ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" – რა მოხდა 8 თებერვალს? - კვირის პალიტრა

ცეცხლთან თამაში თუ "კუდიანებზე ნადირობა" – რა მოხდა 8 თებერვალს?

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბილიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ცემა-ტყეპა გაიმართა და იქ შეკრებილი საზოგადოება "ნაციონალ" ქალ-კაცებს კვერცხებითა და ცოცხებით შეეგება, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოსახლეობისთვის ავლაბრის რეზიდენციიდან მიემართა. გამოსვლისას მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, აქედან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებს. შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ როგორ შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა და როგორ მიიღო მისი გზავნილი...…

კოტე გაბაშვილი, უმცირესობის წევრი:

- რა უნდა გითხრათ, ყველამ ვნახეთ რაც მოხდა საჯარო ბიბლიოთეკასთან და ამერიკის ელჩმაც განაცხადა, რომ ეს არ არის დემოკრატია. ძალადობა არასდროს იქნება დემოკრატიად აღქმული, თუმცა ვისთვის რიგორ. ვწუხვარ, გუშინდელი დღის გამო. იმედი მაქვს, შორი არ არის იქამდე, როდესაც ქართველი ხალხი მიხვდება თუ ვინ აირჩია...…ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მართლა პირველად ვნახე ადამიანის სახე დაკარგული ქართველი მამაკაცი, რომელიც ქალბატონს მოერია.. აფერუმ. იმ კადრებს ვუყურებდი და ჩვენს მისამართით წაყენებული ბრალდებები მახსენდებოდა, - ქართველობას გვართმევენო.

კობა ხაბაზი, უმცირესობის წევრი:

- საკუთარი თვალით ვნახე ნასვამი ადამიანები, რომელთა უმეტესობას "კასტეტები" ეჭირა ხელში. ისინი იერიშზე წამოვიდნენ. ვინც მეტყვის, რომ ასე არ ყოფილა, იტყუება. ეს ჩემს თავზე მაშინ ვიწვნიე, როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძე იყო. უბრალოდ, მაშინ საავადმყოფოში არ მოვხვედრილიყავით, ახლა კი, იმ გაავებულმა ბრბომ უკან არ დაიხია და ქალბატონს დაარტყა, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი, არაფერს ვამბობ, ასევე ნაცემ სერგო რატიანზე.

- ბატონო კობა, კადრებში ჩანს, რომ თქვენც საკმაოდ "აქტიურობდით"...…

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვიყავით ნასვამი, კასტეტით შეიარაღებული და გაბოროტებული ადამიანების პირისპირ და პოლიცია უძლური იყო... ჩიორას გატეხილი ცხვირი არის დღევანდელი ხელისუფლების სახე და სხვათა შორის, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძეც, - ოპოზიციას ციხიდან გამოშვებულ კრიმინალებს მიუქსევდა ხოლმე.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალები იდგნენ?

- იქ იდგნენ ციხიან გამოშვებული ვითომ პოლიტმატიმრები, რომელსაც სინამდვილეში დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი...… ამიტომაც აქტიურობდნენ ბესელია და მისნაირები, რომ ჩახალიანები, ენვერები და სხვები გამოეშვათ ციხიდან, რათ საჭიროების ჟამს გამოეყენებინათ.

რაც შეეხება, პრეზიდენტის გამოსვლას, მან ისაუბრა შეცდომებზე, გახმაურებულ მკვლელობებზე და აღნიშნა, რომ ეს არ გვაპატია საზოგადოებამ და ამიტომაც დავმარცხდით. თუმცა, ჩვენი გუნდის ყველაზე მთავარი მიღწევა იყო პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის შედეგიც თანდათან იკვეთებოდა და რომელსაც დღეს ასე გამწარებით ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. მან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კონსტიტუციურ ცვლილებებს თავისთვის ითხოვენო, - ანუ გვევაჭრებიან, რომ ამის მიღების ფასად ჩვენ დსთ-ს გზა არ ავირჩიოთო. და ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ხალხს საამურ ცხოვრებას ჰპირდებოდა... ასი დღე გავიდა და ყველამ კარგად ვნახეთ, რისი გამკეთებლები არიან, რაც პრეზიდენტის გზავნილებშიც კარგად გამოჩნდა, პრეზიდენტმა განაცხადა, "როგორც მოქალაქეს არ მომწონს, თავდაცვის მინისტრს გამუდმებით აწუწავენ თავზეო;" თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ქვეყნის ძლიერების სიმბოლო. ალასანიას რომ ვუყურებ, ივანიშვილის წინაშე თრთის. ვწუხვარ, მაგრამ ჩვენი თავდაცვის მინისტრი მშიშრობისა და ლაჩრობის სიმბოლოა.

