზრახველები, რომლებსაც ანტიდასავლურობაში და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში სწორედ დასავლეთის ცნობილი პოლიტოლოგები და მოღვაწეები ამხელდნენ. სააკაშვილი და მისი სადისტები კი ყურსაც არ იბერტყავდნენ და ყველა ოპონენტს იქით სწამებნენ პრორუსულობას.

გავიხსენოთ: რესპუბლიკელებს ხმა არ ამოუღიათ არც ე.წ. ,,ტრაქტორების" ყბადაღებულ საქმეზე; არც გერმანიაში ნასამართლევ მთავარ პროკურორ ფარცხალაძეზე, რომელმაც ვანო მერაბიშვილი უკანონოდ გაიყვანა ღამით საკნიდან და ამით პოლიტიკურად დევნილის იმიჯი მიართვა; არც ჰაკიმ ფაშაზე და ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ ანტიკონსტიტუციურ მორატორიუმზე; არც სხვა მრავალ მსგავს საქმეზე, რომლებზეც რეაგირებას მათ თუნდაც პარლამენტარის ფიცი ავალებდათ. საგარეჯოს არჩევნების ამბებს რომ ვაკვირდებოდი, სწორედ იმას წარმოვიდგენდი, რას ატეხავდა თინა ხიდაშელი ოპოზიციაში რომ ყოფილიყო. სადღეისოდ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე პროკურატურაში საქმეა აღძრული და რესპუბლიკელებმა შეიძლება გაიხსენონ ივანიშვილის სიტყვები ,,თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია?"

კოალიცია ,,ოცნებაში" არსებული დომხალის და პოპურის საჩვენებლად საკმარისია კვირიკაშვილის რესპუბლიკელებთან შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერების მიერ გაკეთებული ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხველი განცხადებების ერთად თავმოყრა და გადაკითხვა. ვგულისხმობ, მათ მოსაზრებებს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, შესაბამის ორპარტიულ ხედლშეკრულებაზე, კოალიციის მომავალ ფორმატზე და ა.შ. ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს.

მაგრამ ახლა ამაზე დროს არ დავხარჯავ და მიმდინარე პროცესების ანალიზს დავუბრუნდები.

პარლამენტში 10 ადგილიანი ფრაქცია, პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები, მინისტრების პორტფელები "რესპუბლიკელებმა" ბიძინა ივანიშვილის ნებით და წყალობით მიიღეს. (ზუსტად ისე, როგორც მარგველაშვილმა - პრეზიდენტობა). ეს მათ კარგად იციან. იციან ისიც, რომ ქოცების კოალიციაში და მთავრობაში ბევრი ვერ იტანს მათ, ბიძინა ივანიშვილმა კი ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალში არ დამალა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ. მათ ესმით, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება საპარლამენტო ბარიერიც ვერ გადალახონ. ყველაფრის ამის გათვალისწინებით, საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის მიზნით მათ აამოქმედეს თავისი, ივანიშვილის წყალობით მიღებული, ბერკეტები. ამ მხრივ, როგორც ადრე აღვნიშნე, ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლამ დიდად გაზარდა რესპუბლიკელების ხმების მნიშვნელობა. სწორედ ასე მიიღეს თავდაცვის მინისტრის პორტფელი. პარლამენტში და მთავრობაში არსებული ბერკეტების გარდა "რესპუბლიკელები" მაქსიმალურ ექსპლუატაციას უწევდნენ (და ახლაც უწევენ) თავის ,,პროდასავლურ" იმიჯს. გაიხსენეთ უსუფაშვილის საოცარი, რეალობას სრულიად მოწყვეტილი განცხადებები, რომ თუ საქართველო არ მიიღებდა მაპ-ს (ნატო-ში გაწევრიანების გეგმას) ნატოს უელსის სამიტზე (2014 წლის სექტემბერი), საქართველოში დაიწყებოდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია (?!); რომ თუ საქართველოს დროულად არ მიიღებენ ნატო-ში, საქართველო გაქრება გეოგრაფიული რუკიდან (აქ საგულისხმო ის არის, რომ უსუფაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს ნატო-ში მიღებას არავინ აპირებს და მაინც ამბობს ასეთ რამეს) და ა.შ. გავიხსენოთ თინა ხიდაშელის განცხადება - ,,მე მაპ-ს კი არ ვითხოვ, არამედ საქართველოს პირდაპირ ნატო-ში მიღებას" და მსგავსი სხვა მრავალი, რომელთა შესახებ ხშირად ვწერდი ბლოგის წერილებში. (მიაქციეთ ყურადღება ,,მე"-ს. ხომ შეეძლო ქ-ნ თინას ეთქვა - ,,ჩვენი მთვრობა ითხოვს", ,,მე, როგორც მთავრობის წევრი..." მაგრამ სააკაშვილის მსგავსად ხიდაშელიც ხშირად ,,მე"-ს გამოყოფს). საქმე იქამდე მივიდა, რომ "რესპუბლიკელებმა" პირდაპირ თუ ირიბად კოალიციის შიგნით ,,პროდასავლურობის" მონოპოლიაზე გამოაცხადეს პრეტენზია. მაგალითად, ა.წ. 12 იანვარს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ:

