1918 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგ - კვირის პალიტრა

1918 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგ

26 მაისი - დღე, რომელსაც ვზეიმობთ და კვლავაც ვიზეიმებთ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა. ვიცით კი რეალურად, როგორ დადგა 26 მაისი საქართველოს ცხოვრებაში? გვაქვს კი გააზრებული, რას ვაკეთებდით 1918 წლის 26 მაისამდე და რას ვაკეთებთ იქიდან მოყოლებული დღემდე?ვესაუბრებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, დავით პაიჭაძეს, რომელმაც გერმანიაში დაცული ქართული, და საქართველოს შესახებ შექმნილი დოკუმენტები შეისწავლა.

26 მაისამდე: მას მერე, რაც რუსებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმეს, ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომლის სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ: თავადაზნაურული (1832 წლის შეთქმულება), თერგდალეულების და ბოლოს - მრავალპარტიული, რომელიც გადაჯაჭვული იყო თერგდალეულების ლიბერალისტულ მოძრაობასთან.

1904 წლის 1-ელ აპრილს ჟენევაში ჩატარდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა კონგრესი, სადაც არჩილ ჯორჯაძის ფედერალისტთა პარტია ჩამოყალიბდა. შეიქმნა მიმდინარეობა, რომელსაც საქართველოს საკითხი უნდა გაეტანა და მოექცია საერთაშორისო სამართლის ყურადღების ცენტრში. კონგრესში მონაწილეობდა სპირიდონ კედია, თუმცა ჯერ არ არსებობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. მისი მონაწილენი იყვნენ მიხეილ (მიხაკო) წერეთელი და ვარლამ ჩერქეზიშვილიც. ისინი მაშინ ანარქისტები იყვნენ. სოციალ-დემოკრატებმა, ნოე ჟორდანიას თავკაცობით, მიატოვეს კონფერენცია - არ ვემხრობით საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას, ჩვენ გვინდა მხოლოდ კულტურული ავტონომია რუსეთის შემადგენლობაშიო. სოციალ-დემოკრატებს შორისაც დიდი განხეთქილება მოხდა, პარტია მიატოვეს ვლადიმერ დარჩიაშვილმა და პეტრე სურგულაძემ. პეტრე სურგულაძემ 1910 წელს შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის ჯგუფი "თავისუფალი საქართველო", რომელიც 1913 წელს ოფიციალურად გაფორმდა.

1914 წელს ბერლინში შეიქმნა ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი მაჩაბელი. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, შუმეროლოგი და ასიროლოგი მიხეილ წერეთელი კი ამ ჯგუფის იდეოლოგი იყო. ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტის მიზანი იყო გაერკვია, ეკუთვნოდა თუ არა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი მოწყობის უფლება. კავკასიის ფრონტზე რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა. ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი ცდილობდა როგორმე საქართველოს ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი მიეღო; წერეთელმა კონსტრუქცია   შეიმუშავა: საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტად უნდა გამოსულიყო გერმანია. ის რუსეთთან იყო დაპირისპირებული, ომს იგებდა, თურქეთის მოკავშირე გახლდათ და მასზე გავლენაც ჰქონდა... დაიდო ხელშეკრულებები გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთის მთავრობებთან. ამ ხელშეკრულებებს უდიდესი მორალური დატვირთვა აქვს. იქ ნათლად წერია, რომ რუსული დანაყოფებისაგან საქართველოს გათავისუფლებისთანავე, ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი განიხილება, როგორც დროებითი მთავრობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა საზღვრებში ცნეს მაშინ ამ ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმაც, საქართველო: აფხაზეთი სრულად შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, საზღვარი გადიოდა ნოვოროსიისკიდან 60 კილომეტრში, საქართველოში შედიოდა ჩრდილოეთით: იალბუზი, ტერიტორია დაღესტნის საზღვრამდე, აღმოსავლეთით: გოგჩის ტბის ჩრდილოეთი, სამხრეთის მიმართულებით: ქალაქი არტანუჯი. საქართველოს გარეთ რჩებოდა ართვინი, ყარსი, ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი სომხეთში, სადაც ახლა რუსული ჯარი დგას, მაშინ თურქეთში შედიოდა), ჭოროხის მარცხენა სანაპირო რჩებოდა თურქეთს, მარჯვენა - საქართველოს.

