სედრაკიადა გრძელდება: ქუთაისი აფხაზეთს უნდა დაუბრუნდეს ანუ სედრაქის საუბარი ღმერთთან
სომხეთის პრეზიდენტობის ეპოსოლოგი კანდიდატი, ვარდან სედრაქიანი მორიგი სკანდალური განცხადებით გვანებივრებს. სედრაქიანის განცხადებით, საჭიროა ქუთაისი აფხაზეთს დაუბრუნდეს, გამომდინარე იქედან რომ ძველად აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი სწორედ ქუთაისი იყო. "აფხაზეთის რესპუბლიკა ძველი აფხაზეთის სამეფოს მემკვიდრეა, რომელსაც სომეხი ბაგრატუნების დინასტიის ერთ-ერთი შტო მართავდა, ქუთაისი კი აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. საჭიროა აღდგეს აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა და მას ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისი დაუბრუნდეს" - განუცხადა ვარდან სედრაქიანმა ჟურნალისტებს.
სედრაქიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს 81 % ით მოიგებს და აპირებს, სომხეთის წინა სამი პრეზიდენტი საკუთარ მრჩევლებად დანიშნოს. მისი თქმით, ეს უკვე ზემოთ, ცაშია გადაწყვეტილი.
ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე სედრაქიანსა და იერკირ.რუ-ს კორესპოდენტს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:
- ბატონო სედრაქ, რით დაკავდებით არჩევნების შემდეგ?
- შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, როგორც პრეზიდენტი.
- და თუ ვერ შეძლებთ გამარჯვებას?
- ეს გამორიცხულია.
- მაგრამ თქვენ ხომ თქვენივე დევიზით ამბობთ, რომ "ჩვენს ზემოთ ღმერთია", იქნებ ღმერთმა არ მოინდომოს რომ თქვენ სომხეთის მე4 პრეზიდენტი გახდეთ?
- ეს არ მოხდება, მან უკვე ყველაფერი გადაწყვიტა.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული? მან რაიმე გზით გამცნოთ საკუთარი გადაწყვეტილება?
- 19 თებერვალს რომ შევხვდებით, მაშინ მოგიყვებით ამას.
- ანუ მოგვიყვებით თქვენს დიალოგზე ღმერთთან?
- აუცილებლად.
- და ღმერთმა რომ გადაიფიქროს?
- არ გადაიფიქრებს.
- დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად იცით რა გადაწყვეტილება მიიღო ღმერთმა?
- უფრო მეტად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შევხვდებით.
პ.ს. სედრაქიანის განცხადებებმა ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ინტერნეტ ფორუმებზე, ბევრი გააღიზიანა. რევანშის ასაღებად, ქართველი "ინტერნეტ-ტროლები" შესაშური რეგულარობით სტუმრობენ ვარდან სედრაქიანის ფეისბუქ-გვერდს და იქ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს საკუთარ კეთილ სურვილებს უზიარებენ.