"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - ვანო მერაბიშვილის ფუჭი გასროლა?! - კვირის პალიტრა

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - ვანო მერაბიშვილის ფუჭი გასროლა?!

"ნაციონალური მოძრაობა" თითქმის ორი თვით ადრე მიტინგს აანონსებს და 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მხარდამჭერებს ელის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ. მე მინდა, მოვიწვიო ყველა პატრიოტი საქართველოსი, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია, რათა დღევანდელ მთავრობას და დღევანდელ ხელისუფლებას დავანახვოთ, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი." - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რასაც საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების და ასევე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან.

"ნაციონალების მიერ 19 აპრილს დანიშნული მიტინგი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. მათ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებზე ხელის არ მოწერა და მოლაპარაკების ჩაშლა, მათი რიტორიკა, მათი ყველა ქმედება მიმართულია ქვეყანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ." - აცხადებს კობა დავითაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა"' ქართველი ხალხისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.

რას ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა"? - გვესაუბრება ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი:

- არა მგონია, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება და მიტინგის ჩატარების გამოცხადებული მიზეზი ოდნავ სერიოზულიც კი იყოს. ვგულისხმობ, თითქოსდა საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის გაპროტესტებას. საქმე ისაა, რომ ორიოდე დღის წინ ინტერნეტგამოცემამ "ევროობსერვერმა" გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "გერმანია და პოლონეთი თანხმდებიან თუ როგორი უნდა იყოს ევროკვშირის საგარეო პოლიტიკა." რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ქვეყნებს, სთავაზობენ ევროინტეგრაციის ახალ გზებსა და ხერხებს და ამას მხარს უჭერს შვედეთიც. ასე, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება ფუჭი გასროლაა. დასავლეთის ქვეყნებს ოდნავაც რომ შეპარვოდათ ეჭვი საქართველოს საგარეო კურსში, სავარაუდოდ ამ გზებს და ხერხებს ჩვენს ქვეყანას არ შესთავაზებდნენ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ქართული მედია გააშუქებს ქვეყანაში არსებულ რეალურად ვითარებას უფრო მეტად, თუნდაც იმ მოლოდინებს, რაც შეიძლება გვქონდეს ვილნიუსის სამიტიდან და არა იმას, რას ამბობს ვანო მერაბიშვილი, ან რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა." მათ შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი ტიპის მიტინგი. როგორც ისინი ამბობენ, წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 45%-ს, გამოჩნდება, არის თუ არა ეს სიმართლე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქეს აქვს მიტინგის ჩატარების უფლება, ოღონდ რა საკითხზეც ამჯერად აპირებენ მიტინგის ჩატარებას, ეს არასერიოზულია, მით უფრო, რომ აპრილამდე ვითარება კიდევ უფრო გარკვეული იქნება.

- ქალბატონო მარინე, ბევრი მიიჩნევს, რომ 8 თებერვლის მოვლენების გათვალისწინებით, ამგვარი მიტინგის ჩატარება მხოლოდ პროცესების ესკალაციას ემსახურება. რის შედეგადაც ვითარების გართულებამ შესაძლოა პრეზიდენტს მისცეს საშუალება დაითხოვის მთავრობა და პარლამენტი.

- "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობაა, რომ ქვეყანა ამყოფონ მუდმივად დაძაბულობაში, ფაქტია. ამას ნამდვილად ცდილობენ, მაგრამ რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. ყველაფერი დიდ წილად საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რა რეაქციას მიიღებენ ამგვარი გაუგებარი ინიციატივებისა და განცხადებების პასუხად, ეს მათ აწყობთ, რადგან ამით მათი მიზანი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" ამგვარი განცხადებებისა და ინიციატივების მიმართ უნდა იყო შემდეგი: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის."

- ანუ თქვენ პროცესების ესკალაცია გამორიცხავთ?

- პროცესების ესკალაცია არ მოხდება, თუკი მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოების მხრიდან არ მოყვება რაიმე რეაქცია. ანუ თუ ამაზე, არც ხალხი და არც მედია ზედმეტ ყურადღებას არ დახარჯავს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დღეს მედია უფრო დიდ დროს უთმობს ოპოზიციას, ვიდრე იმას, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მედია ნებით თუ უნებლიედ ოპოზიციას ხდის დღის წესრიგის წამყვან ძალად, რაც არასწორია.

- როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში ხელისუფლება, მასაც ოპოზიციის იგნორირებას ურჩევთ?

- როდესაც ვამბობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების იგნორირება უნდა მოხდეს ამაში ვგულისხმობ, სამოქალაქო საზოგადოებას. პოლიტიკურ ასპარეზზე, პარლამენტში იმიტომ არის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ იქ არკვიონ ურთიერთობები და უპასუხონ ერთმანეთის განცხადებებსაც. უბრალოდ, ამას ნაკლებად ემოციურად უნდა ვადევნოთ თვალი. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოადოებას ურჩევნია თვალყური ადევნოს და შეაფასოს ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება. რა გამოსდის და რა - არა. თუ კარგი რამ ხდება, ამის ხმამაღლა თქმაა საჭირო და არა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივებზე ლაპარაკი.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)