"რევოლუციურ" წინასაარჩევნო კამპანიას უკუშედეგი მოაქვს
"რევოლუციურ" წინასაარჩევნო კამპანიას უკუშედეგი მოაქვს
23-08-2012
"აჟიტირებული პოლიტიკოსების ხიბლით საარჩევნო ნომრის შემოხაზვა ქვეყანას ვერ ააშენებს"

საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ძალა სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს, ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნოს. ვინ უფრო წარმატებულ ტაქტიკას მიმართავს და როგორია ქართული პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეების წინასაარჩევნო რიტორიკა, ამის შეფასება ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ვთხოვეთ:

- დავიწყოთ მმართველი პარტიიდან. თვალში საცემია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული და ნეგატივზეა აგებული. იქნება ეს შედეგის მომცემი თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, ზუსტად რა მიზანს ისახავს ძირითადი ოპონენტის ასეთი დისკრედიტაცია. არ ვიცით, ეს მხოლოდ საარჩევნო მანევრია, რომელითაც ცდილობენ თავისი მომხრეების ერთმნიშვნელოვნად იმ აზრით განმსჭვალვას, რომ ეს კოალიცია მათთვის საშიშია, თუ კიდევ სხვა რამ? ფაქტია, რომ ოპოზიციას წარმოაჩენენ, როგორც ყველა თვალსაზრისით უარყოფით მოვლენას, რომელთანაც ურთიერთობა და ლაპარაკი არ შეიძლება, რომელიც არის რეტროგრადი და გაუგებარი წარსულის მქონე და რაც მთავარია, მას არ აქვს მომავლის შესახებ განსაზღვრული პოზიტიური წარმოდგენები.

მმართველი გუნდისგან ყველა ის შემოთავაზება, რომელიც აქვს ოპოზიციას, განიხილება, როგორც უაზრო და არაპერსპექტიული. ადამიანი როცა ირჩევს ვინმეს ან რამეს, ირჩევს სწორედ სამომავლოდ, ხელისუფლების რიტორიკა კი მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანები დაარწმუნონ, - თუ თქვენ კოალიციას აირჩევთ, მომავალიც არ გექნებათო. ეს დამაჯერებელია მათთვის, ვისაც უკვე მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს დამაჯერებელია ხალხის იმ ნაწილისთვისაც, ვისაც ამ ხელისუფლების ეშინია. შიშის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი კი არის ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობა. თუ ინფორმაციას არ ვფლობ, შესაბამისად, ვერ ვხედავ ვითარებას სრულად, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვარ ის დავიჯერო, რასაც გამუდმებით მასმენინებენ. სრული ინფორმაციის ფლობა ნიშნავს არა ვინმეს ბრმად რწმენას, არამედ ყველა ინფორმაციის გაანალიზებას და გადაწყვეტილების ისე მიღებას.

- რას იტყვით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაზე, მომხრეები კოალიციას ხშირად საყვედურობენ, რომ ეს კამპანია საკმარისად აგრესიული არ არის...

- გაუგებარია, ვინ რას გულისხმობს აგრესიაში. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ აგრესია სიძულვილის ენით უნდა გამოვლინდეს, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. "ქართული ოცნების" ძირითად დამსახურებად ის მიმაჩნია, რომ ცდილობს, მაქსიმალურად შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან. ის ოპონენტს არ განიხილავს მოსისხლე მტრად, მისთვის პოლიტიკური ასპარეზი არის განსხვავებული მოსაზრებების არენა, სადაც ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოსაზრება გამოთქვას. როცა არ ეთანხმები მოწინააღმდეგის მიერ წარმართულ პოლიტიკას განათლების, ჯანდაცვის სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში და გაქვს შენი შეხედულებები ამ ყველაფერზე, ამის თქმა შეიძლება ძალიან წყნარად, მშვიდად და ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე, ამისთვის არ არის საჭირო ემოციურად ზღვარგადასული, ეგზალტირებული გამოსვლები. ბაგრატის ტაძრის გახსნისას პრეზიდენტმა თქვა: - ისინი მოდიან, ვინც წინათ რაიკომის მდივნები იყვნენ და ეკლესიებს ანგრევდნენო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ელემენტარული ტყუილია. ის ადამიანები, ვინც გასული საუკუნის 20-იან წლებში ნამდვილად ანგრევდნენ ეკლესიებს, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ამიტომ არავითარი რეალური კავშირი დღეს არსებულ ცოცხალ, ასაკობრივ ჯგუფს მათთან, ვისაც ოდესმე ჩაუდენია ამგვარი ქმედება, არ აქვს. ამიტომ ეს არის პროპაგანდისთვის ნათქვამი ცოცხალი ტყუილი, რაც სრულიად მიუღებელია.

