ეროვნული ბანკის დიდი პროკურატურიზაცია იწყება?! - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკის დიდი პროკურატურიზაცია იწყება?!

ეროვნულ ბანკს  ბევრი უკანონო კანონი მოარგეს

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამ ხელისუფლება ააფორიაქა. "ნაცმოძრაობის" ლიდერები კანონს კანონზე ცვლიან და როგორც საზოგადოების ნაწილი ამბობს, კანონმდებლობას ახალ-ახალი აბსურდებით ავსებენ. ამჯერად პარლამენტმა სასწრაფო წესით ცვლილებები შეიტანა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში. ცვლილებები ისევ და ისევ ივანიშვილს უკავშირდება.

2012 წლის 30 აპრილამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ "საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ანდა ფინანსების დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით". 30 აპრილის ცვლილებით კი "ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის(?!) დარგში, გამორჩეული პატიოსნებით.ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს".

დავინტერესდით, რომელია "ეკონომიკისა და ფინანსების შესაბამისი დარგი" და რომელი კლასიფიკაციით არის ეს განსაზღვრული? ვინ უნდა განსაზღვროს ეკონომიკის შესაბამისი დარგები, მაგრამ განმარტება, კანონი ან ნორმატივი ვერსად აღმოვაჩინეთ.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი: "რომელია ეკონომიკისა და ფინანსების შესაბამისი დარგი? ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს. ეს არის სპეციალურად გაკეთებული ჩასწორება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში სასურველი პირები შეიყვანონ. ეროვნული ბანკი რეალურად არც არსებობს. მას არავინ არაფერს ეკითხება და არც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ბანკის მართვაა, იოლად წყვეტს იმ პირთა ჯგუფი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს იმ საქმეზე, რასაც ეროვნული ბანკი უნდა აკეთებდეს. აშკარაა, სასურველი ხალხის ჩასმა აქვთ განზრახული. ეჭვი მაქვს, ამ ცვლილებით ეროვნული ბანკის შიდა სტრუქტურასაც დაუქვემდებარებენ ძალოვანი უწყებების კონტროლს".

დემურ გიორხელიძის მსგავსად ამ კითხვაზე ვერც ერთმა ექსპერტმა, ეკონომისტმა და იურისტმა პასუხი ვერ გაგვცა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პროკურატურიზაცია მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა პარლამენტს კანდიდატურები პროკურატურიდან. სხვათა შორის, პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს თუნდაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, მაგრამ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა ოფიციალური წერილები უკვე მისწერა პროკურატურის მაღალჩინოსნის ვაჟა ჯანყარაშვილისა და ასევე პროკურატურის წარმომადგენლის ნიკოლოზ გონგლიშვილის ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის (და არა არჩევის) მოთხოვნით.

ამ ორი კანდიდატურის წარდგენამდე ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი - მიხეილ თოქმაზიშვილი და სიმონ გელაშვილი  თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ისინი არასანდო პირების კატეგორიაში მოხვდნენ, რადგან "ქართუ ბანკის" პრეზიდენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილის თანაკურსელები აღმოჩნდნენ. ბოროტი ენები ამბობენ, პროკურატურიდან მოსულ, მაგრამ სპეციალობით ეკონომისტ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს ჯანყარაშვილი და გონგლიაშვილი ზურაბ ადეიშვილმა მაკონტროლებლად გამოუგზავნა, რადგან თავად ქადაგიძეც ნოდარ ჯავახიშვილის ნათესავია. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით  მივმართეთ ნოდარ ჯავახიშვილს:

- ამბობენ, რომ მიხეილ თოქმაზიშვილი და სიმონ გელაშვილი თქვენი თანაკურსელები იყვნენ და სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს.

- რატომ გაათავისუფლეს ვერ გეტყვით, ჩემი თანაკურსელები კი ნამდვილად იყვნენ.

- ქადაგიძეც თქვენი ნათესავია?

- გიორგი ქადაგიძის მამიდაშვილი ჩემი ძმისშვილია.

გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტარი: - პარლამენტს პირდაპირ პროკურატურიდან წამოყვანილი ორი კაცი დაანიშვნინეს ეროვნული ბანკის საბჭოში (არჩევის პრაქტიკა კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა). ამიტომაც დაამატეს ეს უაზრო ჩანაწერი კანონში. ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობაა. ქვეყანას მართავენ არა ის პირები, რომელთაც ჩვენ ვხედავთ და მთავრობა გვგონია, არამედ ჩრდილოვანი მთავრობის რუხი კარდინალები, -  შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. ქვეყანაში რეალურად ორი მინისტრი გვყავს, რომელთაც დანაწილებული ფუნქციები და თავიანთი საკურატორო სფეროები აქვთ. მაგალითად, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი - ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ხეტყის ბიზნესს. ეროვნულ ბანკში იუსტიციის მინისტრის პირდაპირი მითითებით ნიშნავენ კადრებს. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტიც, პროკურატურის კადრია.

მაშინ ეროვნულ ბანკს რომან გოცირიძე ხელმძღვანელობდა. მას კანონიდან გამომდინარე ვერ ხსნიდნენ. სამაგიეროდ, 2008 წელს ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია, რომელიც ეროვნული ბანკის სისხლხორცეული ფუნქციაა,  ეროვნულ ბანკს ჩამოართვეს, ქადაგიძეს კი  სპეციალური სამსახური შეუქმნეს და ეს ფუნქცია მის სამსახურს გადასცეს. როგორც კი გოცირიძეს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დანიშნეს, კანონი ისევ შეცვალეს და კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნეს. ბანკები კანონით გახადეს ვალდებული, კომერციული საიდუმლოება გადასცეს ეროვნულ ბანკს, მან კი ინფორმაცია  პროკურატურას მიაწოდოს.

დიმიტრი გაბუნია, იურისტი: ეკონომიკისა და ფინანსების "შესაბამის დარგზე" არაფერი მსმენია. არც კანონი ვიცი მსგავსი ჩანაწერით და არც ნორმატიული აქტი. როგორც ჩანს, ეს ისეთივე მორგებული კანონია, როგორიც ყველა სხვა. ეროვნულ ბანკს ამ ბოლო დროს ბევრი უკანონო კანონი მოარგეს. თავის დროზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ანგარიშების მონიტორინგს შეეხებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიტუაციაზე მორგებული კანონპროექტი, რომელიც მალე კანონად იქცა.

ეს ცვლილებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსაც ახალი მუხლი დაუმატეს. ამ მუხლით პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება მიენიჭა. კანონის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას საბანკო ანგარიშის გამოყენებით სჩადის, პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უწევს კომერციულ ბანკებს, კარგად ვიცით ისიც, რომ თუ არსებობდა დასაბუთებული ეჭვი ოპერატიული სამძებრო-საქმიანობის კანონიდან გამომდინარე, ისედაც შეეძლოთ ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვა, მაშინ რა საჭირო იყო ეს? სინამდვილეში ამ კანონპროექტით დააკანონეს საგამოძიებო ორგანოების ფარული ქმედებანი. ეს არის საჯაროდ გაცხადებული ზეწოლა, ვისაც ეხება იმათ საყურადღებოდ - არ გაბედოს ვინმემ თანხის გადარიცხვა  ოპოზიციურად განწყობილი ძალებისათვის, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო!  ეროვნულ ბანკში პროკურატურის კადრების შეყვანა ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლის დაწესებას გულისხმობს!

ვინ არის ვაჟა ჯანყარაშვილი

ვაჟა ჯანყარაშვილმა 1979 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1984-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე, დაწყებული თანაშემწით, დამთავრებული პროკურორით. 90-იან წლებში ჯანყარაშვილი წითელწყაროს პროკურორად, ხოლო 1995-2000 წლებში საქართველოს პროკურატურისა და შს ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2001-2003 წლებში გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ვაჟა ჯანყარაშვილი არც ვარდების ხელისუფლებას დაუწუნია კომუნისტური ან შევარდნაძისეული "ბნელი" ეპოქის გამო. "ვარდების რევოლუციის" მამებმა ის გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს.

2004-2007 წლებში გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლLებრივი დევნის სპეცსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია, 2007-2008 წლებში კი საქართველოს გენპროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2008-2009 წლებში მთავარ პროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობს, 2009-2010 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2010 წლიდან დღემდე  საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსია.

ვინ არის ნოკოლოზ გონგლიშვილი

ნიკოლოზ გონგლიშვილმა 1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა სპეციალობით. 1997 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "აჭარა" ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

2005-2006 წლებში იყო თბილისის მერიის კულტურის სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი. 2006 წელს გადაიყვანეს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2006-2008 წლებში ეკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორის თანამდებობა. 2008 წლიდან დღემდე კი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეა.