მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გულწრფელობა ვჭამოთ?!

საერთაშორისო სტანდარტებით, ასი დღე ახალი ხელისუფლებისთვის "თაფლობის თვედ" ითვლება და ჩვენც ასი დღის მერე ვაკრიტიკოთ ახლებიო, ამბობენ ვიღაცები. კი ბატონო, მოვიცდიდით, მაგრამ თავად ივანიშვილმა მოინდომა ერთი თვის თავზე ანგარიშის ჩაბარება, პრესკონფერენციაც გამართა და ოპონენტებს საკბილო მისცა, მსუბუქით დავიწყოთ: "მე პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავალ, თუ ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ჩვენ მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით არავის ეჭვები და კითხვები არ დარჩება, მაგრამ თუ გაჩნდება ეჭვები და კითხვები, არსადაც არ წავალ". ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევარში მოესწრება? რა გამოდის, მოგვატყუეთ, ბატონო ბიძინა? არჩევნებამდე ეს რომ  ვიკითხე, სულ "ვაჟბატონი" მეძახეთ - როგორ გაბედა მაგ ვაჟბატონმა ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანა, კარგად მოესმინა, რაც ვთქვიო. ახლა ამბობთ, არსადაც არ წავალ და თუ საჭირო იქნება, მომავალ არჩევნებზეც ვიბრძოლებ გამარჯვებისთვისო.

რა თქმა უნდა, ეს უფრო ჯანსაღი პოზიციაა, ვიდრე წელიწად-ნახევარში წასვლა, რომელიც გაქცევა უფრო იქნებოდა, მაგრამ თავიდან ასეთი პირობის დადებას ვინ გაიძულებდათ?

კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება  ტარიფების განახევრებაა. რა ვქნათ, ბევრი ისეთი კომპონენტი აღმოჩნდა ჩადებული ტარიფში, წინასწარ ვერ გავითვალისწინეთო. იქნებ ბევრი სხვა რამეც ვერ გაითვალისწინეთ და ხვალ აღმოჩნდეს, რომ არც საყოველთაო დაზღვევა გვექნება? ამ პრესკონფერენციის შემდეგ ზოგი ამბობდა, რას ერჩით, გულწრფელიაო, შეცდომას აღიარებსო. ამის პასუხად სოციალურ ქსელში იკითხეს: "გულწრფელობა ვჭამოთ?!"

დასასრულ, მისი ყველაზე საოცარი განცხადება: "ამნისტია რაღაც ეტაპზე და გარკვეული დროით გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. ვიღაცები გამოგვეპარებიან, ვიღაცებს უკან შებრუნება მოუწევთ, ამისთვის სამართალდამცავი ორგანოები არსებობენ"." და ისევ ანეკდოტი სოციალური ქსელებიდან: "90 წლის მოხუცს აუპატიურებენ, ის კი ხმას არ იღებს. მოძალადე გაკვირვებულია, რატომ არ ყვირითო. რა ვქნა, შვილო, გაგებით ვეკიდებიო, - პასუხობს მოხუცი".

ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

ვიცი, ახლა ვიღაცები მეტყვიან, ამ კაცს სიტყვებზე რას ეკიდებიო. რაც მე სააკაშვილს სიტყვებზე გამოვკიდებივარ, ახლა ივანიშვილს რა სინდისით არ გამოვეკიდო? არ შეიძლება პოლიტიკოსი ხმამაღლა ფიქრობდეს, ან ვიდრე საკითხი არ გადაწყდება, მანამდე აკეთებდეს განცხადებებს. გავიხსენოთ მისი ამერიკაში ვიზიტის თემა. ჯერ თქვა, პირველი ვიზიტი ამერიკაში მექნება, რადგან ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიანო; მერე გამოაცხადა, დამარწმუნეს, რომ პირველი ვიზიტით ევროპაში უნდა ჩავიდე, ამერიკაში კი იქაური არჩევნების მერე გავემგზავრებიო. ახლა გაირკვა, რომ ამერიკაში ვიზიტი ისევ გადაიდო. "ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემა გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა"," - აღნიშნა ივანიშვილმა.

