ნოდარ ჯავახიშვილი: "ქადაგიძე ჩემი კოლეგა ვერასოდეს გახდება!
გიორგი ქადაგიძე: "კოლეგა ნოდარ ჯავახიშვილს ვურჩევ პოლიტიკაში წავიდეს!"
ნოდარ ჯავახიშვილი: "ქადაგიძე ჩემი კოლეგა ვერასოდეს გახდება! იქით ვურჩევ, პროკურატურული მეთოდებით ეროვნული ბანკის მართვას თავი დაანებოს!"
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები დაამტკიცა. საქმე ის არის, რომ ორი ახალი წევრი საბჭოში პროკურატურიდან "მიავლინეს". როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის და "ქართუს" დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ქართუს" ხელმძღვანელობას ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიას უწუნებს. ირაკლი ქადაგიძემ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა პარლამენტის ტრიბუნიდან, "ქართუს" პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს კი რჩევებიც მისცა.
გიორგი ქადაგიძე: "ქართუს" ახალი ადმინისტრაციის განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან ნოდარ ჯავახიშვილი ყოფილი კოლეგაა. ეთიკა საშუალებას არ მაძლევს, კომენტარი გავაკეთო აბსურდულ ბრალდებებზე. ერთს ვიტყვი, სამწუხაროდ, ბატონი ჯავახიშვილი ძალიან დაშორდა თანამედროვე საბანკო სექტორს და გაცილებით ახლოს არის პოლიტიკასთან. მე მას ვურჩევ, გადავიდეს იქ, სადაც თავის უნარებს უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას".
გიორგი ქადაგიძის კომენტარებს შეფასება მისცა ნოდარ ჯავახიშვილმა. მისი განმარტებით, ქადაგიძეს ბევრი რამ ეშლება, მათ შორის მათი კოლეგიალობის საკითხიც.
- ეგ ჩემი კოლეგა მხოლოდ თანამდებობრივად არის, თორემ ჩემი კოლეგა როგორც ბანკირი ვერასოდეს გახდება.
- ქადაგიძე პოლიტიკაში წასვლას გირჩევთ.
- არც ქადაგიძის რჩევები მჭირდება! ბოლოს და ბოლოს, ორჯერ მეტი ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე და როგორმე ქადაგიძეზე მეტი სიბრძნე მაქვს. იქით ვურჩევ, პროკურატურული მეთოდებით საბანკო სისტემის მართვას თავი დაანებოს. ასეთი სისტემით ბანკს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მართავენ. თუUსადმე იყო, წარმატება არსად მოუტანია! ნამდვილად ვერ მივიღებ ქადაგიძის რჩევებს. ვფიქრობ, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იქნებ თავად შეაფასოს თავისი ქმედებები, პოზიცია და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამით ქვეყანაც დაისვენებს და საბანკო სისტემაც.
ქადაგიძე "ქართუსგან" კონსტრუქციულ ნაბიჯებს ითხოვს და აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს "ქართუში" არც ერთი ოპერაცია არ შეუზღუდავს არა? ამით ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ ის მიმდინარე ოპერაციებს აკონტროლებს. ეს კი შემოწმება ნამდვილად არ არის. სიმართლე ის არის, რომ 6 თვეა ეროვნული ბანკი ყველა ოპერაციას აკონტროლებს, მაგრამ შეცდომა ვერ ნახეს. ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. რომ ეპოვათ, ალბათ, გვეტყოდა. როცა ყოველდღიურ ოპერაციებს წინასწარ აკონტროლებენ, რომელ ვადაზეა ლაპარაკი? ვადა შეუზღუდავია და მაინტერესებს რამდენი წელი უნდა ისხდნენ "ქართუში"? ამას ჰქვია შემოწმება?
- როგორც ქადაგიძემ განაცხადა, "ქართუ" ბანკის აქციონერებს სხვა ბანკში მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენის უფლებაც კი მიეცა.