,,ახლა, შეიძლება, მრავალპარტიული კოალიცია შეიქმნას, რაც პრობლემა არ არის, მაგრამ "რესპუბლიკელების" გარეშე ვინც უნდა შეიკრიბოს, მას კოალიციას არავინ არ დაარქმევს. ყოველ შემთხვევაში, ყველას ეცოდინება, რომ დასავლეთის მიმართულებით რაღაც პრობლემები გვაქვს". ბერძენიშვილის ამ განცხადებაში პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ თუ ,,ხაზეინი" არ შეიყვანს რესპუბლიკელებს ახალ კოალიციაში, დასავლეთი ამას აღიქვამს, როგორც საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან გადახვევას, ხოლო თვითონ რესპუბლიკელებიც არ დააკლებენ ყვირილს ქვეყნის კურსის შეცვლაზე. გაიხსენეთ ირაკლი ალასანიას ჯგუფის უმრავლესობიდან გასვლა და მისი მინისტრების გადადგომა იმ კომიკური ,,მიზეზით", რომ ქვეყნის პროდასავლურ კურს საფრთხე ემუქრებოდა. ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გადადგეს; რესპუბლიკელმა მინისტრებმა და პარლამენტარებმა რომ დატოვონ თანამდებობები და გავიდნენ უმრავლესობიდან და კოალიციიდან ,,ანტიდასავლური" კურსის გაპროტესტებით, ამას სულ სხვა წონა ექნება.

ერთი სიტყვით "რესპუბლიკელები" მაქსიმალურად იყენებდენ თავის ყველა ბერკეტს და, ფაქტობრივად, შანტაჟს ეწეოდნენ იმისათვის, რომ ახლავე მიეღოთ გარანტიები ა.წ. საპარლამენტო არჩევნებისათვის. ისინი, ცხადია, ითხოვდნენ არა მხოლოდ ადგილებს სიაში, არამედ მთავრობაში და პარლამენტში შესაბამის თანამდებობებსაც. ჟონავდა ინფორმაცია, რომ "რესპუბლიკელები" აპირებდნენ ამაზე პირადად ივანიშვილთან საუბარს და არა პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელებთან. აი ამ დროს დაიწყო ხიდაშელი-თოფაძის დაპირისპირება და ,,ადგილობრივი კოლორიტის" გათვალისწინებით ის ,,კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო" დონეზე მიმდინარეობდა. საზოგადოების დამოკიდებულება ამ კოლორიტისადმი კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ თვით საზოგადოებაში არ არსებობს ქვეყნის გადარჩენა-განვითარებისათვის საჭირო რეფორმების გატარების რესურსი. მაგრამ კოლორიტს თავი რომ დავანებოთ, არსებითი ის შეგვრჩება, რომ კოალიციის წევრმა გოგი თოფაძემ ბრალი დასდო თინა ხიდაშელს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში, პროკურატურამ კი საქმე აღძრა. აქ არსებითია, რომ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველას, ანუ "ქოცებს", "ნაცებს" და სხვ. სჯერა, რომ პროკურატურა პოლიტიკური ჟღერადობის საქმეებს მხოლოდ ,,ხაზეინის" ნებით ან მისი თანხმობით იწყებს...

,,...არსებობს მეორე ვერსიაც, რომ უბრალოდ გადავახტეთ მაპ-ს და არ იყოს მისი საჭიროება...", აცხადებდა გასული წლის ოქტომბერში ლუი დე ფიუნესზე არანაკლებად კომიკური თავდაცვის მიინისტრი თინა ხიდაშელი. ,,მაპს ნამდვილად გადაახტება ეს დედაკაცი, მაგრამ რასაც დაახტება, ამასაც მალე ვნახავთ", მითხრა მაშინ ერთმა გამოცდილმა ქართველმა დიპლომატმა.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", -  ასე თავდება პრემიერ კვირიკაშვილის ძლიერი და კორექტული განცხადება. ცხადია, აუცილებელ ცვლილებებში პრემიერი თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას გულისხმობდა. კვირიკაშვილის განცხადება ცოტა დაგვიანებული იყო. ეს პატრონყმული სისტემის არაეფექტიანობის და არაოპერატიულების გამოვლინებაა, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

4 მარტს კვირიკაშვილისაგან გამოსულმა უსუფაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ "რესპუბლიკელები" კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ ,,ოცნებასთან" და შესაბამისად კითხვები იმაზე, რომ რესპუბლიკელები დაკარგავენ მინისტრების თანამდებობებს, აღარ იყო რელევანტური. რა მოხდა პრემიერთან შეხვედრაზე?

პრემიერის განცხადებიდან უკვე 5 დღეა გასული და განვითერებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "რეპუბლიკელებს" გადასცეს ,,ხაზეინის" ნება: ,,ოცნება" მათ შანტაჟს არ დაჰყვება და არავითარ გარანტიებს არ მისცემს საარჩევნო სიებთან და სამომავლო თანამდებობებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ,,კარგად მოიქცევიან", მაშინ მათ მინისტრებს არ მოხსნიან და პროკურატურაც ვერ დაადგენს, რომ საგარეჯოს არჩევნებზე დანაშაულია ჩადენილი. რესპუბლიკელებიც დათანმხდნენ ამ პირობებს. სულ ეს არის. ახლა ძნელი არ არის იმის განსაზღვრა, რამდენად რელევანტურია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბარი.

პეტრე მამრაძე, 8 მარტი, 2016 წელი