კარასინის დირექტივები, ფიზიოლოგიური ემოციები და ჭეშმარიტების აუტანელი სიმკაცრე - კვირის პალიტრა

კარასინის დირექტივები, ფიზიოლოგიური ემოციები და ჭეშმარიტების აუტანელი სიმკაცრე

"თავის მოტყუებას ძვირად დაგვისვამს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია", წერდა გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს (ციტატა ნინო ცხვარაშვილის წერილიდან "ჩვენ ილუზიით ვიკვებებით!", იხ. კვირის პალიტრის ბლოგი). მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი "პატრიოტები" მამულიშვილობის გადაწყვეტას ფიზიოლოგიური ემოციით ცდილობენ. შედეგი სახეზეა, მაგრამ შოუ მაინც გრძელდება...

ორიოდე თვის წინათ აშშ-ს ელჩმა იან კელიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში რუსეთის ფაქტორსაც შეეხო: "საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს - რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან", - თქვა ნატო-ს სტრუქტურებში წლების განმავლობაში ნამუშევარმა გამოცდილმა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს არ მისცემდნენ გაწევრების სამოქმედო გეგმას, ანუ მაპ-ს, მაგრამ გარანტია მოგვცეს, რომ საქართველოს უსათუოდ მიიღებდნენ ნატო-ში. ამ ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა პუტინზე და მის ჩეკისტურ რეჟიმზე. ჩეკისტებმა ფორსირებულ რეჟიმში გააქტიურეს თავისი "სასარგებლო იდიოტი" - კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი და 2008 წლის აგვისტოში სასურველი შედეგიც მიიღეს: განათავსეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მძლავრი სამხედრო ბაზები, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს საქართველოს ეს ძირძველი რეგიონები და იმასაც მიაღწიეს, რომ 2008 წლის შემოდგომაზე ნატო-მ მიიღო არაფორმალური და საჯაროდ არგამოცხადებული გადაწყვეტილება, აღარ მიიღოს საქართველო თავის რიგებში. "ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს - რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან", - თქვა იან კელიმ. ამ ანბანურ ჭეშმარიტების გარდა მეორე, ასევე ანბანური ჭეშმარიტებაც უნდა გავითვალისწინოთ: "ბატონო პრეზიდენტო, ვაშინგტონში თქვენ ორი ტიპის ადამიანებს შეხვდებით - მათ, ვინც იმას გეტყვიან, რისი გაგონებაც თქვენ გსურთ და ისეთებს, ვინც იმას გეტყვიან, რისი გაგონებაც საჭირო არის თქვენთვის. თქვენ კი გჭირდებათ გაიგონოთ, რომ რაც უნდა გითხრან თქვენმა მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა შეერთებულ შტატებში, ამერიკა არ იომებს რუსეთთან საქართველოს გამო".  შეგახსენებთ, რომ ეს ანბანური ჭეშმარიტება აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა უთხრა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ 1991 წლის მარტში. გამსახურდია-ნიქსონის შეხვედრიდან რამდენიმე თვეში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში ფიზიოლოგიურ ემოციას აყოლილი "პატრიოტები" შიმშილობნდნენ ლოზუნგით "გადადგეს პრეზიდენტი ბუში"! ნიქსონ-გამსახურდიას შეხვედრიდან ზუსტად მეოთხედი საუკუნეა გასული. საქართველოს მამულიშვილები თითქოს და ბევრჯერ უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი არათუ არ იომებს რუსეთთან საქართველოს გამო, არამედ ურთიერთობასაც არ გაიფუჭებს ჩვენს გამო მსოფლიოს იმ ერთადერთ ქვეყანასთან, რომელსაც, ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით, შეუძლია 30 წუთში აღგავოს ამერიკის შეერთებული შტატები პირისაგან მიწისა, მაგრამ ზოგიერთ ვაიპოლიტიკოსს მაინც ჰგონია, რომ პოპულარობას ფიზიოლოგიურ ემოციებზე გათვლილი მოწოდებებით მოიპოვებს.

აი ასეთი შესვლის შემდეგ მოვიყვან რამდენიმე ციტატას კარასინის განცხადებებიდან:

"…все политики желают акцентировать внимание на том, что они самые патриотичные и жесткие борцы против российской экспансии".

