გიგა ნასარიძე: ღარიბაშვილი დამემუქრა - კიდევ შევხვდებითო! - კვირის პალიტრა

გიგა ნასარიძე: ღარიბაშვილი დამემუქრა - კიდევ შევხვდებითო!

როგორც უკვე ცნობილია, გიგა ნასარიძე 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს ცემეს (ამბობენ, მეგაფონითო), რის შედეგადაც მას ცხვირის ძვალი გაუტყდა. შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ განწყობაზეა ნაცემი იუმორისტ-აქტივისტი და ვის ადანაშაულებს იგი მომხდარში.

- გიგა, ელოდით თუ არა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თქვენ მიმართ ასეთ აგრესიას გამოხატავდნენ?

- ნამდვილად არ ველოდი. მესმის, რომ ვიღაცას პროტესტის გამოხატვა უნდოდა, მაგრამ პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია. როგორ შეიძლება, ფიზიკურად დაუპირისპირდე ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მას საწინააღმდეგო აზრი აქვს?

- როგორ გგონია, რით იყო განპირობებული ხალხის ასეთი აგრესია (თვითმხილველების თქმით, შეძახილებიც კი იყო, არიქა, ნასარიძე არ დაგვრჩეს გაულახავიო)?

- ყველაფერი, რაც საჯარო ბიბლიოთეკასთან მოხდა, ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული თეატრი იყო. რამდენიმე ნიუანსს გეტყვით და თავად განსაჯეთ. მე იმავე ადამიანმა დამარტყა, ვინც სერგო რატიანი და ჩიორა თაქთაქიშვილი სცემა. ეს ბატონი გახლდათ გელა მამალაძე. ე.ი. აშკარაა, რომ მამალაძე დადიოდა და ”ცნობად სახეებს” ეძებდა დასასჯელად. აქედან გამომდინარე მგონია, რომ საჯარო ბილიოთეკასთან მომხდარ ინციდენტს ორგანიზებული სახე ჰქონდა, მამალაძე იყო შემსრულებელი, საქართველოს ახალი ხელისუფლება კი დამკვეთი.

- მამალაძის გარდა იქ ციხეში ნაწამები ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი იყო. ფიქრობთ, რომ მათ ვინმეს წაქეზება სჭირდებოდათ?

- ეგენი თუ თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, მათი საქმეა, მე სხვაგვარად ვფიქრობ. თუმცა, გინდაც მართლა პოლიტპატიმრები იყვნენ, ასე რატომ უნდა გამოხატონ პროტესტი?

- სხვა დროს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხალხის აგრესია არ გიგრძვნიათ?

- ყოველ შემთხვევაში თავს არსად არავინ დამსხმია.

- თავად თუ გქონიათ აგრესია რომელიმე თქვენთვის მიუღებელი პოლიტიკოსის მიმართ?

- არა.

- როგორც მახსოვს, როდესაც გუბაზ სანიკიძე სცემეს, თქვენ ფორუმში წერდით, რომ ეს ამბავი გაგიხარდათ.

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.

- ფორუმში ”კარდუს" "ნიკით” არ წერთ?

- კი, კარდუს ნიკით ვწერ.

- სოციალურ ქსელებში გავრცელებულია დაკოპირებული მასალა, სადაც "კარდუ" წერს, ”მიხარია, გუბაზას რომ მოსდესო”(იხ. სურათი).

- არა, რაღაც გაუგებრობაა. ამ ფრაზას სხვა ფორუმელი წერს და მე ამას ვაპროტესტებ. საერთოდ, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ზოგადად მისი პიროვნების მიმართ გამოვხატე ირონია. ისევე, როგორც კახი კალაძის მიმართ. ეს ადამიანი დადიოდა დევნილებთან და ეუბნებოდა, - ომი ქართველმა დაიწყოო. რა გასაკვირია, რომ გაბრაზებული დევნილები ქვებით გამოეკიდებოდნენ? ის კი გამოდიდა ტელევიზიით და ყვიროდა, - ნახეთ, რა მიქნესო. ე.ი. მე ირონიას გამოვხატავ პროვოკაციის მომწყობების, ინტრიგნების მიმართ. ჩემს შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, ჩემთვის მივდიოდი შეხვედრაზე, რატომ უნდა დამსხმოდნენ თავს? აქ არც ირონიის ადგილი რჩება და არც სიცილის.

- ისე, სერგო რატიანსა და ჩიორა თაქთაქიშვილთან ერთად თქვენი ცემის შეკვეთა რატომ უნდა მიეცათ?

- იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ჩემი პოლიტიკური შეხედულება მიუღებელია. ჩემმა მეგობარმა ”ფეისბუქზე” შემთხვევით აღმოაჩინა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩემი მისამართით გამოხატული მუქარა.

- რას გულისხმობთ?

- ღარიბაშვილი 2012 წლის აგვისტოში ”ფეისბუქში” თავის გვერდზე წერდა, რომ ჩემი ორგანიზაციის მიერ დამზადებული კლიპები არ მოსწონდა. ბოლოში კი მიწერილი ჰქონდა ეს ფრაზა - ”მალე შევხვდებით”. აი, ხომ ხედავთ, როგორ აასრულა მუქარა. ზუსტად ვიცი, რომ გელა მამალაძეს ჩემ მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. ამ კაცმა თქვა, - ნასარიძეს იმიტომ დავარტყი, რომ ის ამზადებდა კლიპებს, რომელშიც სამხედროებს შეურაცხყოფდაო. ამ ნათქვამით მან დაამტკიცა, რომ ჩემი კლიპები ნანახი საერთოდ არ ჰქონდა. რადგან სამხედრო ჩემს არც ერთი კლიპში არ არის ნახსენები. ჩემი ცემა იყო ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთა.

- ფიქრობ, რომ ღარიბაშვილს ანგარიშსწორებისთვის უფრო მძლავრი ბერკეტი არ ჰქონდა?

- მაინც რა უნდა ექნა? არაფერი დამიშავებია და როგორ დამიჭერდა?

- საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოზიციები და ხედვები ხომ არ შეგიცვლია?

- არა, ჩემს პოზიციას და ხედვებს არ შევიცვლი მხოლოდ იმიტომ, რომ კრიმინალი ხელისუფლება ზონდერ ბრიგადებს მახვედრებს და ჩემს თავს აცემინებს. იდეები და იდეები უპირველეს ყოვლისა...

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)