- არის კი ქართველი საზოგადოება მზად ზომიერად წარმართული პოლიტიკური პროცესებისთვის?

- ჩემი აზრით, საზოგადოება ყველაზე მეტად არის მზად იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. მინდა, გავახსენო მკითხველს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის დროს მის მიერ პირდაპირ ნათქვამი ფრაზა: დროა, საქართველოში რევოლუციური რეჟიმი დამთავრდესო. მართალია, ბაიდენისთვის ყური არავის დაუგდია, მაგრამ მისი განცხადება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავდა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს რევოლუციური რიტორიკა, ვიღაცების მტრებად გამოცხადება, იმის ლაპარაკი, რომ ელიტამ ყველაფერი იცის, საზოგადოებამ კი - არაფერი. უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა. დასრულდეს ლაპარაკი, რომ მხოლოდ ვიღაც ერთს უყვარს ქვეყანა და სხვას არავის. ამგვარი პოსტულატებით ლაპარაკი დამახასიათებელია რევოლუციური რიტორიკისთვის. ვილაპარაკოთ წყნარად, მშვიდად, არგუმენტირებულად, გავიაზროთ რეალობა და ამ რეალობიდან დავიწყოთ უკეთესი მომავლის შენება. ვინც წყნარად და მშვიდად საუბრობს, ყველა ჭკვიანურად კი არ ლაპარაკობს, მაგრამ ამგვარი ლაპარაკი გააზრებისა და ფიქრის დროს უტოვებს მსმენელს. მაშინ, როცა ვიღაცას აქვს განცდა, რომ ის ლაპარაკობს ჭეშმარიტებას (ისე, პოლიტიკაში ჭეშმარიტებისა რა მოგახსენოთ, საერთოდ, ჭეშმარიტება თეოლოგიურ სფეროს ეკუთვნის), ეს ნიშნავს, რომ არ შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ეგზალტირებული და აჟიტირებული პოლიტიკოსების ხიბლით საარჩევნო ნომრის შემოხაზვა ქვეყანას ვერ ააშენებს.

- "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაზე რას იტყვით?