იურიდიულ საფუძვლად მიღებული იყო გეორგიევსკის ტრაქტატი - უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ დადო. ამ დოკუმენტით კახეთის შემადგენლობაშია ერევნის და განჯის სახანოები, მაშინ არ არსებობდა სომხეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფოები. ორივე მიწა-წყალი ერეკლეს ვასალი გახლდათ. დოკუმენტში მკაფიოდ წერია: საქართველოში უნდა შევიდეს ის ხალხები, რომლებიც დაფიქსირებულია საერთაშორისო სამართლის ბოლო ხელშეკრულებაში. მეორე დოკუმენტი იყო ელაზნაურის ტრაქტატი, რომელიც რუსებმა დადეს იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან, სადაც აფხაზეთის მთავარი მოიხსენიება იმერეთის მეფის ვასალად. შემდეგ რუსეთმა დაარღვია ორივე ტრაქტატის პირობები და დაიწყო იმერეთის მეფის ვასალების ცალ-ცალკე მიერთება.

მიხეილ წერეთელმა ეს ორი ტრაქტატი თარგმნა და წარუდგინა გერმანელებს. 1918 წელს ამის საფუძველზე დაიწერა დასკვნა, როცა გერმანიამ გვაღიარა სახელმწიფოდ. ავსტრიელმა სამართალმცოდნე ფრანც ლისტმა დაწერა დადებითი დასკვნა - ქართველებს ეკუთვნის სახელმწიფოებრიობა.

26 მაისი: დადგა 1918 წელი. რუსეთში მოხდა რევოლუცია. სათავეში ბოლშევიკების მთავრობა დაჯდა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსული მთავრობის დანატოვარი ამიერკავკასიის კომისარიატია. არსებობს ცნობა: როცა მეფისნაცვალი ტოვებდა საქართველოს, თბილისის თავს, ხატისოვს სთხოვა, მასთან მიეყვანა მიმალული ნოე ჟორდანია. ხატისოვმა თხოვნა შეუსრულა. ჟორდანიას დაუბარა მეფისნაცვალმა: სოციალ-დემოკრატიული პარტია ყველაზე ძლიერია და დამპირდით, რომ არ დაუშვებთ ექსცესებს ამიერკავკასიაშიო. შეგახსენებთ, სოციალ-დემოკრატიული პარტია არ იყო ქართული პარტია, ის გახლდათ რუსული სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის ქართული ფრაქცია.

პირველი მსოფლიო ომი მთავრდებოდა. 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება. ლენინი მზად იყო, ყველა დათმობაზე წასულიყო. დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ თურქეთის სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თურქები ითხოვდნენ ბრესტში ჟორდანიას ჩასვლას, სადაც ლენინი აღიარებდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას დოკუმენტში აღწერილ საზღვრებში. არაერთხელ გამოგზავნეს ოფიციალური ნოტა თურქებმა, წყალქვეშა ნავით ჩამოვიდნენ გიორგი მაჩაბელი და მიხეილ წერეთელი ჟორდანიასთან. ემუდარებოდნენ, წადი ბრესტშიო. სოციალ-დემოკრატების მიერ ამიერკავკასიის კომისარიატის სახელით მოწვეულმა სეიმმა, რომელსაც გეგეჭკორი თავმჯდომარეობდა, დაადგინა: ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავი მიგვაჩნია რუსეთის ნაწილად, ამიტომ სეპარატულ მოლაპარაკებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ამიერკავკასიის საკითხი გადაწყდება რუსეთში, პარტიის ყრილობაზე. ჩვენ ბოლშევიკებს არ ვცნობთ, მათ არ დაველაპარაკებითო. თურქები ბრესტში ჩავიდნენ. მოითხოვეს საქართველოს ნაწილის - აჭარის თვითმმართველობა, ანუ ავტონომია. ლენინმა ბრესტში ხელი მოაწერა აჭარის, ანუ ბათუმის ოლქის ავტონომიას. სწორედ ეს დაედო საფუძვლად 1921 წლის ყარსის შეთანხმებას, რომელიც დღემდე ძალაშია. იქ წერია, რომ აჭარა იქნება ავტონომიური საქართველოს შიგნით და ბათუმის პორტში თურქეთს უნდა ჰქონდეს თავისუფალი შესვლის უფლება. ჟორდანია რომ წასულიყო ბრესტში, ამას ავცდებოდით.

