მამა კირიონი: "გვართმევენ გარეჯს"(!) - კვირის პალიტრა

მამა კირიონი: "გვართმევენ გარეჯს"(!)

"რატომ ჭიანურდება გარეჯის პრობლემა დღემდე და რატომ არის სადავო წმინდა ალაგი, სადაც

შაჰ-აბასის ბრძანებით 6000 ბერი აწამეს"

"ყველაფერი შეიარაღებულ ინტერვენციას ჰგავდა"

არქიმანდრიტი ილარიონი: "საჭიროა მათი მკაცრად გაფრთხილება, რომ შეწყვიტონ თვითნებობა"

"დავითგარეჯის მონასტრის ტერიტორიებს თვითნებურად იკავებენ  აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მომლოცველებს გადაადგილებას უკრძალავენ",”- შეგვატყობინეს ბერ-მონაზვნებმა გარეჯის მონასტრიდან.

"კვირის პალიტრა" დავითგარეჯში ჩავიდა. ჩიჩხიტურის მონასტერთან მიახლოებისთანავე შევამჩნიეთ მთის ქედსა და კოშკთან მდგარი ათამდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე. ჩვენი მანქანის დანახვაზე აჩოჩქოლდნენ, ამიტომაც ბერებთან შეხვედრამდე ზემოთ ასვლა გადავიფიქრეთ - თავი დავიზღვიეთ, რადგან გაფრთხილებული ვიყავით, სასულიერო პირის გარეშე, შესაძლებელი იყო, აზერბაიჯანელებს მათ მიერ თვითნებურად კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხვირის შეყოფის უფლებაც კი არ მოეცათ.

სასულიერო პირებისა და მომლოცველების თქმით, გასული წლის ოქტომბერში, სწორედ ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართველი და უცხოელი ტურისტები დააკავეს. დაკავებულებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ კოშკთან სურათები გადაიღეს. ქართველი მესაზღვრეების დროულად ჩარევამ უცხოელები კი იხსნა და აზერბაიჯანი უცხო ქვეყანასთან მოსალოდნელ დიპლომატიურ სკანდალს გადაარჩინა, მაგრამ ქართველი ტურისტების დაცვა ვერ მოხერხდა.

დაკავებულები აზერბაიჯანელებმა ბაზაში ჩაიყვანეს და მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მესაზღვრე ჯარისკაცებთან ურთიერთობა ძნელია, რადგან მშობლიური აზერბაიჯანულის გარდა არც ერთი ენა არ იციან. ამ ინციდენტის შემდეგ უფროსობამ, როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლა და უცხოელი ტურისტებისთვის ბორკილის დადებას არ ჩქარობენ, ვიდრე ბაზიდან თარჯიმანი არ ამოაკითხავთ...

იქ ჩასულს, მეც ბაზიდან სასწრაფოდ გამოძახებულ, აღმართზე სირბილით გულამოვარდნილ თარჯიმან მესაზღვრესთან საუბარმა მომიწია. თუმცა მანამდე ლავრის მონასტერს ვესტუმრეთ, სადაც წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ჭიღლაძე) მიგვიღო. მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა მიმდინარე წლის 6 მაისს, (გიორგობას), დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დაიკავეს უდაბნოს მონასტრის ორივე ჩასასვლელი აღდგომის და სამარტვილე ტაძრებთან. გიორგობის დღესასწაულის წირვა ცოტა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც უდაბნოს მონასტრიდან აზერბაიჯანელების "შემოჭრის" ამბავი გაიგეს.

არქიმანდრიტი ილარიონი: - ტაძრებთან 5-5-კაციანი ჯგუფები დადგნენ. როგორც ჩვენმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, შეიარაღებული იყვნენ ტყვიამფრქვევითაც კი. ეს არ იყო მხოლოდ საზღვრის შემოვლა ან საგანგებო შემოწმება, ყველაფერი შეიარაღებულ ინტერვენციას ჰგავდა. განაცხადეს, თქვენი უდაბნოს მონასტერი ჩვენი ტერიტორიაა და აქ აღარავის შემოვუშვებთო(?!).

- მანამდე ასეთი რამ მომხდარა?

-  ეს პრობლემა გასული საუკუნიდან მოყოლებული დგას. რამდენიმე წლის წინაც გამწვავდა მდგომარეობა და მაშინ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ვიდრე საბოლოოდ არ დამტკიცდებოდა საზღვარი და არ მოხდებოდა დემარკაცია, არსებულ მდგომარეობას შევინარჩუნებდით, ანუ ბერებს, ტურისტებსა და მომლოცველებს შეეძლებოდათ, ენახათ და მოელოცათ მონასტრის მთელი ტერიტორია. საზღვრის საკითხი კვლავ გაურკვეველია და აზერბაიჯანელებს შეთანხმების დარღვევის მიზეზი არ ჰქონდათ.

