"ამხელა პროცენტები თვითონ კვლევის ჩატარების ტექნიკას ხდის საეჭვოს"
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად კვლავაც ეკლესიას ენდობა. კითხვაზე, "რომელ ინსტიტუციებს ენდობით?" - პასუხები ასეა გადანაწილებული: ეკლესია – 92%; ჯარი – 90%; პოლიცია – 90%; პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 71%; პარლამენტი – 69%; მთავრობა – 68%; განათლების სისტემა – 67%; მედია – 66%; ცენტრალური ბანკი – 62%; პროკურატურა – 54%; ადგილობრივი მმართველობები – 54%; სასამართლო – 51%; გუბერნატორები – 46%; ომბუდსმენი – 41%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 41%; პოლიტიკური პარტიები – 40%; კონტროლის პალატა – 36%; პროფკავშირები – 21%.
კვლევა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა GALLUP-ის მეშვეობით ჩაატარა, რომელიც USAID-მა დააფინანსა. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამდენიმე შედეგი უკვე ცნობილია. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? – პასუხები ასეა განაწილებული: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი – 37%, "ქართული ოცნება" – 19%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – გიორგი თარგამაძე – 10%. კითხვაზე "მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს?", რესპონდენტები პასუხობენ: "ნაციონალური მოძრაობა" - 45%, "ქართული ოცნება" - 15%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 9%, ხოლო სხვა პარტიები 4%-ს ინაწილებენ. კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად? ლიდერობს გიორგი თარგამაძე – 28%, ბიძინა ივანიშვილი – 21%. ამ კვლევის შედეგების მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემად ქვეყანაში უმუშევრობას ასახელებს. უმუშევრობა პრობლემად რესპონდენტთა 70%-ს მიაჩნია, ხოლო 50% მას მთავარ პრობლემად ასახელებს. პრობლემებს შორის მეორე ადგილზე 40%-ით ტერიტორიების დაკარგვის საკითხი დგას, რომელსაც გამოკითხულთა 20% მთავარ პრობლემად მიიჩნევს.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ბევრი მონაცემი, ისევე როგორც ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნეული შედეგები, ამ კვლევაშიც ეჭვს იწვევს:
- ბატონო სოსო, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან შედარებით "ქართული ოცნების" რეიტინგი მოცემულ კვლევებში თითქმის 5-10%-ით არის გაზრდილი, ასევე გაზრდილია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგიც. რითი ახსნით ამგვარ დინამიკას?
- ვფიქრობ, ამ კვლევის შედეგები მაინცდამაინც სანდო არ უნდა იყოს, რაც ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნაში არსებული არცთუ დალაგებული ვითარების ბრალია, მეორე მხრივ კი კვლევის ჩატარების ტექნოლოგიისა. უფრო გლობალურად თუ შევხედავთ ამ ციფრებს, შეიძლება მიახლოებით განვსაზღვროთ, საით მოძრაობს ამომრჩეველი. ის, რომ პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა შემცირდა, ორი მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული, - პირველი ხელისუფლების მორიგი არაადეკვატური ნაბიჯებია, მეორე კი კოალიცია "ქართული ოცნების" გააქტიურება. ჩემი აზრით, ამ კოალიციის რეტინგის ზრდის დინამიკა უფრო მეტიც იქნება, ვიდრე ამ რიცხვებშია ასახული და მისი გაჩერება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გონს მოვა და ბოლოს და ბოლოს დაფიქრდება, რა არის დემოკრატია. იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო გაგრძელდება ზეწოლა და რეპრესიების გატარების მცდელობა ოპონენტების წინააღმდეგ, მით უფრო დაზარალდება "ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგსა და მის ზრდას, მასში მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგს ვხედავ, ანუ მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", არ გამოვრიცხავ, მხარს უჭერდეს ამ ორგანიზაციასაც, რადგან ხელისუფლებას უფრო სანდო პარტნიორი ოპოზიციურ სპექტრში არ ეგულება. ამით აიხსნება ისიც, რომ ოპოზიციონერ ლიდერთა შორის ლიდერობს გიორგი თარგამაძე. მარტივი გათვლითაც ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები სწორედ მას, როგორც ვითომ ოპოზიციის ლიდერს, მისცემდნენ ხმას.
- კითხვაზე, რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს დაუჭერდით მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, პასუხს თითქმის 36% კვლავაც თავს არიდებს, ხოლო კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდით მხარს, ამ კვირაში რომ საპარლამენტო არჩვენები იყოს, პასუხისგან თითქმის 28% იკავებს თავს. რით ახსნით ამას?
- ჩემი აზრით, ამხელა პროცენტები თვითონ კვლევის ჩატარების ტექნიკას ხდის საეჭვოს. არ ვიცი, IRI-ის შემთხვევაში როგორ იყო, მაგრამ NDI-ის კვლევისას ეს არ ყოფილა გამოკითხვა, ეს იყო დაკითხვა. რესპონდენტებს იმდენად არაკომფორტულ ვითარებაში უწევდათ პასუხების გაცემა, სულაც არ მიკვირს, რომ დაემალათ საკუთარი პოლიტიკური განწყობა. ამგვარი კვლევისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, თუ როგორ, რა ვითარებაში, რა ტონით არის დასმული კითხვები. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი იდევნება, სულაც არ მიკვირს, მოქალაქეები ან არაგულწრფელად პასუხობდნენ, ან პასუხს თავს არიდებდნენ.
ნათია დოლიძე (სპეცილურად საიტისთვის)