ეს ყოველივე მარტში მოხდა. ამიერკავკასიის კომიტეტმა, რომელმაც უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობაზე (სეიმში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატი იყო, მათ დაშნაკები და მუსავატელები ხელს ვერ შეუშლიდნენ), თურქეთს ულტიმატუმი გაუგზავნა სომხების სასარგებლოდ - ყარსის ავტონომია გამოაცხადეო. პასუხად, თურქეთი 10 საათში შემოვიდა ბათუმში. მარშით გაიარეს ახალციხე, აიღეს ოზურგეთი და ქუთაისი. ქუთაისიდან ამიერკავკასიის მთავრობას ულტიმატუმი წარუდგინეს: 24 საათში გადმოგვეცით ახალციხე და ახალქალაქი, თორემ თბილისს ავიღებთო. ამ ვითარებაში აღმოჩნდა ჟორდანიას მთავრობა. რუსეთის მოკავშირე ინგლისელები ირანში იდგნენ. რუსს ჩვენთვის არ ეცალა. დახმარება უნდა ეთხოვათ გერმანელებისათვის. დამოუკიდებლობის კომიტეტმა ისევ თავის თავზე აიღო ეს მოვალეობა. დაუკავშირდნენ საქართველოში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს, მწერალ არტურ ლაისტს და წაიყვანეს საშუამდგომლოდ ბავარიელ გენერალ ფონ ლოსოვთან ბათუმში. ფონ ლოსოვმა - ვერ ვუღალატებ მოკავშირე თურქეთს, თუმც გამოსავალი არის: დაშალეთ ამიერკავკასიის კომისარიატი, როგორც ულტიმატუმის იურიდიული ადრესატი და ვაღიარებ დამოუკიდებელ საქართველოსო. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ერთი მხრიდან: აკაკი ჩხენკელი და ნოე ჟორდანია, მეორე მხრიდან - ზურაბ ავალიშვილი, გიორგი მაჩაბელი, მიხეილ წერეთელი. ულტიმატუმი იწურებოდა 26 მაისის 18.00 სთ-ზე. 17.15 სთ-ზე ქართულმა დელეგაციამ სეიმზე გამოაცხადა: ამიერკავკასიის კომისარიატი აღარ არსებობსო. რაკი აზერბაიჯანმა განაცხადა, ჩვენ თურქეთს არ შევებრძოლებითო, ამ განცხადების მორალური უფლება გვქონდა. ასე იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღედ 26 მაისი! აზერბაიჯანმა და სომხეთმა კი 28 მაისს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ფონ ლოსოვმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებებზე, ეს იყო დე ფაქტო ცნობა. გერმანიის ზეწოლით, თურქეთის ჯარი გაბრუნდა და ბათუმში გაჩერდა. და მათ გასვლას დიდი მოლაპარაკებები დასჭირდა.

26 მაისის შემდეგ: დამო-უკიდებელ საქართველოში გერმანიამ საელჩო გახსნა. პირველი ელჩი გახლდათ გენერალი ბარონი კრესენშტაინი.

მასთან კონსულად მუშაობდა გამოცდილი დიპლომატი, გრაფი შულენბურგი (დამოუკიდებელი პოლიტიკა მიჰყავდა არა მარტო საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მეორე მსოფლიო ომამდე იყო გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში. ჰიტლერის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, როცა ჩრდილოვანი მთავრობა შექმნეს, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რის გამოც დახვრიტეს). კრესენშტაინი 6 თვე იყო საქართველოში. მის მემუარებში საქართველოზეც არის ლაპარაკი. თურმე ქართული არმიის შექმნა ეწადა. წერს, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ არმიის შექმნას ქართველი ოფიცრები. კრესენშტაინი გადამწყვეტ მნიშვნელობას ქართულ ხასიათს ანიჭებდა: "ქართველებს არ უნდათ, დაემორჩილონ დისციპლინას, საკუთარი ჯარისკაცებისა ეშინიათ. ჯარისკაცი რომ აგინებს ან აფურთხებს, ოფიცერი ხმას ვერ სცემს. ბუზღუნებენ, - ეს რატომ არის გენერალი და არა მეო... დახმარების ნაცვლად ხელს მიშლიდნენ". მაგრამ მაინც შექმნა არმია 6 თვეში, რომელმაც ლამის ერევანი აიღო სომხეთთან ომისას. კრესენშტაინი გაკვირვებულია: ქართველებს ვეუბნებოდი, თქვენი მიზანი მეზობლებთან საზღვრების დადგენაა-მეთქი, მაგრამ რჩევას აინუნშიც არ აგდებდნენ. სამი წელიწადი ისე გავიდა, ქართველ სოციალ-დემოკრატებს არ ეცალათ ან არ უნდოდათ საზღვრების დადასტურება, ასეთი დავალება ჰქონდათ.