მესაზღვრეები ორივე მხარეს რიგითები არიან, ასეთი საკითხები მათ დონეზე არ წყდება. ისინი, უბრალოდ, განკარგულებებს ასრულებენ, ამიტომ ვერავინ ვერაფერი აგვიხსნა. გაიძახოდნენ, ეს საზღვარია და ხალხის მოძრაობა არ შეიძლებაო. არადა, აღდგომის ეკლესიასთან არ არის საზღვარი და აზერბაიჯანელებს იქ დგომის უფლება არც ჰქონდათ. გვეგონა, რომ ასეთი გაუგებრობა აღარ მოხდებოდა, მაგრამ რატომღაც საზღვრის საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება.

ეს უნდა მოგვარდეს ხელისუფლებათა დონეზე. ამისთვის კომისიებიც არის შექმნილი, მაგრამ რატომღაც უკვე წლებია, საქმე ადგილიდან არ იძვრის. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა და თუკი ჯერჯერობით საზოგადოების აქტიურობა არ იგრძნობა, არა იმიტომ, რომ გარეჯის პრობლემა მორწმუნე მრევლს და საზოგადოებას დაავიწყდა, არამედ  ჩვენს ხელისუფლებას ეს საკითხი საერთოდ არ აწუხებს. საქართველო წარმოუდგენელია ამ მონასტრის გარეშე და ეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ უნდა მოეხსენებოდეთ. თუ გვინდა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შევინარჩუნოთ, ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ისე, რომ ჩვენი სიწმინდეები დარჩეს ხელუხლებელი და ხელმისაწვდომი ყველა მორწმუნისა და დამთვალიერებლისთვის, ვისაც სურს, ჩამოვიდეს და ქართული ქრისტიანული კულტურის ეს უძველესი სამონასტრო კომპლექსი იხილოს. როგორც ვიცი, ამჯერად აზერბაი\ჯანელი მესაზღვრეები აღდგომის ტაძართან არ დგანან, მაგრამ დროდადრო გამოჩნდებიან და ხელს უშლიან ტურისტებს. საჭიროა მათი მკაცრად გაფრთხილება, რომ შეწყვიტონ თვითნებობა. რომელიმე ტურისტმა ან მომლოცველმა მათ წინააღმდეგობა რომ გაუწიოს, არავინ იცის, რა მოხდება, ამიტომაც ზომებია მისაღები, სანამ  საზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- თუ არის ცნობილი, აზერბაიჯანელების საქციელზე რა რეაქცია ჰქონდა საქართველოს მთავრობას, ანუ მესაზღვრეებს რა უბრძანეს სასაზღვრო პოლიციიდან?

საუბარში მღვდელ-მონაზონი  კირიონი (ონიანი) ერევა: "მესაზღვრეებს უბრძანეს, ტურისტები არ გაატაროთო. ანუ აზერბაიჯანელების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  ჩვენს სახელმწიფოში საშუალო და დაბალი ხელმძღვანელობის დონეზე არ წყდება ასეთი საკითხები. დღეს ყველა სახელისუფლებო რგოლი დამოკიდებულია უმაღლეს ხელისუფლებაზე, რომელშიც ვგულისხმობ პრეზიდენტს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბოკერიას, თარგამაძეს. თუ მათ არ გასცეს ბრძანება, ვერავინ იმოქმედებს. ეს არის პოლიტიკური საკითხი.

მოვიდა ბრძანება ზევიდან - მხოლოდ სასულიერო პირებს მიეცეთ მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლებაო. ხვალ ჩვენც აღარ აგვიშვებენ. ვიცით, რომ აზერბაიჯანს ჩვენს ტერიტორიაზე პრეტენზია აქვს, მაგრამ ნუთუ ქართულ მხარეს კიდევ აქვს ეჭვი, რომ ეს ტერიტორია სადავოა და მტკიცებულებები გვჭირდება? განა ეს მონასტრები უკვე მტკიცებულება არ არის? მერე კიდევ, საზღვარზე აზერბაიჯანელები რომ დგანან, ჩვენ რატომ არ ვდგავართ? კანონის თანახმად, საზღვარზე დგომის უფლება ხომ არავის აქვს. არსებობს ბუფერული ზონა, სადაც არავინ უნდა იდგეს. რადგან ისინი ჩიჩხიტურის წვერზე ან უდაბნოს მონასტრის ქედზე დგანან, გამოდის, რომ საზღვარი იქ არის და ლავრა ბუფერულ ზონაშია მოქცეული. მალე ლავრაშიც ჩამოვლენ. მესმის, რომ აზერბაიჯანი თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით მოქმედებს, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს?

