"ქუთაისის პარლამენტი 26 მაისს უნდა გავხსნათ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც კი ვიცი, როგორ უნდა დაამთავრონ მშენებლობა 26 მაისამდე, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელია, არ დაამთავრონ", - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ რუსთავში სტუმრობისას გააკეთა. მოგვიანებით კი უკვე ბათუმში განაცხადა: "ქუთაისში პარლამენტი 26 მაისამდე რომ არ დაამთავრონ, მერე შეიძლება რამაზ ნიკოლაიშვილს ან ინფარქტი დაემართოს, ან ბევრმა თანამდებობით აგოს პასუხი", - მოკლედ, ქუთაისში მშენებლები დღე და ღამეს ასწორებენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით კი შენობის დასრულება მაინც ვერ ესწრება.როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, დასრულდება სხდომათა დარბაზის მშენებლობა, შესაბამისად, 26 მაისს საზეიმო სხდომის გამართვაც შესაძლებელი გახდება. უკვე ცნობილია, რომ ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის საზეიმო სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის თქმით, ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ პიარაქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ბოიკოტის მიზეზად კანონის დარღვევას ასახელებს:- ბატონო დიმიტრი, იქნებ განგვიმარტოთ, კონკრეტულად, რომელი კანონი დაირღვევა 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომის ჩატარებით?- არსებობს კანონი "სამშენებლო საქმიანობის შესახებ", რომელიც აწესებს ახალაშენებული შენობის ექსპლუატაციაში შესვლის წესებს. ამისთვის სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს შენობის აშენების ხარისხი და სხვა ასპექტები და დაწეროს მიღება-ჩაბარების აქტი. არ ვიცი, როგორ უნდა დაწეროს კომისიამ აქტი ნახევრად აშენებულ შენობაზე, მით უფრო, რომ ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ასევე განსაკუთრებულად უნდა მოხდეს მისი უსაფრთხოების შესწავლა. ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობა არის ნახევარფაბრიკატი, სადაც შესვლა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომაც როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური და სამართლებრივი საკითხია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ამ მეტად სახიფათო პიარაქციაში მონაწილეობა.მით უფრო, რომ ამ შენობის აშენებას წინ უძღოდა მეტად ტრაგიკული ფაქტი - ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. სააკაშვილის ხელისუფლებამ 2009 წლის 19 დეკემბერს იმ ადგილას, სადაც პარლამენტის შენობა შენდება, 9 მაისის ობელისკი ააფეთქა. მიხეილ სააკაშვილის უშუალო ბრძანებით გადმოიტანეს აფეთქება ორი დღით ადრე, თავდაპირველად, ეს 21 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. მაშინაც არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები და შედეგიც ტრაგიკული მივიღეთ. ასეთი ნაჩქარევი და გაუთვლელი ნაბიჯებით ეს ქვეყანა რა შორსაც წავიდა, კარგად ვნახეთ. ისე, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები წელსაც 9 მაისს მიბრძანდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და ღვარეს ნიანგის ცრემლები, არადა, 2009 წელს რატომღაც სულაც არ უფიქრიათ დიდ სამამულო ომში დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის პატივისცემა.- შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაემუქრა მშენებლებს და მოითხოვა მათგან შენობის 26 მაისამდე დასრულება- სააკაშვილის გააფთრება გასაგებია, ამგვარად ცდილობს გაექცეს რეალობას. უნდა ამ შენობის გახსნითა და ქუთაისში ზარ-ზეიმის მოწყობით როგორმე მიჩქმალოს შარშან რუსთაველის პროსპექტზე მისი ბრძანებით დატრიალებული ტრაგედია. კარგად იცის, რომ წელს რუსთაველის პროსპექტზე აღლუმს ვეღარ ჩაატარებს, რადგან ყველაზე ამორალურ საქციელსაც კი აქვს საზღვარი. შარშან გვამებზე გადაიარა და ისე ჩაიბარა აღლუმი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის პროსპექტზე იდგა და ჯარისკაცებს ესალმებოდა, მისგან 50 მეტრში ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჯერაც არ იყო გაცივებული ცხედრები. მიხეილ სააკაშვილი თბილისიდან ქუთაისში გარბის, ჩვენ არ ვაპირებთ მას გავეკიდოთ.ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)