ვააგნ ჩახალიანი და "ერთიანი ჯავახკი" - სეპარატიზმის ახალი საფრთხე?
საქართველო-სომხეთის ისედაც ნელ-თბილი ურთიერთობების ფონზე, ქვეყნის პირველი პირის განცხადებამ სომხური სეპარატიზმის გაღვივების შესახებ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილმა ხმამაღლა გააპროტესტა "გაერთიანებული ჯავახეთის" ვააგნ ჩახალიანის გათავისუფლება და პრემიერი და პარლამენტი "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებაშიც კი დაადანაშაულა.
სააკაშვილი
ს მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა მყისიერი გამოხმაურება ჰპოვა სომხურ პრესაში, სადაც ქართულ მხარეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის უფლებების შელახვაში დასდეს ბრალი.
გათავისუფლების პარალელურად, ჩახალიანმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, რომელიც ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების მთელი რიგი საკითხებია ჩამოთვლილი.
"ჯერ კიდევ გადასაჭრელია ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების მთელი რიგი საკითხები - ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნება, სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება, ახალქალაქში სომხური უნივერსიტეტის გახსნა, რაიონებში რეალური თვითმმართველობის სისტემის დამყარება და სხვა. საქართველოს ახალი ხელისუფლების მოვალეობაა, სომხებით დასახლებული ჯავახეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამოქალაქო სტრუქტურებთან დიალოგის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა", - ნათქვამია ჩახალიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საყურადღებოა ისიც, რომ ჩახალიანის გათავისუფლების პარალელურად, საქართველოში ჩამოსვლის უფლება "ჯავახკის" სათვისტომოს თავმჯდომარეს შირაქ ტოროსიანს მისცეს.
"ნახევრად ოფიციალური ფორმულირების თანახმად, მე საფრთხეს წარმოვადგენდი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აკრძალვა უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს თავს უფლება მივეცი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომეხსენებინა საქართველოს იმდროინდელი მთავრობა. ოფიციალურად აკრძალვის ფორმულირება არ მიმიღია," - აცხადებს ტოროსიანი.
ყოველივე ამის ფონზე, ისმის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია. მათ შორის:
- რამდენად რეალურია საქართველოში სომხური სეპარატიზმის გაღვივება და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
- მუშობს თუ არა "ერთიანი ჯავახკი" რუსეთის "კა-გე-ბე-ს" სასარგებლოდ და რა იმალება პრეზიდენტის "აღელვების" მიღმა, რეალური საფრთხე თუ პირადი ინტერესები?
- რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ჯავახეთმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვოს?
- დაუშვებს თუ არა ხელისუფლება იგივე შეცდომებს, რაც დაუშვა მისმა წინამორბედმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში?
რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: "სააკაშვილმა სტრასბურგის ტრიბუნიდან დაიწყო ლაპარაკი პატიმრების გამოშვებაზე. მე "ნაციონალების" კამპანიას ასე ადვილად არ ვენდობოდი და სხვა უფრო სანდო წყაროსთან გადავამოწმებდი. მათი მიზანი დღეს არის ყველაფრის დაწუნება, რაშიც ჟურნალისტებიც ხელს უწყობთ. ამ ტიპის განცხადებებით მათ სურთ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ. ჟურნალისტიკა ამ მიზანს ძალიან კარგად უკმაყოფილებს. ჩახალიანის საქმეზე გარანტი არ მაქვს, რომ რაიმე პრობლემების მომტანი არ იყოს, მაგრამ არც იმის გარანტიაა, რომ პრობლემების ისე წარმოჩენა, როგორც ეს ნაციონალურმა მოძრობამ გააკეთა, სიმართლეს შეესაბამება."
ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: ერთადერთი ღონისძიება, რომელშიც ჩახალიანის მოძრაობამ მაშინ მონაწილეობა მიიღო, იყო პროტესტი საქართველოს უნივერსიტეტის ფილიალის არსებობასთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ, მაშინ მოსახლეობის ერთი ნაწილი უნივერსიტეტში შეიჭრა და კარები ჩამოგლიჯეს. როგორც ამბობენ, ღონისძიებას ჩახალიანი ხელმძღვანელობდა. სხვათაშორის, საქართველოს ხელისუფლებას იგი არ დაუკავებია. ჩახალიანი სომხეთის ხელისუფლებამ ჩვენების მოთხოვნის საფუძველზე დააკავა და ქართულ მხარეს გადასცა. მთავარი საბრალდებო დასკვნაა, რომელშიც რეალური ბრალის ნაცვლად, სულ სხვა რამ უწერია. თითქოს ხულიგნობისა და იარაღის შენახვისთვის დააკავეს. სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი რუსეთის აგენტია და ა.შ. რატომ არ წერია მისი მთავრობის საბრალდებო დასკვნაში, რომ ჩახალიანი აგენტია? ამიხსნას სააკაშვილმა.