- ამიტომ ქადაგიძეს მადლობა უნდა ვუთხრათ, თუ საჩუქარი მივუძღვნათ? რა შეეძლო, არ მიეცა ამის უფლება და ისე მისცა? რამე შეღავათი გაუწია ვინმეს? არსებობს კანონი და ქადაგიძე კანონის შემსრულებელია. ეს კაცი ისე ლაპარაკობს, თითქოს არ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს სხვა ბანკში წილის შეძენის უფლება და ქადაგიძემ მისცა! ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უნდა უხაროდეს, რომ კომერციული ბანკის წილი და მისი კაპიტალი იზრდება? აქეთ ვალში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილი ქადაგიძემ იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემაში ინვესტიციები შემოიტანა! თურმე ნუ იტყვით, იმის უფლებაც მისცა, რომ ივანიშვილმა ბანკში წილი იყიდა! ამის უფლებას ქადაგიძე კი არა, კანონი აძლევს ბიძინა ივანიშვილს.
რას გვამადლის ქადაგიძე, ვერ გავიგე? ქვეყნის საბანკო სისტემაში ფულის შემოტანას? ინვესტიციის მოზიდვაზეა გადარეული ჩვენი პრეზიდენტი და ხელისუფლება და იმის მაგივრად, ტაშს გვიკრავდეს და გახარებული იყოს ქადაგიძე, აქეთ ამადლის მილიარდერს ქვეყნის საბანკო სისტემაში ინვესტიციის შემოტანას. ეს იმაზე მიუთითებს, ძალიან გულით უნდოდა ბატონ ქადაგიძეს უარის თქმა, მაგრამ ვერ მოძებნა საბაბი!
- ქადაგიძემ პარლამენტში განაცხადა "ქართუ ბანკის" ადმინისტრაცია სტანდარტული შემოწმებისთვის ხელის შეშლას ცდილობსო.
- იქნებ გვიპასუხოს ბატონმა ქადაგიძემ, რომელ სხვა ბანკს ამოწმებდნენ 6 თვე? როგორ არის ეს შემოწმება სტანდარტული, როცა ბანკში უკვე 6 თვეა სხედან და ამ ხნის განმავლობაში შუალედური აქტიც კი არ დაუწერიათ. არ უნდა ვიცოდეთ, ამ ექვს თვეში რა შეისწავლეს? იქნებ ვაქცევთ ქვეყანას? მაგათ შეუძლიათ 10 წელი ისხდნენ ბანკში ისე, რომ ჩვენ არ გვეცოდინება რას ამოწმებენ და რას სწავლობენ. ეს სტანდარტული კი არა, უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიოში.
რომელი კანონით შემოიყვანეს ბანკში დროებითი ადმინისტრაცია? დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანას სხვა იურიდიული საფუძველი სჭირდება, - პერმანენტულად უნდა ვარღვევდე ეროვნული ბანკის ნორმატივებს. რამდენადაც მახსოვს, არც ერთი ასეთი შემთხვევა არა მაქვს და ამას ჰქვია სტანდარტი? ქადაგიძე არღვევს კანონს, საერთაშორისო სამართალს და ამას ეძახის სტანდარტულს. თუUსტანდარტულია "ქართუში" განხორციელებული ქმედებები, ყველა ბანკში ასე უნდა იყოს ხომ? რატომ არ აკეთებენ იმავეს საქართველოს ბანკში, "თი-ბი-სი ბანკში", რომელიმე სხვა ბანკში? რატომღაც ეს "სტანდარტული" შემოწმება მხოლოდ "ქართუსა" და "პროგრესბანკს" ეხება. "პროგრესბანკი" ჩვენი ერთი კლიენტის დონის ბანკია და იმის შემოწმებას ნახევარი საათი უნდა.
რას ამოწმებენ ამდენს, არ გვეტყვიან მაინც? ამ ყველაფრის მერე ქადაგიძე ბედავს და აცხადებს, რომ თურმე ჩამოვრჩი თანამედროვე საბანკო ცხოვრებას! რაც აწყობს მის პატრონს, იმას აკეთებს და არქმევს სტანდარტულს, ხოლო როცა ჩვენ კანონიერ მოთხოვნებს ვაყენებთ, ამას პოლიტიკურ განცხადებას უწოდებს! ისე, ბატონმა ქადაგიძემ ამისთანა მმართველობის ფორმით კი გაასწრო მთელ ცივილიზებულ სამყაროს!
(სპეციალურად საიტისთვის)