"Министр обороны Грузии призвала цивилизованный мир объединиться против российской угрозы. "В нормальном обществе таких заявлений не прощают. Мы воздерживаемся, однако и у нашего терпения есть предел"

"В России читают эти высказывания и воспринимают болезненно. Думаю, в ходе предвыборной горячки грузинские политики зачастую позволяют себе то, чего бы ни позволили в обычной обстановке, иногда их подводят тормоза. Эти тормоза должны действовать и они должны относится с ответственностью к тому, что говорят по поводу соседней страны"Как можно говорить о встрече президентов двух государств, когда почти все грузинские политики во всех смертных грехах обвиняют Россию"Я не буду повторять глупых заявлений, однако не понимаю, как мы можем в этой ситуации говорить о встрече лидеров двух государств. Это просто смешно. Такие встречи требуют подготовки. Они не могут состояться в обстановке враждебной и подчеркнутой неприемлемости с грузинской стороны. Поэтому мы будем присматриваться и продолжим анализ событий"

ბლოგზე განთავსებულ ჩემს წერილებში ხშირად ვწერ იმ უპასუხისმგებლო, საქართველოსათვის დიდად საზიანო და სახიფათო განცხადებებზე, რომელსაც რეგულარულად აკეთებენ ჩვენი ვაიპოლიტიკოსები. ყოველი ასეთი განცხადება მათი მხრიდან ნამდვილი საჩუქარია პუტინის ჩეკისტურ-თვითმპყრობელური რეჟიმისათვის. ამ რეჟიმს ჰაერივით სჭირდება მტრის ხატის მუდმივი შექმნა-განახლება და რაც უფრო ღრმავდება კრიზისი რუსეთში, მით უფრო ჭირდებათ მტრის ხატი. ამიტომ უხარიათ "სასარგებლო იდიოტების" ყოველი საჩუქარი. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ქართველი ვაიპოლიტიკოსების ასეთი განცხადებები დიდად აღიზიანებს დასავლეთს და ამტკიცებს დასავლეთში იმ აზრს, რომ საქართველოს ისევ და ისევ უპასუხისმგებლო, არაადეკვატური ხელისუფლება ჰყავს, რომელთანაც ახლო პარტნიორული ურთიერთობა მხოლოდ აზარელებს დასავლეთს. პუტინის რეჟიმის თავკაცებმა შესანიშნავად იციან დასავლეთის ლიდერების სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ და უხარიათ ეს.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ ჭეშმარიტად საერთო-სახალხო მასშტაბი შეიძინა. მაშინ ბევრი ადამიანი გულწრფელად აჰყვა "ფიზიოლოგიურ ემოციებს" და დემონსტრაციებში, მიტინგებში, შიმშილობებში და სხვა აქციებში ბევრი უანგარო მამულიშვილი მონაწილეობდა. ამ ადამიანებს არაფერი მოუხვეჭიათ საკუთარი თავისა და ოჯახებისათვის, გარდა მატერიალური გაჭირვებისა და, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებებში მოყოლისა (იმ დროის სიმბოლოდ დარჩება სამტრედიასთან რკინიგზის გადაკეტვა კრემლის დაჩოქების მიზნით!). მაგრამ სულ მალე ეროვნულ მოძრაობაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც უპასუხისმგებლო პოპულიზმი, დემაგოგია, ერისა და სახელმწიფოსათვის დიდად საზიანო ლოზუნგების და აქციების ჩატარება თავისი პირადი გამდიდრების და პოპულარობის მოხვეჭის წყაროდ აქციეს. "შენ ძალიან ცივი გონებით, პრაგმატულად უდგები პოლიტიკას. ჩემთვის კი მიუღებელია პოლიტიკა რომანტიზმის გარეშე. აი, რუსეთის ტანკები რომ გამოჩნდა 9 აპრილის წინ და ჩვენ რომ დავწექით ასფალტზე და არ ვატარებდით მათ, ეს ნამდვილი რომანტიზმი იყო და ქართული პოლიტიკა ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია", - მეუბნებოდა 1992-1995 წლების პარლამენტში ერთი ცნობილი დეპუტატი, რომელმაც ვერავითარი არგუმენტი ვერ დაუპირისპირა ჩემს მსჯელობას იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად. გავიდა რამდენიმე წელიწადი და გავიგე, რომ იმ რომატიკოს-პოლიტიკოსს მაღაზიების მთელი ქსელი ეკუთვნოდა - ეს თვითონაც არ უარყო. სხვა გულანთებულ პატრიოტებზეც გავიგე ბევრი რამ და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ "პატრიოტიზმი" ნაძირალების უკანასკნელი, და ხშირ შემთხვევაში ფრიად სარფიანი თავშესაფარია.

ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა და დღეს საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე: მოსახლეობის უდიდესს ნაწილში "პატრიოტების" ლოზუნგები აშკარად აღარ იწვევს ენთუზიაზმს და არ ზრდის მათ პოპულარობას. მაგრამ ვაიპოლიტიკოსები კვლავ ცდილობენ მასების "ფიზიოლოგიური ემოციების" გამოყენებას და განაგრძობენ ერისათვის საზიანო განცხადებების კეთებას, თითქოს სხვა არაფრის კეთება ვერ ისწავლეს...

ორიოდე სიტყვა კანონზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ კანონით კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორმა სააკაშვილმა სრული მონოპოლია მიართვა რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე. უცხოელი პარტნიორები ჯერ კიდევ კანონის მომზადების პროცესში შეშფოთებულები იყვნენ ამით. რისთვის გჭირდებათ კანონი, რომელიც კონტრპროდუქტიულია თქვენთვის? - კითხულობდნენ ისინი. კანონის მიღების შემდეგ საქმე იქამდე მივიდა, რომ ევროგაერთიანების წარმომადგენლებმა საჯაროდ გააკრიტიკეს ის. მათი აზრით, ამ კანონით თბილისი რკინის ფარდას აშენებდა ნაცვლად იმისა, რომ, როგორც თქვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა "ფართოდ გაეღო კარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიცია "ოცნების" ხელმძღვანელებს ვერ გაბედეს კანონის შესაბამისი მუხლების გასწორება და ოკუპირებული რეგიონების ახალი პოლიტიკის წარმოება. მაგრამ ახლა კარასინმა განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები ვერ ჩამოვლენ თბილისში ეუთო-ს ასამბლეაზე, ვინაიდან ეს მათთვის არ იქნება უსაფრთხო (კარასინი აშკარად გულისხმობს იმას, რომ ამ კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შევლენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არა საქართველოს მთავრობის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან, სისხლის სამართლის დამნაშავეებად მიიჩნევიან. რუს დეპუტატებს შორის კი ასეთები მრავლად არიან.) და ახლა, როგორც ჩანს, ქოცებმა გადაწყვიტეს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ პოლიტიკური ლაჩრობა, პოლიტიკური ნების არქონა, საბოლოო ჯამში ძვირად უჯდებათ პოლიტიკოსებს. ახლა ასე გამოსდით, რომ კარასინმა თითი დაუქნია და დაფაცურდნენ!

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო გამოცდილი დიპლომატის ზურაბ აბაშიძის და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის რეაგირება კარასინის დირექტივებზე. "დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, გაზრდის პრობლემების რაოდენობას, მასშტაბებს და ეს ჩვენს ქვეყანაზე და ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება", - თქვა ზურაბ აბაშიძემ. "დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს",-  განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ, ანუ პრემიერმა. ამ სიტყვებში სწორედ ის მკაცრი ჭეშმარიტებაა ასახული, რომლის ვერ ატანის შემთხვევაში, გრიგოლ რობაქიძის აზრით, ღირსი ვართ მოვკვდეთ.

1913 წლის აპრილში, არჩილ ჯორჯაძის გარდაცვალებიდან სამიოდე კვირის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძემ წერილი უძღვნა გარდაცვლილ მეგობარს. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს:

"...საშინელ მაგალითს საქართველო გვიჩვენებს. საქართველო აღარ არის მთელი და როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში აღარ არსებობს; სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონვე ცდილობენ მთელობას. საქართველო მე ვარ, - აი ფსიხიური განცდა ქართველისა. ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელს ტრაღიზმს, რომელიც შავი მოჩვენების სახით თანა სდევს ყოველს ჩვენს ფეხის გადადგმას: შური, მძულვარება, გაუტანლობა, - და ქუჩის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, გამეფება. დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ: და, რასაკვირველია, თავზე ხელაღებულნი, ტყვიით გავგმირავდით იმ ადამიანს, ვინც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს სახე იყო ჩვენი თავისა?! მაგრამ აქ ვსდუმდეთ, არა გვეთქმის-რა. და ისევ შემოქმედებას დავუბრუნდეთ. აქაც თავს იჩენს იგი საბედისწერო მოვლენა".

მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველოს მეგობრები გვეხმარებიან და ცდილობენ რისკის ქვეშ არ დააყენონ ჩვენი ქვეყანა. მათ ძალიან უკვირთ, რომ ბევრი "ცნობადი" ქართველი მხოლოდ ხელს უშლის მათ ამ საქმეში.

პეტრე მამრაძე, 21 მარტი 2016 წელი