მომხდარის შემდეგ უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ მოსულა და არ დაგვლაპარაკებია. არ უკითხავთ, რა მოხდაო? ჩვენ მივმართეთ პატრიარქს. მან დაავალა მამა გიორგი ზვიადაძეს, მიემართა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის, მიმართა კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ პასუხი არ მიგვიღია. არც სასაზღვრო პოლიციიდან ან შსს-დან მოვუკითხავართ ვინმეს, ე.ი. არ აინტერესებთ გარეჯის საკითხი, თორემ ხომ მიიღებდნენ ქმედით ზომებს? ასეთი უყურადღებობის გამო იძულებული გავხდით, ყველაფერი ტელევიზიისა და პრესისთვის შეგვეტყობინებინა და საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ გარეჯის მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, მას ტერიტორიულადაც ვკარგავთ. გვართმევენ გარეჯს, რომელიც ჩვენთვის უწმინდესი ადგილია - აქედან  დაიწყო ეროვნული სულის აღორძინება, ეროვნული მოძრაობა. გვართმევენ ადგილს, სადაც მეშვიდე საუკუნის მონასტერი და უძველესი გარეჯული მხატვრობაა. აქ იყო გარეჯული სამონასტრო სამხატვრო სკოლაც. ეს არის უწმინდესი ტერიტორია, რადგან ამ მონასტერშია მამა დავითის უძველესი სამლოცველო, განდეგილური სენაკი, აქ აწამეს 6000 გარეჯელი ბერი. ამის შემდეგ თუ კიდევ გვეეჭვება, ეს ტერიტორია ჩვენია თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი ორიენტირდაკარგულია.

ჩვენ ვართ ბერები, მონაზვნები, არც სახელმწიფო მანქანა ვართ და არც პოლიციური ძალა, რომ რაიმე ამკრძალავ ზომებს მივმართოთ. მხოლოდ ის შეგვიძლია, ქართველ ერს გავაგებინოთ, რომ ეროვნულ სიწმინდეს - გარეჯის მონასტერს ვკარგავთ. როგორც ივანე ჯავახიშვილი ამბობს, ერს, რომელსაც ისტორია არ აქვს, მიეცით გარეჯი და ისტორია ექნებაო. აქ ლაპარაკია უმნიშვნელოვანეს რელიგიურ და ისტორიულ სივრცეზე. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთად რჩება. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, ის ძალიან ავად არის.

ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, უდაბნოს მონასტერი მოენახულებინა. გვაინტერესებდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, შეხვედრის შემთხვევაში, უკან გამოგვაბრუნებდნენ თუ არა. მონასტრიდან მეგზური გაგვაყოლეს. აღდგომის ტაძართან მხოლოდ ქართული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაგვხვდნენ. მეგზურმა მათ უთხრა, რომ მონასტრის სტუმრები ვიყავით და უდაბნოს მონასტერში ჩასვლა გვინდოდა. მესაზღვრეებმა სასულიერო პირს უარი ვერ ჰკადრეს და უთხრეს, ჩვენ გაგაცილებთო. გამახსენდა მამა კირიონის სიტყვები: "მესაზღვრეები ძალიან კარგი ბიჭები არიან, გულიანი ქართველები, მაგრამ ისინი ემორჩილებიან ბრძანებებს. შესაძლოა, მათ ჩვენთან გამოხატონ თავიანთი სატკივარი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომაც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმათ, ვინც მესაზღვრეებს ბრძანებას აძლევს. ახვალთ ზევით და ნახავთ, რომ ჩვენი მხრიდან საზღვარზე ქართველი ვაჟკაცები დგანან, მაგრამ ისინი ბრძანებას ემორჩილებიან, მას ვერ დაარღვევენ, არადა, ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს."

მონასტრის მეგზური ამბობს, რომ ძნელია, ქართველმა მესაზღვრემ მომლოცველს ხელი შეუშალოს. მოვინახულეთ ცოტა ხნის წინ ჩამონგრეული უძველესი სატრაპეზო და კიდევ ერთხელ გული გვეტკინა მიწასთან გასწორებული წარსულის გამო.