ეს პრობლემა დღემდე მოგვყვება. სახელმწიფოს რომ იბარებ, საზღვრები თუ არ გაქვს მონიშნული, ე.ი. სახელმწიფოს არ იბარებ... სოციალ-დემოკრატებს დავალებული ჰქონდათ, "არ დაეშვათ ექსცესები". საბჭოთა მთავრობას ეს ხელს აძლევდა... დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას 1992 წლიდან 2003 წლამდე სათანადოდ არც კი დაუსვამს საზღვრების საკითხი. 11 წელიწადში რომ მოძმე აზერბაიჯანთან მიჯნას ვერ გაავლებ, რუსეთთან რას იზამ? დღევანდელი მთავრობა იმავეს აგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ვართ(!).

და კიდევ: საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებლობის "ნათლიად" გერმანია ითვლება - ეს ტერმინი ჯერ კიდევ ზურაბ ავალიშვილმა დაამკვიდრა. დიპლომატიაში ფორმალური მემკვიდრეობითობის პრინციპს თავისი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მთავარ მოკავშირედ ამერიკაა აღიარებული, 26 მაისის აღლუმზე გერმანიის ელჩს საპატიო ადგილი უნდა ეკავოს. ახლანდელი ხელისუფლება ამას იგნორირებას უკეთებს, რაც ნიშნავს, რომ ადვილად ივიწყებს მეგობრულ თანადგომას. ეს გარემოება კი არც ამერიკელების თვალში მატებს პრესტიჟს დღევანდელ ხელისუფლებას.

"საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო"

ეს რუკა ინახებოდა გრიფით - საიდუმლო (Bonn. A.A. Georgien Nr. 1 Bd. 1/f. Bd. 2.) წერილი დათარიღებულია 1914 წ. 14 სექტემბრით და მოთავსებულია ბარონ ფონ ვანგენჰაიმის კორესპონდენციაში:

"მე, ქვემორე ხელის მომწერი, გერმანიის ელჩი კონსტანტინოპოლში ვუცხადებ ბატონ ლეო კერესელიძეს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენელს, რომ გერმანიის მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ომის დამთავრებისას შეეძლება თავისი სურვილის გამოხატვა მეომარი ქვეყნების მიმართ, კისრულობს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის წადილს, როგორც ამას გადმოგვცემენ ბატონი კერესელიძის პირით და შეუთანხმოს მას შემდეგი პუნქტები:

1. საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერც რუსეთი და ვერც თურქეთი ვერ განახორციელებენ იქ სუვერენულ უფლებებს.

2. საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში შევლენ კავკასიის ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად თუ ფაქტობრივი მდგომარეობით დღეს მიჩნეულ უნდა იქნენ ქართულ მიწა-წყლად; მაგ. აფხაზეთი, რომელიც მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს და მდებარეობს ნოვოროსიისკის სამხრეთით დაახლოებით 60 კმ-ზე; სამეგრელო, სამურზაყანო, სვანეთი მთელი თავისი სივრცით, რაჭა, ლეჩხუმი, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიები; ქართლი და კახეთი დაღესტნის საზღვრამდე, ზაქათალამდე; ამ ტერიტორიის საზღვარი აღმოსავლეთით და სამხრეთით, რომელიც აღინიშნება ზაქათალადან წამოსული ხაზით, ეხება გოგჩის ტბას - ქალაქი ელიზავეთპოლი რჩება ამ ხაზის გარეთ და ემიჯნება შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთის ამჟამინდელ საზღვარს; ბათუმის ნავსადგური, ისევე როგორც აჭარა, შეადგენენ საქართველოს ნაწილს. აგრეთვე, ცხადია, რომ ქართველი მუსლიმანებით დასახლებული რეგიონებიც შევლენ ახალი სახელმწიფოს საზღვრებში".