ფიქრია ჩიხრაძე: ვერ ვიტყვი, რომ გიგი უგულავა აუცილებლად ციხეში უნდა მჯდარიყო - კვირის პალიტრა

ფიქრია ჩიხრაძე: ვერ ვიტყვი, რომ გიგი უგულავა აუცილებლად ციხეში უნდა მჯდარიყო

დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორი პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს - არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნება" და ოპოზიციად გარდაქმნილი "ნაციონალური მოძრაობა". რას ფიქრობენ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე სხვა პარტიები? - ამის გასარკვევად "ახალი მემარჯვენეების" ახალ ლიდერს, ფიქრია ჩიხრაძეს მივმართეთ:

- ქალბატონო ფიქრია, გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ გამოითქვა აზრი, რომ სასამართლო დღემდე "ნაციონალების" გავლენის ქვეშ იმყოფება. თქვენ რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

- უკეთესი იქნებოდა, რომ სასამართლო არც წინა ხელისუფლებას უწევდეს ანგარიშს და არც ახალს. ამ დღეებში კი ჩვენ დავინახეთ, რომ წარმოიშვა კონფლიქტი პროკურატურასა და ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებულ სასამართლო კორპუსს შორის. თუ ბოლომდე მოხერხდება სასამართლოს ძველი ხელისუფლების კლანჭებისაგან გამოგლეჯა, ამით მოიგებს ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება. ფაქტია, დღეს ძველ ხელისუფლებას უკვე აღარ აქვს იმდენი ბერკეტი, რომ სასამართლო აკონტროლოს, ახალს კი მსგავსი ბერკეტები ჯერ არ შეუქმნია და თუ არ შექმნის, ეს ძალიან კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დაახლოებით იმავე სიტუაციას, რაც ადრე იყო.

- ჩვენი საზოგადოების ნაწილი ძალიან გააღიზიანა იმან, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარდგენილი არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა.

- ვერ ვიტყვი, რომ გიგი უგულავა აუცილებლად ციხეში უნდა მჯდარიყო. როგორი დამოკიდებულებაც უნდა გვქონდეს მის მიმართ, ის მაინც არჩეული მერია. რა თქმა უნდა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს, მათ შორის არც გიგი უგულავას, არც მიხეილ სააკაშვილს და არც ვანო მერაბიშვილს, მაგრამ იქ, სადაც არ არის საჭირო აღმკვეთი ღონისძიება, არც უნდა გამოვიყენოთ. თანაც, ნებისმიერი ბრალდება გამოძიების მიერ უნდა იყოს დასაბუთებული. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სამართლიანი მიდგომაა ვიდრე ის, რომ გიგი უგულავა ბორკილებდადებული გვენახა და ვიღაცას სიხარულისაგან ხელების ფშვნეტა დაეწყო. ჯობია ცივი გონებით, ემოციების გარეშე გამოიძიონ ყველას საქმე იმიტომ, რომ საზოგადოებას ხშირად ძალიან სწრაფად სჭირდება სასურველი შედეგის მიღება, ხელისუფლება კი ვერ იმოქმედებს ემოციებისა და "დედლაინების" კარნახით.

- 18 აპრილს დიდი მიტინგია დაგეგმილი, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ იბრძვის და ცდილობს ქულები მოაგროვოს. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი ძველი მდგომარეობის დაბრუნებას?

- არა მგონია ამის რესურსი "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს. ცინიკურიც არის და კომიკურიც, როდესაც ვანო მერაბიშვილი რუსთაველზე დგას და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს. ხალხს კი არ ავიწყდება, რომ ეს ის ადგილია, სადაც უამრავი აქცია იმართებოდა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ, ეს ის ადგილია, სადაც არაერთი დარბევა განხორციელდა, მათ შორის 26 მაისის უსასტიკესი დარბევაც და მაშინ შსს მინისტრი სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო. მე მგონი მათ ძალიან მცდარი გზა აირჩიეს, არის სფეროები სადაც "ნაციონალებს" შეუძლიათ ხარისხიანი ოპონირება გაუწიონ ახალ ხელისუფლებას, მაგრამ არა მგონია მათი ადგილი ქუჩაში იყოს. მათ ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართებთ, რომ ოპოზიციაში მაინც შეინარჩუნონ თავი.

- დასარულ, ქალბატონო ფიქრია, რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენს პარტიაში და რას აპირებთ სამომავლოდ?

- როდესაც ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად გვევლინება "ნაციონალური მოძრაობა", სხვა ოპოზიციური ძალებისათვის ძალიან რთული სიტუაცია იქმნება. ჩვენ არ გვაქვს ჩასაფრებული პოზიცია ახალი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება სჭირდება ყველას და მათ შორის ამ ხელისუფლებასაც. დღეს კი ასეთი სიტუაცია გვაქვს: "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს ხელისუფლებას, მერე კი ხელისუფლება გამოდის და ამბობს - თქვენ ვის აკრიტიკებთ, როცა ჩვენზე ცუდები ხართო. ამ სიტუაციის შენარჩუნება არ შეიძლება და რაც უნდა რთული იყოს, ჩვენ მაინც შევეცდებით შევძლოთ კვალიფიციური ოპონირება, რომელიც სულაც არ იქნება მიმართული რევანშისაკენ. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით სიმართლე ვთქვათ და აქტიურნი ვიყოთ, როცა საქმე ქვეყნის პრობლემებს და მის ბედს ეხება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)