გოგი ხუციშვილი: - "აფხაზები და ოსები არ მალავენ, რომ საქართველოსთან ერთიან სივრცეში ყოფნა გამორიცხული არ არის" - კვირის პალიტრა

გოგი ხუციშვილი: - "აფხაზები და ოსები არ მალავენ, რომ საქართველოსთან ერთიან სივრცეში ყოფნა გამორიცხული არ არის"

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებაში უახლოეს მომავალში მოსალოდნელ უარყოფით დინამიკაზე საუბრობს. "ბოლო დროს რამდენიმე ქვეყანა ამ ტერიტორიების მიმართ ეკონომიკურ ინტერესს იჩენს, რასაც შესაძლოა მათი აღიარება მოჰყვეს", - აცხადებს ის. რამდენად რეალური და ეფექტური გზა არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამშვიდობო მოლაპარაკება და რა პრინციპებით არჩევენ დელეგაციების წევრებს, ამის შესახებ გოგი ხუციშვილს ვესაუბრეთ:

- ცოტა შორიდან დავიწყებ და კონფლიქტის რეგიონების საკითხს მოკლედ შევაფასებ: არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. სტატუს კვო, რომელიც ომის შემდეგ მივიღეთ, ძნელად ტრანსფორმირებადი აღმოჩნდა, თუმცა, მის შესაცვლელად ქართულ მხარეს არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი მცდელობა იყო 2010 წლის იანვარში მიღებული სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი "ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს სახელწიფო სტრატეგია", რომელსაც საგზაო რუკაც კი ჰქონდა დართული, ანუ მოქმედებათა გეგმაც ჩამოყალიბებული იყო. საზოგადოება ელოდა, რომ ეს სტრატეგია ამოქმედდებოდა, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე დარჩა. რუსეთს არც უცდია სტატუს-კვოში რამე ცვლილება მომხდარიყო, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მიზანს მიაღწია და ცვლილებების შეტანას არ აპირებს. თუმცა, არც იმას მალავს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების რიგში გადაყვანას ცდილობს.

- კონკრეტულად?

- თუ აღმოჩნდებიან ისეთი, თუნდაც მცირე ქვეყნები, ვინც რუსეთის ამ გადაწყვეტილებას აღიარებენ, მაშინ რუსეთს ფორმალური საფუძველი მაინც ექნება აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნახევრად აღიარებულ სახელმწიფოებად არ მოიხსენიოს, როგორც ახლა აკეთებს. რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მასმედიაშიც კი თანდათან ვრცელდება ტერმინი "ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო", რაც რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. თუმცა, ეს ქართული მხარისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯები, რათა აფხაზებისა და ოსების ნდობა აღვადგინოთ.

- ვიცი, რომ თქვენ აფხაზ და ოს საზოგადოებასთან საკმაოდ ხშირი და ახლო ურთიერთობა გაქვთ. რამდენად არსებობს მათი ნდობის აღდგენის საფუძველი?

- მე ყოველთვის ვცდილობ, არ გამოვიყენო ტერმინი "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა". ჩვენ საქართველოს მთლიანობა უნდა აღვადგინოთ, რაც უპირველესად საზოგადოების გაერთიანებას გულისხმობს. სხვათა შორის, აფხაზებთან ურთიერთობის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა, ოსებთან კი მსგავსი პრობლემები იშვიათი იყო. რაც შეეხება ახლანდელ განწყობას, 2008 წლის აგვისტოს ომის მიუხედავად, ოსები უფრო მეტად კეთილგანწყობილი არიან ქართველების მიმართ, ვიდრე აფხაზები. ამის მიზეზი ის არის, რომ ქართველებსა და ოსებს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე აფხაზებსა და ქართველებს. მეორეც - მოსკოვის დიქტატურისგან ოსები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე აფხაზები. ამის ნათელი გამოვლინება იყო შარშანდელი ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. რუსეთმა ოსი საზოგადოების აზრი არაფრად ჩააგდო, მაშინ, როცა ყოველთვის ითვალისწინებს აფხაზების აზრს. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ანტირუსული განწყობა აფხაზეთშიც გამოიწვია. უფლება არ მაქვს, გაგიმხილოთ, რას ამბობენ ისინი პირად საუბრებში, მაგრამ მათთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმართვა სრულიად რეალურია, - არ მალავენ, რომ მომავალში საქართველოსთან ერთიან სივრცეში ყოფნა გამორიცხული არ არის.

- რამდენად იძლევა ასეთი შედეგის მიღების საფუძველს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი?

- საკითხი ასე დავსვათ, საერთოდ, რა აზრი აქვს ჟენევის მოლაპარაკების გაგრძელებას?.. ჟენევის მოლაპარაკებას სამშვიდობო მოლაპარაკებები კი არა, ოფიციალურად საქართველო-რუსეთს შორის კონსულტაციები ჰქვია და აფხაზები და ოსები ნახსენებიც კი არ არიან. ასეთი სტატუსი ქართული მხარის ინტერპრეტაციაა. ამ დელეგაციებს სამი თანათავმჯდომარე ჰყავს: ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. რუსეთის დელეგაციის წევრთა შემადგენლობას სერგეი ლავროვი არჩევს, მაგრამ თავად არასდროს მონაწილეობს. ქართული მხრიდან ამ საკითხზე მუშაობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. ამ შეხვედრის ფორმატს ქართული საგარეო საქმეთა მინისტრი გიგა ბოკერია თავმჯდომარეობს ან თავად ადგენს დელეგაციას წევრთა სიას.

- რა პრინციპებით არჩევენ დელეგაციის წევრებს? ჩვენ გვახსოვს, რომ ამ შემადგენლობაში იყო დიმიტრი სანაკოევი.

- ძნელი კითხვა დამისვით... რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს, ვრწმუნდებით, რომ არც ერთ მხარეს, თავისი დელეგაციის წევრებიან-ორგანიზატორებიანად, პრობლემის მოგვარება არ აინტერესებს. როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ყველა დაინტერესებულია, რომ უშედეგო მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდეს, რადგან მსგავსი შეხვედრის მიღმა ყოველთვის დიდი ფული დგას. ასეთი შეხვედრების დროს მხარეები ყოველთვის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ, რათა კონკრეტულ პრობლემებზე საუბარს თავი აარიდონ. თუმცა, საბოლოოდ, ვერც ისინი გვარდება. მაგალითად, საუბრობენ, რა ვითარებაა სასაზღვრო ზონებში, რა ხდება წყალმომარაგებასა და გაზმომარაგების აღდგენის საქმეში, რომელთა გამო ევროკავშირმა დიდი თანხა გამოყო. თუმცა, პრობლემა, როგორც წესი, მაინც ვერ მოგვარდა. არადა, ცხინვალისა და გორის რაიონის წყალმომარაგება ერთმანეთთან ისეა გადაჯაჭვული, თუ ქართველები და ოსები მილსადენებს ერთობლივად არ შეაკეთებენ, ორივე რაიონი უწყლოდ დარჩება.

- ასეთი საკითხები განიხილება ჟენევის მოლაპარაკებების დროს?

- დიახ. ერთადერთი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა რეალურ შედეგად არის აღიარებული, ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებია. ასეთი ვითარება ხელს აძლევს საქართველოს ხელისუფლებასაც, რადგან მას სიტუაციის პროგნოზირება შეუძლია. სხვა საკითხია, ქვეყანას რას აძლევს დაუსრულებელი "მოლაპარაკებობანას" თამაში.

ლალი პაპასკირი  (სპეციალურად საიტისთვის)