სარქისიანისა და ანქვაბის ერთდროული ვიზიტი კრემლში - უბრალო დამთხვევა თუ პოლიტიკური სიგნალი? - კვირის პალიტრა

სარქისიანისა და ანქვაბის ერთდროული ვიზიტი კრემლში - უბრალო დამთხვევა თუ პოლიტიკური სიგნალი?

სომხეთისა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერების კრემლში ერთდროულ ვიზიტთან დაკავშირებით სააგენტო Regnum-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და ამ პროცესში მონაწილე ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები. გთავაზობთ სტატიის შემცირებულ ვერსიას:

"იმავე დღეს, როდესაც სერჟ სარქისიანი მოსკოვში გაემგზავრა, კრემლს ესტუმრა აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბიც. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივები გაჩნდა, რაც, ცხადია, აფხაზური და ოსური ელიტის შეშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ თბილისი და მოსკოვი შესაძლოა ერთმანეთში სწორედ "მათ ხარჯზე" მორიგდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ აფხაზეთის რკინიგზის განახლების თემა, როგორც რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზების ბერკეტისა, ფართოდ იქნა განხილული კრემლში ანქვაბის ვიზიტისას. თუმცა ის, რომ ორი ლიდერის ვიზიტები ერთმანეთს დაემთხვა, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ კუთხით უფრო ფართო ინიციატივებიც არსებობს, რომლის განხილვაშიც სწორედ სარქისიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.

ზოგადად, მოსკოვის აქტიური როლი აფხაზეთის რკინიგზის განახლების პროცესში, თუნდაც ეს ინიციატივა დისკუსიებს არ გასცდეს, რუსეთს საშუალებას მისცემს მთელი რიგი პრობლემები წარმატებით გადაჭრას. უპირველეს ყოვლისა, ამით უზრუნველყოფილი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების "გალღობის" შეუქცევადობა. ასევე, ამ სომხეთისთვის მგრძნობიარე საკითხის წინ წამოწევით, რუსეთი ამაგრებს საკუთარ პოზიციებს სომხეთთან ურთიერთობებში, და ამავე დროს ეფექტურად შეინარჩუნებს სტატუს-ქვოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომლის მზარდი სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი კარგა ხანია სომხეთის შეშფოთებას იწვევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება ინტეგრაციის პროექტებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში. რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე აქტიურობამ შესაძლოა გააძლიეროს არგუმენტები ერევანის მოსკოვის მიერ ინიცირებული სახელმწიფოთაშორისო პროექტებში, იგივე ევრაზიულ კავშირში მონაწილეობის სასარგებლოდ.

ამავე დროს, ცხადია ისიც, როგორც აფხაზური რკინიგზის, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხში რჩება ბევრი წინააღმდეგობა, რომლებიც დაკავშირებულია პირველ რიგში საქართველოსა და მისი პოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი განპირობებულია შიდა პოლიტიკური ფაქტორებით, მათ შორის ოპოზიციის მოქმედებებით, რომელიც ივანიშვილის კურსს ეწინააღმდეგება. მეორე ასპექტი დაკავშირებულია უშუალოდ ამ კურსის მახასიათებლებთან: ივანიშვილი ცდილობს მოახდინოს 90 იანი წლების საგარეო პოლიტიკის თავისებურებების რეანიმირება, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მანევრირებდა რეგიონულ და გარერეგიონულ ძალთა ბალანსში. ამ თვალსაზრისით თბილისისთვის შესაძლოა კონკრეტულ რეზულტატებზე მეტად პროცესის შეუქცევადობა უფრო მომგებიანი იყოს.

ამ კუთხით, საფიქრებელია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 11 მარტს მოწონებული რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და მნიშვნელოვანწილად ასახავს ოპოზიციის მიდგომას საკითხისადმი, სწორედ ამ წინააღმდეგობრიობითაა გამოწვეული. თუმცა, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, აშკარაა, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხმა უკვე ფეხი მოიკიდა ყველა მონაწილე მხარის პოლიტიკურ დღის განრიგში.