- "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ წარმართული კამპანია თითქმის იმავე რაკურსით მიმდინარეობს, როგორითაც "ნაციონალური მოძრაობისა". ისიც თავიდან ბოლომდე აგებულია ემოციური მუხტის გაზრდაზე. ჩვენ ვხედავთ პარტიის ლიდერების ეგზალტირებულ გამოსვლებს და საკმაოდ გაუგებარ ლოზუნგებს. მაგალითად, რას ნიშნავს, რომ საქართველოს მტერი პიროვნულად "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის მტერი ყოფილა? საქართველოს მტერი არის საქართველოს ყველა მოქალაქის მტერი, ანუ ყველა იმ ადამიანის მტერი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, შესაბამისად, მარტო ერთი ჯგუფისა და მისი ლიდერის ლაპარაკი ამაზე, ზედმეტად ამბიციური მგონია. ისე, მათ სარეკლამო კლიპებში რომ ხალხი ჩანს, იმდენი ხალხი მათ მოწყობილ აქციებზე არ მინახავს. კიდევ რაც გასდევს მაგათ კამპანიას, არის მართლმადიდებლობაზე განუწყვეტელი ლაპარაკი. ეს საკმაოდ კარგი ხერხია, იმ ე.წ. გაურკვეველი და გადაუწყვეტელი პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანების გადასაბირებლად, ვისთვისაც მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანია. აპელირება, ჩვენ ვართ მართლმადიდებლობის უპირველესი დამცველებიო, სწორედ ამას ემსახურება. თუმცა ყველას უნდა გავახსენო, რომ მართლმადიდებლობის დამცველი, ოფიციალურად და ინსტიტუციურადაც, საქართველოს პატრიარქია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია. კონკორდატის მიხედვით ვაღიარებთ მართლმადიდებელი ეკლესიის ჩვენს ისტორიაში განსაკუთრებულ როლს, თუმცა პოლიტიკოსთა მიერ XXI საუკუნის პირველ ნახევარში კვლავაც ხდება ამ საკითხზე ჯიუტად აპელირება.

ნათია დოლიძე
(სპეციალურად საიტისთვის)

xuro
25 აგვისტო 2012 22:26
ამ ფსოქოანალიტიკური დედუქციის მეთოდით არჩევნების შედეგებიც ცნობილი გახდა.
keta
23 აგვისტო 2012 20:16
ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ რა კავშირი აქვს ამ ქალBატონის ანალიზს ფსიქოლოგიასთან...ძალიან გთხოვთ , იქნებ ფსიქოლოგმა მიპასუხოს......
სხვა სიახლეები
"იმედია, მერაბიშვილის დაკავება კარგად მომზადებული საქმეა და არა აჩქარებულად დაწყებული 17 მაისის პროცესების გადასაფარად"

”დღესაც, როგორც გუშინ, მაინც არ მიმიჩნევენ ე.წ. ”ჩვენიანად”, მაინც სხვად ვრჩები…”

”შეთავაზებით შექმნილი მესამე ძალა შეიძლება აღმოჩნდეს თარგამაძისა და ”ქრისტიან – დემოკრატების”, ანუ ჯიბის ოპოზიციის როლში ”
დაწვრილებით...
”დათა არაფერ შუაშია... ეკლესიას ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს, ქვეყანა ირანიზაციისკენ მიდის..."
დაწვრილებით...
”დასავლეთი მერაბიშვილს ისე აქტიურად არ დაიცავს, როგორც სექსუალურ უმცირესობას...”

”მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას”

"100 ათასი კაცი 100-ის წინააღმდეგ, გმირობა კი არა, სირცხვილია... ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია - შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ხოლო ფორმით - კონტრაქცია."
დაწვრილებით...
"მერაბიშვილმა მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო?"

"რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი?"
დაწვრილებით...
პოლიტოლოგიით დაინტერესებული ფილოსოფოსი თუ უბრალოდ - არასერიოზული კაცი?!

"ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ."
დაწვრილებით...
”კატეგორიულად ვაცხადებ, ”იდენტობის” აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია”

"უმჯობესია მუშაობა სწორედ პარლამენტში გავაგრძელო. თუმცა არაერთი ჩემი თანაგუნდელი მიიჩნევს სხვანაირად"

"მარგველაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთან კითხვები არ ჩნდება"
დაწვრილებით...
"ხელზე რომ შეხედავთ და "ნაკოლკები" აქვთ, საინტერესოა, ვიკითხოთ, ეს "ნაკოლკები" რა დროს გაჩნდა"
დაწვრილებით...
"შესაძლებელია, ვანოს დაპატიმრება 17 მაისის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა"
დაწვრილებით...
”კრემლში მახრჩობელა გველები ცხოვრობენ. თბილისში კი ცხოვრობენ ... კურდღლები.”
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?