რას ერჩის ევროსაბჭო TV 9- ს?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც ევროპაში მედიის თავისუფლებას ეხება, საქართველოს ორი პუნქტი ეთმობა. რეზოლუციაში ნათქვამია, _ ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თავისი ქვეყნის "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლა თანამშრომლები, მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის გატარების მიზნით.
ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განხორციელებული მოულოდნელი ფინანსური შემოწმების გამო, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისგან აგრესიული ხასიათის პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი სადავო ცვლილების პარალელურად. ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეცხრე არხის" გაერთიანების შესახებ, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა. რეზოლუციაში ასევე საუბარია მფლობელების ცვლილების შესახებ საქართველოს კერძო მედიაში.
გია ხუხაშვილი, "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი:
- სამწუხაროა, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ვფიქრობ, რომ ევროსაბჭომ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა ასევე არასწორი დასკვნები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეორე მხრიდან არ იყო საკმარისად დასაბუთებული განმარტებები და ასეთი რეზოლუცია ცალკე ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული. სამწუხაროა, თუმცა ეს არ არის დრამატული ვითარება. ფაქტობრივად შეცდომაში შეიყვანეს ევროსაბჭო. ქართული საზოგადოება არ არის ბრმა და ძალიან კარგად იცის, როგორ გადადგა თავისი სურვილით გიორგი ჭანტურია. ვერავინ ამჩნევდა, რომ გია ჭანტურია თავად იყო ყოფილი ხელისუფლების პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი? დღეს დადგა ეს პრობლემა, როცა ის წავიდა და ფაქტობრივად იგივე ჯგუფი მართავს საინფორმაციო პოლიტიკას? რაც შეეხება "მეცხრე არხის" გაერთიანებას "საზოგადოებრივ მაუწყებელთან", აქაც არაკორექტული ინფორმაციაა რეზოლუციაში, რადგან გაერთიანებაზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა. საუბარი იყო "მეცხრე არხის" აქტივების ჩუქებაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის". ეს იყო პრემიერ-მინისტრის მოსაზრება. ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მაგრამ ამას ძალიან მოკლევადიანი ეფექტი ექნება. ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. შეიძლება ვიღაც შეიყვანო შეცდომაში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამით ვერაფერს მიაღწევ. ეს არის მოკლევადიანი და არა სისტემური პრობლემა, რომელიც მალევე მოგვარდება.
ხელისუფლება, რომელიც სპეცრაზმით შედიოდა ტელევიზიებში, რომელმაც "რუსთავის 2-ის" წილი დაახლოებით 15-ჯერ გადააფორმა ისე, რომ ფაქტობრივი მფლობელი უცვლელი რჩებოდა და ამას ვერ ამჩნევდა თურმე ევროპა და ახლა შეამჩნიეს არაარგუმენტირებული ქმედებები? 2007 წელს არ დაუწერიათ ასეთი რამ ევროსაბჭოში, როცა სპეცრაზმი შევარდა დამოუკიდებელ არხზე და შემდეგ ძალოვანი მეთოდებით გადაიფორმეს. კეთილი ინებოს ყველამ და ცოტა უფრო ღრმად ჩაიხედოს, რა პროცესები მიდიოდა ადრე და რა პრობლემები გვაქვს ახლა. არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, მათ თავისი ბევრი პრობლემა აქვთ და ალბათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უფრო სიღრმისეული ანალიზი აკეთონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს. როგორც უკვე გითხარით, ეს არის მოკლევადიანი პრობლემა და სწორი მუშაობის შემდეგ შესაძლებელია ამის გამოსწორება.
"საზოგადოებრივი არხის" ბიუჯეტი ივსება გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და არასდროს მომხდარა მისი ფინანსური შემოწმება. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მოულოდნელი ან მოსალოდნელი ფინანსური შემოწმება? არ აქვს გადასახადის გადამხდელს იმის ცოდნის უფლება, რაში იხარჯებოდა მისი ჯიბიდან გადახდილი ფული?
ვასილ მაღლაფერიძე, პუბლიცისტი:
- ობიექტური შეფასებების გაკეთებას განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და საქართველოს რეალობის ცოდნა არ სჭირდება. ეს აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციაა, თუმცა საყურადღებოა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან კარგად მუშაობენ და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ვისაც ახალ ხელისუფლებაში ამ მიმართულებით მუშაობა და ევროსაბჭოსთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ევალება, ამას რატომღაც ვერ ახერხებს. ამისთვის კი ელემენტარული პროფესიონალიზმი, მონდომება და დაფიქრება იყო საჭირო, რომ ეს არგუმენტები გაებათილებინათ. ის, რაც რეზოლუციაში წერია, აბსოლუტური აბსურდია, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ფინანსური სახსრების განკარგვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", როგორ გადადგა გენერალური დირექტორი. მე თვითონ ვიყავი იმ დროს "მეცხრე არხზე" და ვიცი, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით.
ლუბა ელიაშვილი, "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი:
"ჩემი აზრით, ეს შეფასება განაპირობა პრეზიდენტის გამოსვლამ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ასე დაეხასიათებინა ქართული რეალობა და როგორც ჩანს, მისი მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ევროსაბჭოს იმ კონკრეტულმა კომისიამ, რომელმაც ასეთი პუნქტები შეიტანა დასკვნაში. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "მეცხრე არხის" გაერთიანების თემა მომენტალურად იყო მოხსნილი დღის წესრიგიდან და დღეს ეს თემა არანაირად არ არის აქტუალური. თანაც ამ ყველაფერს ცოტა სხვა შინაარსი ჰქონდა და მავანთა მიერ ისე იყო გაგებული, როგორც უნდოდათ რომ გაეგოთ. პრემიერმა ძალიან მოკლე ხანში თქვა, რომ ასეთ რამეს არც აპირებდა. მმართველთა საბჭომ, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია "საზოგადოებრივ მაუწყებელში" და რომელმაც მანამდე დანიშნა ჭანტურია, მისი წასვლის შემდეგ მშვიდად დანიშნა ამ თანამდებობაზე მისი მოადგილე, ამიტომ განსაკუთებულ და რადიკალურ ცვლილებაზე საუბარი არც შეიძლება იყოს. ცოტა უცნაურია ჩემთვის, როგორ შეიძლება ფინანსური შემოწმებები ევროსაბჭოსთვის მსჯელობის საგანი იყოს. რაც შეეხება მედიამფლობელთა ცვლილებებს საქართველოს მედიასექტორში, ეს ცოტა არ იყოს სასაცილოა. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ტელეკომპანია "იმედი" საკუთარი სურვილით და სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაუბრუნეს მის მფლობელს. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც იტყვის, რომ პატარკაციშვილების ოჯახისთვის "იმედის" გადაცემით სამართლიანობა არ აღდგა".
ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)