რატომ არ შეიძლება, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და საქვეყნოდ მერე გამოაცხადოს? ან რას ნიშნავს, ევროპაში ოთხი დღით გასვლამ ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუშალაო? თუ პრემიერი ქვეყანაში არ არის, მთავრობა ცუდად იქცევა? რატომ უნდა აკეთებდეს პრემიერ-მინისტრი ისეთ განცხადებებს, რომლებსაც განმარტება სჭირდება და ათასგვარი სპეკულაციის საშუალებას იძლევა?

მოკლედ, კითხვა ბევრია და ეს იმის ბრალი მგონია, რომ ჩვენი პრემიერი ხმამაღლა ფიქრობს და ამბობს ყველაფერს, რაც შეიძლება სათქმელი არ იყოს. ოქრუაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ივანიშვილმა თქვა: "შემიძლია დავიფიცო, რომ ამის შესახებ გუშინწინ საღამოს შევიტყვე. მე და მაია ფანჯიკიძე სულ სხვა საკითხზე ვმსჯელობდით და მაიამ მითხრა, რომ ჩემს მისაღებში გაიგო ოქრუაშვილის ჩამოსვლის შესახებ. თურმე დილით ჩამოსულა, დაუკავებიათ და მე საღამოს გავიგე. ეს ჩემი დიდი მინუსია, რომ დრო არ მაქვს ინფორმაციის მისაღებად." რა თქმა უნდა, კარგია, თუ ყველაფერს ქვეყანაში ერთი კაცი არ წყვეტს, მაგრამ ისეთ თემაზე, როგორიც ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბრუნება და მისი დაკავებაა, ინფორმაცია მთელი დღე რომ არ გაქვს, შეიძლება?

ტელევიზიაა, თუ სათამაშო?

საინტერესო გეგმები ჰქონია ბატონ პრემიერს ტელევიზიებთან დაკავშირებით.  "თუ უახლოეს პერიოდში მოხერხდა და "პირველი არხი" ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდება, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ქონება, რომელიც "მე-9 არხს" აქვს, "პირველ არხს" ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას. ამას კი გამჭვირვალედ გავაკეთებთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, 20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს და ოჯახთან დამოკიდებულების კავშირიც "ჩაიხსნება"," - აცხადებს ივანიშვილი.

თავისი კია, მაგრამ ტელევიზია ბატონ ივანიშვილს სათამაშო ხომ არ ჰგონია? გახსნის - დახურავს, გახსნის - დახურავს. "მე-9 არხი" ერთხელ ხომ უკვე გახსნა და დახურა, ხოლო აპარატურა "რუსთავი 2"-ს აჩუქა. ახლაც იმავეს გაკეთებას აპირებს? და "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა ხელმძღვანელობამ რომ არ მოინდომოს "მე-9 არხის" ჟურნალისტების დასაქმება, რა მოხდება? დააძალებს? ან რომ მოინდომოს, "საზმაუს" ახლანდელი თანამშრომლები სად უნდა წავიდნენ? ეს "პირველი არხი", როგორც ქართველები ვამბობთ, "ბეზრაზმერნი" ხომ არ არის? რა უნდა ქნან "მე-9 არხის" თანამშრომლებმა - უნდა ილოცონ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი" არასდროს გახდეს? ან ჟურნალისტები საკუთარი მომავლის შესახებ, ტელეეთერით რატომ უნდა იგებდნენ? ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა არხის წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა და მეც დავიჯერე...

მოკლედ, მას კი ჰგონია, რომ მარტო "პირველი არხის" დარჩენა იქნება "ლამაზი", მაგრამ მე უფრო მეორე ვარიანტი მელამაზება. "პირველი არხიც" გახდეს "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი" და "მე-9 არხიც" არსებობდეს იმ მოდელით, რომელზეც თავად საუბრობს. რატომ არ შეიძლება? ასე, გახსნა - დახურო, გახსნა - დახურო, მართლა სათამაშო ხომ არ არის?