რაც შეეხება შირაქ ტოროსიანს,ტოროსიანი სომხეთის პარლამენტის წევრია. მისი გამონთქვამები ხშირად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. პროვოკაციულია და შეგნებულად საზოგადოების არასწორ ორიენტირებას ახდენს. მესმის წინა ხელისუფლების პოზიციის, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ტოროსიანის მაგვარნი სომხეთში ბევრია. ასეთი ადამიანები პოლიტიკურ კარიერას იწყობენ ჯავახეთზე გაუთავებელი ლაპარაკით, რომ იქ სომხური ენა იკრძალება, მოსახლეობა იდევნება და ა.შ. და ქულებს იწერენ ამით. რაღაც არ მახსოვს, რომ ტოროსიანი და ძმანი მისნი ოდესმე ჯავახეთში ჩასულიყვნენ და ადგილობრივებს ჰუმანიტარული აქციით დახმარებოდნენ.
- არსებობს თუ არა სომხური სეპარატიზმის გაღვივებისა და ჯავახეთის გამოყოფის საფრთხე?
ჯავახეთში სეპარატიზმი არ არსებობს. რაც მოსახლეობის ლოიალურობით კი არ არის განპირობებული, არამედ ერევნის ოფიციალურ პოზიციით. სომხეთს საქართველოში სეპარატიზმი არავითარ შემთხვევაში არ აწყობს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტი შეექმნება. საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების დიდი ნაწილი შედის. ამიტომ ვის აწყობს ეს სისულელე?!
ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი:
"სანამ არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ კავკასიაში გავლენა მოიპოვონ და რეალური წარმმართველი გახდნენ, როგორც კავკასიის შიგნით, ისე კავკასიის ფარგლებს გარეთ, საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სომხური სეპარატიზმის მიზანი ორ ქვეყანას შორის ომის გაღვივება იყოს. ვფიქრობ, მათი მიზანია მართვადი ქაოსი, რაც დღეს კავკასიაში ხდება და გარედან იმართება. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მართვადი ქაოსი ხელს აძლევს გარე ძალებს თავისი ინტერესები გაატარონ და კონკურენტ ძალებთან ივაჭრონ, რომლებიც ასევე, კავკასიაში გავლენების მოსაპოვებლად იბრძვიან.
ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში სომხურ სეპარატიზმს ხელი შეუწყოს სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ორ კავკასიელ მეზობელთან აზეირბაიჯანთან და საქართველოსთან კონფლიქტი სომხეთს არანაირად არ აწყობს. მით უმეტესს, რომ თურქეთთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება ჩვენი ე.წ. უმცირესობის განცხადებებს, მე ვფიქრობ, რომ რა კომენტარებსაც ისინი აკეთებენ სომხურ სეპარატიზმთან დაკავშირებით, ეს მათი სურვილებია. ძალიან უნდათ, რომ ეს ქვეყანა მათ შემდეგ აირიოს და დაინგრეს.
- როგორ ფიქრობით, სააკაშვილის ვარაუდი, რომ "ერთიანი ჯავახკი" კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან, რეალურია თუ მხოლოდ ხმაურიანი განცხადება?
- ვერც ერთი პოლიტიკოსი ამდენს ვერ გაბედავს, რომ არ აზღვევდნენ სპეცსამსახურები. შესაძლოა, სეპარატისტული განცხადებების უკან რუსეთის ან სომხეთის ან ორივეს ერთად სპეცსამსახურები იდგნენ. შესაძლოა, ეს პოლიტიკური ბლეფია, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა აიძულონ გარკვეული პირობებით დათმობებზე წასვლაზე . თუმცა, სომხური ლობის ინტერესი იყო ანტიქართული კომპანიის გაღვივება აფხაზეთში რასაც მერე რაც მოჰყვა, ნახეთ."
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)