ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი? - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ გადაურიცხა გიგა ნასარიძეს 2,6 მილიონი ლარი?

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა 2012 წლის ბოლოს აშშ-ში ახალი ლობისტური ფირმა Prime Policy დაიქირავეს და 860.000 დოლარი გადაუხადეს. ნაციონალები არც მალავენ, რომ ამჯერად ლობისტური ფირმა უშუალოდ სააკაშვილის და მისი პარტიის ინტერესების დაცვაზე იმუშავებს. აშშ-დან მოდის ინფორმაცია 5-მილიონიან გარიგებაზე სააკაშვილსა და მის ლობისტებს შორის, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ სავაჭრო ეკონომიკური სანქციები დააწესებინონ. ხელისუფლებიდან და შესაბამისად ბიუჯეტის უკონტროლო განკარგვიდან ჩამოცილებული ნაციონალები, შესაძლოა, მათ მიერ წინდახედულად ოფშორულ ზონებში გადატანილი ფულითაც ფინანსდებიან. ლაპარაკია მილიონებსა და, შესაძლოა, მილიარდებზეც. ნაციონალებისთვის არც ევროპული და ამერიკული კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის წყარო დაშრეტილა ბოლომდე.

"ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციის თვალსაჩინო მაგალითია ექს-იუმორისტ გიგა ნასარიძის მიერ არჩევნების წინ სახელდახელოდ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდებას" დაფინანსების სქემა. როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სარეკლამო კამპანია 2012 წლის 11 ივლისიდან დაიწყო, ხოლო 18 აგვსიტოს ვიდეოკლიპები უსასყიდლოდ გადასცა "ნაციონალურ მოძრაობას", რისი მიღებაც პარტიამ ოფიციალურად დაადასტურა. ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით კი ნასარიძის ორგანიზაციისთვის მრავალრიცხოვანი შემოწირულებები რატომღაც 2012 წლის 1 იანვრიდან იწყება და 28 ნოემბერს მთავრდება (?!). (01.01.2012-28.11.2012 სწორედ ეს თარიღებია აღნიშნული დოკუმენტზე). გამოდის, რომ ნასარიძის ორგანიზაცია დაფინანსებას მისთვის და მისი რჩეული პარტიისთვის არჩევნების წარუმატებლად დამთავრების შემდეგაც იღებდა, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამა ეთერში აღარ გადიოდა. მთლიანობაში ნასარიძის ორგანიზაციისათვის შემოწირულობებმა 2.6 მილიონი ლარი (?!) შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ნასარიძის ორგანიზაცია, როგორც იურიდიული პირი, კანონდარღვევასა და პარტიის მიმართ უკანონო შემოწირულობაში (ვიდეოკლიპების უფასოდ გადაცემაში) ამხილა. კანონის მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი სახის შემოწირულობის გაღება. აუდიტის სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით აკვირდებოდა, იძულებული შეიქნა, ხელი გამოეღო და ნასარიძის ორგანიზაცია სიმბოლური თანხით- 5000 ლარით დააჯარიმა. თუმცა ფინანსური ოპერაციებისა და სხვა შემოწირულობების კანონიერება არ შეუსწავლია. წარმოდგენილი დოკუმენტიდან კი კარგად ჩანს, რომ ერთ-ორი გვარის გარდა, შემომწირველთა სია ბევრს არაფერს ეუბნება მის წამკითხველს. უცნობია, რა ნებაყოფლობით თუ განახორციელეს მათ შემოწირულობა და იყო თუ არა ეს რეალურად მათი ფული. ნასარიძის ორგანიზაციის "ისტორია" მხოლოდ მცირე ეპიზოდია "ნაციონალური მოძრაობის" თუ სხვების მიერ მის სასარგებლოდ ღიად თუ ფარულად განხორციელებული საეჭვო ფინანსური ოპერაციებისა. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ ვინ უხდიდა და უხდის ფულს "ნაციონალებს," რა წყაროებიდან ფინანსდებიან ისინი და რამდენად კანონიერად, დღეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ლამის ბეწვზე ჰკიდია, ორჯერ უფრო აქტუალურია. სწორედ ამის გარკვევას ცდილობს ახალი ხელისუფლება და ამ მცდელობის ნეიტრალიზაციას ემსახურება სააკაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსურ ამნისტიაზე.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.