აფხაზეთის რკინიგზა - ვინ რას იგებს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა ძირითადად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომეხ კოლეგასთან ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამისთვის მზაობა არაერთხელ გამოხატა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის ამ თემაზე უთანხმოება არ არსებობს და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა ძირითადად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.
ეს საკითხი არც ისე დიდი ხნის წინაც აქტუალური იყო და მაშინ რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო არტერიის გახსნით კმაყოფილი იქნება ყველა და მათ შორის სომხეთიც. თუმცა, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების შეფასებებს თუ გადავხედავთ, ისინი საერთო კმაყოფილებას არ იზიარებენ. მეტიც, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანის გაღიზიანება გამოიწვიოს და შესაბამისად, საქართველოს მისგან იაფი გაზის მოწოდების ტარიფები გაეზარდოს.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ფარხად მეხტიევის აზრით, აზერბაიჯანის აგრესორ ქვეყანას, სომხეთს აღნიშნული რკინიგზით რუსეთთან საბაზრო მიმოსვლის ფართო გზა ეხსნება. აზერბაიჯანი კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ისინი საქართველოში დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ - ”ვაწვდით იაფ გაზს. ასეთ დროს უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება და ასევე ქართველმა პოლიტიკოსებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ აზერბაიჯანულ მხარესთან”, - ამბობს პოლიტოლოგი, რომლის აზრითაც, თუკი რკინიგზა გაიხსნება, სომხეთს რუსეთთან სავაჭრო მიმოსვლა გაუადვილდება და ამით ივანიშვილი აზერბაიჯანის მტრებს გააძლიერებს.
რაც შეეხება აფხაზების პოზიციას, ცნობილია რომ არსებობდა ქართულ-აფხაზური ბიზნეს-პროექტი, რომლის მიხედვითაც ენგურის ხიდთან ყველაზე ახლო სოფელში (კონკრეტულად რომელ სოფელში ჯერჯერობით დაუდგენელი იყო) ”ლილოს ბაზრობის” ტიპის სავაჭრო ადგილის გახსნას აპირებდნენ... ბოლო დრომდე, ვიდრე ენგურის ხიდზე რუსი სამხედროები არ ჩააყენეს, აფხაზეთის როგორც ქართული, ისე აფხაზური მოსახლეობა მუდმივად გადმოდიოდა ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და ლილოში და სხვადასხვა წვრილმან თუ ”მსხვილმან” საქონელს ეზიდებოდა და აფხაზეთში ვაჭრობდა. აფხაზეთში დღემდე რუსული ფასებია, რომელიც უმუშევარი ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ არის...
პროექტის ინიციატორებისათვის ძირითადი სარგებელი ეკონომიკური მხარე იყო, რომელიც დაახლოებით ასე ჩამოაყალიბდა:
• რკინიგზაზე შეიქმნება სამუშაო ადგილები.
• აფხაზეთის ხელმძღვანელობა შეძლებს პერმანენტული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას – რკინიგზის გახსნა ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და
• რუსეთი იძულებული გახდება, ცოტა ნაკლები დახარჯოს სოხუმის სუბსიდიებზე. ამჟამად, მოსკოვი ვერ ახერხებს, არც შეუძლია და არც უნდა აფხაზეთის ისეთ დონეზე დაფინანსება, რომ აფხაზეთის ეკონომიკას ნორმალური განვითარების პირობები შეუქმნას.
”მაგრამ ქართულ მხარეს ყოველთვის ეშინია, ამით აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბებას ხომ არ მივცემთ ბიძგსო... რაც უფრო ვექცევით იზოლაციაში, მით უფრო დიდი კედელი შენდება ჩვენ შორის”, - განგვიცხადა აფხაზმა პუბლიცისტმა, რომელიც დღესაც ანტიქართული განწყობით გამოირჩევა.
მისივე თქმით, რკინიგზის გახსნას, ერთი უარყოფით მხარეც ჰქონდა, - აფხაზეთში სომხური დიასპორა, ბიზნესი და გავლენა გაძლიერდება, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს როგორღაც უნდა დააბალანსოსო...
თუმცა, მას შემდეგ ”ვარდების რევოლუციით” მოსულმა ხელისუფლებამ სახალხო დიპლომატიის წინააღმდეგ გაილაშქრა და პროექტიც ჩანასახშივე ჩაკვდა... ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსული ინვესტიცია საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ცალკეულ ბიზნესს თუ არ ჩავთვლით, აფხაზეთის ეკონომიკაზე ეს პროცესი დადებითად არ ასახულა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ცხადია, ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩნდება შეკითხვები: რამდენად შესაძლებელია რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა; რას აგებს სეპარატისტული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ეკონომიკა ამით და დაძაბავს თუ არა ეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას?..
დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
- ეშმაკი დეტალებში იმალება. სწორეს ეს დეტალებია ყველაფერს რომ ართულებს, ან აიოლებს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვები - რა პირობით მოხდება ამ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, ქვეყნის ძირეულ, სტრატეგიულ ინტერესებს ეთანხმება ეს ყოველივე, თუ პირიქით? როგორ იქნება დევნილების საკითხი, როგორ იქნება სტატუსის საკითხი და რაც მთავარია, როგორ იქნება დასავლეთში ინტეგრაციის საკითხი? მაინტერესებს, კიდევ რა აღდგება სტალინის ძეგლთან ერთად?! რაც შეეხება, სამომავლოდ, აზერბაიჯანთან ურთიერთობას, ამაზე შეკითხვას, თავად იდეის ინიციატორმა უნდა უპასუხოს.
კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმღვანელი:
- ამ ინიციატივის განხორციელება არც ისე ადვილია, თუმცა კი, ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ქართველებსა და აფხაზებს შორის დაიწყება ერთობლივი სავაჭრო პროექტები, აღდგება სახალხო დიპლომატია და საერთოდ, ქართველებსა და აფხაზებს ბევრი საკითხის ერთობლივი კონტროლი შეეძლებათ. ამასთან, საქართველოს საშუალება ექნება, პირდაპირ დაუკავშირდეს რუსეთს, უკრაინას, ბელორუსს, ბალტიისპირეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას.
ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საომარი მოქმედებების განუახლებლობის მყარი გარანტია, ვინაიდან, როდესაც საქმე ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, საფრთხეები მცირდება. შესაძლოა, აფხაზებმა, რომელთაც ახლა ვითომ ”დამოუკიდებლობის” ხარისხის დაკარგვის შიშით, ქართველებთან დაახლოებაზე უარი თქვან, მაგრამ ეს ეკონომიკურად მათთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამაზე პირდაპირ არ ისაუბრონ.
- რაც შეეხება რუსეთს, რომლის პოზიცია ინიციატივის განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...
- საქმე ის არის, რომ ამ პროექტით თავად რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან მას საშუალება ექნება, პირდაპირ დაუკავშირდეს თურქეთს, რაც სასარგებლოა თავად თურქეთისთვის, რომელსაც ახლა საბორნე გზების გამოყენება უწევს.
- ბატონო კახა, საზოგადოებაში ისმის შეკითხვა, - ხომ არ შეუწყობს ეს პროცესი ხელს აფხაზეთის ცალკე სუბიექტად აღიარებას?
- დიახ, მესმის, რომ ეს კითხვა გაჩნდებოდა. ეს ინიციატივა სხვადასხვანაირად იქნება ინტერპრეტირებული, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ, რა შედეგი მოგვცა აფხაზეთის იზოლაციამ?!. წლების განმავლობაში ამან რუსეთის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ეს ქვეყანა დაინტერესებულია აფხაზეთის რუსულ სივრცეში ინტეგრირებით და თუ ეს ჩვენი ხელშეწყობით მოხდება, მისთვის უკეთესია. ცხადია, რკინიგზის გახსნას პოლიტიკურთან ერთად, ტექნიკური პროცესები მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე არ ვსაუბრობთ.
- რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ფაქტორი?
- არავითარი სერიოზული პრობლემა საქართველოს აზერბაიჯანთან არ შეექმნება, რადგან აზერბაიჯანს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე პირიქით...
- დევნილების აზრი, ალბათ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, არა?
- დიახ, რა თქმა უნდა... ახლა, რამდენადაც მე ვხედავ, სახელმწიფო მინისტრს აქვს იდეა, რომ უპირობოდ მოახერხოს აღნიშნული პროექტის განხორცილება, თუ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ექნება საქართველოში, პირველ რიგში, დევნილი მოსახლეობისგან. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ რკინიგზის გახსნას უამრავი პრობლემა ერთვის. პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხი. რკინიგზის გახსნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტივი არაა. აქ საუბარია ყოველდღიურ გადაადგილებაზე, მათ შორის სამხედრო ტვირთზე, რომელსაც დავუშვათ, რუსეთი გადააგზავნის სომხეთში. აქედან გამომდინარე, ეს მარტივი საკითხი არაა. რაც შეეხება აზერბაიჯანის ფაქტორს, მას ვალდებულებაც კი აქვს აღებული, რომ ამ რკინიგზის გაყვანას ხელი შეუწყოს და მისი გაღიზიანების პრობლემა მოგვარებადია. აზერბაიჯანის მთავრობა გაგებით მოეკიდება და გაიაზრებს, რომ ეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ აზერბაიჯანი აქ სომხეთთან პრობლემების გამო ჩაერიოს. ჩვენ არასდროს მიგვიცია აზერბაიჯანისთვის პირობა, რომ ამ რკინიგზას არ გავხსნიდით. გარდა ამისა, თვითონ აზერბაიჯანის მთავრობამ 1999 წელს ხელი მოაწერა დეკლარაციას ევროკავშირთან ერთად, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ ეს რკინიგზა გაიხსნება. ანუ აზერბაიჯანს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, სადაც აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეა საუბარი.
- თუ აზერბაიჯანელები ”შეგვახსენებენ”, რომ იაფ გაზს გვაწვდიან?..
- თუკი ეს მოხდება, ჩვენ ვეტყვით, რომ ამ კუთხით მათზე არ ვართ დამოკიდებულნი და თუ რუსეთთან რკინიგზის გახსნას მოვახერხებთ, გაზს რუსეთისგანაც მივიღებთ და შესაძლოა, გაცილებით იაფადაც. სხვა საკითხია, რას გადაიტანს რუსეთი სომხეთში ამ რკინიგზის საშუალებით, - ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი და საქართველომ მისი ტერიტორიის გავლით, რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრასნპორტირება არ უნდა დაუშვას. ეს საკითხი ძალიან დელიკატურად უნდა იყოს განხილული...
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ და აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორებად მაინც უნდა დავრჩეთ და დავრჩებით კიდევაც, რადგან აზერბაიჯანს ევროპაში გაზისა და ნავთობის გატანის ერთადერთ გზად საქართველო ეგულება. ამიტომ, სხვა გამოსავალი არ აქვს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)