"ამ ხელისუფლებასთან ორი ხელით ბრძოლაა საჭირო" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლებასთან ორი ხელით ბრძოლაა საჭირო"

"ნაცებო", გონს მოდით!"

ბიძინა ივანიშვილთან "ეროვნული ფორუმის" ორთვიანი მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ სამსუბიექტიან კოალიციას მეოთხე სრულუფლებიანი წევრი დაემატა. "ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე ახალ პარტნიორებსა და კოალიციის ამოცანებზე გვესაუბრა:

- ხმა დადიოდა, ივანიშვილისთვის "ეროვნული ფორუმის" ზოგი ლიდერი მისაღები იყო, ზოგიც - არა და მოლაპარაკებაც ამიტომ გაჭიანურდაო.

- ჭორების უარყოფისათვის პრესკონფერენციებს ვერ მოვაწყობდით.

- იყო ლაპარაკი, რომ "ფორუმი" და ივანიშვილის პარტნიორები კვოტებზე ვერ თანხმდებიან და ამიტომ გაჭიანურდა მოლაპარაკება.

- კვოტების საკითხი არ არის მთავარი. მთავარია, შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

- ამბობთ, რომ "ფორუმი" კოალიციის სრულფასოვანი წევრია, ე.ი. ოთხივე პარტია თანაბრად იქნება წარმოდგენილი ერთიან სიაში?

- მოდი, ეს საკითხი დახურულ თემად დავტოვოთ. ეს მთავარი საკითხი არ არის. გარწმუნებთ, ჩვენს პარტნიორებთან უპრობლემო ურთიერთობა გვაქვს.

- კოალიციაში შესვლამდე "ფორუმს" ბლოკი ჰქონდა ტრადიციონალისტებსა და "ქალთა პარტიასთან". ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ითანამშრომლებს გუგული მაღრაძესთან, მაგრამ არაფერი თქმულა აკაკი ასათიანზე.

- თავის დროზე ჩვენ ტრადიციონალისტებსა და "ქალთა პარტიასთან" საარჩევნო  გარემოს საკითხთან დაკავშირებული ბლოკი შევქმენით. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის მუშაობა დასრულდა,  ამიტომ სამივე სუბიექტმა ჩავთვალეთ, რომ მოქმედების თავისუფლება დაგვეტოვებინა და ბლოკი გაუქმდა.

- ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე "ფორუმთან" ერთად აკაკი ასათიანიც იყო.

- ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, მერე  კახა შარტავა შეხვდა ბატონ ბიძინას, ბოლო შეხვედრა კი სამეულს - კახა შარტავას, რეზო შავიშვილსა და მე გვქონდა. ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას რომელიმე პოლიტიკური ძალის დამატების საკითხი. ჩემი აზრით, თუ გარე ფაქტორები გამწვავდა, კოალიციის გაფართოებასა და შევიწროებაზე კი არა, შეიძლება ფართო ფრონტის გაკეთებაზე ვიფიქროთ, რათა ის შეცდომა არ დაუშვას ოპოზიციამ, რაც 2008 წელს დაუშვა. ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლო ხელისუფლებას გადავაბარეთ და მორატორიუმი გამოვაცხადეთ. თუ ქვეყანას გარე საფრთხე დაემუქრა, ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

თუ ირანის საკითხი გამწვავდა, საშიშროება რუსეთიდან დაგვემუქრება. გიუმრის სამხედრო ბაზა ტექნიკით ირანის პორტებიდან მარაგდება. გიუმრის სამხედრო ბაზის ბლოკადას რუსეთი არ დაუშვებს. თუ ქვეყანას საფრთხე მართლაც დაემუქრა, სხვა რამეები იქნება გასაკეთებელი. თუ შედგება საერთო-ქართული თანხმობა ოპოზიციის, საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით, ანგარიშს გაგვიწევენ.

თუ რეგიონული კრიზისი დაიწყო, დიდი ქართული შეთანხმება დაგვჭირდება, რომ თურქსაც, რუსსაც და ირანელსაც ის ვუთხრათ, რაც იმ დროს იქნება სათქმელი, რომ ქვეყანას საფრთხე ავაცილოთ.

მიმაჩნია, რომ უპირველესად ოპოზიციამ ერთმანეთზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. ამით საქვეყნო საქმე ფუჭდება და ხელს ითბობს "ნაცმოძრაობა", რომელიც უნდა დავშალოთ, ჩვენ კი არ უნდა დავიშალოთ.

- ბრძანეთ, პარტნიორებთან კარგად ვართო, მაგრამ ხშირად გამიგონია, რესპუბლიკელები ლიბერალები არიან, "ფორუმი" კი ეროვნული ძალააო.

- შეცდომაა ლიბერალიზმისა და ეროვნული, გნებავთ, ქრისტიანული ფასეულობების დაპირისპირება. ლიბერალიზმი - სუსტის დაცვა, მისი უფლებების აღიარება, ქრისტიანობამ მოიტანა. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემა არასოდეს ყოფილა და ახლა ფსევდოლიბერალები მელაპარაკებიან უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

თუ რამე პრობლემაა საქართველოში, ეს არაქართველი მოსახლეობის ინტეგრირების პრობლემაა და ეს ჩვენი ბრალია.  სახელმწიფო ენა ხალხს სახელმწიფომ უნდა ასწავლოს. ეს 70 ათასი კვ/კმ საქართველოს ეკუთვნის და ჩვენ უნდა განვავითაროთ ქვეყანა, რომ როგორც ერი, ნაცია განვვითარდეთ. არის აბო თბილელი? ე.ი. ჩვენია. აბა, არაბებისთვის ის მოღალატეა. ხუდია ბორჩალოელი ჩვენია, იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ. სეიდაბადელი შიიტები რომ აღა-მაჰმად-ხანს შეაწყდნენ, ვინმემ იცის? რატომ შეაწყდნენ თავისიანებს, რომელთან ერთი რელიგია და წარმომავლობა ჰქონდათ? იმიტომ, რომ საქართველოში ბედნიერად ცხოვრობდნენ, არავინ ჩაგრავდა მათ და ჩვენი გმირები არიან. ეს უნდა მოვუყვეთ უცხოელებს და ამით ვიამაყოთ. ზოგი ამბობს, "ფორუმმა" თავის მსვლელობას რატომ დაარქვა ქართველთა მარშიო. ქართველში აქ მცხოვრები ყველა ერის მოქალაქე იგულისხმებოდა.

ერს ისტორიის განცდა უნდა ჰქონდეს. ჩემი შვილი ლევანი რომ მკითხავს, მამა, დიდგორში ვინ დავამარცხეთო, უნდა ვუთხრა, სუ, შვილო, არ გაბედო ამის კითხვა, თურქებს ეწყინებათ-მეთქი? ხომ მეტყვის, ვაი, შენს პატრონს უბედურსო.

რა არის ეს - საკუთარ გვარზე, სახელსა და წარსულზე უარის თქმა? ბევრი გვინახავს ახალგაზრდობაში გალიბერალებული და გასულელებული, მაგრამ ასაკში რომ შედის, ამბობს, რა სისულელე ყოფილა ეს ყველაფერი, მამისეულ სახლზე ძვირფასი და ტკბილი არაფერიაო. ეროვნება აქვს ადამიანს, ცხოველს კი არა. "ფორუმი" ამ ფასეულობების დამცველი იქნება ბოლომდე. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები თუ განსხვავებული ვართ, ამით ერთმანეთს ვაწონასწორებთ, იქნებ ეს განსხვავებულობა იყოს გამოსავალი და არა ერთ ჭკუაზე ყოფნა.

ეს ხელისუფლება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, დედმამიშვილობას, დედაშვილობასა და ოჯახს ებრძვის. რატომ ზის ციხეში ნორა კვიციანი? ის დააშავა, რომ თავისი ძმა უყვარს. ვალერი გელბახიანს არ უშვებენ დედასთან, რომელიც გადადებულია სასიკვდილოდ.  ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სააკაშვილმა ქართველი მონტე-კრისტო დაარქვა, მოქალაქეობა წაართვეს.  რატომ, გაუფუჭებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას რამეს?  ეს კაცი საკმაოდ სპარტანულად ცხოვრობს და ამაზე რაღაც სისულელეებს უშვებენ ტელევიზიით. დღეს იდეოლოგიურის კი არა, ფასეულობების გამო ჭიდაობა წავიდა. მოდი, ვიჭიდაოთ და გავარკვიოთ, ქართველი ხალხის ჭკუაზე მე ვარ თუ ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებასთან ორი ხელით ბრძოლაა საჭირო. როცა საჭირო იქნება, მოვილაპარაკებთ, როცა საჭირო იქნება, ქუჩაში გამოვალთ. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თუ ხმები გაგვიყალბეს, ქუჩაში გავალთ, მაგრამ მანამდე პატიოსნად წავალთ არჩევნებზეო. მუქარა, თუ გააყალბებ, ქუჩაში გამოვალო, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ არ გააყალბოს არჩევნები.

მიშა ძალიან ცოდვა, საწყალი მარტოკაცია,  მეგობარი არ ჰყავს და ყველას ეშინია მისი. როგორც კი ფეხი გადაუტრიალდება, ყველა წიხლს მიაყოლებს. საქართველოში შეიძლება შიშზე  დაამყარო ძალაუფლება?  ჩვენი ამოცანაა, ქართველობა დავაყენოთ ფეხზე და საარჩევნო ყუთთან მივიყვანოთ. აი, მაშინ დამთავრდება ამათი საქმე. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. "ნაცებო", გონს მოდით, ღმერთი არ გაგიწყრეთ და უკანონობა არ ჩაიდინოთ!