პეტრე მამრაძე, უმრავლესობის წევრი:

- პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ძალიან განერვიულებული ჩანდა, იმდენად, რომ ხმაც კი უწყდებოდა. თუმცა, ეს მღელვარება შესაძლოა, მისი ცხოვრების წესითაც იყოს გამოწვეული. ყველამ იცის, რომ ბოლემია სჭირს. ამით დაავადებული ადამიანი საკვებს იღებს და ვერ ჩერდება. ხოლო მას შემდეგ, რაც ბოლოს და ბოლოს ჩერდება, უამრავ წყალს იღებს... როგორც ველოდით, მას ახალი არაფერი უთქვამს, მორიგი პროპაგანდისტული შოუ და თავის მართლება მივიღეთ. ასე იქცეოდა მაშინაც, როდესაც თავის გუნდთან ერთად უმრავლესობაში იყო. ის ახლაც შეეცადა იმ თეორიის განვითარებას, რომ ვითომ მან და მისმა გუნდმა შეძლეს ქართული სახელმწიფოს აშენება. უკაცრავად, მაგრამ ეს არის ტყუილი. მათ ააშენეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც სიცრუესა და ძალადობაზე იყო აშენებული და მისი საყრდენი სადისტური სისტემა იყო. მის ბუნებაშია ინტრიგანობა, ის დამარცხებული კაცის პოზიციიაში იმყოფება და მაინც ცდილობს უმრავლესობის გუნდში განხეთქილების შეტანა. ამას მოწმობს ალასანიას მიმართ გაკეთებული ჟესტიც.

ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი:

- "ნაციონალები" ცეცხლს ეთამაშებოდნენ, როდესაც ეს ადამიანები გააღიზიანეს. ცუდია ის რეაქცია, რაც ამას მოჰყვა. მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და როგორც პარლამენტის წევრი, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ყველა დამნაშავე გამოავლინოს და დასაჯოს, მაგრამ დაისაჯონ პროვოკატორებიც. მაგალითად მიმაჩნია, რომ თბილისის მერმა სხვა ეკონომიკურ და კორუფციული დანაშაულის გარდა, ამ დანაშაულისთვისაც უნდა აგოს პასუხი. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა დამარცხებული გუნდის მხრიდან. ისინი შეეცადნენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაენახვაბენათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" მისივე "აშენებულ" ქვეყანაში დაჩაგრულია. არადა, თავის დროზე პარლამენტის წევრებს ცხვირ-პირი დაულეწეს, რუსეთის აგენტებად შერაცხეს და ხალხი ციხეში უკანონოდ ჩაყარეს. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მრცხვენია ჩემი ქვეყნის სახელით, მაგრამ იმისიც მრცხვენია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი ჩემი კოლეგაა პარლამენტში. იმისიც მრცხვენია, რომ გია ბარამიძე ისევ პარლამენტის წევრია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი რომ ისევ პრეზიდენტია, ამ სირცხვილს საქართველო მე მგონი თავისი ისტორიიდან ვერასოდეს ამოშლის.

- პრეზიდენტის თქმით, ის სიტყვა წაიკითხა, რომლითაც აპირებდა პარლამენტის წინაშე წარმდგარიყო.

- ეს მისი მორიგი ტყუილია და მე კარგად ვიცი, რომ ის ამ საქმეში ნიჭიერია. მე ვაკვირდებოდი და მას არაფერი წაუკითხავს, ზეპირად საუბრობდა. ეს მიმართვა არ ყოფილა, რადგან ტექსტში მთავარი იყო ის მოვლენები, რაც 8 თებერვალს მოხდა..

ჩემდა გასაკვირად, მის მიმართვაში საღი ნაწილიც იყო, რასაც სხვათაშორის, არ ველოდი. ჩემი აზრით მას წამოსცდა, რომ არ უნდა ჰქონდეს ის უფლება, რომელიც 2004 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გაუპატიურებით მიიტაცა. მაშინ მან არარსებული, გაუქმებული პარლამენტი გააცოცხლა და ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მიაცემინა ხმა. მთავრობის დათხოვნის უფლებას ვგულისხმობ. ეგეც რომ არა, როგორ უნდა დაითხოვოს სააკაშვილმა მთავრობა, რომელიც გაცილებით მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე პრეზიდენტი? ის რომ მთავრობას რაღაც ნაკლი აქვს, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ხმები "ნაციონალური მოძრაობისკენ" წავა.

- უმცირესობის თქმით, არეულობის დამგეგმავი უმრავლესობაა...

- საოცარია პირდაპირ, მათ ყველაფერზე აქვთ პასუხი, მაგრამ საქმე ისაა, ეს პასუხი როგორია. მათ ჰყავთ ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ მათ არ ალაპარაკებენ და ჭკუასუსტები აქტიურობენ... მარტივი არ არის ცხოვრება ქვეყანაში, სადაც არჩევნები წაგებული გაქვს. მათ კი ამის გაგება არ სურთ. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ მომხრეები არ გვყავს, მომხრეები მხოლოდ მათ ჰყავთ და ამით თავს იტყუებენ... რათ უნდა იმას ლაპარაკი, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" 90%-იანი მხარდაჭერა აქვს? დანიშნოს სააკაშვილმა ახალი არჩევნები და "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინ მოხვდება პარლამენტში, ამასაც ნახავს. ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)