კართაგენად ქცეული კვიტაშვილი ანუ რა ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში - კვირის პალიტრა

კართაგენად ქცეული კვიტაშვილი ანუ რა ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს.ოგორც ”თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მეტრეველი აცხადებს, რექტორი უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას და სტუდენტთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. პარალელურად, უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ კვალიფიციური ლექტორები. მისივე თქმით, თსუ-ს ადმინისტრაციაში თანამდებობებზე ”ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ნიშნავენ.

ნიკოლოზ მეტრეველი:

- ნეპოტიზმის სრულიად კონკრეტული მაგალითები არსებობს. სულ ბოლოს, ადმინისტრაციაში დაინიშნა ბექა ახლოური, რომელიც ”ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წევრი და ”ნაციონალების" აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ”ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, თსუ პარტიული კადრების სამჭედლოდ გადაიქცა, ამ საქმის ორგანიზება სპორტის სამინისტრომ და სტუდენტურმა თვითმმართველობამ შეითავსეს. ბოლო წლებში მოდად იქცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემა, რასაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რექტორი არაერთხელ შეგვპირდა მოძალადეების გარიცხვას, მაგრამ არ გაუკეთებია. პირიქით, როგორც გაირკვა, მოძალადე თვითმმართველობის წევრები დღეს უნივერსიტეტში სპეციალისტის თანამდებობებს იკავებენ. ამის გაგრძელება არ შეიძლება და გამოსავალიც აშკარაა - რექტორი უნდა გადადგეს!

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რექტორი თქვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს?

- მაშინ მას საზოგადოებრივ-სტუდენტური აქტივობის წევრები დაუპირისპირდებიან და მას მაინც მოუწევს თანამდებობის დატოვება... საქმე ის არის, რომ ბატონ კვიტაშვილს აკადემიური ხარისხიც არ აქვს, რაც გამაოგნებელია იმ უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიო მასშტაბის არაერთი მეცნიერი მოღვაწეობდა და დღეს უნივერსიტეტს მართავს "უხარისხო" ადამიანი... მით უმეტეს, რომ მის ამ "უხარისხობას" კანონიც კი მოარგეს.... ამის მერე რომ თეა წულუკიანს შეედავებიან რამეს, ეს უკვე სასაცილოა...

ნიკოლოზ მეტრეველის ეს განცხადება ჩვენთან საუბარში პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმაც დაადასტურა:

-ნიკოლოზ მეტრეველი მართალია, დანამდვილებით ვიცი, კანონი იმიტომ შეცვალეს, რომ კვიტაშვილს არ ჰქონდა პროფესორის წოდება და შესაბამისად რექტორიც ვერ გახდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა ტენდენცია, რომ უნივერსიტეტის რექტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც პროფესორის სტატუსი არ გააჩნია, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და სულელურია, რადგან არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების ასე ხელაღებით მიღება.

სტუდენტების მოთხოვნას, რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით, ის ლექტორებიც უერთდებიან, ვისაც, მათი თქმით, უნივერსიტეტი პოლიტიკური ნიშნით დაატოვებინეს.

გიორგი ყიფიანი, ყოფილი ლექტორი:

- ამ ეტაპზე დაახლოებით 15 ლექტორს დაატოვებინეს სამსახური, მათ სასამართლოსაც მიმართეს, ორმა მოიგო კიდეც პროცესი, დანარჩენის საქმე მიმდინარეობს. ბოლო დროს უნივერსიტეტის მიერ შეცვლილი რეგულაციების თანახმად, შიდა საპრეტენზიო საჩივრის დაწერაც კი არ შეიძლება, მომჩივანმა პირდაპირ სასამართლოს უნდა მიმართოს... საქმე ის არის, რომ "ზემდგომებმა" ერთობ საინტერესო სისტემა შეიმუშავეს: უნივერსიტეტში თავისუფალი ადგილები არის, მაგრამ მათ ამ ადგილებზე არ იღებენ, მოწვეულის სტატუსს აძლევენ და სამჯერ ნაკლებ ხელფასს უხდიან. მაშინ, როდესაც ლექტორებმა ლექცია 4 საათი უნდა წაიკითხონ, სამჯერ მეტს აკითხებენ და სამჯერ ნაკლებ ანაზღაურებას აძლევენ. არადა, მათთვის თანხა გამოყოფილია, მაგრამ ვის ჯიბეში მიდის და რაში იხარჯება, გაურკვეველია. მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ ისარგებლა ამ თანხებით და მოგვიანებით ამაზეც ვისაუბრებ.

- თქვენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობდით, კონკრეტულად ვის შეეხო ეს?

- მე სამჯერ მივიღე უნივერსიტეტის შიდა კონკურსში მონაწილეობა და სამივეჯერ უარი მითხრეს, პასუხი იყო კურიოზული: - ასისტენტ-პროფესორის სტატუსზე მითხრეს, თქვენი მონაცემები ამაზე ბევრად მაღლა დგასო და ლექციების წაკითხვაზე მითხრეს, სტატუსის გამო ამ საქმეს ვერ ჩაგაბარებთო. მათ იცოდნენ და ახლაც იციან ჩემი დამოკიდებულება მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიმართ და სწორედ ამას უკავშირდება ეს ფარსი. პოლიტიკური დევნა აშკარაა ლელა გაფრინდაშვილის, ხათუნა ჩარკვიანის შემთხვევაში. ასევე ასოცირებული პროფესორის, ჟურნალისტიკის მიმართულებით, ბატონი ღვინერიას შემთხვევაშიც, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაათავისუფლეს.

- მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის უკან უნივერსიტეტის რექტორატი დგას?

- ეს არის აკადემიური საბჭოს მუშაობის სტილი, რომელშიც მხოლოდ კვიტაშვილი არ მონაწილეობს, ამ სტილის ერთ-ერთი აქტიური წამაქეზებელი იყო ანდრო ბარნოვიც, მისი უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში. ბარნოვი იყო იმ კონკურსის კომისიის მონაწილე, რომელმაც მითხრა, თქვენი მონაცემები ასისტენტ-პროფესორზე მაღლა დგასო...

ანდრო ბარნოვი, შიდა ქართლის გუბერნატორი:

- არც კი ვიცი, რა გითხრათ, სასაცილოა უბრალოდ ეს ყველაფერი. ნახევარ წელზე მეტია რაც უნივერსიტეტიდან წამოვედი და ჩემს შემდეგ იქ მოვლენები როგორ ვითარდება თვალყური არ მიმიდევნებია. იმაზე, რომ მაშინ გათავისუფლებული ლექტორები ახლა აცხადებენ პრეტენზიას და ამაში ჩემს წვლილს ხედავენ, უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც არ შემიძლია...

სანდრო ცაგარელი, თსუ სტუდენტური ჯგუფი ”ლაბორატორია 1918-ის" წევრი, ერთი-ერთი დამფუძნებელი:

- არჩევნებისწინა პერიოდში თქვენი მოძრაობა აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრდა თქვენი რეპლიკა: გეშინოდეთ ჩვენი, ბატონო ალექსანდრე! რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციებზე კი "ლაბორატორია 1918" უკვე აღარ ჩანდა. რა მოხდა მას შემდეგ უნივერსიტეტში, რა შეიცვალა თქვენთვის?

- ბოლო დროს ისეთი ავტორიტარიზმი აღარ არის, როგორც წინა წლებში იყო, თუმცა კი, ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნები ბოლომდე დაკმაყოფილებული არ არის. ისინი ძალაში რჩება, უბრალოდ, ვინაიდან ვითარება შეიცვალა და ისეთი დაძაბული ფონი აღარ არის და განთლების რეფორმაზე აქტიურად მიდის საუბარი, ბრძოლის მეთოდებს ვცვლით. აქციების სახით გამოხატული პროტესტი უკვე აღარ არის აქტუალური, ახლა საგანმათლებლო დისკუსიებით ჯობია პრინციპული საკითხების გადაჭრა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ, იმ ახალაზგრდებს, ვინც ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ წუთისთვის ეს არ არის ეფექტური, რადგან კვიტაშვილის მოთხოვნაზე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მოწყობა, თუნდაც იმიტომ, რომ მერე არ თქვან, რომ პერსონალიების დევნა პოპულარულია...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)