"ქართუ ბანკის" გაკოტრების მზაკვრული რეცეპტი?! - კვირის პალიტრა

"ქართუ ბანკის" გაკოტრების მზაკვრული რეცეპტი?!

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ კიდევ 300 მილიონის მობილიზება"

ხელისუფლების სათავეში მოკალათებული პირები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გასანეიტრალებლად ისეთი სანქციები, როგორიც მოქალაქეობის ჩამორთმევა და ბანკის მანქანაზე თავდასხმაა, პოლიტიკურად ძალზე წამგებიანია. ამიტომ  სხვა გზა გამოძებნეს და საზოგადოებისათვის ძნელად გასაგები მექანიზმების შექმნას მიჰყვეს ხელი. ამ მიზნის მისაღწევად კი პარლამენტისა და კანონის გამოყენება გადაწყვიტეს.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

კანონპროექტის მიხედვით, "როდესაც მოვალის საგადასახადო გირავნობით-იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება", - ამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის გაუგებარი კანონპროექტის დედააზრი მეტად მზაკვრულია და როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამ თვეში დააქცევს საბანკო სისტემას, უპირველესად კი "ქართუ ბანკს".

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობას კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვით ხსნის. ამბობენ, კანონპროექტის მიზანია, თუ პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდესო.

ნოდარ ჯავახიშვილი, "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი: - უკვე ვიცი, რომ ამ კანონს მხოლოდ "ქართუ ბანკის" კლიენტების მეშვეობით აამოქმედებენ. საქმე ის არის, რომ  თვითონ კანონის ჩანაწერია აბსოლუტურად მიუღებელი და გამოიყენებენ გაცილებით მიუღებლად, ვიდრე თვითონ კანონშია. ვთქვათ, რომელიმე კლიენტისთვის სესხად მაქვს მიცემული 2 მილიონი. მას სესხის უზრუნველსაყოფად 3 მილიონის ქონება აქვს ჩადებული. მოგეხსენებათ "ქართუ ბანკი" სამომხმარებლო სესხებს არ იძლევა, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აქვს აღებული. შევა საგადასახადო ამ ბიზნესმენების ორგანიზაციაში,  აღმოაჩენს რაღაც დარღვევას და დაარიცხავს ჯარიმას, ვთქვათ, 500.000-ს. ამ კანონის გამო ბიზნესმენს აწყობს, არ გადაიხადოს  ჯარიმა და მისი ქონება აუქციონზე გაყიდოს სახელმწიფომ. ამ კანონის თანახმად, აუქციონზე ამონაგებ თანხას ფინანსთა სამინისტრო წაიღებს, ბანკის ვალი კი ვალად დარჩება, რადგან ჩვენს ბანკში ჩადებულ ქონებას სახელმწიფო გაყიდის. შესაბამისად, ახალი  მყიდველი თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებისაგან.

- ასეთი სქემა რაში აძლევს ხელს ქონების პატრონს, ის ხომ ქონებას დაკარგავს?

- პირიქით, ეს იქნება ძალზე მაცდუნებელი წინადადება იმ პირებისთვის, ვისაც სესხები აქვთ აღებული ბანკში. სქემა კი ასეთი იქნება: გაუყიდიან ქონებას აუქციონზე, მას მობილიზებული ეყოლება ეგრეთ წოდებული "პადსტავნოი" პირი და თვითონვე შეისყიდის აუქციონზე გატანილ თავის ქონებას, რეალური ღირებულების 25, მაქსიმუმ 50%-ად. ქონების მფლობელი არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს. ქონებას იმის ნახევარ ფასად დაიბრუნებს, რაც სესხის სახით ბანკში აქვს გადასახდელი...

- "ქართუ" ბანკიდან" სოლიდური სესხები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც აქვთ აღებული. მაგალითად, როგორც ამბობენ, ერეკლე კოდუას დედას ლაურა ღაჭავას 15 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. სოლიდური სესხები ჰქონიათ ხელისუფლებასთან დაახლოებულ სხვა პირებსაც.

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ვის რამდენი და როგორ, მაგრამ გარწმუნებთ, ხელისუფლების წარმომადგენელიც რომ არ იყოს და იყოს ყველაფრისგან აბსოლუტურად თავისუფალი ბიზნესმენი, იმდენად მომგებიანი იქნება ეს მაქინაცია, რომ ყველა სიამოვნებით დათანხმდება, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებაც ოდნავ დააძალებს. ჩვენ კი პრაქტიკულად არც ერთი სესხის დაფარვის  პერსპექტივა არ გვექნება. გარდა იმისა, რომ "ქართუ ბანკი" დაკარგავს მრავალმილიონიანი სესხების ამოღების საშუალებას, ერთი იმდენი იქით უნდა დავდოთ, რომ ბანკი არ დაიხუროს. ეროვნული ბანკის ნორმატივებიდან გამომდინარე, არაუზრუნველყოფილი სესხის წარმოქმნა ავტომატურად მოითხოვს არაუზრუნველყოფილი სესხის ოდენობის თანხის დარეზერვებას ჩვენი რესურსებიდან. რა სესხებიც გვაქვს გაცემული, ერთი იმდენი დამატებითი თანხები დაგვჭირდება, რომ არ დავარღვიოთ ეროვნული ბანკის ნორმატივები, რაც თითქმის შეუძლებელია.

ეს მთელ ჩვენს პორტფელს დააზარალებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ კიდევ 300 მილიონის მობილიზება, რომ ბანკმა შეძლოს ეროვნული ბანკის ნორმატივების დაკმაყოფილება, რომ არ მოექცეს დროებითი ადმინისტრაციის ხელში ან არ დაიწყოს ბანკის ლიკვიდაცია.

- დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა რა საფრთხეს შეიცავს?

- დროებითი ადმინისტრაციის შემოსვლა ნიშნავს, რომ ბანკის საქმეები წარიმართება ისე, როგორც ადმინისტრაცია და ეროვნული ბანკის მესვეურები მოინდომებენ. როგორ გგონიათ, ამ შემთხვევაში როგორ იმუშავებს ბანკი? თუმცა ამ მზაკვრული კანონის სრულყოფილად ამოქმედება ბანკს ისედაც დახურავს! რასაკვირველია, ჩვენი დამფუძნებელი თუU არ გადაწყვეტს, რომ დამატებით 300 მილიონის გამოყოფა ღირს იმისათვის, რომ "ქართუ ბანკი" არ დაიხუროს. ცხადია, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური დაბრკოლების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამით მის პოლიტიკურ საქმიანობას უწყობს ხელს. ფინანსურად ეს დიდი დარტყმა და რყევა იქნება, მაგრამ ბიძინა ამას გადაიტანს როგორმე, საბოლოოდ ამით მთელ მოსახლეობას მის გვერდით დააყენებენ! როგორც ბანკის მანქანაზე თავდასხმამ და მოქალაქეობის ჩამორთმევამ გამოიწვია უკურეაქცია, ისე მოხდება ამ შემთხვევაშიც.