უდაბნოს შემდეგ ჩიჩხიტურის მონასტერშიც დავაპირეთ ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ 6 მაისის აკრძალვა აქაურ ტურისტულ მარშრუტს არ შეხებია, მესაზღვრეები შეეცადნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქ საინტერესოს ვერაფერს ვნახავდით. ვერც კადრებს გადაიღებთ, უკვე ბნელაო. პროფესიული ინტუიცია მოსვენებას არ მაძლევდა, ვეჭვობდი, რომ თუ ადგილზე არ დაგვხვდებოდნენ, ჩვენს დანახვაზე მაინც აუცილებლად გამოჩნდებოდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

ქართული სასაზღვრო პოლიცია უსაფრთხოების დაცვის მიზნით თვითონ გვაცილებს ჩიჩხიტურზე. იქ არავინ გვხვდება. ვცდილობთ, ფოტოები და ვიდეოკადრები გადავიღოთ. განათების გარეშე არაფერი გამოდის.

ვანათებთ და 10 წუთში მესაზღვრეების თანმხლები კავკასიური ნაგაზები გააფთრებულ ყეფას იწყებენ. "მოდიან", - ამბობს ერთ-ერთი ქართველი მესაზღვრე. მალე დროისგან უცნაურად დახვრეტილ კლდის თაღებში ორი გულამოვარდნილი ჯარისკაცი გამოჩნდა. არც ერთმა რუსული არ იცის. მეგზურები მათთან ლაპარაკს გვიკრძალავენ. ყველაფერს ჩვენ მივხედავთო. არ მსურს, სიტუაცია დავძაბო, ამიტომ ვემორჩილები მათ ბრძანებას. ცოტა ხანში თარჯიმანიც ამოდის, ისიც პატარა ბიჭია, ჯარისკაცი. ამბობს, რომ აქ ფოტოების გადაღება არ შეიძლება(?!). ამის შესახებ ჩვენმა უფროსებმა უთხრეს თქვენს უფროსებსო. მესაზღვრეების საუბარში ირკვევა, რომ აზერბაიჯანელებმა ქართველებთან შეხვედრის დროს მართლაც სცადეს, მომლოცველებისა და ტურისტების გადაადგილება შეეზღუდათ. ისიც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელებს ენობრივი პრობლემა აქვთ და ამიტომაც ტურისტებს ვერ აგებინებენ, რისი უფლება აქვთ და რისი - არა. დავიჯერო, ტურისტების გამო მიიღო აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა უდაბნოს მონასტერში უცნაური შემოჭრის და აკრძალვის განკარგულება? დავიჯერო, რომ ასე ცდილობენ საზღვარზე წესრიგის დამყარებას? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხის გამცემი არავინ არის. არც საქართველოს ხელისუფლებიდან "არიგებენ" სასურველ პასუხებს. ამასობაში კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სჯერათ, რომ ჩიჩხიტურიც მათია, უდაბნოც და ბერთუბანიც.

- ჩვენ, ქართველები და აზერბაიჯანელები ვინ ვართ - მტრები თუ მეგობრები? - ვეკითხები აზერბაიჯანელ მესაზღვრეს.

- რა თქმა უნდა, მეგობრები, - მპასუხობს ის.

- სად ჩანს აქ მეგობრობა, მოვედი, ჩემს მიწაზე ფოტოებს ვიღებ, გინდა, გაჩვენებ და თუ თქვენი სახელმწიფოსთვის სახიფათოს ნახავთ რაიმეს, ახლავე, თქვენ თვალწინ წავშლი!

- გმადლობთ, არ მაინტერესებს ფოტოები, ეს საზღვარია, მე კი ნაბრძანები მაქვს, რომ არ მოგიშვათ ახლოს, - მპასუხობს ის, ვისაც წარმოდგენაც არ აქვს, ვინ იყო დავით გარეჯელი და რითი დაამარცხა ურჩხული, რომელიც ამ მიდამოებს აწიოკებდა. თუ ასე გაგრძელდა, ჯერ ტურისტები შეწყვეტენ ამ მხარეში სიარულს, მერე - მღვდელმონაზვნები და სადამდე მივა ეს ყველაფერი, მხოლოდ ღმერთმა იცის! ერთი რამ ცხადია - გაუგებარია, რატომ ჭიანურდება გარეჯის პრობლემა დღემდე და რატომ არის სადავო წმინდა ალაგი, სადაც შაჰ-აბასის ბრძანებით 6000 ბერი აწამეს.

სიუჟეტი იხ. პალიტრატვ.გე-ზე

"გირჩევ ნუ აქცევ ზღუდესა, შენს ზურგის მისაყუდელსა"

დავით გურამიშვილი

თქვენ რას

ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში