ლევან ვასაძე - "ერი და სახელმწიფო" - კვირის პალიტრა

ლევან ვასაძე - "ერი და სახელმწიფო"

"რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა".

ლუკა 16:15

საგულისხმოა ასეთი შედარება: მსოფლიოში ხუთი ათასზე მეტი ერია და მხოლოდ ორასიოდე სახელმწიფო. მაშ, რა არის ერი და რა არის სახელმწიფო? რატომ აძლევს განგება ზოგიერთ ერს სახელმწიფოს და ზოგს - არა? ნუთუ მხოლოდ ერის ზომასა და ისტორიის გადამწყვეტ ეპიზოდებში მისი სამეზობლოს კეთილგანწყობასა თუ სისუსტეზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ერის შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ? არის თუ არა სახელმწიფოებრიობის მოპოვება ეროვნული ევოლუციის უმაღლესი საფეხური? რა ევალება ერს, რომელსაც სახელმწიფო მიეცა: საკუთარი ეროვნული თვისებების წაშლა და სახელმწიფოთა რიგში უსახოდ ჩადგომა თუ თავისი ეროვნული ხასიათით წვლილის შეტანა კაცობრიობის განვითარებაში? როგორ განვითარდება სახელმწიფო უკეთ: ერის ტრადიციებსა და მსოფლხედვაზე დაყრდნობით თუ მათი დაცინვითა და ძალადობრივი გადაკეთების მცდელობით? რაში მდგომარეობს კაცობრიობის პროგრესი და რა არის მისი რეგრესი? რა არის საზომი ცივილიზაციის სიავკარგისა? რით განსხვავდება უბრალოდ ერის შვილისა და სახელმწიფოს მქონე ერის შვილის მოქალაქეობრივი პოზიცია, აზროვნება და მსოფლაღქმა? ეს კითხვები თანამედროვე ქართველისათვის, გასაგები მიზეზების გამო, უაღრესად მნიშვნელოვანია და რამდენადაც კარგად გაიაზრებს მათ ჩვენი საზოგადოება, იმდენად შეძლებს ის ჩვენი ერისა და სახელმწიფოს განვითარების სწორად წარმართვას.

ამ საკითხებზე მსჯელობისას, დასაწყისისათვის, თუ ვცდით, განვსაზღვროთ, რა არის ერი, რამოდენიმე ლოგიკურ სირთულეს წავაწყდებით. გამარტივებულად ერი განისაზღვრება როგორც ერთ ენასა ან თუნდაც ერთ დიალექტზე მოსაუბრე ადამიანების ერთობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ზემოთ ხსენებული ხუთიათასიანი ციფრი თოთხმეტი ათასამდე იზრდება. მაგრამ არც ეგ არის მთლად სწორი განმარტება. მაგალითად, მეგრელები და სვანები სხვა, თუმცა ქართველურ, ენებზე და არა დიალექტებზე, საუბრობენ, მაგრამ ისინი დანარჩენ ქართველებთან ერთად უდავოდ ერთი ერი არიან, რაც დასტურდება მათი გენეტიკური, კულტურული, წეს-ჩვეულებითი და მსოფლმხედველობრივი იდენტურობით დანარჩენ ქართველებთან. გრიგოლ რობაქიძე გასული საუკუნის დასაწყისში წერდა, რომ დიდი ერები ზოგჯერ მცირე ერების შედუღაბების შედეგად წარმოიშვებოდა, მაგრამ, რომ უვიცია, ან მტერი ის, ვინც ამას ქართველ ერზე ამბობს. მისი თქმით, ჩვენ ერთი ხის, ანუ ერთი ფესვის ტოტები ვართ, რომლებიც ერთიანობის მრავალფეროვნებას ვქმნით. რობაქიძისა და სხვა დიდი ქართველი მოაზროვნეებისა და მეცნიერების ჭვრეტა ამ ჩვენი მრავალფეროვანი ერთობისა, თუმცა არაკანონიკურ, მაგრამ მაინც საღვთისმეტყველო ალეგორიებისკენ გვიბიძგებს: წმინდა სამების მსგავსად, ქართული ეროვნება სამ ქართველურ ენაში არის გამოვლენილი: ქართულში, ლაზურ-ჭანურსა და სვანურში, იგი სამია, მაგრამ ერთი, იგი ერთია, მაგრამ სამი.

არის შემთხვევები, როდესაც ენა ერთია, მაგრამ ერები სხვადასხვა. როდესაც სერბთა ნაწილი იძულებით და არნახული სისასტიკით გააკათოლიკეს (აღწერილია შემთხვევები, როდესაც გაკათოლიკებაზე უარისმთქმელ მართლმადიდებელ სერბებს ცოცხლად ატყავებდნენ და დუნაიზე ტივებით უშვებდნენ, რათა მათ "ჯოჯოხეთის ნიავი ამ სიცოცხლეშივე ეგრძნოთ") მართლმადიდებელმა სერბებმა გაკათოლიკებულ სერბებს მათი მოდრეკისა და გამრუდებული სჯულისათვის კუზიანები ("ჰორბატი") უწოდეს. შემდგომში სერბებს გამოყოფილი "კუზიანების" ენამაც იცვალა ოდნავ სახე და ასე გაჩნდნენ ხორვატები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ნამდვილ ვერსიას არც ერთი ხორვატი და უმეტესი დასავლეთევროპელი ისტორიკოსი არ დაეთანხმება. ასევე ძალით გამუსლიმანებული ინდოეთის ნახევარკუნძულის ნაწილს პაკისტანი ჰქვია და აწი ის სხვა ერია, დანარჩენ ინდოეთთან ერთიანი გენეტიკურ-კულტურული ფესვის მიუხედავად. ამრიგად, აქ ძალადობრივმა ზნეობრივ-რელიგიურმა გაყოფამ გაყო ერები, ან უფრო ახლები წარმოშვა, თუმცა იგივე არ მომხდარა გათურქებული გურჯების შემთხვევაში - ისინიც და ჩვენც ყოველთვის ვიტყვით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ერთი ერი ვართ. ლაზებში ეს სხვანაირადაა, მათი გარკვეული ნაწილი დღეს დანარჩენ ქართველებთან თვითიდენტიფიკაციას ჯერჯერობით აღარ მოახდენს, ჩვენი ამის სურვილის მიუხედავად. ამ საკითხს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება.

ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ჩვენი ერთმორწმუნე რუსული კულტურის მაგალითი, რუსეთისა, რომელიც სამწუხაროდ, მიუხედავად თავისი კულტურული და ზნეობრივი წესის ჩვენთან ნათესაობისა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იყოს, ორმხრივი შეცდომების შედეგად, ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

XV საუკუნის მოსკოვია- ცენტრულ რუსთა სათავადოსათვის კიევის მღვიმის (პეჩორას) ლავრის ეროვნულ-კულტურული მეობის განმსაზღვრელი როლის მიუხედავად, საკუთარი ერის საცხოვრისის დასავლეთ განაპირად ("უ-კრაინად") აღიქმებოდა და ასე გაჩნდნენ ნელ-ნელა უკრაინელები, რომლებიც ამის გამო რუსებს დღემდე "მოსკალებს"ეძახიან. თავის მხრივ, რუსებმა მათ "განაპირელობა" არ აკმარეს და ტარას ბულბასეული დნეპრისპირელი კაზაკების ვარცხნილობის გამო ხახოლები უწოდეს. აქ საგულისხმოა ისიც, რომ რუსულში არც კი არსებობს ერის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა. Нация რუსულში ბარბარიზმია და სლავური народ და люд უფრო ხალხად ითარგმნება ქართულად, ვიდრე ერად. პოლონური კათოლიციზმისაგან თავდაცვაში, მსოფლიოს ფლობის, ანუ "ვლადეი-მირობის, ვლადეი-ვოსტოკობის, ვლადეი-კავკაზობის" სამხრით-აღმოსავლით განხორციელებაში და მონღოლური ოქროს ურდოს ბატონობისაგან თავის დაღწევის სირთულის გაზვიადებულ წარმოსახვაში, როგორც სხვათა დაპყრობის თავის მართლების ეთნო-ფსიქოლოგიურ ფანდში, წარმოშობილი რუსი ერი სხვაა და რუსეთის ამჟამინდელი სახელმწიფო კი სულ სხვა. ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში გიორგი ათონელი ამბობდა, რომ არა უფლის მარჯვენა, რუსი მთელს მსოფლიოს დაიპყრობდაო. თანამედროვე რუსეთის მიმდინარე დაშლის პირველი სამი ეტაპი - რომანოვთა იმპერია, ვარშავის ბლოკის ქვეყნების ბუფერული ზონა და საბჭოთა კავშირი - დიდი სისხლიანობით გავიარეთ და სამწუხაროდ, თავად ფედერაციის დაშლის აპოკალიფტიკური მოლოდინები აშკარად სახეზეა ჩეჩნეთისა და დაღესტნის უხორცებელი სეპარატისტული ჭრილობების სახით. ჩვენი მოძმე ეს და სხვა კავკასიელი ერები თვითგამორკვევის ურთულეს პროცესში იმყოფებიან და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ამ კონფლიქტებში, ამით იგი კრემლს დაემგვანება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ერევა ამგვარ პროცესებში. ჩვენ, როგორც აქამდე გვიკეთებია, მეგობრობისა და ჰუმანიტარული თანადგომის ხელი უნდა გავუწოდოთ ყველა გაჭირვებულ ჩვენს მეზობელსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ ფარისევლურად მეზობლად მიმდინარე სეპარატისტულ ომებში რომელიმე მხარის თანადგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს რუსულ სახელმწიფოში მიმდინარე ურთულეს პროცესებთან მიმართებაში. ამავე ურთულესი პროცესების ფროიდისეულ ნაირსახეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ თავად რუსეთის მმართველთა მიერ სეპარატიზმის პირველი, თუმც საბოლოო ჯამში, დარწმუნებულნი ვართ, დროებითი და უშედეგო ლეგიტიმაციის მცდელობა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შინაგანი შიშის რეფლექსია. ამ შიშის სავალალო, ირაციონალური და მაზოხისტური პროექცია ისურვა კრემლმა ჩვენს სახელმწიფოზე, სამწუხაროდ არა ჩვენი სიშტერისა თუ ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული ღალატის გარეშე. აბა, ირაციონალიზმის გარდა სხვა რითი აიხსნება რუსეთის მიერ თვითმავნებლური გამოცხადება იმისა, რომ ოსებს, რომელთა 95%-ზე მეტიც რუსეთში ცხოვრობს, ეკუთვნით საკუთარი სახელმწიფო? - საკუთარი ემოციური სიშტერის ხაფანგი, ან დერჟიმორდობით შენიღბული რუსეთის ინტერესების ცინიკური ღალატი, რომლის შედეგებსაც ოკუპანტის საერთაშორისო სტატუსში ჩავარდნილი რუსეთი აწი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძიმე დანაკარგებით თუ დააღწევს თავს, თუ რამეს სასწრაფოდ თავად არ იღონებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

("ეთი" ქართულად ქვეყნის, ან რაიმე ადგილის, დასახელების დაბოლოება არის, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩინეთი, ჩეჩნეთი, ჯიქეთი, ოსეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ჯოჯოხეთი, მოუსავლეთი, სასულეთი და ა.შ. როდესაც რუსები ამბობენ "Осетия", ისინი ქართულ ტოპონიმს ხმარობენ, ალანებს ოდითგანვე ამ სახელს მხოლოდ ჩვენ ვეძახდით. თუ ერის ამ დასახელებას მრავლობითში ქართული ბოლოსართის გარეშე ავიღებთ, სისულელე გამოდის "Осы" რუსულად ბზიკებსა ნიშნავს და ცხადია, რომ ეს სიტყვა რუსული ენის ნაწილი ვერ იქნებოდა. ხოლო ქართული დაბა ცხინვალის პირვანდელი დასახელება კი დაბა ბრწყინვალე იყო, რომელზეც XVIII საუკუნის პირველმა რუსმა სამხედრო ექსპედიციის მომხსენებელმა დაწერა, "остановились в селении Брцхинвале," შემდგომში "ბ" და "რ" ტოპონიმს მოშორდა და მისი რუსულიდან უკან გადმოქართულებისას ცხინვალად გადაკეთდა, როგორც თბილისი ტიფლისად და სხვა. ეს XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX-ის დასაწყისის სახელმწიფოებრიობა გაუქმებულ და ენაჩამორთმეულ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავი იყო, ბარათაშვილებისა და ციციშვილების ბარათოვებად და ციციანოვებად გადაკეთებისა არ იყოს.)

ამჟამად კი კრემლისაგან სახელმწიფოებრიობა მინიჭებული ოსების გარდა დღევანდელ რუსეთში ათობით ერი ცხოვრობს, რომელთა ნაწილიც ეძიებს არა მარტო თავისი იდენტურობის შენარჩუნებას, არამედ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მოპოვებასაც. და სხვათა შორის, უგუნურია ის ქართველი, ვინც ფიქრობს, რომ ეს რამეში არგია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. აქ გავბედავთ და თანამედრვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვით: ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან და ორივე ერის ძალიან დიდი შეცდომა და ამ ერების მტრული ძალების დიდი ჩალიჩის შედეგი არის ჩვენი ასეთ დაპირისპირებამდე მისვლა. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მიწების წართმევას და სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მას საქართველოს ნამსხვრევების ნაცვლად თავად საქართველოსთან სჭირდება მოკავშირეობა, მანამდე იქნება ორივე ქვეყანა გაჩხერილი ამ ორივესათვის უაღრესად მავნებელ ჩიხში.

ჩვენი წერილის დინებას რომ დავუბრუნდეთ, ამრიგად ვერც ენობრივი, ვერც სახელმწიფოებრივი და ვერც რელიგიური ნიშნით ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის ერი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებურად. ბელგიელები საერთო ქვეყნის შვილები არიან და არა ერისა და ფლანდრიელებისა და ფრანკოფონი ვალონების მიმდინარე გახლეჩა ამის დასტურია. ამერიკელების პრიმიტიული გაიგივება ერისა და სახელმწიფოსი (Nation) სრულიად მიუღებელია დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისათვის და ასევე გაუგებარია მათივე მხრიდან შეცვლილი ამავე ინგლისური ტერმინის წარმოებული Nationality, რომელიც ხან მოქალაქეობისა და ხან ეროვნების აღსაწერად გამოიყენება ამერიკაში. ჰკითხეთ, აბა, კატალანზე მოსაუბრე ბარსელონელებს, არიან ისინი ერთი ერი (Nation) ან ეროვნება (Nationality) ესპანელებთან ერთად საერთო სახელმწიფოში ყოფნის მიუხედავად? ან ჰკითხეთ იმავე ბასკებს იმავე ესპანეთში და ქურთებს თურქეთში, არიან ისინი ერთი Nation იმ ქვეყნების ეროვნულ უმრავლესობებთან ერთად, დამოუკიდებლად იმისაგან, რას "ცნობს და არ ცნობს" გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? ამიტომ პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ერი, უფრო გვარ-ტომიანობისა და თუ თანამედროვე მეცნიერების ენაზე ვისაუბრებთ, დნმ-ისა და საერთო გენეტიკის მიდამოებში უნდა ვეძებოთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ესეც გამარტივებული მიდგომაა, რომელსაც არც სერბები და ხორვატები და არც მოსკალები და ხახოლები არ დაეთანხმებიან, რომ არაფერი ვთქვათ, თურქმანული წარმომავლობის მეოთხედ მილიარდ ადამიანზე, სხვადასხვა ერად მცხოვრებთ ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან ვიდრე მონღოლეთ-რუსეთის საზღვარზე მდებარე თავიანთი აკვანის, ალტაის მთებამდე, რომელთაც ჩინელებმა თავის დროზე "თურქ," ანუ ძლიერები შეარქვეს.

ამავე კითხვაზე, თუ რა არის ერი, ძალიან კონკრეტულად და ერთმანეთისაგან ცოტა განსხვავებლად გვიპასუხებენ სომხები და უძველესი ებრაელები, თავ-თავიანთი ინტერპრეტაციებით. აქ, დასაწყისში კონტრასტისათვის ვთქვათ, რომ, თუ მე, როგორც ქართველს, წვეთი სომხური ან ებრაული სისხლი შემერია, ქართველები მივიჩნევთ, რომ მე ლამის ვეღარასოდეს ჩავითვლები სუფთა ქართველად (რასაც ვერ ვიტყვით რუსული, გერმანული, პოლონური ან ნებისმიერი სხვა სისხლის შერევაზე ქართველთან. უკვე მესამე-მეოთხე თაობაში ასეთი ქართველი ისევ სუფთა ქართველად ჩაითვლება.) იქნებ ეს იმიტომაც ხდება, რომ თავის მხრივ სომხებსა და ებრაელებთან ეროვნების შენარჩუნების საკითხი სხვა ერებისაგან სრულიად განხვავებულად არის დაყენებული.

მაგალითად, ამ საკითხისადმი ქართული მიდგომისაგან სრულიად საპირისპიროდ, თუ ადამიანს წვეთი სომხური სისხლი მაინც ურევია წინპრებში, მასზე ყველა სომეხი უმალვე იტყვის ჩვენიანიაო და ეცდება მის ამ სომხობაში დაპატიჟებას. ეს ძირეული განსხვავება სომხებისა და ქართველების ეროვნული კუთვნილების აღქმაში მხოლოდ იმით როდი აიხსნება, რომ სომხებს ბოლო სახელმწიფო და მეფე, გაგიკ მეორე, მხოლოდ შორეულ მეთერთმეტე საუკუნეში ჰყავდათ და მას შემდეგ საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონიათ, ჩვენი ბოლო მეფე კი (გნებავთ, გიორგი XII იქნება ეს, ზოგჯერ გიორგი XIII-დ წოდებული, თუ გრიგოლ I) აგერ მეცხრამეტე საუკუნეში აღესრულა. აქ სხვა მიზეზებიც არის, რომელთა რაობაზე საუბარი წერილის მთავარი თემიდან შორს წაგვიყვანს.

მსგავსი ან უფრო მეტი სკურპულოზურობა სჩვევიათ ებრაელებს ეროვნულობის შენარჩუნების საკითხში, რომელიც მათთან სარწმუნოებრივთანაც არის თითქმის გაიგივებული. ებრაელებში, როგორც ცნობილია, ეროვნება დედით გადადის. თუ ვინმე მოშე აბრამოვიჩს ცოლი რუსი ივანოვა ჰყავს, მათი შვილები ვერ იქნებიან სინაგოგის მიერ ცნობილნი ებრაელებად. მაგრამ თუ პეტროვს ცოლად ჰყავს სიდოროვა, რომლის დედაც, თავის მხრივ, როზენცვაიგი იყო, მათი ქალიშვილი პეტროვა სინაგოგის მიერ ებრაელად ჩაითვლება. და რომც მერე ის ვინმე პეტუხოვს გაჰყვეს, მათი ქალიშვილი პეტუხოვაც ებრაელი იქნება. არაებრაელები (ებრაულად (მრავლობითში) - გოი(მ)) ამას ზოგჯერ ებრაელთა საუკუნოვანი დევნისა და მათი მალვის სურვილის შედეგად წარმოშობილ კულტურულ ტრადიციად აღიქვამენ, თავად სინაგოგა კი რიგ შემთხვევებში ამას სხვანაირად ხსნის: ყოველთვის ცნობილია და ბევრად ადვილად გასაკონტროლებელი, თუ ვინ არის ბავშვის დედა, და ამრიგად ამ ხაზით ეროვნულობის გადაცემა და დაცვა ბევრად უფრო რეალურია. გოიმებისათვის უცნობია, თუ ზუსტად როდის მოხდა ებრაელებში ეროვნული იდენტურობის (რომელიც, ისევდაისევ, ებრაელების შემთხვევაში თითქმის უტოლდება სარწმუნოებრივს) პატრიარქალურიდან მატრიარქალურ ხაზზე გადასვლა, თუმცა ცხადია, რომ იგი ბაბილონში განთესვამდე არ შეინიშნებოდა და განსაკუთრებით იუდაიზმთან ქალდეური სჯულის შერევის შედეგად კაბალლას წარმოშობისა და შემდგომში იესოს წინასწარმეტყველებისამებრ იერუსალიმის დანგრევის (ჩვ. წ. აღ 70 წელს) შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდა. ალბათ, აქ ზემოთ მოყვანილი მიზეზების გარდა სხვებიც არის, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოდაკარგული, მრავალტანჯული, გაფანტული და დევნილი ერის პირობებში ეროვნული ტრადიციებისა და საიდუმლოებების დედის მხრიდან ბავშვზე გადაცემის მეტი სანდოობა, დევნილობისას დაუცველი ქალების მიერ არასასურველი ჩასახვის შემთხვევაში ერის მაინც გამრავლების სურვილი და სხვა. სარწმუნოებრივი იდენტურობის ეროვნულ იდენტურობასთან თითქმის გაიგივებას თუ დავუბრუნდებით, ბუნებრივია, არაებრაელსაც შეუძლია მიიღოს იუდაიზმი, მაგრამ ამით იგი ებრაელი ვერ გახდება, ეს ტრადიციულ იუდაიზმში ბევრად უფრო რთული, რამდენიმეწლიანი პროცესია, რომელსაც იშვიათად, რომ ვინმე წარმატებით ასრულებდეს რაბინებთან.

აქ თვალსაჩინოა სომხურ და ებრაულ ტრადიციებს შორის გარკვეული მსგავსება. იგულისხმება რაიმე ერთი ერის მიერ, რომელიმე სარწმუნოების თითქმის ექსკლუზიურად დასაკუთრება ეროვნების განსაზღვრის ფორმის სახით. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში წარმოშობილი და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მწვალებლობად გამოცხადებული მონოფიზიტობა (ანუ ერთბუნებოვანობა, დაკავშირებული უმანკო ორბუნებოვანი ჩასახვის შემდგომ მაცხოვრის ადამიანური ბუნების მისსავე ღვთაებრივში სრული გაზავება-გაქრობის შესახებ სწავლებით) სომეხთა გრეგორიანულმა ეკლესიამ თითქმის ეკსკლუზიურად დაისაკუთრა და თუმცა დღესაც შესაძლებელია ამ სარწმუნოებაში არა სომეხის მისვლა, ეს თითქმის არ ხდება და ქრისტიანობის ეს განხრა თითქმის მხოლოდ სომხებისთვისაა განკუთვნილი. და თუმცა ასევე არსებობენ არასომეხი მონოფიზიტები ეგვიპტეში, ეთიოპიაში და სხვაგანაც, ბუნებრივია ისინი სომხები ამით არ ხდებიან, ისევე, როგორც ვერავინ მიიჩნევა სომეხად, თუ მას სომხური სისხლი არ ურევია, არა აქვს დიდი მნიშვნელობა მამის თუ დედის მხრიდან.

ეროვნული კუთვნილების დადგენისათვის არსებულ მიდგომათა მრავალფეროვნება რომ კიდევ უფრო წარმოვაჩინოთ, ვთქვათ, რომ არაბს რამდენი ცოლიც არ უნდა ჰყავდეს ჰარამხანაში (თუნდაც ეს იყოს ყურანით დაშვებული ოთხზე მეტი) და რა თმისა, კანის ფერისა და ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მისი ყველა შვილი იბნ-მამისი, ანუ არაბი იქნება, სულაც, რომ მერე სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად ის შვილები პალესტინაში მართლმადიდებლებად მოინათლონ. მაგრამ, თუ მერე მისი რომელიმე ქალიშვილი დუბაიში ჩასახლებულ ბრიტანელ ბანკირს გაჰყვა ცოლად და მათი შვილები ჟენევაში გაიგზავნენ სასწავლებლად, ისინი უკვე თითქმის აღარ იქნებიან არაბები, მათ შვილიშვილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ლინგვისტურად გარუსებული თათრისაგან, ბაშკირისაგან, ევენკისაგან თუ ჩუვაშისაგან მეორე თაობაში აღარაფერი რჩება გარდა რუსისა, იგივე ითქმის გარუსებულ ქართველზე მესამე თაობაში, მაგრამ, ისევ და ისევ, მეათე თაობის სომხის შთამომავალი, სულ რომ ლავროვი იყოს ან სააკაშვილი, სომხებისათვის (და ხშირ შემთხვევაში შეფარულად თავად ლავროვისა და სააკაშვილისათვისაც) მაინც სომეხი არის. ამიტომ, თუ რა არის ერი და ეროვნება, ასე ერთი ტრაფარეტითა და საზომით ვერ გაიზომება და ვერ განიმარტება.

ბევრად უფრო ადვილია განვმარტოთ (და ჩვენ ამას აქ არ შევუდგებით,) თუ რა არის სახელმწიფო. გამომდინარე იქიდან, აღიარებთ თქვენ თუ არა კოსოვოს, ვაზირისტანს, ტაივანს, გალდუმუტს, ჩრდილოეთ კვიპროსს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და სხვათ, თქვენ შეგიძლიათ 193-დან 205 სახელმწიფომდე მოთვალოთ მსოფლიოს რუკაზე. თუმცა კიდევ უფრო ძნელია მსჯელობა იმაზე, თუ რატომ ხდება, ან არ ხდება ესა თუ ის ერი სახელმწიფო სტატუსის მატარებელი. ჩვენი ერისათვის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, აგერ, სულ რაღაც ოციოდე წელია აღიდგინა თავისი უძველესი სახელმწიფოებრიობა, ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ. რისთვის მოგვეცა ჩვენ გამჩენისაგან, ან ათეისტებისათვის - ისტორიული გარემოებების გამო, სახელმწიფო? რა არის ეს, ჯილდო თუ პასუხისმგებლობა? ჩვენზე ბევრად დიდი ოდენობისა და შეძლების ერები არსებობს მსოფლიოში, კატალონიელები იქნებიან ეს ქურთები, პუშტუნები, ჰუტუები თუ ფლანდრიელები, რომლებსაც მსგავსი არაფერი ღირსებიათ. და რა ვუყოთ ჩვენ ამ ჩვენს სახელმწიფოებრიობას აწი?

თუ ჩავთვლით, რომ საკუთარი სახელმწიფოს მოპოვების შემთხვევაში ერი უკეთ უნდა მართავდეს მაინც საკუთარ საქმეებს, უკეთეს პირობებში უნდა აცხოვრებდეს თავისი ქვეყნის მოსახლეობის ყველა წევრს დამოუკიდებლად მისი ეროვნული, თუ სარწმუნოებრივი წარმომავლობისაგან და ზრდიდეს როგორც მის კეთილდღეობას, ასევე მის რაოდენობასა და შემოქმედებით პოტენციალს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში ჩვენმა ერმა ჯერჯერობით სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. მატერიალური და თვლადი ყველა პარამეტრის მიხედვით იგიც და მისი სახელმწიფოც ამ ოცი წლის განმავლობაში მზარდი ტემპებით და სულ უფრო დაიჩაგრა, დატუსაღდა, დავალიანდა, ტერიტორიულად დანაწევრდა და დაპირისპირდა, დაიფანტა, გაღატაკდა, გაირყვნა და განადგურდა.

ამჟამად ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან გვესმის ერთი პოსტულატი, რომელზეც, როგორც ჩანს, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი, თუნდაც ერთმანეთისადმი ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკოსი, თანხმდება: ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მთავარი მიზანია ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროპულ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს გასაგებიცაა, დასავლეთს, როგორც თანამედროვე ცივილიზაციისა და ეკონომიკის ჯერ კიდევ მთავარ ძრავას, უამრავი მიღწევა აქვს, რომელიც ჩვენთვის დღემდე სანატრელად რჩება. და იქნებ ამ წერილში არც ღირდეს ამ მიღწევათა ბანალური ჩამოთვლა, ისინი ისედაც ყველასათვის კარგად არის ცნობილი. უბრალოდ ვთქვათ, რომ დასავლეთის არნახული მიღწევები ყოფის ოპტიმიზაციასა და მოწესრიგებაში, მისი საზოგადოებების საარაკო კანონმორჩილება, წესრიგის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, შესაშური სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დასავლურ ცივილიზაციას დღემდე დედამიწის თანამედროვე ფლაგმანის როლს უნარჩუნებენ და დანარჩენ კაცობრიობას იმდენად ხიბლავენ, რომ იგი უმეტესწილად ვერ და არ ამჩნევს იმავე დასავლეთის მიმდინარე დეკადანსის უკიდურესად შემაშფოთებელ ტენდენციებს, რომლებიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში და რომლებზეც ოდნავ მოგვიანებით გვექნება საუბარი. თანამედროვე მოაზროვნე ქართველისათვის შეუძლებელია და სიგიჟეა არ უყვარდეს დასავლეთი, მისი დიდებული მუსიკითა და მწერლობით, არქიტექტურითა და ფილოსოფიით, ესთეტიკითა და მრავალფეროვნებით. პიროვნებას არ შეიძლება არ იზიდავდეს ინდივიდუალური განვითარების ის არნახული გასაქანი, რომელსაც დასავლეთი სთავაზობს მას, ამის არდამფასებელი ადამიანი ან უმადური უნდა იყოს, ან არაობიექტური. და ჩვენი სურვილიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთისკენ სწრაფვისა და ინტეგრაციისა პავლოვის ძაღლის შეძენილი რეფლექსის მსგავსად არის გასაგები, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის ფონზე.

მეორე მხრივ ჩვენი ეს დეკლარაცია, თანამედროვე დასავლურ ოჯახში ინტეგრაციისა და იქ ღირსეული ადგილის დამკვიდრების სურვილის თაობაზე, თავისთავად უაღრესად წინააღმდეგობრივია, რადგან ევროატლანტიკურ სივრცეში შემავალ სახელმწიფოთა და ერთა შორის უამრავი მსგავსებაცაა და უამრავი განსხვავებაც. მაგალითად, ერთია ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული, თუნდაც დღეისათვის ამ საფუძველეროზირებული ევროპა და მეორეა ატლანტის ოკეანის გადაღმა მყოფი ამერიკა-კანადა, რომელთა კულტურულ დნმ-შიც ქრისტიანობა კიდევ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს და იმდენადაა გაზავებული ჩვენთვის გასაგები ქრისტიანობის აღქმისაგან მისგან, ლამის ისლამზე შორს მდგომი პროტესტანტიზმისა (თუ მერე კათოლიციზმისგან თუ პროტესტანტიზმისაგან ნაბარტყ ანგლიკანიზმში, ბაპტიზმში, პრესვითერიანიზმში, სამხრეთ მეთოდიზმსა და სხვა "ქრისტიანიზმებში") და თვითმყოფადი იუდაიზმის გავლენებში, რომ ცოტაღა რჩება საერთო ჩვენთან ღირებულებრივი და ზნეობრივ-ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი მსგავსების მნიშვნელობა კი რომელიმე ერის სხვა ერთა ოჯახში გასაერთიანებლად სათავო საკითხი რომ არის, ჩვენს დროში ეს მხოლოდ იმ ვაიპროგრესისტებმა არ იციან, რომლებიც ასიოდე წელიწადში ერთხელ ევლინებიან ჩვენს ქვეყანას ხან ბოლშევიკების და ხან ლიბერალ-დემოკრატების სახელწოდებით. ისინი უხსენებელი მამის ტყუპი შვილებივით ჰგვანან ერთმანეთს საკუთარი ქვეყნისა, მისი სარწმუნოებისა, ადათ-წესების და ერთმანეთის გესლიანი სიძულვილით. ვერც ბოლშევიკებს და ვერც ლიბერალებს ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ქვეყნის არსებობა მათი კერპი იდეოლოგიის ქვეშ მისი სრული დამონების გარეშე. ეს ბოლშევიკ-ლიბერალები ყველას, ვინც მათ აზრს არ იზიარებს, თავისუფლების ლოზუნგით უსწორდებიან მათი დატუსაღებით, დასჯითა და ჩარეცხვით. და როდესაც უფალი ერს მათი სახით მოვლენილ სასჯელს დროებით კვლავ აკმარებს, ისინი, როგორც წესი, თვითონვე ირეცხებიან ხოლმე იმისათვის, რომ წესიერი საზოგადოებისაგან დროებით ისევ ჩრდილს მოეფარონ და კვლავ დაელოდონ საკუთარი თესლის შემდგომ ამგვარ აღზევებას. სხვამ ყველამ კი მშვენივრად იცის, რომ ზემოთ ხსენებული კულტურულ-მსოფლმხედველობრივი თავსებადობის გარეშე შეუძლებელია რომელიმე ერის სხვა ერების ოჯახში მეტ-ნაკლებად ჰარმონიული გაერთიანება, ისევე, როგორც შეუძლებელია ერის კულტურულ-მსოფლმხედველობივი ფესვების შეცვლა და ახალი ადამიანის შექმნა ერის იდენტურობის დაკარგვის გარეშე. შევხედოთ, მაგალითისათვის, იმ ხელოვნურ და მრავალწლიან ტანჯვა-წამებას, რომელსაც თურქეთის ნატოს წევრობა და ევროკავშირში გაერთიანების კანდიდატობა ჰქვია. და თუ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის და მასთან ერთად მცხოვრები სხვა ერთა წარმომადგენლების მთავარი მიზანი არის არა ისტორიულ, არამედ თანამედროვე ევროატლანტიკურ სივრცესა და ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილის დამკვიდრება, მაშინ პირველ რიგში გვმართებს კარგად გავერკვეთ, თუ რა გვაქვს იმ ერებსა და თანამედროვე სახელმწიფოებთან საერთო და რა - განსხვავებული.

ამ ანალიზამდე სანამ მივიდოდეთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ძირითად შიდა განსხვავებებს (რომლებიც უფრო ღრმა ანალიზისას ზოგჯერ მსგავსებებადაც კი იქცევა ხოლმე) თუნდაც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის. ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი და ვთქვათ, რომ ბოლო წლების მრავალი გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ღმერთი სწამს და დასავლეთევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ღმერთი არ სწამს. ეს თითქოსდა ერთი შეხედვით ძირეული განსხვავება იმ ქვეყნებში ნაცხოვრები ადამიანისათვის უაღრესად თვალში საცემია.

სხვა საკითხია, რა არის ამერიკელებისათვის ღმერთი. მათ ფულად ერთეულზე, დოლარზე, გამოსახული ყოვლისმჭვრეტელი მასონური თვალის ქვეშ დაწერილი "In God We Trust" (თარგმ. "ღმერთის ჩვენ გვწამს") ცნობიერად, თუ შეუცნობლად მთელს პლანეტაზე ყველაზე ხშირად ხილვადი და შეხებადი გამოსახულებაა. იგი მილიარდობით ადამიანისა და ორგანიზაციის ხელში ტრილიონობით ბრუნვას ახდენს ყოველდღიურად და იშვიათად ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ იგი ნამდვილად წარმოადგენს ამერიკული კულტურის "ღმერთს", რომლისაც ამერიკელებსა და მათი კულტურის აპოლოგეტებს უცილობლად სწამთ. ეს "ღმერთი" ამერიკული ინგლისურის ჟარგონშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს და კაცობრიობისათვის ყველაზე დამახასიათებელ შეძახილის "ღმერთო ჩემო!", "Боже мой!", "Mon dieu!", "Dios Mio", "Mein Gott!", "My God!"-ს და ა.შ. ჭეშმარიტ შინაარსს თემატურად სრულიად ისაკუთრებს. ამავე დროს თანამედროვე დასავლეთ ევროპის უმეტეს ქალაქებში (იქნება გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სამხრეთული მცირე ქალაქების გამოკლებით) ღმერთზე საუბარი ადამიანის ჩამორჩენილობის ნიშნად ითვლება. საფრანგეთში, მაგალითად, წელიწადში 20 ათასამდე ტაძარი იხურება და რესტორნებად, კინოთეატრებად თუ ძაღლებისა და კატების დაქორწინების რიტუალურ სახლებად გამოიყენება. და მიუხედავად ამ თითქოსდა ძირეული განსხვავებისა, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ორი სამყაროს არქიტექტონიკისა და ურბანისტურ-რურალური სტრუქტურების, ისტორიის სიღრმეთა და ლინგვისტურ-ეთნიკურ პალიტრათა უმძაფრესი კონტრასტი, მაინც უამრავია მსგავსება ამ ორ სამყაროს შორის. ეს მსგავსებები ამ ორი სამყაროს გაერთიანებასა და ერთ კულტურადა და თუ გნებავთ, ერთ იმპერიად მოაზრებას სულ უფრო შესაძლებელს ხდის, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ჩამოვთვალოთ ეს მსგავსებები დასავლეთ ევროპასა და გაღმა-ატლანტიკას შორის და თან ვკითხოთ ჩვენს თავს, ვიზიარებთ თუ არა ამ ჩამონათვალს, როგორც საჩვენოსა და მისაღებს ჩვენი ოჯახის, საზოგადოებისა და ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისათვის.

ყველაზე უკეთ ეს მსგავსება დასავლურ ქვეყნებს შორის მათი ოჯახისადმი თანამედროვე დამოკიდებულებაში ჩანს. აშშ-შიც (საშუალოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით) და დასავლეთ ევროპის დიდი ქალაქების უმრავლესობაშიც, საშუალოდ ყოველი მეორე ოჯახი (50%-ზე მეტი) ინგრევა და ამის შედეგად ყოველი მეორე ან მეტი ბავშვი უმშობლოდ რჩება. მაგალითად, ბერლინში სტატისიკურად ბინების 53%-ზე მეტი უკვე მხოლოდ ერთი მობინადრითაა დასახლებული, რაც საოცარ ანალოგიას წარმოადგენს ჰოლივუდის ჰიტ "The Matrix"-თან, რომელშიც ჰიპნოზირებული, დათითოცალებული ადამიანები ენერგობატარეებად არიან შეერთებულნი მილებზე და სისტემა მათ ავტომატურად უკმაყოფილებს ცხოველურ-ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, - აწვდის საკვებს, ათავისუფლებს სითხეებისაგან და აყურებინებს საკუთარ ცხოვრებას ფილმად. დასავლეთში უკვე გაიზარდა და დაბერდა ადამიანთა საზოგადოების საუკუნოვანი წესების ძირეულად უარმყოფელი თაობა და მათი შვილების და შვილიშვილების მთავარი მიზანი აწი არის რაც შეიძლება მეტი ფული და სიამოვნება და ამისათვის საკუთარი "უფლებების" დაცვა, თუნდაც ოჯახის წევრების საწინააღმდეგოდაც კი.

დასავლეთში უკვე უაღრესად გავრცელებულია ისეთი მანკიერი ოჯახური პრაქტიკა, როგორიცაა, მაგალითად, შვილების მიერ ხანდაზმული მშობლების ცარიელი ბოთლებივით ჩაბარება მოხუცთა სახლებში. მშობლის "ცივილიზებული" მოკვეთის ამ აქტის მერე, ცოცხლად დარჩენილი ერთ-ერთი მშობელი წლების მანძილზე არის გამოკეტილი თავისნაირ მარტოხელა მოხუცებთან კარტის სათამაშოდ და ვალსის საცეკვაოდ. ამასობაში მისი შვილები, სიძე-რძლები, შვილიშვილები და შვილთაშვილები თავიანთ ჭიას ახარებენ მათ გარეშე და იმავე ბედს ელიან სიბერეში. მათ აღარ სჭირდებათ დაუძლურებული ბებია-ბაბუები, რომელთა მოვლაცა და რომელთაგან სიბრძნის მოსმენაც მათ ადამიანებად განავითარებდათ. მათ ურჩევნიათ ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალობის ნიშანიც კი ამოშანთონ თავიანთი ყოფიდან, თუნდაც ცოცხალი მშობლის მოკვეთის ხარჯზე და მისი მოვლა სხვებს გადააბარონ, თუნდაც ამისათვის მეტი ხარჯის გაწევით.

ასეთ საზოგადოებებში მოქმედებს ალოგიკური კლიშეები, რომელთა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აბსურდულობა შეუმჩნევლად რჩება მილიარდამდე ლოგიკურად მოაზროვნე, მაძღარი ადამიანისათვის. მაგალითად, დასავლეთში ითვლება, რომ ახალგაზრდამ ჯერ უნდა იცხოვროს გარყვნილი სქესობრივი ცხოვრებით, რათა მოილიოს გარყვნილების სურვილი და უკეთ მოემზადოს დაღვინებულ ასაკში სტაბილური ოჯახის შესაქმნელად. სინამდვილეში კი ეს ყალბი აქსიომა სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა, როგორც უკვე ვთქვით, სტატისტიკურად ასე "მომზადებული" ადამიანების ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. ეს ასე ხდება, რადგანაც ნამდვილი აქსიომა სრულიად საპირისპიროა და იგი საუკუნეების მანძილზე იყო ცნობილი კაცობრიობისათვის: რაც უფრო ღრმად შედის ადამიანი ცოდვაში, მით უფრო ძნელად ანებებს იგი მას თავს. ხოლო ტრადიციულ საზოგადოებებში შეურყვნელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ოჯახები, ინდოეთი იქნება, არაბეთი, სპარსეთი, არა მოსკოვური რუსეთი, თუ არა თბილისური საქართველო, ბევრად უფრო სტაბილურია და მათში მცხოვრები ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ხშირად დამოუკიდებლად მათი მატერიალური მდგომარეობისაგან. და რაოდენ გასაკვირია, რომ დასავლურ სამყაროს, რომელსაც თავი მოაქვს საკუთარი უპრეცედენტო ლოგიკურობითა და მეცნიერული აღჭურვილობით, ლოგიკასთან თავისი მორალის ეს აშკარა მარცხი შეუმჩნეველი რჩება აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია.

უფრო მეტიც, დასავლეთში უკვე ნორმად არის მიჩნეული საუკუნეების მანძილზე ნებისმიერი ადამიანური ტრადიციისა თუ სარწმუნოების მიერ უმძიმეს ცოდვად, ანუ ღმერთის წინაშე დანაშაულად და უდიდეს სირცხვილად შერაცხილი გარყვნილების ისეთი უკიდურესი ფორმები, როგორიცაა მამათმავლობა და ლესბოსელობა, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს, ამ ადამიანის არსებობის ერთადერთ ბუნებრივ გარემოს, სრულიად ანგრევს და ძირს უთხრის. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ დასავლეთში ნელ-ნელა მტკიცდება ე.წ. ერთსქესიანი "ქორწინებების" ინსტიტუტი, რომელიც ამ თითქოსდა ადამიანის უფლებების დამცველ საზოგადოებებში ძირშივე უსპობს ბავშვებს ადამიანობის უფლებას, მათი ასეთ "ოჯახებში" გაშვილების ნების დართვით. ამას წინათ საფრანგეთის პარლამენტმა კენჭისყრისას უმრავლესობით დაუჭირა მხარი ერთსქესიანი ქორწინების კანონს.

თუმცა ბავშვებს დასავლეთში კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ. შექმნილი და დანერგილია სასამართლო სისტემის ისეთი გაუკუღმართებული მიმდინარეობა, როგორიცაა ე. წ. იუვენალური, ანუ საბავშვო იუსტიცია. მისი დებულებების მიხედვით, ვითომდა უსამართლოდ დაჩაგრული ბავშვის ძებნა-დაცვის ლოზუნგით, ოჯახისათვის უცხო ადამიანებს უფლება აქვთ შეიჭრან ოჯახებში, მშობლები ბავშვების თვალწინ დასაჯონ და წაართვან ბავშვი მშობლებს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც მშობელზე ნაწყენ ბავშვს ასეთ გარემოში შეუძლია მოიტყუოს სკოლაში, რომ მაგალითად, მას მამამ დაარტყა ხელი და ბავშვისათვის გაუცნობიერებელი შედეგი დგება: ოჯახში იჭრება ფულზე მომუშავე იურისტი და ართმევს ბავშვს მშობლებს. ამ იურისტსვე შეუძლია ჩაატაროს ოჯახის მაცივრის ინსპექცია, განსაზღვროს სწორად აჭმევ-ასმევენ თუ არა ბავშვს მშობლები და ამის საფუძველზე წაართვას ბავშვი მშობლებს. უკვე არის იუვენალური იუსტიციის მსხვერპლი ოჯახების ათიათასობით მაგალითი დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოს ეკონომიკას მართავენ.

დასავლურ ქვეყნებშივე ძალას იკრებს პედოფილიის ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობა, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შექმნილია პედოფილიის პროპაგანდის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბებას და სქესობრივი კავშირისათვის დასაშვები ასაკის 14, ან სულაც 12 წლამდე ჩამოწევას, მამაკაცების ბიჭებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციის მოთხოვნას. ერთი ასეთი პოლიტიკური მოძრაობა უკვე არსებობს ჰოლანდიაში, როგორც დასავლეთის "გამოხატვის თავისუფლების" ფლაგმანში, არის ასეთი საზოგადოებები ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც. და თუ მომავალში რომელიმე დასავლური პარლამენტი საკმარისად გაიხრწნება, რათა მხარი დაუჭიროს პედოფილისტურ კანონს, კაცობრიობის დეგრადაციის ეს ფორმაც რეალობა გახდება იმ ქვეყანაში. რამეთუ თანამედროვე დასავლეთში ზნეობა უმეტესწილად გატოლებულია მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც არ არის აკრძალული კანონით, ყველაფერი ის შეიძლება ადამიანისათვის. და თუ ვინმეს პედოფილიის ლეგალიზაცია შეუძლებელი მიაჩნია, გადახედოს უახლეს ისტორიას და დარწმუნდეს, რომ ზუსტად ასევე შეუძლებელი ჩანდა ერთსქესიანი "ქორწინების" ლეგალიზაციაც ჯერ კიდევ ჩვენი ცხოვრების ადრინდელ პერიოდში.

ამავე ქვეყნების მიერ მიღებული საგადასახადო სისტემები გულისხმობს უმძიმეს და მზარდ გადასახადებს სახლზე, ბინაზე, საკუთარ მიწაზე და დევნის ადამიანს ყველგან, აიძულებს მას იცხოვროს მარტომ, ნაქირავებ ბინაში და უქრობს ყოველგვარ მოტივაციას ჰქონდეს სახლი, მიწა, ჰყავდეს შვილები. სანაცვლოდ, სულ უფრო მეტი პროცენტი სახლებისა და ბინებისა ეკუთვნით სპეციალურ ფონდებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებზე გავლენის მქონე პირთა და ორგანიზაციათა ვინაობა ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი და ჩახლართულია. ხოლო ადამიანები ამჯობინებენ იცხოვრონ ნაქირავებში, ქირა კი იმ ფულით იხადონ, რომელსაც შოულობენ სამსახურებში და რომელიც უდევთ ბანკებში, რომლებზე მათი კონტროლი და გავლენაც უდრის ნულს. უკვე აღარ არის საკმარისი ადამიანმა აიშენოს ან შეიძინოს სახლი, რათა იქ ოჯახი დააფუძნოს. აუცილებელია მან ამ სახლში ცხოვრების უფლებისათვის, დენისა და წყლის გადასახადების გარდა, ქონების გადასახადის სახით მთავრობას ათასობით და ათიათასობით დოლარი უხადოს ყოველწლიურად, რათა ეს სახლი მას არ ჩამოერთვას. ეს იმდენად დიდი პრობლემა გახდა დასავლეთში, რომ იგი შეგვიძლია მივიჩნიოთ ოჯახური კერების ნგრევის ტენდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს დასავლურ ქვეყნებში მცხოვრებ ასობით მილიონ ადამიანს, გახლავთ პირადი ვალი საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე. აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე დაგროვებული პირადი ვალი კაცობრიობის ისტორიაში არნახულ სიდიდეებს აღწევს და თავისუფლების მაძებარ და უფლებების დაცვის მოყვარული ქვეყნების მოსახლეობას ბევრად უფრო დიდ მონობაში ამყოფებს, ვიდრე მათ, ვისაც ეგ პრობლემა არა აქვთ.

კომპლექსური და ყოვლისმომცველია მედიის შეტევა დასავლეთში ადამიანის ფსიქიკასა და ქცევის ნორმებზე. ეს იმდენად ფართო თემაა, რომ ამ წერილში მხოლოდ მის ერთ აისბერგს თუ შევეხებით, რომელიც უშუალო კავშირშია ანტიოჯახური, ანუ ანტიადამიანური ფსევდოკულტურის აგრესიასთან. დასავლური ქვეყნების ვითომდა პროპაგანდისაგან თავისუფალი მედია და სოციოლოგია ადგენენ ადამიანისათვის სქესობრივი აქტიურობის ნორმებს, ამ შტამპებში აქცევენ ადამიანის ფსიქიკას და აიძულებენ მას "უნდოდეს" ეს ნორმები და "ჩამორჩენის" შემთხვევაში, შთააგონებენ მას აუცილებლობას "დაეწიოს" ამ ნორმებს დიეტებით, ამაგზნებელი აბებით და დროებით მიღებული და მარად ცვალებადი გარეგნობის ესთეტიკური სტანდარტებითა და ჩაცმა-მოხატვის მოდით.

ყოველივე ეს, სხვა მიზეზებთან ერთად, ამ ქვეყნებში იწვევს არალეგალური ნარკოტიკებისა და ლეგალური, ნახევრად ნარკოტიკული შემცველობის ანტიდეპრესიული მედიკამენტების უპრეცედენტო რაოდენობით მოხმარებას. ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს დასავლეთში უმძიმეს ნარკოტიკებს და ბევრი იღუპება კიდეც მათ გამო. ამ სფეროში საქართველო, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ყველაზე უფრო პროდასავლურ და დასავლეთზე მეოცნებე რესპუბლიკად ითვლება, არავის არ უდებს ტოლს და ნარკომანიზაციის რეკორდული მაჩვენებლებით გამოირჩევა მსოფლიოში. რაც არანაკლებ სახიფათოა, დასავლეთში ასობით მილიონი ადამიანი ფიზიკურად დამოკიდებულია "პროზაკის" მსგავსი ლეგალური, კვაზინარკოტიკული დამოკიდებულების გამომწვევი აბების დღიურ მიღებაზე. ეს აბები ადამიანს თვალის გუგებს უფართოებს და "ბედნიერების" შეგრძნებას უჩენს თავისი მოქმედების განმავლობაში. ამ და სხვა ენდოკრინულ-კონტრაცეფტიული ეფექტის მედიკამენტებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების მიღების შედეგად გამოწვეული სასიკვდილო დაავადებების გარდაუვალი ზრდის ფაქტი კი ყოველწლიური, მრავალმილიარდიანი, ურთიერთგამომრიცხავი შედეგის მქონე სამედიცინო კვლევების ბურუსში იკარგება და თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის უტყუარ მნიშვნელობაზე ხურდავდება.

ადამიანისათვის ამ არაბუნებრივი და დაძაბული ვითარების შედეგად საკუთარ თავსა და ინტერნეტთან უკონტროლოდ მიტოვებული ბავშვების ფსიქიკაში კი იბადება კაცობრიობისათვის ჯერ არნახული მასშტაბის სისასტიკე და ურჩხულები. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ქვეყნების ბავშვების მიერ მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღით უმოწყალოდ, მასობრივად დახოცილი თანაკლასელებისა და თანასკოლელების რიცხვი ბევრად აღემატება ყველა განვითარებად ქვეყანაში დახოცილი ბავშვების რიცხვს, რომლებსაც მსგავსი არაადამიანური ფენომენი არც კი უნახავთ თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. თუ ამას დავამატებთ ამავე ქვეყნებში (მაგალითად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში) ქუჩური დანაშაულის შედეგად დახოცილი ბავშვებისა და მოზარდების რიცხვს, ვნახავთ, რომ ამ სფეროში დასავლეთს ტოლი არა ჰყავს და რომ ყველაზე მეტი ბავშვი ძალადობრივად სწორედ დასავლურ ქვეყნებში იხოცება. ბავშვთა სიკვდილიანობით დასავლეთს მხოლოდ აფრიკის ღარიბი ქვეყნების სიკვდილიანობა თუ შეედრება, რომელიც მასობრივი ეპიდემიებითა და შიმშილობითაა გამოწვეული და რომლის აღმოფხვრასაც, თავის მხრივ, აქამდე გაეროს მიერ ამ საკითხებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის წილადიც კი ეყოფოდა.

მსოფლიოში ყველაზე "თავისუფალი" ქვეყანა, აშშ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა პატიმართა პროცენტული რაოდენობით თავის მოსახლეობასთან შეფარდებით. მას ამ 9 წლის განმავლობაში თავდაჯერებულად წამოეწია სააკაშვილის მმართველობის ხანის საქართველო, რომელმაც 2003 წლის 59-ე ადგილიდან ამაყად დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი 2012 წელს. და თუ საქართველოში არჩევნებისათვის მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდილ მაჩვენებლებსა და პატიმართა რაოდენობის შენიღბულ მაჩვენებლებს გადავამოწმებთ, იქნებ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ რაღაც მომენტში, როდესაც მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 24 ათასი პატიმარი დაგვიფიქსირდა, სინამდვილეში პროცენტულად აშშ-საც კი ვაჯობეთ და მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით.

ირონიულია, რომ სწორედ გამდიდრებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუკუნობით გადამკვდარი დასავლური ქვეყნები არიან მუდმივი გაკოტრების კანდიდატები და მათი საზოგადოებების მთელი ყურადღება მარად იმაზეა მიმართული, თუ როგორ გადარჩნენ ამ გაკოტრებას. ამ მიზნით ისინი მოკლე ვადით ირჩევენ ლიდერებს, მერე თითოეულ მათგანში ცრუვდებიან და აპანღურებენ მათ ახლების სანაცვლოდ, მხოლოდ იმისთვის, რომ იგივე ქნან ორიოდე წლის მერე. ამ სისტემას ქვია რატომღაც უმცირესი ბოროტებათა შორის, მთელს მსოფლიოში მოარული ფრაზაა "უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონებიათ", როცა კი, რაც წლები გადის, იგი სულ უფრო ემსგავსება უდიდესს ბოროტებათა შორის. ამ სისტემას საფუძველში უდევს ორი ძირეული დებულება და ორივე მათგანი ღრმად ბოლშევიკური ხასიათისაა: (ა) ხალხის ინტერესებს ყველაზე უანგაროდ არჩეულ წარმომადგენელთა კრებული ასახავს, რომელიც ერთმანეთში არ შეითქმება და ხალხს ემსახურება და (ბ) დროებით არჩეული ღატაკები არ გაბედავენ პარვას, რადგან მათი კარგად მოქცევის სურვილს განაპირობებს მეორედ არჩევის პერსპექტივა. რა თქმა უნდა, დასავლეთში ეს ბოლშევიკური დებულებები უფრო დახვეწილ ფორმებს ატარებს და ელეგანტური სახელებითაა შემკობილი, მონტესკიეს მიხედვით, ძალაუფლების სამ შტოდ გაყოფა იქნება ეს, ამ შტოთა შორის ე. წ. უხილავი ჩინური კედლების აგება თუ გადამოწმებათა და საპირწონეთა სისტემა. და თუმცა, რა თქმა უნდა, რომ დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის დახვეწისათვის მთელი მსოფლიო იღვწის საუკუნეების მანძილზე, რატომღაც დასავლურ ე. წ. ლიბერალურ დემოკრატიას თავი ჭეშმარიტების ერთადერთ მატარებლად მოაქვს. თუ ვიკიპედიაში ავკრეფთ შეკითხვას, რა არის დემოკრატია, მივიღებთ პასუხს იმის შესახებ, რომ დემოკრატიის უნივერსალური გასაზღვრება არ არსებობს. იმავე ინტერნეტ-წყაროს მონაცემებით, მისი ლინგვისტური ვერსიიდან გამომდინარე, შევძლებთ დავითვალოთ თორმეტზე მეტი ფორმის დემოკრატია, რომელთაგან ორი ისლამურია და ლიბერალური კი - ერთ-ერთი. დემოკრატიის ფორმების მრავალფეროვნება კაცობრიობისათვის დიდი ხანია ცნობილია, ჩვენს წელთაღრიცხვამდელი მესოპოტამიის მონარქთა დროებითი არჩევითობითა და პენსიაში გაშვება იქნება ეს, პაკისტანისა და ინდოეთის სოფლის მართვის პანჩაიატის სისტემები თუ ჩვენებური ხევისბერებისა და მახვშების ინსტიტუტები. და გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ მსგავსი მრავალფეროვნების პლანეტის ერებმა ხალხის მმართველობის რომელიმე ერთი ფორმა საყოველთაო სტანდარტად.

ამასობაში ჩვენი აზროვნებაც ისე დაიშტამპა კლიშეებით, რომ ატროფიის უკიდურესობებამდე მივიდა. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი თავის პირველივე მუხლში ასეთ წინადადებას ვკითხულობთ: "საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა", რაც ქართულად ითარგმნება ასე: "საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის ხალხის მმართველობის მმართველობა ხალხისა", რამეთუ ბერძნულად "დემოს" ნიშნავს ხალხს და "კრატოს" ნიშნავს მმართველობას და ლათინურად "რაიხ" ნიშნავს მმართველობას და "პუბლიკა" ნიშნავს ხალხს. ეს არ კმარა და ახლა სერიოზულად განვიხილავთ ამავე კონსტიტუციაში ჩაწერას იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გარკვეული გეოგრაფიისაკენ არის ორიენტირებული და ვამართლებთ ამას იმით, რომ თითქოს მსგავსი ჩანაწერი საკუთარ კონსტიტუციაში ჰქონია ერთ-ერთ ბალტიისპირულ ქვეყანას. ამ წამხედურობის ეპოქაში, ჩვენვე ვიჯერებთ დასავლური სტერეოტიპების ნებისმიერ ალოგიკურ გამოვლინებასა და უგულებელვყოფთ მათ ნებისმიერ უარყოფით შედეგს. მაგალითად, ერთპარტიულისაგან განსხვავებით თავისუფალ და სრულიად სამართლიან სისტემად მივიჩნევთ ორ- ან სამპარტიული ოლიგოპოლიის ქვეყნებს, რომლებშიც, თუმცა დამოუკიდებელ პოლიტიკურ კანდიდატებს არავინ უკრძალავს პოლიტიკაში ბედის ცდას, მაგრამ ყველამ მშვენივრად იცის, რომ მათ არანაირი შანსი არა აქვთ ოლიგოპოლიის კანდიდატებთან შეჯიბრებისას.

როგორც უკვე ვახსენეთ, მიუხედავად დასავლეთის მუდმივი ზრუნვისა ეკონომიკაზე, იგი, მსოფლიოს სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, პერმანენტულად ბალანსირებს გაკოტრების უფსკრულთან. საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო ვალის პრობლემები იმდენად შეუქცევადია, რომ შველა არსით ჩანს და მათი ფინანსური კოლაფსი მხოლოდ დროის საკითხია. ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ის კოლოსალურ 10 ტრილიონ დოლარიან საგარეო ვალს, დაგროვილს აშშ-ის სახელმწიფოს არსებობის 200-ოდე წელიწადში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კიდევ 6 ტრილიონი დოლარი შემატა და ამით მსოფლიო ეკონომიკური პროცესების არნახულ აჩქარებას ჩაუყარა საფუძველი. მანვე ამ ცოტა ხნის წინ ჩართო დოლარის საბეჭდი მანქანები და აშშ-ც და მისი საგარეო ვალის უმსხვილესი მფლობელი ჩინეთიც უმძიმეს, იქნებ გამოუვალ, ფინანსურ ლაბირინთში შეიყვანა.

თუმცა ვალის ზრდის სიჩქარითაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონია ბოლო დეკადის განმავლობაში. მისი საგარეო ვალი ამ პერიოდში დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა. და თუმცა ეს ზრდა შედარებით დაბალი სასტარტო დონიდან დაიწყო, იგი უკვე "უკაკუნებს" შიდაეროვნული პროდუქტის 50%-ს და თუ ასე გაგრძელდა, ხუთიოდე წელიწადში ჩვენი ქვეყანაც საბერძნეთის ბედს გაიზიარებს, სრულიად დაკაბალდება ე.წ. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წინაშე, რომელთა ცივსახიანი ოფიცრებიც შემდგომში გვიკარნახებენ რამდენი მეცნიერი უნდა გვყავდეს და რამდენად ნაკლები უნდა ჰქონდეთ ხელფასი ჩვენს ისედაც გაწამებულ მასწავლებლებსა და ექიმებს, მეხანძრეებსა და ჯარისკაცებს, რამდენი უნდა ჰქონდეთ პენსია ადამიანებს, რომლებმაც ბოლო ოცი წელი საშინელ პირობებში იცხოვრეს და ძლივს მიატანეს სული ხანდაზმულობამდე.

თვითმკვლელობათა სტატისტიკაც ყველაზე მაღალი სწორედ დასავლურ ქვეყნებშია. აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მომრავლებულ თვითმკვლელობებს ადგილობრივი მედია ხან ეკონომიკური კრიზისით, ხან იარაღის ხელმისაწვდომობით და ხან რითი ხსნის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ყველაზე ხშირად ადამიანები თავს სწორედ დასავლურ ქვეყნებში იკლავენ.

ამრიგად, მტკიცება იმისა, რომ დასავლეთი საუკეთესო ადგილია ადამიანის ცხოვრებისათის, ასე ცალსახად სულ უფრო და უფრო ჭირს ბოლო ათწლეულების მოვლენებიდან გამომდინარე. ამ აზრის გამოთქმის გაბედვაც კი სრულიად წარმოუდგენელია ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც მზარდი ინტენსივობით, აგერ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, მიაჩვიეს უალტერნატივო აზროვნებას, რომელშიც დასავლური სისტემა არის აბსოლუტური კერპი, ხოლო ყველა, ვინც მისი სიავკარგის გარჩევას ცდილობს - რუსეთის აგენტი, რეტროგრადი და შავრაზმელი. და თუმცა დასავლეთს უდავოდ გააჩნია თავისი უპირატესობანი, ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე იქ მიმდინარე პროცესები იმდენად ნეგატიურია, რომ სათუოს ხდის დასავლეთის, როგორც ყველაფერში მისაბაძი მაგალითის მარგებლობას.

ჩვენივე უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ვინმემ რომც განიზრახოს დასავლეთის სრული, ზედმიწევნითი ასლის შექმნა საქართველოში, იგი ამას მაინც ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს ერსა და ქვეყანას მართებს გულთგონიერი გამომრჩევლობის უნარის გამოვლინება დასავლურ ცივილიზაციასთან დიალოგში. არ უნდა ვიმეოროთ თუთიყუშებივით არც საზოგადოებამ და არც პოლიტიკოსებმა მათეული კლიშეები და ლოზუნგები. ადამიანს სჭირდება არა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული შიდაეროვნული პროდუქტის ნომინალური დოლარების მაქსიმალური რაოდენობა, არამედ ადამიანური გარემო, რომლის საფუძველიც არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახი, სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა საჭმელ-სასმელი, განცდა ადამიანის მიერ სხვა ადამიანისაგან (და არა მხოლოდ ინსტიტუტისაგან) ადამიანური დამოკიდებულებისა და თანადგომისა. და სწორედ ესენი არის უდიდესი დეფიციტის კატეგორიები დასავლეთში.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დასავლეთში ადამიანს ყველაზე მეტი ნივთი და საჭმელი აქვს კაცობრიობის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს ყველაზე "დაცულია" თავისი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ, იგი უკიდურესად განმარტოვდა, დარჩა ოჯახის გარეშე, თავისი საკრედიტო ბარათის იმედად და თუ რამდენად მანუგეშებელია ეს იმედი, ამის დასტურს ჩვენ რეგულარულად ვხედავთ ზემოთ მოყვანილ და სხვა, აქ არნახსენებ პარამეტრებში.

დასავლეთს თითქოს აუხდა ილიასეული სიტყვები ადამიანის ხორციელი და სულიერი ყოფის ბალანსის აუცილებლობის შესახებ:

"ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო "პურითა ერთითა ცოცხალ არს". მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტების ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახოციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი".

სრულიად ცხადია, რომ ლეონარდოსეული სარკისებრი ბუღალტერიისა და შიდა წვის ძრავის შემქმნელი ისტორიული დასავლეთი ახლა სხვაა და ბოლო 50 წლის დასავლეთი - სხვა და რომ მოცემულ ვითარებაში, დასავლური განვითარების ამჟამინდელ ძირითად ვექტორს კაცობრიობა უფსკრულისაკენ მიჰყავს. მისი იდეოლოგია, დაფუძნებული არა ადამიანის პასუხისმგებლობასა და თვითშეზღუდვაზე, რომელიც ყოველთვის იყო ამა თუ იმ კულტურისა და რელიგიის სიდიადის საზომი, არამედ მის ე. წ. "უფლებებსა" და უძღებებაზე იწვევს სულიერების, ოჯახიანობის, სიმშვიდისა და ნორმალურობის ტოტალურ კრიზისს და სწორედ ეს არის ის, რაც ამჟამად მსოფლიოს აკლია ყველაზე უფრო.

ამასობაში დასავლური ქვეყნების პოლიტიკის სადისკუსიო სპექტრი, ხელოვნურად გაყოფილი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზე, შემოიფარგლება უპრიმიტიულესი და დაუსრულებელი კამათით კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ეს კამათი მიწოდებულია დასავლეთის ე.წ. ოქროს მილიარდიანი მოსახლეობისათვის, როგორც უსასრულო დებატი და მთლიანად და თავისუფლად ეტევა ამ საერთო მცდარი და ჩიხური ვექტორის ფარგლებში, თუ გნებავთ, შეადგენს ამ ჩიხური ვექტორის მარჯვენა და მარცხენა წახნაგებს. მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს ფილოსოფოსს, ვლადიმერ სოლოვიოვს, თავის ცნობილ ნაშრომში "Чтения о Богочеловечестве," (თარგმ. "კითხვანი ღმრთის განკაცების თაობაზე") ნათქვამი აქვს, რომ ძირეული განსხვავება ქრისტიანობასა და სოციალიზმს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანობა ურჩევს ადამიანს გაიღოს თავისი, ხოლო სოციალიზმი მოითხოვს ჩამოერთმეულ იქნეს სხვისიო. და საოცარია, რაოდენ უსასრულო და ჩიხურია დასავლეთში კამათი შემქმნელ და მშოვნელ მომმოქმედებელსა (Entrepeuneur - ფრანგ.) და წამრთმევ და მხარჯველ მოხელეს (Beaurocrat - ფრანგ.) შორის.

დანარჩენი კაცობრიობა მსოფლიო ოკეანის ამ უძლიერეს გოლფსტრიმს გარედან უცქერს და არის მისი ზემოქმედების ობიექტი. დანარჩენ სამყაროზე დასავლეთის ზემოქმედება არ არის ამ ქვეყნების არჩევანი, იგი არის მოცემულობა, დადგენილი დასავლური სამყაროს მიერ: დასავლური იდეოლოგია თავის დაცვის საბაბით აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა სწორედ მის იდეოლოგიაზე უნდა გადავიდეს და რომ ვინც ამას არ იზამს, იგი დაარღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. დასავლეთს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მას ეძლევა უფლება, იძალადოს მსგავს ურჩ ქვეყნებზე მათი ხალხის კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვის დროშით.

ყველა ის სახელმწიფო ან ერი, რომელიც ბედავს და დასავლეთის ამ ვექტორს არ ემორჩილება, შეგვიძლია გავყოთ ხისტი და მოქნილი დაუმორჩილებლობის მქონე კატეგორიებად.

ხისტი კატეგორიის ქვეყნები (ირანი, კუბა, ერაყი, ჩრდილო კორეა, სირია, ლიბია, ეგვიპტე, ბირმა (მიანმა), გასული საუკუნის პირველი ნახევრის იაპონია, ვიეტნამი, საბჭოთა კავშირი და ა.შ.) ხდებიან დასავლეთის სამხედრო და ეკონომიკური შეტევის ობიექტები. თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმი დიდი ხანია ჩამოყალიბდა ყველაზე აგრესიულ და შეუწყნარებელ რელიგიად კაცობრიობის ისტორიაში. ეს რელიგია ცდილობს უწესობა წესად დაადგინოს და ამ აბსურდის შინაგან ალოგიკურობას არაფრად აგდებს. იგი ყველას, ვისაც მისი დებულებებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მტრად რაცხავს, ხოლო ყველას, ვინც ამ განსხვავებას ხისტად უსვამს ხაზს, უბრალოდ ანადგურებს.

უფრო მოქნილი პოლიტიკისა და დიპლომატიის ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად აღიარებენ დასავლეთის დროებით უპირატესობას სამეცნიერო-ტექნიკურ და სამოქალაქო ინსტიტუტების მშენებლობის ეფექტურობის სფეროებში (ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, თურქეთი, არაბეთის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმრავლესობა,), მაგრამ ამავე დროს არ მიიჩნევენ საკუთარ საზოგადოებრივ წესწყობილებასა და ზნეობრივ ნორმებში დასავლეთის ჩარევას მისაღებს, ხისტებზე უფრო ნაკლები აგრესიის ქვეშ ეწევიან საკუთარ განვითარებას. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ზოგჯერ ეს მათი ზომების გამო უფროა შესაძლებელი, მაგრამ საბჭოთა კავშირის მაგალითი საპირისპიროს მოწმობს: უზარმაზარმა ქვეყანამაც კი, აირჩია რა დასავლეთთან ხისტი დაპირისპირების პოლიტიკა, ვერ გაუძლო მასთან ჭიდილს და დაინგრა, ხოლო შეუდარებლად უფრო მცირე და სუსტი საუდის არაბეთიცა და სამხრეთ კორეაც ასე თუ ისე დღემდე ახერხებენ თავიანთი ზნეობრივ-კულტურული ნორმების შენარჩუნებას და პარალელურად მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებას.

საქართველოსაც, თუ მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნა სურს, ამ ძირეული საკითხებისადმი საკუთარი სახელწიფოებრივი პოლიტიკა უნდა გააჩნდეს, რომელიც მისი საზოგადოების განწყობასა და ნება-სურვილს ასახავს დემოკრატიულად.

აქ ჩვენ არ უნდა გვქონდეს სიმცირის კომპლექსი. მართალია, ჩვენ ვართ მომცრო ქვეყანა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოსახლეობით ჩვენი ქვეყანა სადარია ფინეთის, ისრაელის, შვედეთის, აღემატება ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ა.შ. ასევე ტერიტორიულად საქართველო არც ისეთი უმნიშვნელოა, მაგალითად, მხოლოდ კახეთი უდრის თითქმის ტერიტორიულად ისრაელის სახელმწიფოს (13.4 ათასი კვკმ და 20.7 ათასი კვკმ შესაბამისად), ხოლო ისტორიული კახეთი აღემატება კიდეც მას, მიწის ნაყოფიერებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლის კომპლექსური და ჯამური მაჩვენებლებითაც ლამის ჰოლანდიასაც ვედრებით, გვაქვს რა ყველაფერი, რაც ბუნებას შეიძლება მოეცა, ჯერჯერობით, გაზისა და ნავთობის აღმოჩენილი დიდი მარაგების გარდა.

ხშირად ჩვენი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის შეუძლებლობის არგუმენტად ჩვენი აგრესიული სამეზობლო მოჰყავთ, თუმცა, ალბათ, მიუხედავად ყველაფრისა, ვერავინ იტყვის, რომ ამ მხრივ ისრაელზე უარეს დღეში ვართ. სხვა საქმეა, რომ ისრაელის სახელმწიფოს ბრძენი მმართველებისაგან განსხვავებით, ჩვენმა ინფანტილურმა სახელმწიფომ გასული 9 წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა საკუთარი ემიგრაციის დასატერორებლად და ქვეყნისაგან მოსაკვეთად.

მაგრამ ადრე თუ გვიან ქვეყანამ საკუთარი, ხალხის ნების ამსახველი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. და აქ მხოლოდ ბუა რუსეთისაგან გაქცევის სურვილი ვერ იქნება ჩვენი ინტელექტუალური, კულტურული და სოციალურ-პოლიტიკური ორიენტირი, თორემ შეიძლება ვაის გავეყაროთ და უის შევეყაროთ.

დასაწყისისათვის, ჩვენი ერი და ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მცდარი წარმოსახვითი სურათისაგან, რომელშიც იგი საუკუნეების მანძილზე იმყოფება, მას შემდეგ, რაც ხელი აიღო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მცხოვრები ერის მსოფლხედვაზე. ამ მცდარ, წარმოსახვით სურათში ჩვენი ერი ხშირად წარმოგვიდგენია პატარა, უსუსურ, აფრებდაფლეთილ გემად, რომელმაც, არიქა, ღელვას უნდა შეასწროს რომელიმე მყუდრო ნავსაყუდელში, სადაც მას უფასოდ დააპურებენ. ჩვენს წარმოსახვაში ეს ნავსაყუდელიცა და ღელვაც ხან რუსეთია და ხან დასავლეთი. მსგავსი ფილოსოფიური მსოფლაღქმა იმ ერის ხვედრია, რომელიც სრულიად გულაცრუებულია საკუთარ ქმედითობასა და დინამიკურობაზე. ერს, რომელსაც ენატრება სხვის ხარჯზე უდარდელად და სასათბურე პირობებში დაცულად ყოფნა, ყოველთვის მოატყუებენ, აფრებს ჩამოაშვებინებენ, ნარჩენ სიმდიდრესაც აართმევენ, ღირსებას აყრიან, საკუთარი ცხოვრების წესს გაუუქმებენ და ისეთს მოახვევენ თავს, რომელსაც ის თავიდან მიამიტური აღტაცებით დაეწაფება და რომელიც კიდევ უფრო გააუბედურებს მერამდენეჯერ. თუ სანაოსნო ალეგორიას ვუერთგულებთ, ერთა და სახელმწიფოთა ცხოვრება მსოფლიოს ოკეანეში მარად მსრბოლელი სავაჭრო-სამხედრო გემების მოძრაობას ჰგავს, სადაც სრბოლის მიზანი გემის მფლობელთა და ბინადართა უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის, ხოლო საბოლოო განსასვენებელი იმ წარღვნის მიღმაა, რომელსაც მაინც ვერც ერთი ხომალდი ვერ გადაურჩება. არსებული ფორმით სამყაროს აღსასრულის უტყუარი ცოდნა თითქმის ყველა დიდი რელიგიის თანხმობის წერტილია, რომელსაც მხოლოდ ათეისტი ბოლშევიკ-ლიბერალები არ იჯერებენ. ამიტომ დროა მეტი თავდაჯერებით დავფიქრდეთ, თუ როგორ ვატრიალოთ ჩვენი გემის საჭე მსოფლიო პოლიტიკისა და იდეოლოგიის ტენდენციების ფარვატერში და უკეთ დავინახოთ ყველა ის კლდე, რომელიც არა მხოლოდ ხილულად, არამედ შეფარულადაც ემუქრება ჩვენი ქვეყნის ხომალდს, ჩვენი საზოგადოებისათვის ჩვეული ცხოვრების წესწყობილებას.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ ბოლო წლებში საქართველო ხისტი პროდასავლური ტიპის ქვეყნად წარმოდგებოდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო არა იმდენად ე.წ. ფასეულობების თანხვედრა ჩვენსა და დასავლეთს შორის, რამდენადაც ჩვენ მიერ რუსეთის აგრესიისაგან თავშესაფრის ძიებისა და თვითგადარჩენის ბუნებრივი სურვილი. ამავე დროს რუსეთის მიმართ ხორციელდებოდა თვითმავნებლური პროვოკაციული რიტორიკისა და ურთიერთობების გამწვავების პოლიტიკა, არა იმდენად საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, რამდენადაც ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთის ფარგლებში. ნებისმიერი მცდელობა კი ამ პოლიტიკის სისწორის გაანალიზებისა ნიშნავდა ქვეყნის მოღალატეობაში დადანაშაულებას ავტორიტარების მხრიდან.

ანტიეროვნული, ანტიტრადიციული და ანტიქრისტიანული მსოფლხედვით განმსჭვალული ყოფილი მმართველი გუნდის უმრავლესობა, მოკალათებული ხელისუფლების ყველა შტოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაში, შემდგარი ძირითადად ქართველთმოძულე, ცინიკურად და კლეპტოკრატიულად განწყობილი, საკუთარი ნამდვილი წარმომავლობის მოღალატე ოჯახებში აღზრდილი ასიოდე წევრიანი ბირთვისა და მათი უსაქციელო ცოლებისაგან, არნახული სისასტიკით მართავდა და ძარცვავდა ქვეყანას გასული დეკადის მანძილზე. შევარდნაძესთან ერთად ჩატარებული "ვარდების რევოლუციის" აფერის მერე, მისი მმართველობის 9-წლიან პერიოდში საქართველოში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მოხვდა ციხეში, რაც ბევრად აღემატება საქართველოში ლენინისა და ტროცკის 1920-იანი წლების პერიოდის მაჩვენებლებს და შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%-ს, ქართული ეროვნების მოქალაქეთა 10%-ს და სამუშაო ასაკის ქართველ მამაკაცთა დაახლოებით 35%-ს. ამ ძირითადად უსამართლოდ და გაწეწვის მიზნით დატუსაღებული ადამიანებისადმი გამამართლებელი განაჩენების ოფიციალური სტატისტიკა იყო მსოფლიოში არნახული 0.1%. ეს კი თანამედროვე რუსული მართლმსაჯულების სისტემის 0.5%-ზეც კი 5-ჯერ ნაკლებია, რომ არაფერი ვთქვათ სტალინის პერიოდის "ტროიკების" გამამართლებელ სტატისტიკაზე, რომელიც 1936-1938 წლებში საშუალოდ 12% იყო. ამ პერიოდში სისტემის თითქმის არც ერთი მსხვერპლთაგანი არ გამოსულა ციხიდან ისე, რომ დესპოტური რეჟიმისათვის არ გადაეხადა რამდენიმე ათასი ლარიდან რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარამდე ოდენობის თანხა და არ დამჯდარიყო სახლში გაკოტრებული და დაშინებული, ყოველკვირეული დამამცირებელი თითის ანაბეჭდების პრობაციის პროცედურის საკეთებლად. და თუმცა წითელი ტერორის ხანაში სიკვდილით დასჯა ბევრად მეტი იყო, ვაკვირდებით რა წინა რეჟიმის სისასტიკეს, უნებლიეთ გვიჩნდება სურვილი ვაღიაროთ, რომ ეს განსხვავება ამ რეჟიმის კეთილი ნების შედეგი კი არა, არამედ უბრალოდ მისი სხვა ეპოქაში ზეობის შედეგი უფრო იყო. მაგალითად, 2005-2012 წლებში ქართულ ციხეებში ზედამხედველი პერსონალისა და ქართველი მაღალჩინოსნების ხელში დაიღუპა 700-ზე მეტი პატიმარი და ვის ეპარება ეჭვი, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა წამებითაა მოკლული. ეს რაოდენობა აღემატება ყველა ევროპული და ჩრდილოამერიკული ქვეყნის ციხეებში მოკლული პატიმრების ჯამურ რაოდენობას ამავე პერიოდის განმავლობაში ციხეების პერსონალისა და მაღალჩინოსნების მიერ.

მიამატეთ ამას "ჩარეცხილი" და შეურაცხყოფილი, კულტურულად უნიკალური და განათლებული უფროსი თაობის სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა, მმართველი კლანის ხელში მყოფი სრულიად ლიბერალიზებული და ყველა ბინაში შემძვრალი სათამაშო ბიზნესი, რომელიც ეკონომიკაში თითქმის არაფერს არ ქმნის და რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ასიათასობით გარეთ დარჩენილი მოქალაქის თამაშზე "შეჯდომა" და გაღატაკება, კლანის მიერ სრულიად კონტროლირებადი ქვეყნის მასშტაბის მაუწყებლობის ტელევიზიებით სექსუალური გარყვნილების მუდმივი ქადაგება, რომლის შედეგადაც აბორტების რიცხვმა ოფიციალური სტატისტიკით 30 ათასს, ხოლო რეალური სტატისტიკით კი 150 ათასს მიაღწია, ანუ დღეში 400 ჩვილის დედის ხელით მკვლელობა, წელიწადში მოსახლეობის 4%! და თქვენ მიიღებთ ერის კომპლექსური, არცთუ ისე შეფარული გენოციდის სურათს.

ალბათ, არაფერი ამ სახელისუფლებო პერიოდში არ იყო ისე შორს სიმართლისაგან, როგორც მისი ეკონომიკური ვაიიდეოლოგების გუნდის მიერ დაჩემებული ე.წ. ულტრამემარჯვენე ეკონომიკური ლიბერტარიანიზმი. რუსეთში ვერშემდგარი ოლიგარქებითა და დასავლეთში ვერშემდგარი ბანკირებითა და იურისტებით წარმოდგენილი ეკონომიკურ ვაიიდეოლოგთა "ბრიაშკა" სინამდვილეში სრულიად არცხვენდა საკუთარი საქციელით ყველა ლიბერტარიანულ კერპს, რომელთა სახელებსაც ფიცულობდა თავის რიტორიკასა და პუბლიცისტიკაში, მილტონ ფრიდმანი იქნებოდა ეს თუ ეინ რენდად წოდებული პეტერბურგელი ალისა ზინოვის ასული როზენბაუმი. ყველა დამწყები ლიბერალ-ეკონომისტისათვის და რენდისეული ობიექტივიზმის ფილოსოფიის მიმდევრისათვის, სწორად თუ მცდარად, იდეალური მთავრობა არის "მკვდარი" მთავრობა, მინიმიზირებული ხარჯებისა, ბიუროკრატიისა და აქტივობის საფოსტო ყუთი. ამ უტოპიურ საფოსტო ყუთში, ლიბერტარიანების ფანტაზიის მიხედვით, ავტომატურად იკრიბება მინიმალური გადასახადები. შემდეგ ისინი ხალხის ნების ასახვითა და ბიუროკრატების მინიმალური ჩარევით იხარჯება იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა საზოგადოების საერთო ინტერესებისათვის. სინამდვილეში ჩვენი "ლიბერასტი" გენიოსები გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ახორციელებდნენ ისეთ სახელმწიფოებრივ, საბიუჯეტო და ფისკალურ პოლიტიკას, რომლის მემარცხენეობისაც ბევრ ლათინურამერიკულ რეჟიმს შეშურდებოდა. მილტონ ფრიდმანიცა და ალისა როზენბაუმიც, ალბათ, კუბოებში იტრიალებდნენ, რომ გაეგოთ, რომ მათი სახელით ერთ-ერთი კავკასიური ტომის მთავრობის უმწიფარი, недоучка ბელადების მიერ ჭაობში შენდებოდა ქალაქები და კურორტები, მინდვრებში პარლამენტები, რიყეებზე საკონცერტო გრაფინები, საპრეზიდენტო რეზიდენციები, რომელთა მასშტაბისაც თურქმენბაში ნიაზოვსაც და სადამ ჰუსეინსაც შეშურდებოდათ, იდგმებოდა შადრევნები და კარუსელები, იხსნებოდა დისკოთეკები და კინოთეატრები, შენდებოდა ბუჩქებში სასიამტკბილო კომკავშირული ბანაკები, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ამაგზნებელი უცხოელი მროკავი ქალების კონცერტები, სამთავრობო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შეძენა და მათი მეშვეობით პრეზიდენტისათვის კბენია მასაჟისტების ფრენა, მსოფლიო ბანკის მსგავსი ფარჩაკი რეიტინგების ყიდვა, დონალდ ტრამპისთანა ავანტიურისტებისთვის ფულის ჩუქება, უცხო ქვეყნებში ამ ბელადების რეჟიმის ნამდვილი სახის შემნიღბველი ლობისტების ხელფასები, ლას ვეგასში კაზინოებში და ნიცაში ბრილიანტების აუქციონებზე ქვეყნის წამყვანი მოხელეების ხორხოცი, სლავი პუტანების ჩამოყვანა და მათი წრეში დატრიალების მერე ზოგჯერ მათი ცოლად მოყვანა, ტუსაღდებოდა ასიათასობით მეპატრონე მათი ქონების ექსპროპრიაციისა და მათი ცოლების მათ თვალწინ გაუპატიურების მიზნით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ყოფილმა პრემიერმა მერაბიშვილმა, რომელსაც ადრე ქვეყანაში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მარილის შემოტანა და გაყიდვა ევალებოდა, ქართული ბიზნესელიტა დაიბარა, ტყავი გააძრო, ცუდად მუშაობთო და მოახსენა, ახლა სახელმწიფო ააშენებს დიდ ღვინის ქარხანას, შეგიქმნით კონკურენტ კომერციულ ბანკს და ავიაკომპანიასო. ალბათ, მსგავსი რამის სოციალიზმის მშენებლობის ისეთ თანამედროვე გიგანტებსაც კი შეშურდებოდათ, როგორიც იყვნენ და არიან უგო ჩავესი, კიმ ჩენ ირი, დანიელ ორტეგა და ძმები ფიდელ და რაულ კასტროები.

ბოლო მონაცემებით, რომლებიც კიდევ დაზუსტდება, სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში ცხრა ათას ცხრაას სამოცმა ბიზნესმენმა აჩუქა სახელმწიფოს თავისი ქონება. ქარხნები, საწარმოები, შენობები, მიწები და კომპანიები მესაკუთრეებმა უსასყიდლოდ დაუთმეს მთავრობას, რომელიც ფიცულობდა ლიბერტარიანიზმს. თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალოდ ეს ბიზნესმენები ას ადამიანს მაინც ასაქმებდნენ, გამოვა, რომ ძალადობრივმა ექსპროპრიაციამ მილიონ ადამიანზე გადაიარა, ანუ ქართული სახელმწიფოს მშრომელების აბსოლუტურ უმრავლესობაზე.

ასევე, ბოლო, ჯერ კიდევ დასაზუსტებელი მონაცემებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 1 ლარად გასხვისდა ოცდაშვიდი ათასი ობიექტი.

ამავე ტოქსიკურმა იდეოლოგებმა ლიბერასტული დროშის ქვეშ ასიმეტრიულად გაანულეს საიმპორტო ბაჟი იმ მეზობელ ქვეყნებთან, რომლებსაც მიუფურთხებიათ ჩვენთან რესიპროკალურობის საბაზო პრინციპისათვის. ეს ნულოვანი ბაჟი ეპიტაფიად დაედო ჩვენს ისედაც ძლივს მბჟუტავ სოფლის მეურნეობის დარგს. აქაოდა შარდენზე ტანსაცმლის დიზაინერ ქალაჩუნას კარპაჩო არ გაუძვირდესო, აქაოდა ჩვენ და მილტონი მომხმარებელზე ვზრუნავთო, და ჩვენმა ლიბერასტებმა უამრავი მომხმარებლის ოჯახი შეიწირეს. ეს ის მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც შარდენზე ნამყოფნიც კი არ ბრძანდებოდნენ და თავისი წილი მოსახმარის სახსარს იმით შოულობდნენ, რომ საქართველოს ქალაქების სასურსათო ლოგისტიკურ-სატრანსპორტო რადიუსში სასოფლო ჭირნახულს აბარებდნენ გადამყიდველებს. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე ასეთი ოჯახების ქალებს ძიძა-დამლაგებლებად მოუწიათ თურქეთ-საბერძნეთში წასვლამ, კაცებს კი ბავშვების ვერმოვლამ, გალოთებამ და ზოგჯერ თვითმკვლელობამაც კი. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ამავე ათწლეულში საჭმელი იმ შარდენელ ქალაჩუნასაც ისე გაუძვირდა, რომ ვეღარც გაარკვევ, ღირდა კი მისი მოტკეცილი ჯინსის ჯიბისათვის ამდენი ოჯახის გაუბედურება, მით უმეტეს, რომ ის ჯიბეც, ძირითადად, უძვირესი სამომხმარებლო კრედიტით ფინანსდებოდა და არა მყარი შემოსავლით.

საჭმლისა და ცხოვრების გაძვირებას, რა თქმა უნდა, ეკონომისტ-ცინიკოსები ნულოვან წლებში საწვავის გაძვირებას დააბრალებენ, ეგ რაღა ჩვენი ბრალიაო. მაგრამ თუ ჰკითხავთ, ეგ როგორღაა, რომ მსოფლიოში ლამის ერთადერთი ქვეყანა ვიყავით მთელი ეს წლები, სადაც დიზელი ბენზინზე უფრო ძვირი იყო და თან უცხოეთის მოქალაქე თავდაცვის მინისტრს ეკუთვნოდა-თქო, ამაზე ცინიკოს-ეკონომისტები საუბარს სხვა თემაზე გადაგიტანენ და რომ არ აჰყვები, ან შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ან დაგცინებენ.

შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მათი ამ საქციელის უვიცობად ან, როგორც რუსები იტყოდნენ, непуганый идиот-ის ქმედებად შერაცხვა, რომ არა მათი ამავდროული ბანალური ბაცაცობა, გამოხატული სახელმწიფოსაგან ფსევდოფილანთროპიისა და მეცნიერებასა და განათლებაზე ზრუნვის საბაბით დათრეული აქტივებისა და პრეფერენციების ჩუმ ცმაცუნში, სანამ კალიგულა ბაკქანალიის სათავეში იჯდა. ამრიგად ამგვარი "იდეოლოგების" ე. წ. conflict of interest მათი მოღვაწეობის პერიოდში აუცილებლად გამოსაძიებელია სამართლიანობის აღდგენის მიზნით.

ბოლო ომის შედეგად დევნილთა პრობლემაც ჩვენმა ბოლშევიკ-ლიბერალებმა შესაბამისად მოაგვარეს. იმის ნაცვლად, რომ ლტოლვილთა ერთ კომლზე სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი ფულით სხვა სოფლებში არსებული სახლები ეყიდათ, მათ წეროვანისა და სხვა გეტო-დასახლებების აშენება არჩიეს. საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა მიტოვებული სოფლის სახლებით, რომელთა პატრონებიც ქალაქში ცხოვრობენ გაჭირვებითა და უმუშევრად. მათგან სახლების ყიდვა ორმაგი მადლი იქნებოდა, ქალაქის ეკონომიკაშიც მეტი ფული შევიდოდა და ლტოლვილებიც უმალვე მათთვის ჩვეულ სოფლურ გარემოში მოხვდებოდნენ, კარ-მიდამოთი და ორგანული ფლორა-ფაუნით, თუნდაც საქართველოს სხვა კუთხეებში. ერთადერთი, რის საშუალებასაც ეს მიდგომა მოხელეებს არ მისცემდა, იყო ფულის კეთება ახალ მშენებლობაზე და უცხოელი დამკვირვებლებისათვის თვალსაჩინო სურათის შექმნა. ახლა კი ჩვენი ლტოლვილები განწირულნი არიან ტრასის პირას, მინიმალური სასოფლო მიწით ამ გეტოებში ცხოვრებისთვის, ლოთობისთვის და სხვა უბედურებისთვის. და რისთვის, რომ იქ ხანდახან თეთრი ჯიპებით უცხოელები ჩავიდნენ და შეშფოთება გამოხატონ.

ამ ანტიქართული და ჩვენი ქვეყნისათვის დამანგრეველი მმართველობის პერიოდის დაჯამება ყველაზე სიმბოლურად ქვეყნის სინგაპურიზაციის ლოზუნგის გაჟღერებისას მოხდა. ელინებისაგან მიწათმოქმედებად წოდებულ მიწადაკარგულ და მიწის მიმტოვებელ გეორგიანებს ("გეოს" - ბერძ. მიწა, "ორგია" - ბერძ. ამოტრიალება, აქ დამუშავება) მმართველმა დესპოტურმა რეჟიმმა შესთავაზა მიებაძათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ კუნძულზე განლაგებული 5-მილიონიანი უმიწო ქალაქი-სახელმწიფოსათვის, შემდგარისათვის ორ მესამედზე ჩინელებისაგან და დანარჩენზე მალაიზიელებისა, ინდუსებისა და სხვათაგან. სახელმწიფოსათვის, რომელიც თავის დროზე შეიქმნა სავაჭრო პორტად, შემდეგ განვითარდა ელექტრონული კომპონენტების იაფ ამწყობად და შემდგომში ჩამოყალიბდა ფინანსური მომსახურების ყურედ. ქართველებს საკუთარმა მთავრობამ შესთავაზა მიებაძათ სახელმწიფოსათვის, რომლის პოლიტიკაც ბალანსირებს ჩინელებისათვის ასე დამახასიათებელი ტოტალიტარიზმის უკიდურეს ზღვარზე და რომელსაც ლიბერტარიანიზმთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კახელ გლეხს ფინანსურ მომსახურებასა და ელექტრონულ კომპონენტებთან. ამ მიზნით დაიწყო ჩინელებისვე მასობრივად ჩამოსახლება საქართველოში და იგეგმებოდა თბილისის ზღვასთან მათი 150-ათასიანი კომპაქტური დასახლების შექმნა მთავრობის ეგიდით.

ასეთი აბსურდის თეატრის ახსნა მხოლოდ ორი, ურთიერთგამომრიცხავი გზით შეიძლება: საქართველოს სინგაპურიზაციის ლოზუნგის ავტორების სრული სიშლეგით ან უკიდურესი ცბიერებით. საერთოდ არ იქნებოდა ურიგო ამ სიშლეგის ხარისხის საჯაროდ შემოწმება პროფესოინალების მიერ. მაგრამ ამავე დროს სრული სიშლეგე თვითმავნებლობასაც გულისხმობს. თუ გადავხედავთ მმართველი ელიტის ზღაპრული გამდიდრების ტემპებსა და საარაკო ჰედონიზმს, უნებლიეთ მოგვიწევს გამოვრიცხოთ სიშლეგე და დავფიქრდეთ მათ უკიდურეს ცბიერებასა და ორპირობაზე. ეს ლოზუნგიცა და მას მოყოლილი რიტორიკაცა და ქმედებებიც ძალიან ჰგავს განვითარების ყალბი მოდელის მიზნობრივად წარმოსახვას და ამის მეშვეობით საზოგადოების ყურადღების საჭირბოროტო საკითხებიდან გადატანის მცდელობას. დაშინებული და დაბეჩავებული ქვეყნისათვის სიგნაპურიზაციის შეთავაზება ჭაში ჩაკიდებული არქიფო სეთურისეული "იმედის" მსგავსი მარაზმი იყო. და ამ კონტექსტში, ამ ტოტალურ გაუპატიურება-ძარცვაში, რუსეთთან ურთიერთობების შეგნებული გამწვავებაცა და მისი ბუად გამოწვევაც, ბუნებრივია, ამ პოლიტიკის მთავარი ნიღაბი და თვალის ახვევის ერთადერთი ასე თუ ისე რეალური საშუალება გახლდათ.

რეჟიმდამხობილზე, თავის ერთ-ერთ პირველ სიტყვაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ერს პროექტი უწოდა. პროექტი, რომელიც წარმატების შემთხვევაში უნდა შევიდეს დასავლეთში. ალბათ, მსოფლიოს რიტორიკის ისტორიაში არ მოინახება ერის პირველი პირის მხრიდან ასეთი შეურაცხმყოფელი და შემზარავი ეპითეტი საკუთარი ერის მიმართ. იგი, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ასახავს ამ პიროვნებისა და იმ იდეოლოგიის რაობას, რომელიც ასე მოეძალა საქართველოს ბოლო წლებში.

მოწინააღმდეგის დაპყრობის ყველა კლასიკური სწავლება მხედრული იქნება ეს თუ კორპორატიული, საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს დამოუკიდებლად მათი წარმომავლობისა და კულტურულ-ისტორიული კუთვნილებისა. ისინი აღწერილია არაერთი მოაზროვნისა და პრაქტიკოსის მიერ, 3 ათასი წლისწინანდელი ჩინელი სტრატიგი სან თზუ იქნება ეს თუ გასული საუკუნის 80-იანი წლების უოლ-სტრიტის კორპორატიული ომების ოსტატების მემუარები. თითქმის ნებისმიერი მათგანი გულისხმობს რამდენიმე აუცილებელი მოქმედების განხორციელებას, ესენია: ობიექტის შემოსავლებისა თუ საარსებო წყაროების დანგრევა-გადაკეტვა, ობიექტის ხელოვნურად იძულება, მიმართოს რესურსები არა იქ, სადაც საჭიროა, მის მოსახლეობაში შიშისა და პესიმიზმის დანერგვა და საჭირო დონემდე შესუსტებულ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებზე კომპლექსური, უმოწყალო, თანადროული შეტევა.

თუ გადავხედავთ საქართველოს აწ განსვენებული მმართველი რეჟიმის სამოქმედო გეგმას, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი განმხორციელებლები ვერ იქნებოდნენ ქვეყნის ასე სწრაფად დამონების თვითმყოფადი ავტორები, ამისათვის მათ არც შესაბამისი ინტელექტი და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ. "ფეკალიების" ძახილით ქვეყნის მთავარი ბაზრის გადაკეტვის პროვოცირება, ამ შემოსავლების ოთუსბირი ვალებით ჩანაცვლება, ამ ვალების მეშვეობით მიღებული ფულის ჭაობებსა და კარუსელებში ფლანგვა, მოსახლეობის სრული დაშინება-დატუსაღება, უცხოური პროდუქციისათვის ბაზრის ასიმეტრიული გახსნა და თანასწორობის ლოზუნგით საკუთარი მწარმოებლების უცხოელებთან არათანასწორ პირობებში ჩაგდება, ყველა დიდი ბიზნესის რეჟიმის კლანის მიერ დათრევა, საზოგადოების ყველა ავტორიტეტულ ინსტიტუტზე დისკრედიტაციის მიზნით შეტევა, მათი ხელმძღვანელების სამსახურიდან გაყრა და მათ ადგილზე საკუთარი დოქსოპულოების დანიშვნა, ალყის გარედან დახმარების სურვილის მქონე ემიგრაციის რუსეთის აგენტებად გამოცხადება და ქვეყნიდან მოკვეთა და ყველაფერ ამის მტრის ხატზე ჩამოწერა, ძალიან გავს ერთიან პროგრამას შემუშავებულს ქვეყნის დაკაბალების მიზნით სერიოზული ინტელექტუალური პლატფორმების მიერ და განხორციელებულს სამიანზე ფართხაფურთხა და უნიჭო შემსრულებლების მეშვეობით.

ამ აგრესიის გამოხატვა რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ შეურაცხმყოფელ არქიტექტურაშიც მოხდა. თავად ის ფაქტი, რომ რეჟიმმა არქიტექტურული ახირებები გამოავლინა, უტყუარად ანათესავებს მას სხვა დესპოტურ რეჟიმებთან, ფაშიზმი იქნება ეს თუ ბოლშევიზმი. აბა, თქვენ ვერ ნახავთ თანამედროვეობაში ჭეშმარიტად დემოკრატიულ მმართველს, რომელსაც სურვილი გასჩენოდა ისტორიაში ხუროდ შესვლისა. მაგრამ სტალინისა და ჰიტლერის მასშტაბური არქიტექტურის ნაცვლად, საქართველოს ლიბერასტურმა რეჟიმმა თავისი რესურსებისა და გასაქანის შესატყვისი კომიკური სიქაჯეები ააშენა, რომელთა ძირითადი დამახასიათებელი თვისებები გახლავთ აგრესია და ეპატაჟური პრეტენზიულობა. საპატრიარქოსა და სიონის ტაძარზე ზარბაზნებად მიშვერილი სწორი ნაწლავის მსგავსი დისპროპორციები, "პამპერსის" ხიდი, ძველი თბილისის უბნების დამპატარავებელი და დამაჩმორებელი არაპროპორციული, უფუნქციო საბაგირო, თანამედროვე თურქული სტილის უარესი ვერსიის პოლიციის შენობები და ბათუმი. სრული აღლუმი უგემოვნებისა, რომელიც ვერ ჰგუობს წარსულს და ყვირილითა და ლანძღვით უტევს მას ვითომ განახლების დროშით. ამოვარდნილი, უდღეური ფსევდოარქიტექტურა, როგორცა ჩანს, ერთი ბრჭყვიალა და ზიზილპიპილების მოყვარული კაცის კარნახით ნაჩალიჩარი, განწირული მალე დაბერებასა და დამახინჯებაზე.

გავაკეთოთ აქ ჩვენი ძირითადი თემიდან მორიგი გადახვევა და ვისაუბროთ ეროვნულობის ტაბუდადებულ საკითხზე საქართველოში და მის როლზე სახელმწიფოებიობის მშენებლობისას. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოს მისი მტრები არაერთხელ დასტეხიან თავს არაჯანმრთელი ნაციონალიზმის კრიტიკით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათივე იდეოლოგიის მიმდევარ ფავორიტ რეჟიმს საქართველოში საკუთარი პარტიისათვის "ნაციონალური" ეწოდებინა. დიდი ხანია ცნობილია ნოე ჟორდანიას, ნიკიტა ხრუშჩოვის, მიხეილ სუსლოვის, ანდრეი სახაროვის მეუღლის, ელენა ბონერისა და მათი სულიერი შვილების, ნოვოდვორსკაიას, ზატულინის, ლატინინასა და მათი მსგავსი ქართველოფობების მიერ ქართველების დადანაშაულება ნაციონალიზმსა და ქსენოფობიაში, შეუწყნარებლობასა და მინი-იმპერიალიზმში. ეს ვითომ ქართველი ხალხის "გამოჯანსაღებაზე" მზრუნველი მოღვაწეები რატომღაც არასოდეს არ იმჩნევდენ ქართველი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მრავალი ფორმაციის უკიდურეს წარმომავლობით ინტერნაციონალიზმს, რომლისნაირსაც იშვიათად თუ რომელიმე სხვა ქვეყანა შეძლებს რომ დაიკვეხოს. ქართველ საზოგადოებას არასოდეს განურჩევია ადამიანი ეროვნებისა და სარწმუნოების მიხედვით და ყოველთვის აძლევდა მას ბევრად მეტ გასაქანს საქართველოში, ვიდრე უმეტეს სხვა ქვეყნებში ჩვენი რეგიონისა თუ მსოფლიოსი. იგივე ითქმის საბჭოთა პერიოდის ავტონომიების ბედზეც საქართველოში სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. ცნობილია, რომ მაგალითად, იმავე ებრაელებსა და სომხებს, ისევე როგორც სხვა ეროვნებებს, ათასობით წელი აქვთ ნაცხოვრები ჩვენთან თავისუფლად, ყოველგვარი შევიწროებისა და გენოციდის გარეშე, თუმცა სხვა ქვეყნებში ისინი არაერთხელ გამხდარან ეთნიკური ნიშნით დევნისა და მოძულების მსხვერპლნი. მრავალტანჯული ებრაელი ერის მადლიერება კი ამ ფაქტის გამო არა მხოლოდ ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ჭრილში, არამედ საქვეყნოდ არის ცნობილი. ეს კი ჩვენი მხრიდან ძალიან დასაფასებელი და გასაფრთხილებელი რამ არის, რადგან ბევრი ის, რაც ებრაელებმა შეძლეს თავიანთ სახელმწიფოში, ჩვენ მათგან გვაქვს სასწავლი და გადმოსაღები ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისას.

იმის საილიუსტრაციოდ, რომ საქართველოს ჭეშმარიტი და უპრეცედენტო ეროვნულ-სარწმუნოებრივი ტოლერანტულობა არ არის ლიტონი სიტყვები, რომლებსაც ყველა ქვეყნის თანამედროვე რიტორი ხმარობს, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ანალიზიც კმარა. მონახონ აბა, ზემოთ ხსენებულმა და სხვა ჩვენმა კრიტიკოსებმა მსგავსი რაოდენობის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის (რუსეთის გარდა) პოლიტიკურ ელიტაში, ან საერთოდ მოსახლეობაში. იგივე გასული დეკადის საქართველოს აწ დამარცხებული პოლიტიკური რეჟიმი რომ ავიღოთ, ძნელად თუ მოიძებნება არათუ ჩვენს უშუალო სამეზობლოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც კი საქართველოს ელექტორატის მსგავსი ტოლერანტულობის გამომხატველი მაჩვენებელი საკუთარი პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად იყო შემდგარი არაქართული წარმომავლობის წევრებისაგან. ამ თემას, ფსევდოპოლიტკორექტულ საქართველოში რატომღაც ტაბუ დაედო. ამ დროს კი თითით საჩვენებელია ეს უნიკალური შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველომ ეროვნული ტოლერანტულობის უმაღლესი ხარისხი გამოავლინა, აირჩია რა სომხური წარმომავლობის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცა მას საშუალება თითქმის სრულიად დაეკომპლექტებინა ქვეყნის პოლიტიკური ელიტა არაქართული წარმომავლობის ოჯახებში გაზრდილი წევრებით. არ დარჩენილა ეკონომიკის, უშიშროების, კონფლიქტოლოგიის, პოლიციის, კანონმდებლობისა თუ იუსტიციის მმართველობის არც ერთი სფერო სადაც სათავეში ეროვნებით ქართველი იქნებოდა. და მიუხედავად ყველაფერ ამისა, არასოდეს ქართველების მხრიდან აწ დამარცხებული პოლიტიკური რეჟიმის შეცდომები, მავნებლობები და სისასტიკეები არ ახსნილა მისი მმართველი ელიტის ეროვნული წარმომავლობით. პირიქით, რეჟიმის უსასტიკეს ჯალათებად და შემსრულებლებად ქართველებმა სწორედ ის ხალხი დაასახელა და წარმოაჩინა, რომელთა ზედმიწევნით ქართული წარმომავლობაც სრულიად ცხადია. მთავარ სადისტებად ქართველებმა მამა-შვილი ახალაიები, მუხაძე, ფაცაცია, ქარდავა, ჭაკუა, ხუჭუა და სხვა მათნაირი არაადამიანები ამოიცნეს, რომლებიც მთავარ მტარვალებად მოევლინენ საქართველოს. ამ ადამიანების ზედმიწევნით ქართულმა წარმომავლობამ იმედია ჩვენს ყველაზე შავ-ბნელ შავრაზმელსაც კი გაუქრო სურვილი ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით ფუჭი სიამაყისა და გამომრჩევლობისა. ერს, რომელსაც ზეციურ მფარველად ებრაული წარმოშობის ღვთისმშობელი მოევლინა და ზეეროვნული ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებისათვის ამდენი სისხლი აქვს დაღვრილი, არც აქვს და ვერც ექნება ფაშისტური მსოფლხედვა.

თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი სისასტიკეების ჩამდენი რეჟიმი, მისი ელიტის აბსოლუტური უმრავლესობის უცხოური ეროვნული წარმომავლობის გამო, ნაცისტური ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი გახდებოდა. მისი დამარცხების შემთხვევაში ქვეყანაში ნაცისტური პარანოია დაიწყებოდა. ქართველ საზოგადოებას კი ეს საკითხი სასაცილოდაც არ ჰყოფნის, იმდენად ღრმა არის მისი ტოლერანტულობა. ეს ტოლერანტულობა კვლავაც იმაში გამოიხატა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის ელიტის ნაწილიც, თუმცა ბევრად მცირე, თავისუფლად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის პატივცემული ეროვნული უმცირესობების წარმომავლობის მქონე ადამიანების მიერ. ამრიგად, არა თეორიულ, არამედ თვალსაჩინო და პრაქტიკულ მაგალითზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეროვნულ წარმომავლობას ქართული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და რომ ჩვენი საზოგადოება აგრძელებს თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას შემწყნარებლობისა და ქართველებს ვერავინ დასწამებსცილს რაიმე სახის შეუწყნარებლობაში.

აი, ბოლშევიკ-ლიბერალები კი, პირიქით, მუდმივად ყვირიან ეროვნული და სარწმუნოებრივი ტოლერანტულობის შესახებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სრულიად საპირისპიროს სჩადიან. საკმარისია, მათ მიერ გაურკვეველი მიზეზით ტაბუდადებულ, ეროვნულობის საკითხს ვინმე უწყინარად და სამართლიანად შეეხოს, იგი უმალვე ხდება მათი პირდაპირი შეტევისა და ისტერიის ობიექტი. გენიალური თეატრალური მოღვაწისა და მოაზროვნის და მსოფლიო კულტურის კორიფეს, რობერტ სტურუას კონსტატაცია საქართველოს პრეზიდენტის სომხური წარმომავლობის შესახებ უმალვე გახდა მისი უკანონო და უსამართლო პროფესიული დისკრიმინაციისა და სამსახურიდან გაგდების საბაბი. ამავე მიზეზით იგი გაილანძღა უშვერი, საროსკიპოს ლექსიკონის სიტყვებით საჯარო მოხელეების ტუტუცი ცოლების მიერ. იგივე ითქმის ლიბერალური იდეოლოგიის სხვა ასპექტებზეც. მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთი ქართული ტელეარხიდან ულმობლად გააგდეს სამსახურიდან ორი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი, რომელთაც ძალიან კორექტულად საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს მამათმავალი ელტონ ჯონის მიერ ნაშვილები ბავშვების თაობაზე. ტელეარხის ხელმძღვანელობამ და დაუდასტურებელი მონაცემებით ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აგრესიული შეტევა მიიტანეს ჟურნალისტებზე, უსამსახუროდ დატოვეს და დასაჯეს ისინი, როცა კი აუცილებლად თავად არიან დასასჯელები ასეთი შეუწყნარებლობისათვის. საერთოდ, შეაჯამეთ ბოლშევიკ-ლიბერალების მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში ქართული ეროვნების, ტრადიციებისა და სარწმუნოების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, პუბლიკაციებისა და ქმედებების ზღვა მასალა და უმალვე დაინახავთ, თუ ვინ არის აქ აგრესორი და ვინ - მსხვერპლი.

არ იქნება გასაკვირი, თუ ამ წერილის ამ ნაწილის სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აზრსაც რომელიმე ბოლშევიკ-ლიბერალი, ან მის მიერ მხარდაჭერილი პრესა თითზე დაიხვევს, კონტექსტიდან ამოგლეჯს და წერილში გატარებული აზრის სრულ ინვერსიას მოახდენს. ასეთ პრესას ამერიკული მემარჯვენე მედიის სასაცილო და კოლორიტული ლიდერი რაშ ლიმბო drive-by media მედიას ეძახის. ამით იგი ახდენს 30-იანი წლების განგსტერული ჩიკაგოს ქუჩებში გაჩენილი კრიმინოლოგიური ტერმინის, drive by shooting-ის პერიფრაზს. ეს ტერმინი, თავის მხრივ, აღწერდა ნელა მიმავალი ავტომობილის ფანჯრიდან ტომპსონის ავტომატიდან ტყვიების განურჩევლად მფრქვეველი მკვლელების ქმედებას, რომლის შედეგადაც უდანაშაულო გამვლელები იხოცებოდნენ. მაგრამ, საქართველოში მრავლად მყოფი ასეთი პრესისგან ვინმესათვის მომავალი პირადი საფრთხეები იქით იყოს, დროა დამთავრდეს ქართული კულტურისა და სახელმწიფოს მიმართ უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები შეუწყნარებლობაში. თვით ენა, რომელზეც ჩვენ ვმეტყველებთ, მიუთითებს ადამიანურობისა და შემწყნარებლობის ისეთ სიღრმეებზე, რომლებიც ძნელად თუ მოინახება სხვაგან, ან ვინმემ ამპარტავნებაში რომ არ ჩამოგვართვას, არავისზე ნაკლები ჰუმანურობის მატარებელი არ არის. აბა, იპოვონ ჩვენმა უსულგულო ფაქტოლოგებმა, რომლებსაც ასე უყვართ ანტიქართული იდეების ტექნოკრატიულად წარმოდგენა, 360-ოდე ინდოევროპულ ენიან სამყაროში, რომელზეც ჩვენი მეზობელი სომხებიდან დაწყებული, რუსებითა და ამერიკელებით დამთავრებული 3 მილიარდზე მეტი ადამიანი საუბრობს, ერთი კულტურულ-ლინგვისტური მაგალითი მაინც, სადაც ცოდვაცა და შეცოდებაც და ბრალიცა და სიბრალულიც ერთი ფუძის მქონე სიტყვებია, ანუ ერთ მოვლენად აღიქმება ამ ენაზე მეტყველი და მოაზროვნე ეთნოსის მიერ.

ამ კულტურისთვის, ისევე როგორც მთელი დანარჩენი კაცობრიობისათვის, არც ერთი ცოდვა არ არის უცნობი და ახალი, სოდომ-გომორიდან დაწყებული, სიცრუით დამთავრებული. მაგრამ განსხვავება აქ იმაშია, რომ დასავლურ საზოგადოებაში უკვე თითქმის წაიშალა ცოდვის, როგორც ცნების სირცხვილი. ზნეობრივ სფეროში იგი ჩაანაცვლა ყოფით საკითხებში უდავოდ საჭირო კანონებმა, რომლებიც შეთქმული უმრავლესობის მიერ დროებით მიღებული ნორმის ხასიათს ატარებს და ვერაფრით გამოდგება საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივ საკითხებში. ინგლისურში თვით სიტყვა სირცხვილმაც ("Shame") მეტამორფოზა განიცადა, დაშორდა პირვანდელ, ბარბარიზმით რომ ვთქვათ, აუთენტიკურ, მნიშვნელობას და ამიერიდან იგი ინგლისურში უფრო რაიმეს დასანანობის აღსანიშნავად თუ იხმარება, ვიდრე სირცხვილისა. "თამაში წავაგე" – It's a shame, "მოგება დავკარგე" – It's a shame, "ახლობელმა ფეხი მოიტეხა" – It's a shame და ასე შემდეგ. ყველაფერ ამის შედეგად, დასავლურ საზოგადოებაში მხოლოდ კანონის დარღვევა იკრძალება, თან არა სირცხვილით, არამედ სასჯელით. ჩვენს საზოგადოებაში მოქმედი კანონმდებლობის გარდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოფით საკითხებს უნდა არეგულირებდეს, მადლობა ღმერთს, ასევე მოქმედებს მასზე ბევრად ფართო და მნიშვნელოვანი სათნოებათა და ცოდვათა დაუწერელი კოდექსი, რომელიც სათავეს ქრისტიანულ სარწმუნოებაში იღებს, ჩვენს ოჯახებში ინახება და რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სასჯელით კი არა, არამედ სირცხვილით იკრძალება. ასეთ საზოგადოებაში უადგილო გახლავთ ჰუმანიზმის სწავლება გარყვნილების ისეთი უკიდურესი ფორმის ქადაგებით, როგორიცაა მამათმავლობა და სხვა პერვერსიები. მაგ, ისევე, როგორც ყველა სხვა ცოდვაში, ჩვენთვის სამწუხაროდ ახალი არაფერია და ჩვენს ერს არაფერი აქვს სასწავლი ადამიანისადმი ცოდვის მიმტევებლობისა, მაგრამ ამავდროულად ცოდვის შეუწყნარებლობის კულტურაში. მაგალითად, ჩვენსავე ენაზე ამ კონკრეტული ცოდვის აღმნიშვნელი სიტყვა "მამათმავლობა" ბევრად დამნდობი, ზედმიწევნითი და მომცავი, ან ისევ ბარბარიზმით რომ ვთქვათ, ელოკვენტურია, ვიდრე რუსულიდან ნათარგმნი ცისფერის შეურაცხმყოფელი დასახელება, ან ცბიერი "გეი," რომელიც ინგლისურად მხოლოდ არხეინსა და მხიარულს ნიშნავს. ან, იგივე ბარბარიზმი, "ჰომოსექსუალი," რომელიც, ჩვენს ენაზე საკმაოდ უხამსად ჟღერს და მამაკაცთან ან თავისნაირთან მესიამტკბილედ (უარესი შესატყვისი რომ არ გამოვიყენოთ) ითარგმნება. და რა უფლებით უნდა ბედავდეს ვინმე ბეცი მცდელობას იმისა, რომ აუკრძალოს ქართველ ადამიანს ქართულად ლაპარაკი საკუთარ ქვეყანაში. აუკრძალოს მას თავისუფლად გამოიყენოს ამ ცოდვის აღმნიშვნელი საუკუნობრივი ქართული შესატყვისი და დააძალოს მას ამის ნაცვლად უცხოური ტერმინის ხმარება, აქაოდა, ის გვწყინს და ეს არაო. წმინდა ნიკოლოზ სერბელი გასული საუკუნის 30-იან წლებში წერდა, რომ როდესაც ევროპულმა კულტურებმა ზოგიერთი მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამალვა და ნამუსის საკითხების მიჩუმათება მოინდომეს, მათ ბარბარიზმები შემოიღეს. წმინდანი ამბობს, რომ მაგალითად, "კრიზისი" ბერძნული სიტყვაა და სამართალს ნიშნავს. და როდესაც ევროპელები ყველაფერს თავის სახელს ეძახდნენ, მათ ბარბარიზმები არ სჭირდებოდათო. მათ ესმოდათ, რომ საზოგადოების ზედმეტად გაღორების ჟამს ზენა ამ საზოგადოების თავს სამართალს ქმნიდა და შეჭირვებაში უბრუნებდა მას ადამიანობის ხარისხს. ახლა კი კრიზისის კონოტაცია უფრო რაღაც გაურკვეველი სტიქიისას წააგავს, რომელიც არავისი ბრალი არ არის, უმიზეზოდ მოდის და უმიზეზოდ მიდის, ისე, რომ კაცობრიობამ არავითარი დასკვნა არ გააკეთოს მის შედეგად. ასეა იმ ბარბარიზმებშიც, რომლების ჩვენ თავს მოხვევასაც ცდილობენ, კოჰაბიტაცია იქნება ეს, ჰომოსექსუალიზმი, ქსენოფობია თუ ჰომოფობია.

მაგრამ ჩვენსავე კულტურაში, რომელიც ბრალს საბრალოდ მიიჩნევს და ცოდვას შესაცოდად, ითვლება, რომ ცოდვას აღლუმის ნაცვლად სირცხვილი ეკუთვნის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოდვის მაგალითი უაღრესად გადამდები გახლავთ ადამიანისათვის. და რადგან ცოდვა გადამდებია, ამიტომ არ შეიძლება მისი ზეიმი და აღლუმი და ეს არაფერ კავშირში არ გახლავთ ადამიანის თავისუფლებასთან. ეს სულაც არ ნიშნავს ცოდვილზე ძალადობას. ადამიანი უდაოდ თავისუფალია თავის არჩევანში ზნეობასა და უზნეობას შორის, მაგრამ მაშინ, როდესაც მან უზნეობა აირჩია, ის აღარ უნდა ძალადობდეს სხვებზე და აძალებდეს მათ, რომ ამ ცოდვას ცოდვა აღარ ერქვას და რომ მას ზეიმითა და აღლუმით ხვდებოდნენ. მის მიერ ამ ცოდვის სხვისთვის ქადაგება პროპაგანდით, აღლუმითა და ზეიმით არის სწორედ ძალადობა, რომლისაგან ადამიანს თავდაცვის უფლებაც აქვს. ეს ქადაგება იმ ადამიანის ცხოვრებაში შეჭრაა, რომელსაც თავისი და თავისი შვილებისათვის ზნეობრივი ცხოვრება აურჩევია, არ მართავს ამის გამო აღლუმებს და არ სურს გარყვნილების ზეიმი საკუთარ საცხოვრისში. ადამიანის საცხოვრისი კი ერთი სივრცეა და კრედიტში ნაყიდი ბინის ზღურბლით არ შემოიფარგლება, მას სამშობლო ჰქვია და მისი წესების დაცვას ჩვენმა წინაპრებმა ზღვა სისხლი შეალიეს საუკუნეების მანძილზე. დასავლურ საზოგადოებაში კი ამ და ბევრ სხვა ცოდვას, როგორიცაა სიხარბე, მომხვეჭელობა, სიძუნწე, სიცრუე ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილების სტატუსი მიანიჭეს და ამ ცოდვების აშკარა გადამდებობას ნიღბავენ პროპაგანდით იმის შესახებ, რომ თურმე ე.წ. თავისუფალ საზოგადოებებშიც (რომელთა ყოველი მეასე მოქალაქე, მაგალითად, ამერიკის ციხეებში ზის) და ე. წ. განვითარებად ქვეყნებშიც ამ, ვითომ ბუნებრივი მოთხოვნილების მქონეთა რაოდენობა ერთნაირია. უბრალოდ, თითქოს დასავლეთში ის თავისუფლად ვლინდება და ჩვენთან კი - არა. მაგრამ მაგ პროპაგანდის სიცრუე თუნდაც იმაში ჩანს, რომ სინამდვილეში იქ სადაც მაგ ცოდვის პროპაგანდა დაუფარავად ხდება, ამ ცოდვის მიმდევართა რაოდენობა, ისევე, როგორც ამის შედეგად უოჯახო, მარტოხელა და უბედური ადამიანების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იქ, სადაც ამ ცოდვას სამარცხვინოდ მიიჩნევენ. თანაც, ეს რომ მართლა ცოდვა კი არა, არამედ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება გახლდეთ, იგი სულ სხვანაირად გამოვლინდებოდა. ცოდვისაგან განსხვავებით, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებისაგან თავშეკავება სრულიად შეუძლებელია, ჭამა-სმა იქნება ეს, ძილი, სუნთქვა თუ სხვა. ხოლო სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავება არათუ ცოდვილი მიდრეკილების განმხორციელებელთ, არამედ მისი ბუნებრივი, ცოლქმრული ფორმის აღმსარებელთაც კი შეუძლიათ მონაზვნობის შემთხვევაში, ქრისტიანები იქნებიან ეს მონაზვნები თუ ბუდისტები. ამრიგად მამათმავლობა ბუნებრივი მოთხოვნილება კი არა, არამედ ცოდვილი მიდრეკილება გახლავთ, ხოლო ცოდვისაგან თავშეკავების ხარისხი ოდითგანვე საზოგადოების კულტურის დონის საზომად ითვლებოდა. ეს ავიწყდება ამჟამად საკუთარი ზეობის დასასრულის ქარიშხალად დასავლურ კულტურას. და ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ ცოდვის აღლუმი მიუღებელი გახლავთ ჩვენნაირი ტრადიციული საზოგადოებისათვის.

არაერთხელ გვსმენია დასავლეთის წარმომადგენელთა და თანამშრომელთაგან ჩვენი დამოძღვრა იმის შესახებ, რომ ადამიანის პატივისცემა მისი ე.წ "სექსუალური ორიენტაციის" მიუხედავად, გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლება. მაგაში, შეგვინდეთ, მაგრამ ვერასოდეს დავეთანხმებით დასავლეთის თანამედროვე, ატროფირებულ ფორმაციას. ადამიანის პატივისცემა პატივსაცემის ფუნდამენტური უფლება კი არ გახლავთ, არამედ იმ ადამიანის თავისუფალი არჩევანი, რომელმაც მას პატივი უნდა სცეს. და ამ თავისუფალი არჩევანის მოსპობა და ამ "პატივისცემის" დაძალება გახლავთ სწორედ იმ უმძიმეს შეცდომათაგანი, რომელიც თანამედროვე დასავლურ ლიბერალიზმს მსოფლიოს ყველაზე აგრესიულ რელიგიად აყალიბებს, რომელიც ყველას, ვინც მას ეურჩება, ბომბებითა და ჯარით ანადგურებს. თუ ამ აგრესიის არსებობა ვინმეს გაზვიადებულად მიაჩნია, შეხედოს მაგ იდეოლოგიის მიმდევართა მცირე ჯგუფს ჩვენს ქვეყანაში. ნახოს, თუ როგორი გაშმაგებითა და აღტკინებით ემტერებიან ისინი ჩვენს მრავალტანჯულ ეკლესიას და ვერ ან არ ხედავენ საკუთარ იდენტურობას ამ საკითხში ბოლშევიზმთან, მიიჩნევენ კი თავიანთ თავს მისსავე მოსისხლე იდეოლოგიურ მტრებად. ან მაგალითისათვის ისიც გამოგვადგება, დავაკვირდეთ, რა გაცეცხლებით გადასცემენ ისინი პირდაპირ თუ შეფარულ ანათემას მათ აზრთან არდათანხმების გამბედავ თქვენს მონა-მორჩილს, როგორ ამოგლეჯენ კონტექსტიდან ამ წერილის ცალკეულ ციტატებს და როგორ შერაცხავენ მას რეტროგრად-შავრაზმელად, რომელიც დემოკრატიის მტერია და ვიწრო-ნაციონალისტური შეხედულებების მიმდევარი. ეს ყველაფერი გახლავთ უწესობის წესად დამკვიდრების მცდელობის შინაგანი წინააღმდეგობის, ანუ ოქსიმორონულობის ლოგიკური შედეგი და სანამ დასავლური კულტურა ამას არ გააცნობიერებს, მანამდე იქნება ის დაპირისპირებული ტრადიციულ საზოგადოებებს მათივე წევრების უფლებების ძალით დაცვის ყალბი დროშით, რომელიც დასავლეთის საერთაშორისო პოტენციალს ამცირებსა და შუექცევად ზიანს აყენებს.

ამ ზიანისა და დასავლური მოდელის უნივერსალური გამოყენებადობის იდეის კრახი აშკარა ხდება ნელ-ნელა დასავლელი მოაზროვნეებისათვისაც. "ფორბსი" წერს, რომ ამერიკული ჯარი გაეჩხირა ავღანეთში, ერაყი მოხვდა ძალადობის მოჯადოებულ წრეში, რომლის რეპრესიული მასშტაბიც დიდი ხანია აღემატება სადამ ჰუსეინისას, იმავე ძალადობრივი ესკალაციის გზით მიდიან ლიბიაცა და ეგვიპტეც, როგორც არ უნდა ფუთოს ეს დასავლურმა პრესამ. დასავლელი ანალიტიკოსები იტეხენ თავს, რატომ არ უნდა ამ სულელ მსოფლიოს დასავლური დემოკრატიის ზედმიწევნით გადმოღება და რატომ არ ბედნიერდება ადამიანი მხოლოდ მეტი ფულის მეშვეობით. კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი გრეგორი კლარკი თავის ახალ წიგნში "მშვიდობით სიღარიბევ!" წერს: "ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ დასავლურ სამყაროში კეთილდღეობის მიღწევამ არ გაგვხადა ჩვენ ოდნავ მაინც უფრო ბედნიერნი ჩვენს წინაპრებთან შედარებით, რომელნიც ნადირობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ... სამწუხაროდ, არ გვაქვს ფაქტები, რომლებიც დაგვიდასტურებდნენ, რომ შემოსავლებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის პირობები იწვევენ საზოგადოებაში ბედნიერების განცდის ზრდასაც". ამის შედეგად, დასავლეთში პოპულარული ხდება ნოვატორული კონვერგენციის თეორიები, რომლებიც პირველ, მოკრძალებულ ნაბიჯებს აკეთებენ ეკონომიკისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთდამოკიდებულების კვლევის საქმეში. თუმცა კითხვები ძირითადად კვლავ ისმება უნაყოფო, ათეისტური მიმართულებით, რატომ არის ზოგი ქვეყანა და საზოგადოება მდიდარი და ზოგი ღარიბი და ა.შ. ორნიტოლოგი ჯარედ დაიმონდი თავის ყველაზე ცნობილ ნაშრომში "თოფები, მიკრობები და ფოლადი" ცდილობს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გეოგრაფიული და წიაღისეული უპირატესობების ანალიზით. მაგრამ ჯერჯერობით ეს ემბრიონული ძიებაც თავისუფლად ეტევა ჩვენს მიერ ნახსენები ჩიხური დასავლური ვექტორის მარჯვენა და მარცხენა წახნაგების ფარგლებში. ხოლო, თუ ვინმე ბედავს ცოდვაზე ლაპარაკის დაწყებას იგი უმალვე ექცევა დაცინვისა და დისკრედიტაციის ალყაში, შენ რა უცოდველი ხარო? და რომც ეს ვინმე აღიარებდეს თავის ცოდვილობას, მაშინ მას ეუბნებიან, ჰოდა, ჩაიგდე ხმა და ჩამოეთრიე მაგ ტრიბუნიდანო. 500 წელია რომის პაპი არგადამდგარა თავისი კათედრიდან და ვის სჯერა, რომ ბენედიქტე XVI-ს გადადგომის მიზეზი მართლა ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, კისრის მალაში ტყვიაგაჩხერილი და პარკინსონისაგან მოცახცახე იოანე-პავლეს შემდეგ, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე იმსახურა? გადაგვარების გზაზე შემდგარი დასავლური ცივილიზაცია ცოდვის სირცხვილს ივიწყებს და სხვებსაც აძალებს მის დავიწყებას, რათა საბოლოოდ წაიშალოს განსხვავება მოქმედ კანონმდებლობასა და ზნეობრივ წესს შორის. თუ ამას თავისთან ბოლომდე მიაღწევს, მაშინ ისინი, ვინც მოქმედ კანონმდებლობას აკონტროლებენ, ადამიანის ცხოვრების წესსაც გააკონტროლებენ. და ასე დაიღუპებიან ყველანი ერთად, გამაკონტროლებლებიც და თავისუფლების დროშის ქვეშ დამონებულებიც.

მადლობა ღმერთს, ჩვენთან არ არის მიღებული ცოდვის და ცოდვილი ადამიანის პატივისცემა, სიბრალული და შემწყნარებლობა - კი ბატონო, მაგრამ არა პატივისცემა. ჩვენს ზნეობრივ კოდექსში ჩვენ ჩვენსავე თავს ყველაზე ცოდვილებად მივიჩნევთ და ცოდვადვე მიგვაჩნია სხვისი განკითხვა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ცოდვილსა და ცოდვას. არგანკითხვა სხვაა, პატივის არმიგება - სხვა. პირიქით, გვრცხვენია ცოდვისა, ჩვენი იქნება ეს თუ სხვისი. და ეს სირცხვილი გახლავთ ის უხილავი ნებაყოფლობითი ღობე და ციხესიმაგრე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ოჯახებს იმ მასობრივი ნგრევისა და უბედურებისაგან იცავს, რომლისგანაც ასე გატანჯულია დასავლური ქვეყნების მოსახლეობა. და რაც მთავარია, სწორედ ეგ ზნეობრივი კოდექსი ხდის ჩვენს ქვეყანაში ადამიანს ხშირად ასეთ მოღიმარსა და ბედნიერს, მიუხედავად ბევრი სხვა გასაჭირისა, რომელიც მის თავს ხდება. და ვიტყოდით, ბევრად უფრო ალალად მოღიმარსა და ბედნიერს, ვიდრე სამწუხაროდ ბევრ დიდებულ დასავლურ ქვეყანაში.

დავუბრუნდეთ ჩვენი წერილის ძირითად თემას და დავასრულოთ ჩვენი ერისა და მისი თანამოქალაქეების მიერ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მცდელობის ასეთი მძიმე და ტრაგიკული გასული ათწლეულის შეჯამება. პერიოდისა, რომლის აპოლოგეტებიც XXI საუკუნეში განხორციელებულ ნახსენებ ტერორს, ადამიანის ღირსებების მასობრივ შელახვას, მისი დაბეჩავება-განადგურების აშკარა მცდელობას ამართლებენ ქრთამის არამღები საგზაო პოლიციით, თითქმის უწყვეტი დენითა და ძირითად ტრასებზე ასე თუ ისე განახლებული ასფალტით და დაზომბილებივით იმეორებენ, აბა, რა გინდათ, რუსეთიო?!

ზემოთ მოყვანილი დანაშაულებრივი პოლიტიკური გუნდის კრიმინალური შემოქმედების ფაქტები გვიდასტურებს უპირველესად იმას, რომ ერისათვის არაბუნებრივი და უცხო იდეოლოგიის ძალადობრივი დანერგვა არც ამ ნერგის გახარებას იწვევს და არც იმ ეროვნული ნიადაგისა, რომელზეც იგი იქნა დაძალებული. ეს ფაქტებივე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არჩევნებით მოშორებული რეპრესიული რეჟიმის გასამართლება მოახდინოს, როგორც ეს ხდებოდა ჰიტლერის, პინოჩეტის, ვიოლას, გალტიერის, ბინიონესა და სხვათა შემთხვევაში. მით უმეტეს, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლები აგრძელებენ თავიანთ დანაშაულებრივ მოღვაწეობას საქართველოს პარლამენტში იმით, რომ ყოველდღიურად ამკვიდრებენ ცინიზმისა, სიცრუისა და დემაგოგიის აქამდე არნახულ სტანდარტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში. ეს სტანდარტები თავისუფლად უტოლდება წითელი ტერორის წარმომადგენლების რიტორიკის "საუკეთესო" ეგზემპლარებს თავისი უტიფარობით და არ შეიძლება არ აყენებდეს უდიდეს ფსიქიკურ და ზნეობრივ ზიანს ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას. ამიტომ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი რაც შეიძლება მალე უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივად და გასამართლდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამის გარეშე ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული წინსვლა ძალიან ძნელი იქნება. უდავოა, რომ იმ პიროვნებებს, რომლებსაც კანონი არ დაურღვევიათ და რომლებიც ისურვებენ რეჟიმის ფუნქციონერობის მონანიებას, უნდა მიეცეთ საშუალება პატიებისა და საზოგადოებრივი რეაბილიტაციისა. იმ პირებსაც კი, ვინც კანონი დაარღვია, ამგვარი მონანიება შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაეთვალოთ, თუ გვინდა, რომ ზნეობრივი და არა ტექნოკრატიული სამართლიანობა დავამკვიდროთ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მსგავსი ნამუსიანობის ნატამალიც კი არ ჩანს რეჟიმის წარმომადგენლებში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რაც უფრო შემჭიდროვდება მათ გარშემო სამართლიანობის რკალი და რაც უფრო გვიან არჩევენ ისინი მსგავს მონანიებას, მით ნაკლები ფასი და დამაჯერებლობა ექნება მათ ამგვარ ქმედებას საზოგადოებისათვის. არაა გამორიცხული ზოგიერთმა მათგანმა ჯანმრთელობაც, მათ შორის ფსიქიკურიც კი, მოიმიზეზოს ასეთ შემთხვევაში, მაგრამ გვიანღა იქნება.

საინტერესოა, დაისვას კითხვები რეჟიმის მატერიალურ სიმდიდრეებზე. ეს წლები მიხეილ სააკაშვილი და მისი ელიტური გარემოცვა ხელფასზე ცხოვრობდნენ? და თუ არა, რამდენი ფული წაიღეს მათ ღატაკი საქართველოდან? სად არის ამჟამად ის ფული? დასავლეთი დაგვეხმარება იმ ფულის მონახვასა და ქვეყანაში დაბრუნებაში? გვესმის ხმები აფრიკაში ნაყიდი რაღაც ბანკის შესახებ, იქ "ნაციონალი" ფუნქციონერების რეგულარული ფრენების შესახებ პრეზიდენტის თვითმფრინავით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული უმდიდრესი მინისტრების უცხოეთში გადასახლების შესახებ. ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილია? საინტერესოა, როგორი პრაქტიკა აქვს ამ საკითხებთან მიმართებაში დასავლეთს? როდესაც უფროსი ბუშის მეგობარი ჰოსნი მუბარაქი ან სარკოზის მეგობარი მუამარ კადაფი გაიწირება ხოლმე და როდესაც დასავლეთი უეცრად "აღმოაჩენს"თავისთან ამ მეგობარყოფილი გაწირულების 50 ან 200 მილიარდ დოლარს, იმ ფულს მერე რა მოსდის? ის ფული მერე იმ ქვეყნების მოსახლეობას უბრუნდება, ვისგანაც არის მოპარული? თუ მისი "კონფისკაცია" ხდება დასავლელი ბანკირების სასარგებლოდ, როგორც უკანონო ფულისა?

საერთოდ, საინტერესოა ამ პროცესებში ამ წლების განმავლობაში დასავლეთის, როგორც აწ დემოკრატიულად ჩამოგდებული რეჟიმის მთავარი სპონსორისა და მხარდამჭერის როლი. ჩვენი ახალი მმართველები, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ამ შეკითხვის მკვეთრად დასმას ჯერჯერობით ვერ ბედავენ, გრძნობენ რა თავს ჯერ მოუმაგრებლად და სუსტად. მით უმეტეს, რომ კალიგულასეული მმართველობის დაბრუნების გარკვეული საფრთხე ჯერ კიდევ დასტრიალებს საქართველოს. საქართველოს ახალი მმართველები ცდილობენ დაადასტურონ, რომ სჯერათ დასავლეთის წარმომადგენლების მიერ არჩევნების ბოლო პერიოდში ნაცეკვი პა-დე-დეებისა, რომლის შედეგადაც დასავლეთი ჩვენს საზოგადოებას კვლავ სამართლიანობისა და ჩვენი ხალხის ინტერესების უცილობელ დამცველად მოევლინა. არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგისას დასავლეთმა აშკარად არჩია სამოქალაქო ომისა და არეულობის დაწყნარების საბაბით გავეშებული რუსული არმიის შემოვარდნის საფრთხეს, ამერიკული სლენგი რომ ვთარგმნოთ, "საკუთარი ძუკნის ნაშიერის" (Own son of a bitch) დამარცხების აღიარება. დღევანდელ თბილისში უხერხულია და არ არის მიღებული დასმა შეკითხვისა, თუ რას აკეთებდნენ ეს ჩვენი ხალხის ინტერესების დასავლელი დამცველები ამ 9 წლის განმავლობაში 300 ათასი ქართველის დატუსაღება-გაუპატიურება-გაწეწვისას, 7 ნოემბერს, 5 იანვარს, 26 მაისს, ჟვანიას, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვათა მკვლელობისას, კერძო ტელევიზიების სპეცრაზმების მიერ გადაჯეგვისას და იძულებით ჩამორთმევისას, პარლამენტარების სიკვდილის პირამდე ცემისას, ეკლესიების ნგრევა-დარბევისას, საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების ფეხებით გამოთრევისას და ამ სახლების მათ თვალწინ დანგრევისას, მაღაზიების სახურავებზე გვამებშემოდებული სამხედრო აღლუმებისას და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოებაც თითქოს თავს აკატუნებინებს დასავლეთს და თავგამოდებით ეძახის მას ერთგულ მოკავშირეს, მზად არის გააგრძელოს ნატოს არაწევრ ქვეყანათაგან ყველაზე მეტი სისხლ-ხორცის მასზე შეწირვა ავღანეთსა და ერაყში, სანაცვლოდ დამამცირებელი ფორმულირებისა "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!" და რუსეთთან ომის დროს გამოგზავნილი "პამპერსებისა" და სასმელი წყლისა. და ეს გასაგებიცაა, ჩვენს ქვეყანას თავზე ადგას რუსული არმიისა და კრემლის ნახსენები ირაციონალური პოლიტიკის არათუ აჩრდილი, არამედ სრულიად ხილული საფრთხე. და ასეთ მარადიულ ორ ცეცხლშუაობაში ცდილობს ჩვენი ერი თავის გადარჩენას ისევ, რამდენჯერ გვინახავს ასეთი სურათი?!

მაგრამ ამიერიდან, ჩამოიგდო რა ქვეყანამ მხრებიდან დესპოტი რეჟიმი, შეიძლება გამოითქვას ფრთხილი იმედი იმის შესახებ, რომ მას, როგორც იქნა, შესაძლოა დროებით ისევ მიეცა საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური კურსის არსებულ რეალიებში განსაზღვრის საშუალება. აქამდე ნებისმიერი მცდელობა დასავლეთის, როგორც აბსოლუტური კერპის კრიტიკისა საქართველოში განწირული იყო მარგინალიზაციისთვის და რაც მთავარია, სრულ უშედეგობაზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეზონანსის თვალსაზრისით. ამჟამად კი დადგა დრო სახელმწიფო პოლიტიკის რაციონალური გააზრებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი დასავლური სისტემის ნეგატიური ასპექტების კრიტიკა ცხადყოფს, რომ არც ერთი მათგანი არ შეიძლება შედიოდეს ჩვენი ან ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის განვითარების გეგმებში. ამიტომ ყველაფერი, რაც დასავლეთში ამ ნეგატიური შედეგების გამომწვევი მიზეზია , შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ ჩვენთვის მიუღებელ და მავნებელ ზნეობრივ თუ საკანონმდებლო ნორმებად. თუ ამას გავიაზრებთ, მაშინ ამ საზომით უნდა მივუდგეთ კანონშემოქმედებასაც და საზოგადოებრივ დიალოგსაც. ჩვენთვის დამღუპველი იქნება გავაგრძელოთ ეს თავს მოხვეული დასავლეთის ტოტალური აპოლოგეტიკა და მის კარგ მხარეებთან ერთად არ მივაქციოთ ყურადღება მისგან მომავალ სასიკვდილო საფრთხეებს ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.

ამავე დროს, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს, რომ უკიდურესად მავნებელი, არაპროდუქტიული და სახიფათოა არა მარტო ჩვენისთანა მომცრო, არამედ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოებისათვისაც კი, ხისტი, ანტიდასავლური პოლიტიკის გატარება. ეს მიუღებელია უპირველესად იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მართლაც ზოგი კარგი რამ გვაქვს სასწავლი დასავლეთისაგან და იმ თვალსაზრისითაც, რომ არსებულ ვითარებაში დასავლეთი ჯერჯერობით აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებულად მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს უმრავლესობას მხარი დაუჭიროს მას, ცდილობს რა ამ ხერხით ჩვენს დათრევას, ისევე, როგორც რუსეთი ცდილობს ჩვენს დათრევას აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. მაგრამ მიუხედავად ამ უკიდურესად რთული საგარეო პოლიტიკური ვითარებისა, რომელშიც ამ ათწლეულის შედეგად აღმოჩნდა საქართველო, თანამედროვე ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს გულთგონიერი გამომრჩევლობის უნარის გამოვლინება, რომელიც მას ასე ახასიათებდა თავისი ისტორიის მანძილზე იმპერიათა და იდეოლოგიათა ჩანაცვლების ჟამს საკუთარ ტერიტორიაზე. ბარბარიზმების მოყვარული ჩვენი ყურისა და ენისათვის, რომელიც თანაცხოვრებას კოჰაბიტაციას უწოდებს და ღუმელს - ფეჩს, შევარჩიოთ შესატყვისი ტერმინი ამ მოვლენისათვისაც. ჩვენთვის ასე აუცილებელი გულთგონიერი გამომრჩევლობის უნარსა და უფლებას საქართველოს სელექციური ვესტერნიზაცია, ანუ შერჩევითი გადასავლეთელობა ვუწოდოთ. ჩვენ ყველაფერი კარგი უნდა ავიღოთ დასავლეთისაგან, იმდენად, რამდენადაც ის მისაღებია ჩვენი ტრადიციისა და მსოფლმხედველობისათვის, ჩვენი ოჯახისა და ადამიანის ერთგული და შემწყნარებელი კულტურისათვის. მაგრამ, ბუნებრივია, ზღვარი ჯანმრთელ შემწყნარებლობასა და ერის გარყვნის უარყოფასა და არდათმენას შორის, როგორც ყოველთვის, უნდა გადიოდეს იმ ნეოიდეოლოგიურ სიმახინჯეებთან, რომლებიც ასე ანგრევენ დასავლეთის ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა, დიდებულ კულტურას და ასე აუბედურებენ იქ ადამიანს ბედნიერების დროშის ქვეშ.

ჩვენი ერის მიერ აღდგენილ სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაში ჩვენ გვმართებს ვცადოთ გავცეთ პასუხი ორ შეკითხვას:

1. რა შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ მსოფლიოსაგან ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის?

2. რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ მსოფლიოს?

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ნათელვყოთ, თუ რამდენად ფუღურო და ზედაპირულია ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრების თვითმიზნად შერაცხვა. დასმული ორი კითხვა თავადვე მიგვითითებს იმაზე, თუ რატომ მოვხვდით ჩვენ ერების იმ სამიოდე პროცენტში, რომლეთაც ეროვნულობის გარდა საკუთარი სახელმწიფოც მიეცათ.

ჩვენს ერს, როგორც ამ სახელმწიფოს უმრავლესობას, დაეკისრა პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და საქართველოს ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების მოქალაქის წინაშე წარმართოს თავისი და საქართველოში მცხოვრები ყველა ერის შვილის ცხოვრება უკეთესად, საკუთარი და მასთან ერთად მცხოვრები ყველა ეროვნების ტრადიციებზე დაყრდნობით. ამისათვის კი მას სჭირდება უცხოეთიდან გადმოსაღები სიახლეების ავკარგიანობისა და საკუთარ წესებთან თავსებადობის ზედმიწევნითი გარჩევა. ხოლო დანარჩენი მსოფლიოსათვის მას მოეთხოვება ისეთი რამეების შეთავაზება, რაც ქართველებმა სხვებზე უკეთ ვიცით და რაც ამჟამად დეფიციტურია მსოფლიოში.

ორი აზრი არ არის, რომ დასავლეთისგან სასწავლი სიბრძნეებიდან ჩვენ ყველაზე უფრო შრომის კულტურის აღდგენა გვესაჭიროება. ეს მეტად კომპლექსური საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენი ეთნოფსიქიკის ზედმიწევნითი ანალიზისა და არსებული ეკონომიკურ-დემოგრაფიული რეალიების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს. ჩვენი წერილის მთავარი თემა აქ არ იძლევა ამის საშუალებას, თუმცა იქნებ ამ საკითხის ღრმა განხილვა ცალკე წერილადაც კი ღირდეს. აქ კი მოკლედ ვთქვათ, რომ სამხრეთული ერისათვის საყოველთაოდ დამახასიათებელი სიზარმაცის გარდა ჩვენ კიდევ სამი უბედურება დაგვემართა: პირველი ეს იყო რუსიფიკაციის სანაცვლოდ დოტაციების უხვად გადამხდელი რუსეთის იმპერია, რომელმაც ჩვენს ბუნებრივ სამხრეთულ სიზარმაცეს დიდად შეუწყო ხელი, მეორე - კერძო ინიციატივის ჩამომრთმევი და დამსჯელი კომუნიზმი და მესამე - საბჭოთა პერიოდში აგროტურისტული ზონის მცხოვრებთათვის არაბუნებრივად გამამდიდრებელი ხელოვნური ფასთწარმოქმნის სისტემა. ამ სამმა უბედურებამ კი, თავის მხრივ, მთლად დაასამარა ჩვენი ეროვნული მომმოქმედებლობის ნარჩენები. ამ ჭაობიდან ამოსვლა კრებითი ზომების მიღებას საჭიროებს და ისინი მხოლოდ საკანონმდებლო-ეკონომიკურ ხასიათს როდი ატარებს. უდავოა, რომ ამ სფეროში ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში დასავლეთზე უკეთეს მაგალითს მხოლოდ ჩინეთში თუ მონახავს. თუმცა, გეოგრაფიულადაც, კულტურულადაც და ლინგვისტურადაც ეს უკანასკნელი ბევრად ძნელი და ნაკლებად ლოგიკური მოდელი იქნებოდა მისაბაძად.

მეორე რამ, რაშიც საქართველო უამბიციო შეგირდად უნდა დაუდგეს დასავლეთს, გახლავთ სამეცნიერო-ტექნიკური სფერო. თუმცა აქ ეს უნდა გაკეთდეს არა იმ უბადრუკი პროვინციალიზმით, რომლითაც წასული ხელისუფლების ვაიიდეოლოგები ოპერირებდნენ და რომლითაც ისინი საგანმანათლებლო ინსტიტუტებსაც კი აარსებდნენ და მართავდნენ, არამედ საქართველოში მყოფ და მთელს მსოფლიოში მოფანტულ ჩვენს სამეცნიერო ინტელიგენციაზე მარჯვე დაყრდნობით. ნულიდან შენების ნაცვლად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ შემორჩენილი ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის გადარჩენისა და მასზე დამყნობის ფილიგრანული უნარი. უნდა აღდგეს და შესატყვისად დაფინანსდეს ფუნდამენტური მეცნიერების დარგები და დანაშაულებრივად გაუქმებული ინსტიტუტები, როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში და ამას უნდა მოებას საკუთარი და იმპორტირებული ცოდნა გამოყენებით მეცნიერებებში. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს ერს საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის შესაბამის ასპარეზს მისცემს.

მესამე, და იქნებ ბოლო სფერო, რომელშიც დასავლეთი ჩვენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს, არის სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. თუმცა პირველი ორისაგან განსხვავებით, აქ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რათა ელექსირს შხამი არ მოვაყოლოთ და ის სავალალო შედეგები არ ვიწვნიოთ, რომლებშიც ასე მარცხდება ამჟამად თანამედროვე დასავლეთი. ვიყოთ უფრო კონკრეტულნი და ვაღიაროთ, რომ აქ უმთავრესად ანგლოსაქსური სამოქალაქო ინსტიტუტების ტრადიციაზე გვაქვს საუბარი. ესპანეთისა და საფრანგეთის (რუსეთისაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ყველა ყოფილი კოლონია დღემდე კოჭლობით კვდება, ხოლო ბრიტანეთის ყველა ყოფილი კოლონია მატერიალურად და ორგანიზაციულად ხარობს და ეს ვერ იქნება უბრალო დამთხვევა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების შესაბამის მოწინავე ყაიდაზე გამართვას ჩვენ არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი საზოგადოებრივი ნორმები და ზნეობა. ყველაფერში, რაც შეეხება ოჯახისა და ადამიანის ცხოვრების ზნეობრივ ნორმებს, ჩვენთვის არ უნდა იყოს ავტორიტეტული ამ სფეროებში აშკარად დამარცხებული თანამედროვე დასავლეთი. პირიქით, ეს არის ის სფეროები, სადაც დასავლეთს, თუკი ის გულწრფელია ჩვენთან პარტნიორობისა და მეგობრობის დეკლარირებაში, უნდა ესწავლებოდეს ჩვენგან. საზოგადოების განვითარების ამ სფეროებთან მიმართებაში ჩვენ დიდი სკეპსისისა და სიფრთხილის საფუძველი გვაქვს დასავლეთთან ურთიერთობისას.

ნახმარი სამოსის გამოგზავნას ჰგავს ზოგიერთი ის ინიციატივა, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში მოდის ამჟამად ამ სფეროებში. იმ დროს, როდესაც თავად დასავლეთში ვისმენთ ფემინიზმის დასასრულის დასაწყისის შესახებ, როდესაც საჯაროდ გამოდიან ე.წ. "სამხედრო" (militant) ფემინიზმის აღიარებული ლიდერები და ინანიებენ დასავლეთში კაცის გაქალაჩუნებას, როდესაც მილიონობით ქალი ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში თავიდან აგნებს თავისთვის ბანალურ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერ სამსახურსა და კარიერას, არჩევანის შემთხვევაში, ურჩევნია ოჯახური კერის სითბო და შვილების აღზრდა, უცნაურად და გროტესკულად გამოიყურება ქართულ ტელევიზიებში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ვიდეოკლიპები, რომლებიც ქართველებს მოუწოდებენ სქესობრივი თანასწორობისაკენ. ეს თანასწორობა ქართველთათვის მიუღებელია, იმიტომ, რომ იგი ჩვენი კულტურის კონტექსტში ქალის აღზევებას კი არ ნიშნავს კაცის დონეზე, არამედ მის დაქვეითებას კაცის დონეზე. ჩვენს კულტურაში ქალის არათუ პატივის, არამედ თაყვანისცემა იმ საუკუნეებში იღებს სათავეს, სადაც უმრავლესობა დასავლური ქვეყნებისა არც კი არსებობდა. ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც უსუსურმა 14 წლის გოგომ მოგვდრიკა და მოგვნათლა, ყველა სხვა ევროპული ერი ზნეობას მამაკაცისაგან სწავლობდა. ჩვენი ენის ზმნათა ბრუნვაში და ზედსართავებში სქესი არ არსებობს და ქალის მმართველობის ეპოქაშივე მიიღო თამარისეულმა ქართულმა მონარქიამ თანამედროვე ევროპული დემოკრატიის პირველი პროტოტიპი სამეფო დარბაზის სახით, ინგლისში კრომველის რევოლუციამდე და Magna Carta-ს დამტკიცებამდე ასე 50 წლით ადრე. თანამედროვე საქართველოშიც მასობრივად განარკომანებული, გალოთებული და გაუვარგისებული მამაკაცების პირობებში, სწორედ ქართველმა ქალმა აიკიდა ზურგზე ქართული სოფელიცა და ქალაქიც, მასწავლებლობაცა და პოლიტიკოსობაც, იურისტობაცა და ვაჭრობაც და ცოტა სასაცილოცაა ასეთი ტრადიციისა და რეალობის ქვეყანაში ფემინიზმის ქადაგება.

ასევე გროტესკულად გამოიყურება თანამედროვე ევროპის მხრიდან, რომელიც საკუთარი აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობრივ დაისზე დარდიანდება, თანამედროვე საქართველოში კონტრაცეფციის პროპაგანდა. დასავლეთი ევროპა ლამის პანიკაში ითვლის საპენსიო დემოგრაფიული გრაფიკების მრუდეების უადგილო ადგილებში გამოფიტვას და დარდობს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში - არაბული, ხოლო გერმანიასა და შვეიცარიაში თურქული კომპაქტური დასახლებების ურბანულ-კულტურულ თავსებადობაზე ევროპულ აბორიგენ მოსახლეობასთან. და ამავე დროს იგი, ასევე დემოგრაფიულად ცუდ დღეში მყოფ საქართველოში, აფინანსებს კონტრაცეფციის კამპანიებს, სადაც ტრადიციული წესწყობილების პროვინციულ ქალაქებში პრეზიდენტის მეუღლე ჩადის და თავსაფარწაკრულ დიასახლისებს პრეზერვატივებს ურიგებს.

ან, კიდევ, რას ჰგავს თბილისში საჯარო სკოლის წინ ნორვეგიელი მამაკაცების შარშანდელი ლოშნაობა, როგორც "ადამიანის თავისუფლების" უზენაესი მაგალითის დემონსტრაცია? იმ ნორვეგიელებისა, რომლებსაც საკუთარი ანდრეს ბრეივიკისათვის ვერ მოუვლიათ, რომელმაც აგერ 72 ადამიანი ამოხოცა კურდღლებივით, ჩვენი ქუთაისელი გოგონას ჩათვლით, არიქა, გვიშველეთ მუსლიმანები მოდიან და მრავლდებიანო. და მერე რას ჰგავს ამ უმსგავსობის მხარდაჭერა დასავლელი ელჩებისაგან ქვეყანასა და კულტურაში, სადაც მათ დიპლომატია მოეთხოვებათ. დიპლომატია, რომელიც უნდა გულისხმობდეს ელემენტარულ ცოდნას იმისა, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქის ასი ათასმა მოქალაქემ დემოკრატიულად არჩია მათთვის თავი მოეკვეთათ, ვიდრე ზნეობაზე უარი ეთქვათ. და ეს მოხდა ბევრად ადრე, ვიდრე ეს დასავლური ქვეყნები ადამიანის ღირსებაზე ფიქრს დაიწყებდნენ, ან ზოგიერთი მათგანის კონტინენტიც კი იქნებოდა აღმოჩენილი. გაუბედონ, აბა, ეგეთი დიპლომატია მათსავე ნავთობის მიმწოდებელ საუდიტებს ან საამიროებს დასავლურმა ქვეყნებმა. და ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ერი არ იკადრებს მათს საელჩოებთან მათი დროშების დაწვას და მსგავს სიგიჟეს, ჩვენ უნდა გვაყენებდენ ასეთ შეურაცხყოფას და გვირყვნიდნენ ასე შვილებს?

დასავლეთს აშკარად მართებს საქართველოში ქართული ქუდის უკეთ მორგება და დაფიქრება იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენთან იქადაგოს და რა - არა, თუ არ უნდა, რომ მზარდი ტემპებით დაკარგოს აქ პოპულარობის ნარჩენები, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სიტყვით მხარდაჭერის მიუხედავად.

კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ მთავარი აქ არის არა ის, თუ რამდენად წრფელი და ადეკვატურად აქტუალურია ჩვენთვის დასავლეთიდან შემოთავაზებული, თუ უფრო სწორად, თავს მოხვეული ეს სიმახინჯეები, არამედ, რამდენად მოვინდომებთ ჩვენ თვითონ, როგორც უძველესი კულტურის ერი, შესატყვისი პასუხის გაცემას ამ სიმახინჯეებზე. და აქ არაფერ შუაში არ არის ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, რომელსაც ზოგს გაუნათლებლობითა და კულტურული სივიწროვით, ზოგს კი ჩვეულებრივი ანგარებით, უნდება ქალის ბრიტვით ნამუსის ულვაშის მოპარსვა, პაპუასივით სახის თეთრად შეღებვა და ახლად მოსულ მორიგ კონკისტადორებზე დამსგავსება დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ გავაკეთოთ ის, რასაც ათასწლეულების მანძილზე აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები: ამ მორიგ იმპერიათა და იდეოლოგიათა ცვლას ჩვენს სივრცეში არ გადავაყოლოთ ჩვენი იდენტურობა. წარსულს ჩავაბაროთ მიმავალი იმპერიის სიცუდეები და დავიტოვოთ მისი სიკარგეები, არ მივიღოთ მომავალი იმპერიის სიცუდეები და ავითვისოთ მისი სიკარგეები.

ამ კონტექსტში ცოტა უნდა ვიმყოფინოთ კიდეც საბჭოთა კავშირის ამდენი გინება. ამ სტატიის ავტორს ოთხი დიდი ბაბუა ჰყავს დახვრეტილი და გადასახლებული გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ, არავინ ოჯახში პარტიული არ ჰყოლია, რადგანაც მისი ოჯახის ტრადიციაში ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. ეს ავტორივე გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ თავისი თაობის სხვა პატრიოტებთან ერთად. იგი 9 აპრილს ცოცხლად დარჩენილთა შორის ერთ-ერთი უმძიმესი დაჭრილი იყო და ნაწილობრივ დაბრმავდა კიდეც ცალ თვალზე მიღებული დაზიანებების შედეგად და მას იქ არ უნახავს არც მიშა სააკაშვილი და არც სხვა "ნაციონალი" ფაცნები, რომლებიც პარტიულ ხიზილალაზე იზრდებოდნენ პარტიული ნომენკლატურისა და კა-გე-ბეს ოფიცრების ოჯახებში და პარტიული ბლატით ეწყობოდნენ კა-გებ-ეს სკოლებში. მაგრამ ტოტალიტარულმა ეპოქამ, რომელმაც ამდენი მსხვერპლი მოუტანა ჩვენს ოჯახებს, ამავე დროს დაამარცხა ფაშიზმი, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ახლა დასავლელი სამხედრო ვაიისტორიკოსები. ამავე ეპოქამ შექმნა საქართველოში იმ მასშტაბის ინდუსტრიალიზაცია, დოვლათი, სტაბილურობა, განათლება, სპორტი და კულტურული პლასტი, რომ მის ზომასა და მრავალფეროვნებას ბევრი დიდი ევროპული ქვეყანაც კი ვერ შეედრება და რომლის ღებვა-განახლებასა და ლენტის თავიდან გაჭრას ვერ აუდის თანამედროვეობა. ამიტომ ამ ჩვენმა საბჭოთა გვამის მაგინებლებმა, გამოზრდილებმა მაგავე მყრალი გვამის ლეშზე, ჯერ ლადო ასათიანისნაირი ლექსი თქვან, გიორგი შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიების" მსგავსი შედევრის მეასედი გადაიღონ, რამაზ ჩხიკვაძისნაირად იარტისტონ, ჭაბუა ამირეჯიბის მეათასედი დაწერონ ან მემილიონედი წაიკითხონ, მერაბ ბერძენიშვილისნაირი რამე გამოაქანდაკონ, ავთო ვარაზისნაირი რამე დახატონ, დათო ყიფიანისნაირად ბურთს ფეხი გაარტყან, ვასილ მჟავანაძისნაირად თავმდაბლად იცხოვრონ და მერე ლანძღონ მამების თაობა და გვაკვირვონ შიშველი უკანალების კულტურული სიახლით კაცობრიობისათვის. ეპოქა, რომელშიც ქართველი დედამიწის ერთ მეექვსედზე, 400-მილიონიან აღმოსავლეთევროპულ და შუააზიურ სირვცეში პატივცემულ ერად მიიჩნეოდა, ყველგან თავისუფლად მოძრაობდა და აკეთებდა თავის საქმეს, დაინგრა თავისი უღმერთობის გამო. მისი ქარის მოტანილი კოლოსალური დოვლათი, რომელიც ზნეობას დაშორებულმა ერმა ქალების დევნასა და დუდუკში იხმარა, მისი დანგრევის ქარმავე წაიღო. იგი შეიცვალა ეპოქაზე, რომელშიც ყველა თავისუფალ ადამიანს ერჩივნოს ყოფნა ღმერთისა, თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის იმედზე. მაგრამ ამ ახალ ეპოქაში ახალი მეპატრონე იდეოლოგია-იმპერია ქართველებს თავისი საელჩოების რიგებში აყურყუტებს და თუ უბოძა ნებართვა სტუმრობისა, იქ ჩასულს ძაღლად არ აგდებს. და რომელიც აწი ასევე ნელ-ნელა ინგრევა თავისივე უღმერთობით. არც ერთი უქნია ჩვენთვის ღმერთს და არც - მეორე, მაგრამ რა არის ეს გაუთავებელი, უსირცხვილო გინება საკუთარი წარსულისა? ჩვენ ყველა დროში ჩვენი სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამიტომ ყველა დროში, ყველა იდეოლოგიაში და იმპერიაში უნდა ვიღებდეთ და ვიტოვებდეთ მარგს და არ ვაჭაჭანებდეთ მიუღებელს.

თავგადადებული დასავლეთიზმის ეპოქაში საქართველოში არაერთხელ გვსმენია, რომ ამგვარი ხელოვნური შერჩევითობა დასავლეთიდან ცოდნის იმპორტისას, ის, რასაც ჩვენ ამ სტატიაში სელექტიური ვესტერნიზაცია ვუწოდეთ, მიუღებელი და არაპროდუქტიულია და უბრალოდ რომ ვთქვათ, მათი ბორმანქანები ჩვენსაზე უკეთესი იმიტომაა, რომ იქ გარყვნილება ნორმაა. ეს პროპაგანდა იმდენად დიდი უვიცობა თუ უნამუსო ტყუილია, რომ მასზე დროის ხარჯვაც კი არ ღირს. ხოლო რაც შეეხება იმ იშვიათ შემთხვევებსა და სფეროებს, სადაც ჩვენი მატერიალური განვითარების გზები მართლა გადაიკვეთება ჩვენი ზნეობის გზებთან, იმ ერს, რომელსაც არ სურს ზემოთ მოყვანილი უსაშინლესი პრობლემების ბუკეტის წვნევა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში უნდა ერჩივნოს წესისა და ტრადიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. თუმცა ჩვენი მიმდინარე პრობლემები და ჩამორჩენილობა იმდენად ბანალურია, რომ ჩვენ მაგ "ხახუნის" ზონებამდე კიდევ ათწლეულები ვერ მივალთ.

აქ, ალბათ, მთავრდება ჩვენი როგორც ერისა და სახელმწიფოს მიერ უცხოეთიდან შესასწავლი ცოდნის სფეროების ჩამონათვალი და იწყება ფიქრი იმაზე, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ, როგორც ერმა და აწი სახელმწიფომ მსოფლიოს. რადგანაც, თუ მსოფლიოს, როგორც ბაზარს შევხედავთ, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან და გავლენიან კულტურულ ჭრილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, როგორც "მოვაჭრე" ერთეულს, გვესაჭიროება არა მხოლოდ "საყიდელი", არამედ "გასაყიდი" ესენციებიც. ამ საკითხისადმი თანამედროვე საქართველოში ხშირად ცინიკური ან უკეთეს შემთხვევაში ზედაპირული დამოკიდებულება სუფევს. მრავალხმიანობა და სანადიმო სადღეგრძელოები, როგორც კადნიერად და აგდებულად მოხსენიებული ჩვენი დიდებული კულტურის ულამაზესი გამოვლინებები, სინამდვილეში არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს ჯამში შეუძლია შესთავაზოს თავის სამეზობლო რეგიონსა და საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოს იმ შემთხვევაში, თუ თავისი სახელმწიფოს განვითარებას ორგანულად წარმართავს.

მაგრამ, ბუნებრივია, სანამ მაგ მდგომარეობამდე მივიდოდეს, ერმა და ქვეყანამ თავის ძირითად ავადმყოფობებს უნდა უმკურნალოს ეფექტურად, საკუთარი მეობა აღიდგინოს და მერე ჰქონდეს კულტურული პრეტენზია სხვათათვის დახმარების ხელის გაწოდებისა.

უდავოა, რომ ჩვენი ერისა და ქვეყნის გაჯანსაღების გზაც და შემდგომში გარე სამყაროსათვის შესათავაზებელი სიკარგეების რაობაც, ჩვენს შემთხვევაში, ოჯახური კულტურის აყვავებასა და განვითარებას უნდა დაეყრდნოს. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ გვიყვარს და შეგვიძლია სხვებზე უკეთ თუ არა, სხვებზე ნაკლებად არა. და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო უჭირს და ენგრევა თავს თანამედროვე ცივილიზაციას დღეს ჩვენი ჩათვლით. ეს ღირებულება ზეეროვნულია, ზოგადსაკაცობრიო, მას სცემს პატივს ყველა ტრადიციაცა და ზნეობრივი სისტემაც და ის იჩაგრება სწორედ ყველაზე უფრო თანამედროვე დასავლეთში. ეს არის სწორედ ის ესპერანტო, რომელზეც ადრე ყველა მეტყველებდა და რომლის წინაშეც მის მტერ ბოლშევიზმ-ლიბერალიზმს ყველაზე ნაკლებად გასდის თავისი უტიფარი დემაგოგია.

მაგრამ სანამ გარე სამყაროს შველამდე მივიდოდეთ, ჯერ ჩვენს თავს უნდა ვუშველოთ და ქვეყანა ისევ ქვეყანას უნდა დავამგვანოთ. მსოფლიოში პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე განარკომანებული და დატუსაღებული ერი, რომელსაც პროცენტულად ყველაზე მეტი ტერიტორიის ნაწილი აქვს დროებით დაკარგული, რომლის მოსახლეობის ყველაზე დიდი ფრაქციაც გავიდა საშოვარზე უცხოეთში ბოლო 20 წლის მანძილზე, რომლის ეკონომიკაც ყველაზე უფრო არის დამოკიდებული ემიგრაციის მიერ სახლში გამოგზავნილ ფულზე, რომლის საექსპორტო ბალანსიცა და ასორტიმენტიც მისსავე საიმპორტოსთან შედარებით ერთერთი უსუსტესია მსოფლიოში, რომლის საგარეო ვალიც იზრდება მსოფლიოში ყველაზე ჩქარა, რომლის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტიც იკვლება აბორტებში, რომლის გახლეჩისათვისაც კავკასიურ ცარცის წრეში დგანან მსოფლიოს უძლიერესი მოქიშპე სამხედრო ძალები, რომელსაც პროცენტულად მსოფლიოში ყველაზე ცოტა საკუთარი ვარგისი მიწა აქვს დამუშავებული - აი, რა არის დღევანდელი საქართველო.

ამ მდგომარეობაში მყოფი ერისა და ქვეყნისათვის ყველა ის ზემოთ ჩამოთვლილი ბოროტება, რომელიც მას გასული 9 წლის განმავლობაში დაემართა დამსახურებელ თუ მაკურნებელ სასჯელად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუ ათეისტური, თუ თეოლოგიური თვალსაზრისით. და თუმცა ეს ერისა და ქვეყნის მტრებისა, მაწამებლებისა და დამცინველების დანაშაულს არაფრით არ ამართლებს, დროა სარკეში ჩავიხედოთ და დავინახოთ ის, რასაც წმ. ილია მართალი მიგვითითებდა საუკუნის წინ. დროა დავანებოთ თავი ჩვენი სიბეჩავისა და დაჩაგრულობის სხვებზე გადაბრალებას და ვიტიროთ ჩვენივე უვარგისობა. ჩვენი სიზარმაცე, დაწყებული საქმისა და მშენებლობის დაუმთავრებლობა, სიმახინჯე, საკუთარი ქვეყნის დანაგვიანება, უხეირობა, ესთეტიკური წალეკილობა, ამპარტავნება, ურთიერთმტრობა და გარე მტერთან ლაჩრობა საარაკოა, ჩვენი ყოფა - უმიზნო. ჰკითხეთ თანამედროვე ქართველს, ამაყად და უდარდელად მოსეირნეს ირგვლივ დაყრილ პარკებში და მსოფლიოში ყველაზე უშნო ნაცარ-უბნებში, თუ რაზე ოცნებობს იგი. ათში ცხრა დაგისახელებთ რაიმე ნივთს, ან ფულს, ან შვილის უცხოეთში გაგზავნას, მაგრამ ვერ გეტყვით, რა დოზანად უნდა ის ნივთი, ან ფული და რა სურს იმ შვილისათვის საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ის უხცოეთში დაამთავრებს სწავლას და სამსახურს იშოვის. თითქმის ვერავინ ვერ გეტყვით, რომ სურს შვილისათვისაც და თავისთვისაც მთავარი: ბედნიერი ოჯახი, როგორც ადამიანური ყოფის ერთადერთი სავანე.

ჩვენი კულტურული ვარდნისა და გამოფიტვის სიღრმე სარკისებრად აისახება ჩვენს ტელეეკრანებზე. სამართლიანობის აღდგენის აუცილებელი ძიების გარდა, რითი ცხოვრობს ჩვენი კულტურულ-საზოგადოებრივი სივრცე, თუნდაც გასული ოქტომბრის არჩევნების მერე? ვინ ვის რა უთხრა, რა აფეთა, რა შეაგინა და ვინ რას ფიქრობს ამაზე, აი, ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ გვაინტერესებს. მახინჯი, საიდანღაც მოთრეული მახვილებიანი ქართულით მეტყველი ტელეჟურნალისტებისა და მოპასუხეების უმრავლესობა, ზედაპირული კითხვები, რომლებიც ავლენენ ჩვენი საზოგადოების ერუდიციის სავალალო დონეს. რთული საკითხების წვდომისა და ჭვრეტის უნარის მქონე ადამიანების უკიდურესი სიმცირე, ინტელექტუალური და კულტურული ცნობისმოყვარეობის ტრაგიკული სივიწროვე. დასმულ კითხვაზე მოპასუხის არმოსმენა, მისთვის სიტყვის გაწყვეტინება, ქართული ზრდილობისათვის ისეთი მიუღებელი სიქაჯეები, როგორიცაა რესპონდენტისადმი მესამე პირში მიმართვა და მის მიერვე საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი, გეგონება იგი ცოცხალი საუბრის მონაწილე კი არა, პუბლიცისტური სტატიის ჟანრის დადგენილი ჩარჩოების მძევალი იყოს. გონებრივი და ქცევითი პრიმიტივიზმის დაუსრულებელი აღლუმი, თანაც საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც თავი გამოსულ ხალხად მოაქვს, რაღა ვთქვათ ქუჩის სიუჟეტებში ეპიზოდურად გამოჩენილი ხალხის იერსახეზე, მეტყველებასა და ორიენტირებზე. აქა-იქ გაიელვებს ინტელიგენტი ჟურნალისტიცა, რესპონდენტიც და გამვლელიც, მაგრამ მათი თვალების აზრიანი კიაფი საერთო პლებეიზმის ოკეანეში იძირება. ნეგატივის გინებისა, ნეგატივზე კამათისა და სიბილწის ცქერის გარდა რა გვაინტერესებს და რა უბნობის უნარი შეგვწევს ჩვენ? არის კი სადმე ევრაზიასა და ტრანსატლანტიკაში ჩვენზე გაღარიბებული, მონოტონური და მოსაწყენი კულტურული და ტელესივრცე? და განა მხოლოდ ჟურნალისტიკის ბრალია ეს? რა საზოგადოებაც ვართ, ის ჩანს ზედმიწევნით ჩვენს ტელეეკრანზეც. ცხადია, რომ ჩვენი საზოგადოების კულტურული, ინტელექტუალური და ესთეტიკური იმპოტენცია აქამდე არნახულ ზღვრებამდე არის მისული.

ამ, ლამის სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სანამ განვითარებაზე დავფიქრდებოდეთ, ჯერ გადარჩენაზე ვიფიქროთ. განვითარება ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ორგანიზმების საზრუნავია, ჩვენ კი, სამწუხაროდ, რეანიმაციაში ვწევართ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვართ შეერთებულნი, ამავდროული უამრავი დაავადებითა და საფრთხით. და კიდევ, ამ მდგომარეობაში მყოფნი, ვნატრობთ არა სუფთა ჰაერს, ჯანმრთელ კვებასა და ცხოვრების წესს, არამედ მემრუშეთა ღამის კლუბში წევრობას, უშრომელ ტაშ-ფანდურს, ღრეობას, იმ ღამის კლუბში შევარდნას და იქ ძიგძიგს. რა გველის იქ, რომაც შევძლოთ იქ შესვლა ასეთებმა, მყისიერი სიკვდილის გარდა?

დასავლურმა ქვეყნებმა, უდიდესი ოჯახური კულტურისა, წესრიგისა და შრომის შედეგად მიაღწიეს იმ დოვლათსა და კეთილდღეობას, რომელიც მერე ფუფუნებაში გადაიზარდა. ამ ფუფუნებამ კი ისინი, როგორც ეს ბევრჯერ ყოფილა ისტორიაში, გარყვნილებისა და დეკადანსის ამჟამინდელ მრუდეზე გაიყვანა და კაცობრიობის ისტორიაში მორიგი ფასეულობრივი ვარდნის დაღმართზე დააყენა. ამ ნახევარსაუკუნოვანი ვარდნის ზემოთ ჩამოთვლილი თვალსაჩინო მაგალითებია რომ გვაფიქრებინებს, რომ ისტორიული დასავლური კულტურა, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს, სხვაა და თანამედროვე კი უკვე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად - სხვა. მსგავსი ისტორიული ციკლები ბაბილონისა, კართაგენისა, პართიისა, რომისა, ბიზანტიისა, ოსმალეთისა, რუსეთისა და სხვათა მაგალითებზე არახალია ჩვენი ეროვნული მეხსიერებისათვის. რამდენი ასეთი უნახავს ქართველს თავის გარშემო. და ჩვენ ვიცით, რაც ელის ცივილიზაციას შემდგარს მსგავს ფასეულობრივ დაღმართზე. და გაუგებარია, რატომ გვინდა ჩვენ იმ სხვის დაღმართზე შევარდნა და იქ ყველას გასწრება დაუბანელებს, უშრომელებსა და დამშეულებს. ხომ არ სჯობია, დავითვალოთ რამდენი საათი ვმუშაობთ ამჟამად კვირაში, რამდენი ადამიანი გავაუბედურეთ უკანონობით, რამდენ ნაგავს ვყრით ქუჩებში, რამდენი შხაპი და ჩეჩმა გვაქვს ქვეყანაში, რამდენ წიგნს ვკითხულობთ წელიწადში და განვსაზღვროთ, როდისთვის იყო დასავლეთი დაახლოებით ჩვენნაირ მდგომარეობაში? და თუ ეს თარიღი სადმე 1910-იან წლებში განისაზღვრება, ვთქვათ, რომ, მოდი, მაშინ ერთი საუკუნე მაინც წესიერად ვიშრომოთ და ვიცხოვროთ, ცოლ-შვილს ვუერთგულოთ და გავმრავლდეთ, დასავლეთის ნაირი დოვლათი და კანონმორჩილება შევიქმნათ და მერე ვითათბიროთ, გავირყვნათ ჩვენც მათსავით თუ რამე სხვა გზას გავუყვეთ ამ ასი წლის შემდეგ. ნუ გავუსწრებთ ევოლუციის ბუნებრივ დინებას და ნუ მოვინდომებთ მეათე თაობის ბურჟუების მყისიერ დაწევას გარყვნილებაში. ჯერ დავიბანოთ, მოვწესრიგდეთ და შრომა ვისწავლოთ.

თუ ჩვენთვის, როგორც ერისათვის, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძვირფასია, მაშინ უნდა მოვინდომოთ ეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნდა გავიჩინოთ მიზნები, რომლებიც ჩვენს ნაწოლებით ჩამპალ და აყროლებულ სხეულს აამოძრავებსა და გააჯანსაღებს. და ეს ამოძრავება ვერ იქნება წარმოსახვითი და ყალბი, როგორც, მაგალითად, რომელიმე კავშირისა და გაერთიანების მიმართულებით ვირტუალური სიარული. ამგვარი ავადმყოფური ილუზია ჩვენი მოძრაობისა, რომელსაც მარადის გვახვევენ თავს ჩვენი ჩაყლაპვისა და დამონების მოსურნე იმპერიები და იდეოლოგიები და რომელსაც მარად ბანს აძლევენ ჩვენი პოლიტიკოსები, ტვინს გვილაყებსა და უძრაობაში გვაშტერებს. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის არ იყოს, ეგ ილუზია მოძრაობის ყალბ განცდას გვიჩენს: სინამდვილეში ჩვენ ისევ მძორივით ვძევართ ადგილზე და მორიგი იმპერია და იდეოლოგია ჩვენკენ ნელ-ნელა მოდის და გვეუბნება, ხომ ხედავ, უფლებას გაძლევ, რომ მომიახლოვდეო. და რადგან მანძილი ჩვენსა და მას შორის მცირდება, ჩვენ გვექმნება ყალბი შთაბეჭდილება, რომ მისკენ ვმოძრაობთ. და რომაც არ გვეკითხებოდეს ჩვენ არავინ, როგორც ეს ხშირად და ახლაც ხდება, ამა თუ იმ ზეიმპერიაში შეთრევა-არშეთრევის ნებას, იმას მაინც ნუ ვიზამთ, რომ წინა იმპერიაში მძორად და ამპარტავნად გდებულნი, კიდევ უფრო გამძორებულნი დავხვდეთ ჩვენთან ისევ დროებით მოსულ მორიგ ზეიმპერიასა და იდეოლოგიას, რუსეთი იქნება ეს, დასავლეთი, ჩინეთი თუ სხვა.

გავიხსენოთ მსოფლიო ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მამა, განწყობის თეორიის ავტორი, დიმიტრი უზნაძე, რომლის დაარსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტიც, ისევე, როგორც ფილოსოფიის ინსტიტუტი, აწ გარდაცვლილმა მთავრობამ დანაშაულებრივად გაანადგურა, იმედია, დროებით. აი, უზნაძის სიტყვები ჩვენზე:

"ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება - ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო".

საოცარი გადაძახილია ილიასეულ სიტყვებზე: "სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"

ვკითხულობთ უზნაძის ამ სამეცნიერო-დიაგნოსტიკური სიზუსტით განმაცვიფრებელ სიტყვებს და ვფიქრდებით, ნუთუ ყოველთვის ასეთები ვიყავით? რა თქმა უნდა, არა. ასეთი ერი ვერ ააშენებდა აბულის ციხესა და გერგეტის სამებას, ვერ გაიმარჯვებდა დიდგორში, ვერ აჩუქებდა კაცობრიობას ღვინოსა და ხორბალს, მეტალურგიას, მედეასეულ ცოდნას, რომელსაც ცივილიზაციამ მედიცინა დაარქვა, მრავალხმიან სიმღერას, წარსულში მართალი, ანუ წარმართი, ვერ განჭვრეტდა მაცხოვრის ალეგორიას ამირანში, რომელსაც მერე ბერძნები პრომეთეს, ანუ აღთქმას დაარქმევდნენ. უდიდესი ელინური კულტურისათვის ვერ იქნებოდა გმირობის აპოთეოზად მიჩნეული ამ ქართველური კულტურისაგან რაიმე ცოდნის მოპარვა ოქროს საწმისის სახით. მაშ, რა მოხდა? ნუთუ მართლა ომებმა გადაგვაკეთა ასე, დაგვაკნინა და გადაგვაშენა? ისტორიკოსები დაობენ, ვინ გაგვტეხა წელში მეტად - სპარსელებმა, ბერძნებმა, კიმერიელებმა, სკვითებმა, მონღოლებმა, სარკინოზებმა, სელჩუკებმა თუ რუსებმა. მწერლები დეგრადაციის სათავეებს სხვადასხვა ლოგიკურ და მეტაფიზიკურ მოვლენებსა და სიუჟეტებში ეძებენ. გავიხსენოთ, თუნდაც ოთარ ჭილაძის გენიალური "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და "გოდორი", სადაც გენიოსი სხვადასხვა ეპოქის სამ საქართველოში ერთსა და იმავე კითხვას სვამს: საიდან დაიწყო ჩვენი დაცემა? ბევრ ბრწყინვალე მოაზროვნესა, ერუდირებულსა და შემართულს ისე, რომ ჩვენს დროში ეს აღარც დაგვესიზმრება, გაუცია თავისი პასუხი ამ კითხვებზე.

ეს ზნეობრივი დაცემა, რომლის გაგრძელებასაც ჩვენ მთელი მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისია ვაკვირდებით, ბუნებრივია, ჩვენს რაოდენობაზეც ტრაგიკულად აისახა. XI საუკუნის დავით აღმაშენებლის დროინდელი ქართული სამეფოს ქვეშევრდომთა რიცხვი 12 მილიონი იყო, როცა კი მისივე დროის ფრანკულ-გალური მოსახლეობა 14 მილიონი და ბრიტანული - 12 მილიონი. საოცარია, რამხელა განსხვავებას იძლევა ისტორიული შედეგის თვალსაზრისით ქვეყნის განვითარების ჩახშობა შიდა თუ გარე ფაქტორების გამო. თუ ჩვენ ავიღებთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის გურჯულ-ლაზურ მოსახლეობას, აწ ნაწილობრივ განბნეულს მთელ თურქეთში, იგი სხვადასხვა შეფასებით 6-დან 9 მილიონამდეა ამჟამად, თუმცა ძალიან ჭირს მისი ზუსტი რიცხვის დადგენა. გამოდის, დანარჩენი საქართველოს მოსახლეობასთან ერთად (ჩვენი ეროვნული უმცირესობების ჩათვლით) ჩვენი სივრცე დაახლოებით იმავე დავითისეულ 10-13 მილიონ ადამიანს შეადგენს. ბოლშევიკ-ლიბერალების მიერ მოკლული დიდებული ჩვენი პატრიოტი, ნოე რამიშვილი, ამ ერთი საუკუნის წინ თავის ცნობილ ესეიში "საქართველო და რუსეთი" წერს, რომ ქემალ-ფაშას (იგულისხმება ათათურქი) ქვეშევრდომთა რიცხვი 10 მილიონი არისო. მისივე აზრით, ოსმალეთმაც და რუსეთმაც თავიანთ ისტორიაში ერთნაირი ტრაგიკული შეცდომა დაუშვეს, შეავიწროეს და გაანადგურეს რა ორივე მხრიდან თავიანთ შორის მყოფი და ბუფერული ფუნქციის მატარებელი ქართული სახელმწიფო. ამან ისინი ფრონტალურ კოლიზიამდე მიიყვანა და დღეს ნებისმიერი ისტორიკოსისათვის ცხადი არის, რომ ამ კოლიზიას ემსხვერპლა ოსმალურიცა და რუსული იმპერიაც. ეკატერინე დიდის დროიდან მოყოლებულმა და ვიდრე ალექსანდრე III-მდე გაგრძელებულმა ცარგრადის აღების კამპანიებმა ორივე იმპერია სისხლისა და სახსრებისაგან დაცალა და საფუძველი ჩაუყარა მათ კოლაფსს. პირველი მსოფლიო ომი და შემდგომი რევოლუცია მხოლოდ გვირგვინი იყო რუსეთ-თურქეთის ომების დამანგრეველი ეფექტისა ორივე იმპერიაზე. და ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც თანამედროვე ქართველებმა, ნაცვლად რომელიმე მხარის უნაყოფო გინებისა, მთელი ჩვენი ტკბილი მოუბარობითა და დამყვავებლობით უნდა შევახსენოთ რუსეთსაც და ნატოსაც. ეს არის ის მიზეზი, რის გამოც დასავლეთმა და რუსეთმა ჩვენ მიერ საქართველოს აღმშენებლობის ხელშეწყობაზე უნდა ითანამშრომლონ.

დავუბრუნდეთ ჩვენი დაცემულობის თემას და დავფიქრდეთ ჩვენი ერის სახელზე. ელინების მიერ ქართველური სამყაროსთვის წოდებული სახელი, გეორგია, მიწათმოქმედთა ქვეყანა, შეიძლება ბოლომდე ვერცა სწვდებოდეს ჩვენსავე ხედვას საკუთარი თავისა. ჩვენ ჩვენს თავს ქართველებს ვუწოდებთ. ამის მიზეზის ყველაზე განვრცობილი ახსნა ნოეს მითური შვილთაშვილის, ქართლოსის შთამომავლობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ "ქართლის ცხოვრების" იმ პერიოდის ტექსტებს, ტოპონიმებსა და საკუთარ სახელებზე უდავო ელინური გავლენა შეინიშნება, დავინახავთ, რომ ჩვენი ამ წინაპრის სახელის დაბოლოებაც, ქართლ"ოს," უდავოდ ელინური არის ჰომეროსის, პრომეთეოსის, მინოსის და სხვათა მსგავსად. ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ცოდნის ყოველგვარი დაჩემებისა და პრეტენზიის გარეშე, ასევე შეგვიძლია ლოგიკურად განვჭვრიტოთ ბერძნულისათვის ასე დამახასიათებელი კვეცების გავლენა ჩვენამდე მოღწეული ქართლოსის სახელზე. და ამრიგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სრული სახელი არა ქართლოს, არამედ ქართველ(ოს) ყოფილიყო ფუძეშივე. ასეა თუ ისე, ჩვენ ჩვენსავე თავს ქართველებს ვუწოდებთ და ეს მარტო ჩვენ "ვიცით", რადგან სხვა ყველა სხვა სახელებს გვეძახის, სომხური "ვრაც" იქნება ეს თუ ელინური "გეორგიან" და მისგან წარმოებული და ერთმანეთისაგან წარმოშობილი ლათინური "ჯორჯიან", სპარულიდან თურქულში გადასული "გიურჯი" და ბულგარულიდან დანარჩენ სლავებში გავრცელებული "გრუზინ". მეცნიერები დაობენ იმაზე, თუ როდის გაჩნდა პირველად ქართველური ტომების გამაერთიანებელი დასახელება "ქართველი", თუმცა, თუ რობაქიძისეულ ჭვრეტას ვუერთგულებთ, ეს კრებითი სახელი ოდითგანვე უნდა ყოფილიყო ჩვენ ტომთა კუთვნილების აღმნიშვნელი. მეთორმეტე საუკუნეში გენიალური რუსთველი წერს: "ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები" და ეს სულაც არ არის უძველესი ხსენება ქართველობისა. პირიქით, რაც დრო გადის, არქეოლოიური აღმოჩენები ამ ტერმინს, ქართველი, სულ უფრო აძველებენ. ბოლო ვერსიით, თუ არ ვცდებით, იგი ახ. წ. VI საუკუნით თარიღდება. დარწმუნებულნი ვართ, სინამდვილეში ეს დასახელება არის პირველწყარო ჩვენებური ტომების საერთო სახელწოდებისა. მაგრამ აქ მისი წარმოშობის ზუსტ თარიღზე უფრო საინტერესო მისი ეტიმოლოგია უნდა იყოს, არა როგორც წინაპრის სახელისა, არამედ, როგორც სიტყვისა.

აქ ყველაზე ხშირად ფუძედ "ქართ(უ)" მიიჩნევა, "ვ" – "უ"-ს სახეცვლილ ფორმად და "ელი" წარმოშობის აღმნიშვნელ ქართულ დაბოლოებად. მაგრამ ამ ყველაზე გავრცელებულ ვერსიას ერთი უდავო სისუსტე გააჩნია: გაუგებარია ფუძე "ქართ"-ის ეტიმოლოგია, რომაც იგი ჩვენს ტომობრივ კუთვნილებას აღნიშნავდეს. თანაც დაბოლოება "ელი" ქართულში არა მხოლოდ წარმომავლობის აღმნიშვნ(ელი)ა. ასე მაგალითად, "პირველი", "ღუმელი", "სამოსელი", "რთველი", "სამყოფელი", "სოფელი", "მრიცხველი" და ასე შემდეგ.

"ქარ" წინაქართულ ენაზე სულსა ან ანგელოზს ნიშნავს. ბიბლიის შესაქმისის წიგნის ქართულ ტექსტში კი სული და მისი (ქარად) მოძრაობა, ანუ ქცევა, ერთადაა გაჟღერებული: "ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა". დაბადება 1:2 .

ხოლო "თველი" თანამედროვე სვანურში, რომელიც ლინგვისტების მიერ წინაქართულთან ყველაზე ახლოს მყოფ ქართველურ ენადაა მიჩნეული, ტვინს, ჭკუასა და გონებას ნიშნავს.

ამრიგად ეტიმოლოგია "ქარ-თველისა" სულიერ ან ანგელოზებრივ გონებად აიხსნება, იმად, რასაც თანამედროვე ქართულში გული გონიერი ჰქვია. ამრიგად ჩვენსავე სახელწოდებაში საკუთარი თავისა, რომელსაც მთელს მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ ვხმარობთ, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ერი განისაზღვრება, როგორც სულიერი აზროვნების მატარებელი.

დავაკვირდეთ ასევე სიტყვა "საქართველოსაც". ასე ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას აღვნიშნავთ. მას არ ჰქვია ქართველეთი. სხვა ყველა ქვეყნის დასახელება არის ან უძველესი აუთენტიკური ქართული ან გადმოქართულებული უცხოური სახელები, რომლებიც ჩვენ მიერ ნახსენები "ეთი"-ზე მთავრდება, სომხეთი, საბერძნეთი, ჯიქეთი, სპარსეთი, არაბეთი და სხვა, ან მოგვიანებით ევროპიდან, ლამის ბარბარიზმებად შემოსული გერმანია, გრენლანდია, ამერიკა და სხვა. "საქართველო" კი არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა, დამოუკიდებლად შენი ეროვნული კუთვნილებისა, უნდა ი-ქარ-თველო, ანუ იცხოვრო სულისა და გონების ჰარმონიაში. და ეს შენ შეგიძლია აკეთო და ამავე დროს იყო ბერძენიც, რუსიც და ნებისმიერი ეროვნების მკვიდრი საქართველოსი.

დიდი ბერძნული კულტურის მატერიალისტურმა მსოფლხედვამ, რომელმაც თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას მისცა დასაბამი, ჩვენი სახელდებისას ჩვენი ის საქმიანობა წამოსწია წინ, რომელიც ქართველთა ხილულ მთავარ მოწოდებაში გამოიხატებოდა - ქართველები თავიანთი ქარ-თველობის განხორციელებას ქვე-ყანის მოვლაში ხედავდნენ ოდითგანვე, როგორც სამოთხიდან გამოდევნილი ადამი(ანი)სადმი ღმერთის მიერ მიცემული დავალების პირნათლად აღსრულებას: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" დაბადება 3:19.

ამრიგად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენი გეორგიანული ერისა და მისი კულტურის დნმ-ი სოფლური არის და არა ქალაქური. იგი ოდითგანვე მწყემსმთავრულ აბელიტურ და მის მემკვიდრე ანტიმატერიალისტურ სეითურ კულტურაზე არის დაფუძნებული და არა მასთან მარად მებრძოლ კაინიტურზე, რომელიც მიწათმოქმედებაშიც სიხარბის გამო მკვლელობამდეც კი მიდის და მერე კაცობრიობის პირველ ქალაქს, ენოქს აარსებს. ასე მაგალითად, ჩვენსავე ენაში სამყაროს აღმნიშვნელი ძირითადი სიტყვების ფუძეებიც სოფელთანაა დაკავშირებული და არა ქალაქთან: ქვე-ყანათა ერთობას მსოფლიო ჰქვია და არა მქალაქო და მატერიალურ სამყაროსაც წუთისოფელი და არა წუთიქალაქი. მოვწყდით რა ამ ჩვენი კულტურული დნმ-ის მკვებავ წყაროს, უფრო სწორად, არაპროპორციულად გადავქანდით რა ჩვენთვის უცხო, კაინიტური წესწყობილების ქალაქურ ყოფაში, დაგვემართა ის, რასაც დიმიტრი უზნაძე, წმ. ილია მართალი, ვაჟა ფშაველა და სხვები ჯერ კიდევ საუკუნის წინ ასეთი სიზუსტითა და ტკივილით აღწერდნენ.

ვიღაცა იტყვის, ეს რა სისულელეა, ეს იყო ეპოქა ინდუსტრიალიზაციისა და გლობალური ურბანული მიგრაციისა და ჩვენ რა ისეთი კიტრები ვიყავით, რომ ეს არ გვეკეთებინა, კიდევ ვაგლახ, რომ ცოტა ვქენით, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ხელის შეშლითო. და, რა თქმა უნდა, ვინ ჭკუათმყოფელი უარყოფს, რომ ნებისმიერი ერი, მათ შორის ჩვენიც, უდავოდ უნდა იყოს წარმატებული ქალაქური კულტურისა და მიღწევების ყველა გამოვლინებაში.

მაგრამ ქართულ ურბანიზაციაშიც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქართული ხელწერით შესრულებულ გლობალურ პროცესში, თავი ისევ იჩინა ჩვენმა ეროვნულმა რადიკალიზმმა, დაუბალანსებლობამ და უკიდურესობისკენ მიდრეკილებამ. ისევე, როგორც გამაჰმადიანებულ ლაზზე მეტი სუნიტი არც ერთი თურქი არ არის, ისევე, როგორც რუსოფილ ქართველებზე რუსები თვით რუსებიც არ არიან, ისევე, როგორც ქართველი ბოლშევიკები ბევრად რადიკალი ბოლშევიკები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბოლშევიზმის ფუძემდებელი ებრაელი ბოლშევიკები, ისევე, როგორც ჩვენი თანამედროვე ლიბერალები ყველა ეროვნების ლიბერალზე უფრო ლიბერალები არიან, ისევე, როგორც მოგვიანებით საბჭოთა კავშირის დაშლისას, ჩვენ რომ დავძარცვეთ საკუთარი ფაბრიკა ქარხნები, ლურსმან-ლურსმან დავშალეთ საწარმოები, ქალაქების საცხოვრებელ სახლებში მილებად ამოვგლიჯეთ ცენტრალური გათბობა და დღეს ყველანი ჩვენ-ჩვენს ბინას ვათბობთ, როგორც პირველყოფილი ადამიანების საზოგადოება და ამ ინდივიდუალიზმით ყველა საბჭოთა რესპუბლიკა გავაოგნეთ და "ვაჯობეთ", ისეთივე სიგიჟითა და თვითმავნებლობით დავეწაფეთ ჩვენ ურბანიზაციას XIX საუკუნის ბოლოს და გასული საუკუნის დასაწყისში. შედეგად არავის ყოლია ჩვენდენი დიპლომიანი სასიძო და არსად არ ყოფილა ამ დიპლომოსნების საშუალო ცოდნისა და ვარგისობის კოეფიციენტი ისეთი დაბალი მთელს მსოფლიოში, როგორც ჩვენთან. და როდესაც სისტემა შტეფსელიდან გამოირთო (თუ ჩვენით გამოვრთეთ, სამტრედიაში რუსეთიდან თბილისისაკენ მომავალი ხორბლის მატარებლის არშემოშვების მეშვეობით რუსეთისათვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებით,) ადამიანების ეს უზარმაზარი მასა დარჩა პანელის ნაცარ-უბნებში უფუნქციოდ. ეს არის დღევანდელი თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ჭიათურა, სოხუმი, ფოთი, ბათუმი. ეს ვართ ჩვენ, ვინც ამ სტრიქონებსა ვწერთ და ვკითხულობთ. ამ სოციუმში იბადება, ამ უფუნქციობასა და უმიზნობაში ჩვენი ეროვნული ხასიათის ახალი "სილამაზეები", მანდ ვლოთდებით, ვნარკომანდებით, ვაჯდებით ჩვენს ქალებს კისრებზე და აწი ვმამათმავლდებით კიდეც. ეგ არის უხვი ნიადაგი ზონდერებისა და დოქსოპულოების გამოზრდისა, საკუთარი სიღარიბით და უშრომელობით უტიფრად მოამაყე და მოყვირალი ადამიანებისა. ასეთი ფაქტურისა, განლაგებისა და სტატიკის ერს რასაც გინდა, იმას უზამ და დააჯერებ, როგორც გინდა, ისე გამოძერწავ. იმაზე ეტყვი, ეცი, ეგ შენი მტერიაო, ამაზე ეტყვი, ეს ახალია, ადრე რომ უზნეობა გეგონა, სინამდვილეში კარგიაო. ასეთ დაბეჩავებულ მასას, უფუნქციოდ მჯდომარეს ტელევიზორთან, აყურებინებ სილიკონებით დაბერილი ლათინოსი ქალების მკერდს და მტლაშამტლუშს და მოანდომებ ასეთივეს, ააღებინებ კრედიტს ტელეფონის საყიდლად, შეაგნებინებ, რომ მისთვის მთავარია, არავინ გაუბედოს ჭკუა ასწავლოს და თავისუფლება შეუზღუდოს. მასვე უბიძგებ დაუფიქრებელი წამხედურობისაკენ. მაგალითად, დაავიწყებ, რომ ძირს დავარდნილი ვარსკვლავი ამპარტავნებით ავარდნილი ცისკრის ვარსკვლავის, ანუ სატანის, ანუ ღმერთის წინააღმდგომის ნიშანია. ამიტომ შეაგნებინებ ერის ბევრ კარგ და პატივცემულ მოღვაწეს, გულუბრყვილო სიხარულით აკეთებინოს ამ ვარსკვლავების გახსნაზე ბიზნესი ურცხვ პრომოუტერებს. და მერე რა, რომ პენტაგრამა სატანისტების ოფიციალური ნიშანია მთელს მსოფლიოში, რომელიც ბოლშევიკების კრემლის ქიმებსაც ამშვენებს და ლიბერალების ჰოლივუდის ბულვარის ტროტუარებსაც. ჩვენ ხომ ის გადავაკეთეთ და ხუთქიმიანის ნაცვლად შვიდქიმიანი გავხადეთ. აწი რა ვქნათ, რა ვუყოთ ამდენი პატიოსანი ადამიანის ფეხქვეშ სათელად დავარსკვლავებულ სახელს? ხომ რატომღაც შეუძლებელია ამ მახინჯი ტრადიციის შეჩერება და ამავე სახელების სხვა ფორმით უკვდავყოფა, ერის მადლობის კედელი იქნება ეს თუ ყეენის მთაზე, ზურაბ წერეთლის "აკროპოლისთან" შექმნილი ბარელიეფების კოლაჟი. ასეთ მორალურ მდგომარეობაში მყოფ ერს აყურებინებ, როგორ ღუპავს ტელევიზიის მფლობელ საქმოსანს ფარული ჩანაწერის მეშვეობით ჯაშუში და როგორ კვდება ის უბედური კაცი რამდენიმე დღეში დარდითა თუ შხამით. მერე როგორ სვამს ის ჯაშუში თავის ახალ ცოლს პრიმა ტელეწამყვანად იმ მოკლული საქმოსნის ოჯახისაგან ნაძირალა ნათესავის მეშვეობით წართმეულ ტელევიზიაში. მერე იმ ჯაშუშის ახალი ცოლი ბუშტებს გაუშვებს ცაში და ამ ნეკროფილიის აქტისაგან ზეიმს შეუქმნის ახალ თაობას, რომელიც თვალებდაჭყეტილი უცქერს ყველაფერ ამას, როგორ მიდიან იმ ჟურნალისტთან საღადაოდ პატივცემული ადამიანები, ესე იგი ესეც მოსულა, ესე იგი ესეც შეიძლება, ესე იგი ეს არის ცხოვრება.

ამ წამხედურა, თავგზააბნეული, მეობის დამკარგველი, სიმბოლიზმების ცოცხალი მნიშვნელობის უცოდინარი და ყველაფერზე "მერე რა მოხდა, კაცო"-ს მაძახებელი ერისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია გარკვევა იმაში, თუ რა წარმოადგენს მისი ეროვნული კულტურის ბაზისს, რომლის გაჯანსაღებაცა და განვითარებაც ამ ერის გადარჩენის ერთადერთი გზა არის.

გავიხსენოთ საუკუნის წინანდელი ახალგაზრდა ბრიტანელი ქართველოლოგი, უილიამ ალენი, რომელიც ოლივერ და მარჯორი უორდროპების მერე ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ მეცნიერთაგანი იყო, რომელმაც შეძლო გარკვეული, თუმცა მოკრძალებული, ნაბიჯების გადადგმა ჩვენი კულტურის შესწავლასა და მის დასავლეთში წარდგინებაში. მან ბევრად აჯობა თავისი სიწრფელითა და წვდომით მასზე გვიანდელ დევიდ ლენგს, რომლის ვაიმეცნიერული ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი სიცრუენი ჩვენ შესახებ დღემდე მეტ ზიანს გვაყენებს დასავლეთში, ვიდრე სარგებელს (აი, რატომ არის უაღრესად დროული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწოდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მსოფლიოში ქართველოლოგიის დარგის აღდგენასა და განვითარებაზე).

უილიამ ალენი, რომელიც მოღვაწეობდა იმ პერიოდში, სანამ მსოფლიოს მეცნიერულ წრეებში საბოლოოდ დადგინდებოდა იბერიულ-კოლხური კულტურის ნათესაობა კელტურსა და დასავლურიბერიულთან, "ქართველი ხალხის ისტორიაში" მეტად საგულისხმო რამეს წერს ჩვენს შესახებ:

"ქართველების ხასიათში ერთი საინტერესო ელემენტი აღინიშნება - ინდივიდუალური უპასუხისმგებლობა, რომელიც ესპანელებისა და ირლანდიელების ეროვნულ ხასიათს მოგვაგონებს და რასაც შეიძლება ესთეტიკური უპასუხისმგებლობა ეწოდოს. ქართველებს, ესპანელებისა და ირლანდიელების მსგავსად, არაერთხელ მოუხდათ უცხო ხალხთა პოლიტიკური ბატონობისა და კულტურული ჰეგემონიის ქვეშ ცხოვრება. ისინი ურიგდებოდნენ ასეთ ბატონობას, მაგრამ სერიოზულად არ უყურებდნენ მას და მისი დამთავრების შემდეგ ისევ ადრინდელ ხასიათს ინარჩუნებდნენ. სწორი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ ბატონობას, ხშირად გააფთრებულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ, მაგრამ ეს იყო ცოცხალი ორგანიზმის წინააღმდეგობა და არა რაიმე იდეისათვის ბრძოლა. საქართველოს ისტორია, მსგავსად ესპანეთის და ირლანდიისა, გვიჩვენებს, რომ აქ ერი მიაჩნდათ უმაღლეს სიწმინდედ და არა ესა თუ ის პრინციპი. და თუ რომელიმე ამათგანი რელიგიურ ომში იყო ჩაბმული, აღმოვაჩენთ, რომ სარწმუნოებისათვის ბრძოლის მიზეზს ეროვნული ინტერესი წარმოადგენდა.

ქართველების ამ "ესთეტიკურ უპასუხისმგებლობაში" მდგომარეობს მათი ეროვნული ხიბლიც და მათი, როგორც მკაცრად ინდივიდუალისტური ერის, გადარჩენის საიდუმლოებაც. ქართველებში, როგორც ხალხში, ისე პიროვნებებში, კარგად განვითარებული ინტელექტი და ნათელი, ცნობისმოყვარე გონება უთავსდება პირველყოფილი ადამიანის უზნეობას და მოუთოკაობას".

ჩვენი უზნეობა იქით იყოს, ალენის პასაჟს ეროვნულობის გამო სარწმუნოების დაცვაზე ბევრი ჩვენგანი არ დაეთანხმება. ჩვენ ვინ ვართ, იგივე წმ. ილია მართალი ალენს ასე უპასუხებდა: "ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ?"

და ნახევარი საუკუნის შემდეგ მეოცე საუკუნის ფილოსოფიის მამად წოდებული მერაბ მამარდაშვილი ათეიზმის ზეობის პიკში იმავე აზრს გამოთქვამდა ალენის საწინააღმდეგოდ, უძველესი ქართველი ერის მარადი ახალგაზრდობის საიდუმლოება იქნებ მის ქრისტეში მუდმივ განახლებაშიაო - გასაოცარი წვდომა ზიარების საიდუმლოებისა თითქოსდა უღმერთობაზე განწირული ფილოსოფიის სკოლისათვის.

მაგრამ ალენისეული ჩვენი შეფასება ძალიან საგულისხმოა არა მხოლოდ ჩვენი კელტებსა და დასავლეთიბერიელებთან მოგვიანებით დამტკიცებული ნათესაობის განჭვრეტის გამო, არამედ იმისთვისაც, რომ შევაფასოთ, რამდენად ღრმად არის წასული ჩვენი ზნეობრივი რეგრესი. ორი აზრი არაა, ალენი პირველყოფილი ადამიანის უზნეობასა და მოუთოკაობას ქართულ ქალაქში ნახავდა და არა სოფელში. ქართული სოფელი, მიუხედავად ყველაფრისა, უმეტესწილად დღემდეც კი რჩება ზრდილობისა და წესიერების სავანედ და წარმოგვიდგენია, რა იქნებოდა საუკუნის წინ. არა, ალენი ამას ხედავს გოლოვინზე, კნიაზ პასკევიჩ-ერივანსკის მოედანზე, რომელსაც ჩვენ მცდარად ერევნის მოედნად ვიხსენიებთ, სოლოლაკში, კალაუბანში, თბილისის მოგვიანებით დამწვარ ოპერაში, სალონებში, ფრაკის ჩოხასთან ძიძგილაობისას ქალების წინ, მიხეილ ჯავახიშვილისეულ კვაჭი კვაჭანტირაძეებსა და ტვინარეულ სემინარისტებში. იმდროინდელ სოფლურ სინამდვილეს მაგ შეფასებასთან რა საქმე აქვს?! ამრიგად ვაკვირდებით ჩვენთვის ადვილად გასაგებ და დასავლეთევროპელისათვის სრულიად გაუგებარ ფენომენს: ქალაქი სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს უნდა აცივილურებდეს, "ესთეტიკური პასუხისმგებლობის" გრძნობას უვითარებდეს, ასეა ევროპაში. ჩვენთან კი სინამდვილეში პირიქით ხდება, - ქალაქი სოფლიდან ჩამოსულ ქართველს უმეტესწილად პირველყოფილად აველურებსა და მოუთოკავს ხდის. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი კულტურა სოფლური კულტურაა თავის ფუძეში და არა ქალაქური. ასეა დღემდეც, მიუხედავად 100-წლიანი არაპროპორციული და უგზო-უკვლო ურბანიზაციისა, ოღონდ დღეისათვის უკვე სოფლებიც დავცალეთ და ქალაქებიც ვერგაქალაქელებული სოფლელებით გავტენეთ.

სხვათა შორის, ჩვენს დროში ასეთი მოუთოკავი ველურები ხშირად ხდებიან ხოლმე ჩვენთან ახალმოსული უცხოელი ე. წ. განმათავისუფლებლების წამყვანი თანამშრომლები მათს საელჩოებში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფლების ინსტიტუტებში. მათი პროტოტიპი წინმორბედი წითლები, ფილიპე მახარაძეები და კლარა ცეტკინები, რეჟიმის დიდხანს შენარჩუნების პირობებში, მიხრწნილებაში ხდებოდნენ ახალი ქვეყნის ისტებლიშმენტი, რაზეც მათ მიერ ჩარეცხილ-დახვრეტილ ჩვენს თავადაზნაურობას მწარედ გაეცინებოდა. და მერე მათი შვილები და შვილიშვილები ხდებოდნენ ქალაქელი სვეტები. აი, ხოლო მერე, მათი შვილთაშვილების იმ ნაწილს, რომელთაც ქართულმა კულტურამ მაინც ვერაფერი უშველა და რომელნიც გაიზარდნენ უმეგობრო მახინჯებად, წითლების ხიზილალებზე და კა-გე-ბეს სკოლებში, მოუნდებოდათ მოგვიანებით თავიანთ არასრულფასოვან ბავშვობაზე შურისძიება. იდეოლოგიათა მორიგი ჩანაცვლების ჟამს ისინი გამოხტებოდნენ და დედას აგინებდნენ წითლებსაც, საკუთარ მშობლებსაც და ბებია-ბაბუა-ბიძა-დეიდებსაც, მათ გამომზრდელ ხიზილალასაც, მათ იდეოლოგიასაც და ახალი პროგრესის დროშით შეხვდებოდნენ ახალი იდეოლოგიის უცხოელ ემისარებს აეროპორტებში. ისინივე შეხვდებოდნენ სადგურზე სოფლიდან ჩამოსულ თავიანთ ახალ, დამშეულ იდეურ უმცროს და-ძმებს, რომელთაც ერთი ნატვრაღა ჰქონდათ: მათაც მიეღოთ მონაწილეობა მორიგი კაინიტური რკალის შეკვრაში, თუნდაც ფილიპესა და კლარას შვილთაშვილების ხელმძღვანელობით. ეს მათი უმცროსი და-ძმები არაფერს დაიშურებდნენ ამ მიზნის მისაღწევად და ფილიპესა და კლარას შვილთაშვილების დამარცხების შემთხვევაშიც კი ერთგულნი დარჩებოდნენ პარტიის ხაზისა, არა იმიტომ, რომ რაიმე ცხოვრებისეული პრინციპი გააჩნდათ, არამედ იმიტომ, რომ ვეღარც სოფელში დაბრუნდებოდნენ და ვერც ქალაქში გაიკვლევდნენ გზას პარტიის ნამსხვრევების გარეშე. რამეს ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი?

დავუბრუნდეთ ჩვენი საყვარელი სოფლური დნმ-ის კულტურას, ასე ნათლად წარმოჩინებულს უილიამ ალენის ციტატის მაგალითზე. მაშ, რა ვქნათ აწი, ყველანი ქალაქიდან სოფელში დავბრუნდეთ? ქვის ხანაში? უარი ვთქვათ ინდუსტრიულ რევოლუციაზე, სამეცნიერო პროგრესზე, შრომის გაყოფაზე, ტექნოლოგიებზე? მივაგდოთ ისედაც განუვითარებელი ქალაქი და ყველამ თოხი დავიჭიროთ? ასეთი უტრირებული და პროვოკაციული ფორმით კითხვების დასმა ამ წერილის საქმე არ არის. ქვეყნის გადარჩენის და მერე განვითარების გზების ძიებისას არ არსებობს ნაჯახით გამოთლილი რეცეპტები და გონებას, რომელსაც სწყურია პრიმიტივისტული, ცალსახა, მოკლე პასუხები ამ კითხვებზე, არაფერი ესაქმება ამგვარ დისკუსიაში. ასეთ ფსევდოინტელექტს ისევ დასავლეთის თუთიყუში მიმბაძველობა ერჩივნოს მისი სიკარგეებითა და სამწუხარო სასიკვდილე სიცუდეებიანად, რადგან მას სელექტიურ ვესტერნიზაციაზე და სხვა კომპლექსურ საკითხებზე ფიქრისათვის არანაირი სიმძლავრე არ გააჩნია.

მაგრამ, თუ ვაღიარებთ, რომ გოსპლანის ეპოქამ თბილისი და სხვა ჩვენი პოლისები უსაშველოდ გაბერა, უნდა ვაღიაროთ, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ამ ქალაქების ჭარბი მოსახლეობის პრობლემა ობიექტურად გვიდგას, ისევე, როგორც სოფლების დაცლის პრობლემა.

საბჭოთა ურბანისტული თავკომბალა საქართველო, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ჩვენ ბოლო ოცი წლის მანძილზე კიდევ უფრო გავათავკომბალეთ. დღევანდელ 1.7-მილიონიან თბილისში საქმე აქვს სულ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს, დანარჩენი კი უსაქმურობისა და დეპრესიისაგან ცოცხლად ლპება ქალაქში.

ამავე დროს თბილისიდან 10 წუთის სავალზეც კი სავსეა ცარიელი სასოფლო მიწები, რომელთა ბუნებრივი მოსავლიანობა-წყლიანობისაც ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა. ისრაელის სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ, არავისზე ნაკლები მთავარი ქალაქი არა აქვს მსოფლიოში. მაგრამ ებრაელებს იერუსალიმის უსაშველოდ გაბერვის ნაცვლად, თავიანთ რეგიონებში, ქვაღორღიან მიწაზე დასახლებების შექმნა და იქ ებრაელების მებაღეობა-მეცხოველეობა ეროვნულ იდეოლოგიად აქვთ ჩამოყალიბებული. ამისათვის ისინი მთელი მსოფლიოდან იზიდავენ თანამემამულეებს და იქ ასახლებენ მათ. ჩვენ კი, მიწაზე, რომელზეც გამრჯე კაცი წელიწადში ორ-სამ მოსავალს მოიყვანს, არაფერს არ ვაკეთებთ და მერე გვწყინს და გვიკვირს, როდესაც ამას სიქჰები და ჩინელები აკეთებენ. აწ გარდაცვლილმა სერბეთის წინა პატრიარქმა პავლემ ერთხელ ბრძანა, - რადგან სერბებს არ უნდათ საკუთარ მიწაზე შრომა და ოჯახების გამრავლება, მაშინ ღმერთი ამ მიწას სხვა ხალხებს მისცემს, რომლებსაც ეს მიწა სჭირდებათო. აი, მისი ციტატა რუსული წყაროდან: "Если албанская женщина рожает семь детей, а сербская делает семь абортов, то эта земля нужнее албанцам, чем сербам. Вот Господь и распорядился землями Косово и Метохии так, как посчитал нужным". (თარგმ.: "თუ ალბანელი ქალი აჩენს შვიდ შვილს და სერბი ქალი იკეთებს შვიდ აბორტს, მაშინ ეს მიწა ალბანელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე სერბებს. ჰოდა, ღმერთმაც ისე განკარგა კოსოვოსა და მეტოქიის მიწების ბედი, როგორც ჩათვალა ეს საჭიროდ") დასავლეთის მიერ კოსოვოს ცნობის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვანწილად, რომლის შედეგადაც ჩვენ თავს დაგვატყდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის ასეთივე დანაშაულებრივი ცნობა, ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ვუსმენთ ჩვენი დიდი პატრიარქის სიტყვებს: "ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით".

სოფლის მცხოვრებთა დახმარებისა და ხელის შეწყობის გარდა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის 50%-ს შეადგენენ და ამჟამად შიდა პროდუქტის 10%-ზე ნაკლებს ქმნიან, უნდა დაიწყოს ქართული ქალაქების და უპირველესად თბილისის ნაწილობრივი დეურბანიზაცია.

ჩახუთული, კანცეროგენული ჰავის ქალაქში ჯდომას და წარსულზე დარდს, თუ მომავალზე ზანტ ფიქრს, ქართველმა უნდა იმოქმედოს ქალაქის გარეთ. მას, რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფო პოლიტიკაც უნდა დაეხმაროს, მაგრამ უპირველესად მან თავად უნდა იმოქმედოს ამ მიმართულებით. სანამ ჩვენ სახელმწიფოს დახმარების უკმარისობას ვაბრალებთ ყველაფერს, ჩვენ თვალწინ, ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე სახლდებიან მშრომელი სიქჰები და ჩინელები და ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე ეწევიან მიწათმოქმედებასა და ოჯახმრავლობას. რა არის ეს, თუ არა პატრიარქი ილიასა და პატრიარქი პავლეს სიტყვების წინასწარმეტყველების ახდენის დასაწყისი. და რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ერს ამ ღმერთის ნიშნად, თუ ათეისტებისათვის - საბაზრო მექანიზმად, გამოგზავნილი ხალხის ხელშეშლა, თუ ჩვენ არ მოვკიდებთ ხელს საკუთარ მიწას და თუ მარად გვენდომება მისი გაყიდვა და იმ ფულით ნაყიდ ჯიპებზე გოგოების კატაობა, თუ შვილების უცხოეთში გაგზავნა? რამდენი ათწლეული თუ აწი რამდენი საუკუნე უნდა ელოდოს მიწა თავის მიმტოვებელ გეორგიანს, სანამ ის დაისზე, ანუ დასავლეთზე ოცნებობს თავის გროტესკულ ქალაქში?

ამ წერილის თემა ვერ იქნება სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიისა და ბიზნესმოდელების განხილვა. ყველამ თავის გზა უნდა მონახოს. წლობით უმუშევრად მყოფ და კუს ტბაზე ნარდის სათამაშოდ მოსიარულე ჩვენს ვეტერანებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი მიტოვებულ მამულში სოფლის სახლის შეკეთებისა და იქ მეტი დროის გატარებისა. ჩვენი ბიზნესმენები, დამოუკიდებლად მათი მასშტაბისაგან, სოფლებში სასოფლო პროექტების კეთებისა და იქ ოჯახებით ცხოვრების იდეამ უნდა გაიტაცოს. ახალგაზრდა წყვილებს ბანკში მენეჯერობის ნატვრისა და კრედიტში ნაყიდი მერსედესით ვაკეში გრიალის ნაცვლად, უნდა გაუჩნდეთ სურვილი სადმე მანგლისთან რამდენიმე ჰექტარ მიწაზე სახლის აშენებისა, იქ ფერმერობისა და შვილების გაზრდისა, სასოფლო ტექნიკის შემოტანა-ვაჭრობისა, მისი ლიზინგისა და მომსახურების ფირმების დაარსებისა, სასუქების წარმოების აწყობისა, შემფუთავი საამქროების, სამაცივრე და მშრალი საწყობების მშენებლობისა, ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის მოყვანისა, მისი გადამუშავებისა, კომლად ცხოვრების ციკლისათვის ბუნებრივი საკუთარი ფრთა-რქა-დინგის გაჩენა-მოვლისა, სასათბურე ბიზნესის აწყობისა, ჰუმუსის გადამუშავებისა, კომპოსტისა და სოკოების წარმოების მოდულების აწყობა-ამუშავებისა, საკონსერვო ხაზებისა და სხვა დანადგარების მომსახურებისა და საკონსულტაციო ფირმების დაფუძნებისა, მოსავლის დაზღვევის ფინანსური ინსტრუმენტების შესწავლა-შექმნისა, შვილების სუფთა ჰაერზე გაზრდისა, რეგიონული სკოლების დაარსება-გაუმჯობესებისა, იქაური სპორტის აყვავებისა, იქაური სკოლებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციასა და კოლექტივებში მუშაობისა და ა.შ. და ა.შ.

იგივე ეხება არა მხოლოდ ჩვენს საქმოსან ახალგაზრდობას, არამედ მის უცხოეთში გაგზავნილ ინტელექტუალ ნაწილსაც, თუკი ასეთი დაგვრჩა, რადგან საუბედუროდ ახალ თაობაში, რომელიც ამ კულტურული ვარდნის ეპოქაში ძალიან ცოდვაა, ყველას იურისტობა და ბანკის მენეჯერობა მოუნდა. გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენი წამყვანი ინტელიგენცია მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებში, პეტერბურგში, მოსკოვსა, სორბონასა და ბერლინში იღებდა განათლებას. მაგრამ იგი უპირველესად თავის მოვალეობად და პრესტიჟად მიიჩნევდა სამშობლოში დაბრუნებასა და საკუთარი სპეციალობით სოფელში მასწავლებლად ან ექიმად წასვლას. იაკობ გოგებაშვილი, წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) და სხვები ერის მსახურებაში პიროვნების უზადო განვითარების ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ. ამ ხალხს ჰქონდა მიზნები, არა ვიწროდ მატერიალური, არამედ საზოგადოებრივი, ჰქონდა გასაჭირიც, მაგრამ არ ჰქონდა უმიზნობისა და ალბერ კამიუსეული ეგზისტენციალური დეპრესიის ის ხარისხი, რომელიც მხოლოდ კარიერულ წინსვლასა და ფულის შოვნაზე დამონებულ ფსიქიკას ჭამს და აწვალებს.

როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის დეურბანიზაციის პროცესში მონაწილეობა სჭირდებათ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ უფროსებსაც. მარტო თბილისში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც შეურაცხყვეს, "ჩარეცხეს", ნევროზი და დეპრესია დამართეს და რომელთაგან დიდი ნაწილიც, სამწუხაროდ, ვეღარასოდეს დასაქმდება ქალაქში მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო. მოსახლეობის ამ ფენის ნაწილს შვილები უკვე ფეხზე უდგათ და ისინი თბილისში უფუნქციოდ, ძალიან დათრგუნვილ მდგომარეობაში ცხოვრობენ, ხშირად ამ შვილების ხარჯზე. სინამდვილეში კი ეს კოლოსალური გამოცდილების, დაღვინების ხარისხის, კულტურის, გონიერებისა და ჯერ კიდევ ენერგიის ხალხია ხშირად. მათს ამ ენერგიასა და სიკარგეს გამოღვიძება სჭირდება, რომელიც თბილისში თითქმის წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანების ნაწილი სოციალური ამპარტავნებითა და ამბიციებითაც არის შებოჭილი, ამას ვერ იკადრებს, იმ სამუშაოს ითაკილებს. მაგრამ უმეტესი მათგანისათვის სამეგობრო წრეში თქმა იმისა, რომ სოფელში გადავიდა და მამულს ხელი მოჰკიდა, თან არა მოურავების მეშვეობით, არამედ თვითონ, არ არის უკადრისი რამ. მათმა ნაწილმა უნდა მონახოს თავში ენერგია და თუნდაც იმ თავისი თბილისური ბინის გაქირავების ხარჯზე, ახალი როლი შეიძინოს რაიონში. მიაშუროს ან საკუთარ, ან ცოლეულის მამულ-დედულეთს, ან სულაც ახალქალაქისა და მარნეულის მსგავს ადგილას ჩავიდეს. თვითონ თავისი ძველი პროფესიით დასაქმდეს, თუნდაც უხელფასოდ და იცხოვროს იმ თავისი თბილისში გაქირავებული ბინის ხარჯზე. იწვალოს, იჯახიროს და ამით მოირჩინოს უძრაობის საშინელი დეპრესია. მისმა მეუღლემ ქართული ასწავლოს ადგილობრივ სკოლაში. არ გამოუვათ? მოჰბეზრდებათ? დაბრუნდნენ რამდენიმე თვის მერე თბილისში იმ თავის ბინაში, დეპრესიისგან მაინც განიკურნებიან და იტყვიან, მოაშორე იქით, რა კარგად ვყოფილვართ ჩვენს თბილისურ ნაჭუჭშიო. მაგრამ ვთქვათ და, ფეხი მოიკიდონ, ცხოვრება თავიდან ამოქოქონ, შვილიშვილებს ჩამოსასვლელი გაუჩინონ არდადეგებზე, იმის ნაცვლად, რომ მათთან ერთად ჩადიოდნენ გავერანებულ დედულეთ-მამულში ადგილობრივი ბიძაშვილების იმედზე, რომლებიც სულ უფრო ნაკლები რჩებიან. იქნებ კიდევაც ფრთები გაშალონ და რაიონელსაც კი აჯობონ რაღაცებში, როგორც ენერგიითა და ქალაქური კონტაქტებით ჩასულებმა, ისევე, როგორც ბევრი სოფლელი სჯობნის ქალაქელს ქალაქში მარიფათითა და სარფიანობით. ამგვარი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები საქართველოში ბოლო 10-ოდე წლის განმავლობაში უკვე ასობით შეინიშნება როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი თაობის თბილისელების შემთხვევაში. ახლა კი საჭიროა ამ ახალი ტენდენციების საზოგადოებრივ ნაკადად ქცევა, იქნებ "სოფელს დამბრუნებელთა" საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მეშვეობით, რომლის წევრობაც პატივი იქნება ადამიანისათვის და რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა ექნება საქართველოს მთავრობასთან. ეს საზოგადოება უპირველესად ცოდნითა და ინფორმაციით დაეხმარება თავის წევრებს. მისცემს მათ მკაფიო განცდას იმისა, რომ ეს ადამიანები მარტონი კი არ არიან, არამედ დიდი საზოგადოებრივი ნაკადის ნაწილი ბრძანდებიან, რომელსაც სახელმწიფო თვალს ადევნებს და შეძლებისდაგვარად მხარში უდგას. თანაც ჩვენს დროებასაც ხომ აქვს რაღაც უპირატესობები?! ეს სოციალური ქსელებიცა და ყველგან მყოფი ინტერნეტიც ჩვენც ხომ რამე აზრიან საქმეში უნდა გამოვიყენოთ, გარდა იმისა, რომ გაუთავებლად ვწერდეთ ერთმანეთს "რას შვრები-რავი აბა"-სა და "მაგარი იყო გუშინ"-ს. ჰოდა, წარმოვიდგინოთ, რომ სამოცი ან ოცდაათი წლის თბილისელი წყვილი დასახლებული ან დაბრუნებული თელავში სადმე სენაკში მყოფ თავისნაირ წყვილს უზიარებს გამოცდილებასა და ფოტოებს და ეკითხება აზრს ათი ღორის მოვლის არითმეტიკაზე, ან უცხოური სალათის სათბურის ტექნოლოგიაზე.

ამრიგად სოფლის აღორძინებას რამდენიმე კუთხიდან უნდა შევესიოთ, მათ შორის იმისათვისაც, რომ ქალაქელების ნაწილმაც თავს ვუშველოთ და ოჯახური კულტურა გადავარჩინოთ. ქალაქში გამრავლებისას ადამიანებს ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ მათი ოჯახი სუსტდება, სივრცე აღარ ჰყოფნის. სოფელში გამრავლებისას კი ადამიანები ყოველთვის ხედავენ, რომ მათი ოჯახი ძლიერდება, სივრცეს უფრო ერევა და იკავებს მას, ნოდარ დუმბაძის ზურიკელასი არ იყოს, მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებითო.

ახალი ქართული სოფლის მეურნეობის შექმნას არც მხოლოდ ძველი, ხშირ შემთხვევაში გაუძრავებული და ინერტული სოფლის მოსახლეობა ეყოფა და არც სოფელს დამბრუნებელი უვიცი ქალაქელების რომანტიზმი. სწორედ ამ ორი საზოგადოებრივი ნაკადის სინთეზითა და სიმბიოზით არის შესაძლებელი ახალი საქართველოს აშენება. ამ მოძრაობის გააქტიურებიდან ათიოდე წელიწადში არ უნდა დარჩეს აუთვისებელი მიწის ერთი მტკაველიც კი და უამრავი ოჯახი უნდა გახდეს საკვებით მნიშვნელოვაწილად უზრუნველყოფილი და დამოუკიდებელი. ჩვენ უნდა გავხდეთ მძლავრი ექსპორტიორი უამრავი ტიპის სასოფლო პროდუქციისა. ჩვენვე უნდა გავხდეთ ბენეფიციარი სოფლის მეურნეობის თანმდევი დარგების აყვავებისა, როგორიცაა რურალური ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებისა და ნივთიერებების წარმოება, საკვები პროდუქტების გადამუშავება, საწარმოო ბრენდების შექმნა და სხვა. ეს არ გაგვიჩენს ბევრ მილიონერს, მაგრამ ეს გაგვიჩენს მილიონ ჯანმრთელ ოჯახს, რომლებიც უფრო გვჭირდება, ვიდრე ერთი მუჭა გასიებული მაგნატები, რომლებიც ეროვნული საქმისათვის მოღვაწე ბევრი ჩვენი საქმოსნისაგან განსხვავებით, მხოლოდ უცხოეთში ფულის გატანასა და იქ საკუთარი შვილების გაგზავნაზე ოცნებობენ და მერე მათ იქ უკარგავენ საკუთარ თავსაც და სამშობლოსაც. აქ, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის სიკარგიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ მინი-ტურიზმი, საზღვისპირო, სამთო თუ სამეღვინეო ჰოსტელები, გააჩნია, სად იკიდებს ფეხს ასეთი ოჯახი.

ჩვენს უმწიფარ და ფსევდოგანათლებულ ნეოიდეოლოგებს შეაგნებინეს, რომ შრომის ეფექტურობის გაზრდისას სოფელში ის ხალხიც კი ზედმეტია, ვინც ახლა ცხოვრობს ქართულ სოფლებში. ეს იმდენად ზედაპირული და ცრუ პოსტულატია, რომ მისი და მისნაირების დამხობას ცალკე წერილი სჭირდება. აქ კი უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ტყუილია. მანამდე კი ქალაქში სამოთახიან ბინაში უმუშევრად ჯდომასა და ნელ-ნელა კვდომას ქართველს ერჩივნოს, სხვა თუ არაფერი, ერთ მტკაველ მიწაზე საკუთარი საკვები რაციონის ნაწილის მოყვანა მაინც.

ამრიგად, სოფლის უფრო მჭიდროდ დასახლება და ამუშავება ქალაქელების ჩართვით, უნდა გახდეს ჩვენი ახალი, კარგად დავიწყებული ძველი ეროვნული იდეა. სოფლის შენარჩუნებისა და განვითარების გარეშე ნელ-ნელა მთელი ჩვენი კულტურა სამუზეუმე ექსპონატი გახდება. რამდენ დამცინავ და მოღალატე ქალაქელს უნდა გაუძლოს მან, სად და როგორ უნდა შენარჩუნდეს სხვანაირად მისი ეთნოფსიქოლოგიური კუთხურობა და კილოკავები, რომლებიც, როგორც წმინდა წყლის ნაკადები მღვრიე მტკვარს, ისე კვებავენ ქართულ კულტურასა და ენას. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვით, აწი სოფლის გადარჩენაცა და ოჯახური კულტურის გადარჩენაც ერთმანეთს უდრის და უერთმანეთოდ ვერ განხორციელდება.

გულცივ და ჩვენთვის უცხო, თანამედროვე ურბანისტულ სოციოლოგიაში ქალაქიდან სოფელში დამბრუნებელ ხალხს downshifter-ები, ანუ "დაბალ სიჩქარეში გადამრთავები" ეწოდებათ, რაც ძირშივე მცდარად გულისხმობს ამ გადაწყვეტილების ნეგატიურ კლიშეში მოქცევას. სინამდვილაში კი, პირიქით, ეს ხალხი არიან upshifter-ები, რომლებიც უარს ამბობენ ჭუჭყიანი, სტრესული და უქნარა ქალაქური ცხოვრების სტილზე, მოხვეულზე მათს თავს თუ მემკვიდრეობით, თუ ობიექტური პირობებით. სწორედ ეს ადამიანები გადადიან უფრო მაღალი დონის ცხოვრების ნირზე. ოღონდ არა ისე, როგორც ეს იდილისტურ ჰოლივუდურ ფილმებშია, როდესაც ვინმე პირს ბროსნანის თომას ქრაუნი მეტროპოლიტენ-მუზეუმს გაძარცვავს ნიუ-იორკში და მერე ძუძუმეტი სალმა ჰაიეკის გმირთან ერთად კარიბის კუნძულებზე შტერდება უქნარობით, არამედ რეალურად, თავად იმ პროცესის სიყვარულით, რომელსაც მიწასა და სამშობლოსთან დაბრუნება ჰქვია.

სახელმწიფომაც უნდა აუბას მხარი არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერას, არამედ ქალაქელების სოფელში გადასახლებასაც, ახალგაზრდობა იქნება ეს თუ უფროსები.

განსახორციელებელია ორი მეგა-პროექტი ჩვენს ორ ეთნიკურ რეგიონში. უნიჭოდ და სპორადიულად ქუთაისში გადატანილი პარლამენტის ნაცვლად, რომელიც ამ ეტაპზე აუცილებლად და სასწრაფოდ თბილისში არის დასაბრუნებელი, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს კომპლექსური გეგმა ჩვენი ეთნიკური რეგიონების უკეთესი ინტეგრაციისა დანარჩენ საქართველოში. ამ ინტეგრაციის ერთადერთი რეალური და ეფექტური გზა არის იქ საბიუჯეტო დაწესებულებების კომპლექსური, კარგად მომზადებული და ორგანიზებული გადაყვანა.

ახალქალაქში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, უნდა გადავიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი თავისი ყველა სამსახურითა და სამინისტროთი. მარნეულში უნდა გადავიდეს უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლები (ორიოდე ისტორიული კორპუსის გარდა) და სამეცნიერო ინსტიტუტები და იქ უნდა გაშენდეს დიდი აკადემქალაქი.

წინასწარი გათვლებით ეს ნიშნავს ორივეგან დაახლოებით ოცდაათ-ოცდაათი ათასი ადამიანის ჩასახლებას თბილისიდან, მათთვის თანამედროვე საცხოვრებლებისა და სკოლების მშენებლობას.

ახალქალაქისა და მარნეულის მოსახლეობისათვის ეს ნიშნავს კოლოსალური დასაქმების წყაროს გაჩენას, როგორც ორივე პროექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, ასევე შემდგომში ამ სტრუქტურებში მათი დასაქმებითა და მათგან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნობათის რეგულარული შეძენით.

ამ ორივე პროექტის დაფინანსება ნაწილობრივ შეიძლება თბილისში ამ დაწესებულებების კუთვნილი უზარმაზარი უძრავი ქონების ინვესტორებზე გაყიდვით. ეს კი, თავის მხრივ, თბილისის ეკონომიკაში დამატებით ფულსა და სამუშაო ადგილებს შემოიტანს, რადგან ინვესტორებს ამ შენობების ყიდვის გარდა მათი რეკონსტრუქციაც დასჭირდებათ სასტუმროებად, ბიზნესცენტრებად და საცხოვრებელ სავაჭრო კომპლექსებად. ორივე პროექტის ძირითადი ნაწილის განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით დასჭირდება სამი წელიწადი. მშენებლობისა და გადაბარგების ხარჯი, წინასწარი შეფასებით არ ასცდება $4 მილიარდს, რომლის ნაწილის დაფარვაც მოხდება ნახსენები უძრავი ქონების ინვესტორებზე გაყიდვის ხარჯზე, ხოლო დანარჩენი დაიფარება ბიუჯეტიდან. ამ პროექტის გრძელვადიანი სარგებელი ქვეყნისათვის იმდენად კოლოსალურია, რომ პრიმიტიული შიდამომგებიანობის პროცენტით (Internal rate of return) და მსგავსი პანჭიპუნჭა პარამეტრებით ვერ გაიზომება.

თბილისი დარჩება ქვეყნის კომერციულ, კულტურულ, სოციალურ დედაქალაქად, როგორც სტამბოლი თურქეთში, რიო დე ჟანეირო ბრაზილიაში, ნიუ-იორკი - აშშ-ში, ალმა-ათა - ყაზახეთში და ა.შ. ღირს თუ არა შესაბამისად ანკარის, ბრაზილიის, ვაშინგტონის, ასთანისა და სხვათა მსგავსად ახალქალაქისათვის დედაქალაქის სტატუსის მინიჭება, ეს საორჭოფო საკითხია, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. პირველი შეხედვით ეს არ უნდა გახდეს აუცილებელი, მაგრამ ამით საქმის არსი არ იცვლება. თბილისს არაფერი დააკლდება, თუ კანცელარია, სამინისტროები, ადმინისტრაცია და პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ დაიკავებენ კოლოსალურ შენობებს და თუ უნივერსიტეტის მაღლივი კოპრუსიცა და პოლიტექნიკურიც, ისევე, როგორც ჩვენი აღსადგენი სამეცნიერო ინსტიტუტები უკეთეს, თანამედროვე აკადემქალაქად გაშენდება ბუნებაში მარნეულთან. იმ აკადემქალაქში პროფესურასა და მათ ოჯახებს კოტეჯები დაეთმობათ და სტუდენტებს - საერთო საცხოვრებლები, აშენდება სპორტული კომპლექსები, აუზები, დაიდგმება თანამედროვე ლაბორატორიები, ტელესკოპები, ბიბლიო- და მედიოთეკები, კაფეტერიები, სასადილოები, და ა.შ.

ახალქალაქის ნორდიკული ჰავა, ჩვენი ქართული ციმბირი, ძალიან წაადგება თანამედროვე, ეფექტურ, მღვიძარე და არადონდლო ეროვნულ მთავრობას თავისი სამივე შტოთი. ქუთაისის მარაზმისაგან განსხვავებით, იქ ყველა საჭირო სამსახური იქნება ერთად. ბუნებრივია, ყველა მუნიციპალური სამსახური, რომელიც თბილისელებს სჭირდებათ, დარჩება ქალაქში. მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც თბილისელს წელიწადში ერთხელ მაინც გამოუჩნდება საქმე სამინისტროების დონეზე, თანაც ისეთი, რომელიც არც ტელეფონით, არც ელექტრონული ფოსტითა და ფაქსით და არც სკაიპით არ მოგვარდება, მაშინ არც იმ თბილისელს და არც ჯავახეთს არ აწყენთ, თუ ახალქალაქში დაიდგმება რამდენიმე ნორმალური სასტუმრო და გაცხოველდება მიმოსვლა თბილისსა და ახალქალაქს შორის.

ნორდიკული ჯავახეთის გეოგრაფიული მოშორება ასევე საკადრო-იდეური ფილტრის დონეზეც მარგებელია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისათვისაც. ეს სიშორე გასაძღომად და ერთი ადგილის მოსათბობად გამზადებულ ზოგიერთ არამზადა ფარისეველ მოხელეს დააფრთხობს. ნაწილი მათგანი თბილისურ პროვინციალიზმსა და ვაკეში რესტორანში ყოველდღე ჯდომის სურვილს ვერ დაძლევს და იფიქრებს, ხომ არ აჯობებდა გაუმჯობესებულ, თანამედროვე საქართველოს ახალ კერძო სექტორში ეფიქრა ფულის შოვნა.

სამცხე-ჯავახეთი სამას წელზე მეტხანს ეკუთვნოდა თურქეთს, რომლის მოთხოვნითაც მეორე მეჩეთის აშენებას ვაპირებთ ახლა ბათუმში. და თუმცა თითქოს რა ჯობია ჩვენი საოცნებო ძეგლების აღდგენას, თუნდაც საქართველოს მუსლიმანური მოსახლეობისთვის ერთი დამატებითი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ. საქართველოს მუსლიმანური მოსახლეობა მრავალი საუკუნეა ცხოვრობს ჩვენთან ხელშეუხებლად და აქვს თავისი სარწმუნოების აღმსარებლობის საშუალება. მაგრამ ცხადია, რომ ბათუმის მეჩეთი ხალხითა და ლოცვით გაივსება, ჩვენ კი იმ აღდგენილ ძეგლებში, თუ ცალკე პირობას არ წავუყენებთ თურქებს, არც წირვის და არც მრევლის ყოლის უფლებას არავინ მოგვცემს. ნებისმიერი ტაძარი კი უპირველესად იმით არის მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ცოცხალი ლოცვისა და იქ მლოცველთა გამრავლებისა და გაძლიერების სახლია და არა იმით, რომ კულტურული ძეგლია, როგორც ეს მიაჩნიათ ბოლშევიკებსაც და ლიბერალებსაც.

ჰოდა, ჩვენ თურქეთისაგან, უფრო სწორად, ოსმალეთისაგან წართმეულ ჯავახეთში სომხების ჩასახლებისათვის ვლანძღავთ რუსებს და კერძოდ, ცნობილ რუსიფიკატორ გენერალ ივანე პასკევიჩს, იმპერიის მიერ კნიაზ ერივანსკის წოდება ბოძებულს. მაგრამ სამართლიანობისათვის ნუ დაგვავიწყდება ორი რამ: ჯერ ერთი, სწორედ 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომი ადრიანოპოლის ზავის პირობების შედეგად მოხდა პასკევიჩის სარდლობისას სამცხე-ჯავახეთის ოსმალეთისაგან წართმევა, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ. სხვადასხვა მონაცემებით, ამის შემდეგ პასკევიჩმა ნიკოლოზ I-საგან 1 მილიონი რუბლი გამოითხოვა ჯავახეთისათვის, ძირითადად, იქ სომხების ჩასასახლებლად, მაგრამ რეალურად ამის შედეგად დაუბრუნდა საქართველოს სამცხე-ჯავახეთი. 1 მილიონი ოქროს რუბლი კი იმ დროისათვის კოლოსალური თანხა იყო. შედარებისათვის მოგვიანებით, ასე 40 წლის შემდეგ, რუსეთმავე გაყიდა ალასკა, რომელიც ჯავახეთზე რამდენიმე ათეულჯერ მეტია, მხოლოდ 12 მილიონ ოქროს რუბლად. თუმცა მაგ დროისათვის რუბლი დაახლოებით ორჯერ იყო გაუფასურებული, ანუ ალასკის გაყიდვა მხოლოდ 6-ჯერ ძვირად მოხდა, ვიდრე ჯავახეთის დაბრუნება და დასახლება, თუ არ ჩავთვლით სამხედრო კამპანიის ხარჯებს. და მეორე, ჯავახეთის ყიდვიდან დღემდე ქართველებს დიდად არ მოგვნდომებია იქ დასახლება და შრომა, თუ არ ჩავთვლით აჭარელი ეკომიგრანტების ორიოდე სოფელს კუმურდოს ახლოს და საბჭოთა დროს ჩასახლებულ ორიოდე ათას ახალქალაქელ ქართველ ქალაქელს. იქ ჩასახლებული სომხები კი შრომისმოყვარეობის სასწაულებს სჩადიან, წივაზე თბებიან (რამდენმა ვიცით, საერთოდ, წივა რა არის?) და იმ მიწას აცოცხლებენ. ზუსტად იგივე, თუმცა სხვა ისტორიული გარემოებებით, შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ მიერ მარნეულის მიტოვებაზე. ჰოდა, ან გავინძრეთ ჩვენც და რაიმე რეალური თანამოქალაქეობრივი ხელი გავუწოდოთ იქაურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს, მივცეთ მათ ჩვენთან ინტეგრაციისა და თანაცხოვრების ქმედითი მოდელი, ან ვატაროთ გეიაღლუმები რუსთაველზე ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს და ველოდოთ, რა მოხდება მაგ ჩვენგან მიგდებულ საქართველოს კუთხეებში.

ბევრი ითქვა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შექმნის აუცილებლობისა და ეკონომიკის განვითარების თაობაზე. მაგრამ ერთიცა და მეორეც საკმაოდ ბანალური ჭეშმარიტებებია, რომლებზეც მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკოსი საუბრობს. ვერ მონახავთ ქვეყანას ან პოლიტიკოსს, რომელიც იტყოდეს, მე მინდა უსამართლო სასამართლო და ეკონომიკური უკანსვლაო. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს სასიკეთო ცვლილებები, აი, ეს არის საკითხავი.

ცხადია, რომ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებას უპირველესად ქვეყნის ლიდერების კეთილი ნება სჭირდება. ამ ნების ქონა კი გამორიცხულია, თუ ადამიანი არ არის ზნეობრივი, ცოლ-შვილის ერთგული და უცქერს თავის ხალხსა და მის ტრადიციებს ზიზღითა და დამცინავად. აი, ეკონომიკური განვითარების სწორი მოდელის შერჩევას კი ეკონომიკის თეორიის ცოდნა სრულიად არ ჰყოფნის. ამისათვის აუცილებელია ეროვნული პრობლემატიკის, ინტერესებისა და მიდრეკილებების ცოდნა. ეს წერილი ასევე ვერ გასწვდება იმ ეკონომიკური, ფისკალური და საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და გაჯანსაღების გზაზე დასაყენებლად. ყველაზე გადაუდებელი ზომების ჩამონათვალი კი ასეთია:

კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს ქვეყნის საგარეო ვალის მაქსიმალური რაოდენობა. დასავლური ქვეყნების მასობრივი გაკოტრების რისკის ფონზე, საქართველომ, სანამ გვიან არ არის, უნდა თავიდან აირიდოს ეს უბედურება. ამგვარი ჩანაწერი კონსტიტუციაში ბევრად სასარგებლო იქნება ქვეყნისათვის, ვიდრე ისეთი სისულელეები, როგორიცაა რომელიმე გეორგაფიის ან ქვეყანათა კავშირის მიმართ სწრაფვის იძულება. საქართველოს მთავრობას კონსტიტუციით უნდა ეკრძალებოდეს ქვეყნის ჯამური საგარეო ვალის გაზრდა შიდაეროვნული პროდუქტის 50%-ზე მეტად. რეკომენდებული, ნორმალური დონე უნდა იყოს 30%. მისი გადაცდენის შემთხვევაში უნდა ირთვებოდეს მაკონტროლებელი მექანიზმები მთავრობის დათხოვნის ჩათვლით. უნდა განისაზღვროს პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქვეყანა არსებული საგარეო ვალის დონიდან 30%-ზე ჩამოვა (ალბათ, ამას დასჭირდება დაახლოებით 10 წელიწადი.)

რაც უმთავრესია, უნდა შემუშავდეს ე. წ. საოჯახო კანონმდებლობის ინოვაციური პაკეტი. ჩვენმა კანონმდებლებმა ოჯახის ინსტიტუტი უნდა აიყვანონ ცალკეული დაცულობისა და ზრუნვის უმაღლეს, მსოფლიოში აქამდე არნახულ იურიდიულ კატეგორიაში. აქ ისინი არ უნდა მოერიდონ კრეატიულ მცდელობას აჯობონ ამ სფეროში მსოფლიოში ყველა ქვეყანას. ყველაფერი, რაც ოჯახს რყვნის და ანგრევს, უნდა შეიზღუდოსა და აიკრძალოს კანონით, სადაც კი ეს შესაძლებელია თანამედროვე ცივილიზებული კანონპრაქტიკის პირობებში. ადამიანი ღმერთისაგან თუ ათეისტებისათვის - ბუნებისაგან, ჩაფიქრებულია ოჯახის ნაწილად. რა მოსდის საზოგადოებას, რომელიც ოჯახის ინსტიტუტს ანგრევს, ჩვენ უკვე ვაჩვენეთ დასალეთში მომხდარ მილიარდ ფაქტზე დაყრდნობით. თეოლოგიურ მამობრივ სწავლებებში ოჯახის სიწმინდისა და მნიშვნელობაზე მსჯელობისას სამებისეული ალგორიებიც კი მოიძებნება: მამა, დედა და შვილი სამია, მაგრამ - ერთი, ერთი ოჯახია, მაგრამ - სამი სახე აქვს. ნებისმიერი რელიგიის მონაზვნური მაგალითებიც კი მონაზონთა ოჯახად გაერთიანებას გულისხმობს და მხოლოდ ღმერთთან ყველაზე დაახლოებულთათვის - განდეგილობას, ანუ ღმრთის ოჯახში სრულიად შესვლას. ხოლო ბოლშევიკების კომუნალური ოჯახების იდეები იქნება ეს, საზიარო "ქმრებით", "ცოლებითა" და შვილებით თუ ლიბერალების თავისუფალი, უქორწინებელი ცხოვრება, დროებითი ბოიფრენდებით, გელფრენდებითა და შვილებით, ორივე ანგრევს ღვთისა თუ ბუნების განწესებას. და, რა თქმა უნდა, ადამიანს, როგორც ყველა ცოდვის შემთხვევაში, აქვს და ყოველთვის ექნება ამ და სხვა ცოდვის ჩადენის სრული თავისუფლება. მაგრამ ჯანმრთელ საზოგადოებაში ამ ქმედების სიცუდე სიცუდედვე უნდა ირაცხებოდეს და სახელმწიფო და საზოგადოება სიკარგეზე უნდა ზრუნავდესა და უწყობდეს მას ხელს. ოჯახის ნგრევისას თავად ადამიანი ინგრევა, ნადგურდება ის ჩანაფიქრი, რომლითაც ის არის შექმნილი, რომლითაც ღმერთმა, შექმნა ადამი და ევა თუ ათეისტებისათვის ბუნებამ შექმნა კაცი და ქალი. ამიტომ საოჯახო კანონმდებლობას განსაკუთრებული და მსოფლიოსათვის ჯერ არნახული ყურადღება და პატივი უნდა მიეგოს დღევანდელ საქართველოში. აქ ჩვენს კანონმდებლებს უნდა აინტერესებდეთ აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილებაც, დამოუკიდებლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და სარწმუნოებრივი კუთვნილებისა. მაგრამ მხოლოდ ასლების გადმოღება აქ არაფერს მოგვცემს, საქართველო უნდა გახდეს საოჯახო კანონშემოქმედების აღიარებული ლიდერი მთელს მსოფლიოში. უნდა დაწესდეს შეზღუდვები მასობრივი საინფორმაციო წყაროებით ძალადობისა და სიბილწის პროპაგანდასა და ქადაგებაზე. ოჯახური სტატისტიკის გაუმჯობესება საქართველოში უნდა გახდეს პოლიტიკოსების შეფასების უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრი, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელთა მიღმაც თავისუფლად შეიძლება იმალებოდეს ადამიანთა საზოგადოების მზარდი გაუბედურების ტენდენციები.

ქვეყნის იმ ნაწილებში სადაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა და ოჯახები ხშირად ინგრევა, მაგალითად, თბილისში, მუნიციპალური და ცენტრალური მთავრობების მხრიდან უნდა დაწესდეს მასტიმულირებელი ზომები ოჯახების გასამაგრებლად და ქვეყნის მოსახლეობის გასამრავლებლად. ეს მხოლოდ ეკონომიკური ზომებით არ მოხერხდება, მაგრამ მათაც დიდი მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად, ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც ოჯახური სტატისტიკა ცუდია და უარესდება, დაუნგრეველი ოჯახის ყოველ შვილზე ყველა კომუნალური გადასახადი უნდა კლებულობდეს (ანუ სუბსიდირდებოდეს მთავრობის მხრიდან) 10%-ით. ანუ, თუ დაუნგრეველ ან ნაწილობრივ დაობლებულ ოჯახს 2 შვილი ჰყავს, იგი კომუნალური გადასახადების საფასურის 80%-ს უნდა იხდიდეს და ასე შემდეგ. სამზე მეტი შვილის მყოლი დაუნგრეველი ან დაობლებული ოჯახის მშობლების დამსაქმებელი კომპანია, თუ დაწესებულება არ უნდა იხდიდეს სოციალურ გადასახადს მათდამი გაცემულ ხელფასზე. ასეთი ოჯახები უნდა თავისუფლდებოდნენ ქონების გადასახადისაგან. მათვე უნდა ჰქონდეთ სუბსიდიები სურსათისა და ბავშვების ტანსაცმლის შეძენაზე.

ქალაქიდან სოფელში გადასვლის მსურველთათვის ცალკე უნდა შემუშავდეს ეკონომიკური და საგადასახადო სტიმულების პაკეტი. იგი უნდა გათვლილ იქნეს ისე, რომ მას გასწვდეს ჩვენი სახელმწიფოს თხელი ჯიბე, მაგრამ მანაც უნდა მისცეს ადამიანებს რეალური სტიმული ქალაქიდან სოფელში დასაბრუნებლად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა დაერქვას საქართველოს დეურბანიზაციის სამინისტრო. ამ სამინისტროში, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობაში, უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ქვეყნის ნაწილობრივი დეურბანიზაცია. უნდა განისაზღვროს დეურბანიზაციის მიზნობრივი პარამეტრები და ვადები და უნდა მოხდეს მათი მიღწევა და მათში ჩატევა.

იმ შემთხვევაში, თუ დეურბანიზაცია წარმატებულად წარიმართება და ეს ბუნებრივად გამოიწვევს თბილისისა და სხვა ქალაქების ნაწილობრივ დაცარიელებას, როგორც ეს ბევრჯერ მომხდარა დასავლეთის დიდ და პატარა ქალაქებში ეკონომიკური მიგრაციის პროცესების გამო, მაშინ შესაძლებელი გახდება თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების მიტოვებული ჯღანი უბნების მოსახლეობის გადაჯგუფებასა და რეურბანიზაციაზე ფიქრი. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც საბჭოთა პერიოდის უმახინჯესი კორპუსების კვარტალების დანგრევას, ასევე მათ ადგილზე სარეკრეაციო, სპორტული, გასართობი, ეკოლოგიურად სუფთა სამრეწველო და სავაჭრო ბიზნესების დეველოპმენტს. დეურბანიზაციის შედეგად თბილისმაც უნდა იხეიროს და აღარ უნდა ჰგავდეს ჩახერგილ ქაბულს სადაც გეჩვენება, რომ ხალხს მხოლოდ ძილი, ჭამა-სმა და ვაჭრობა სურთ. რაც მეტი პროცენტი ექნებათ თბილისს და სხვა ქალაქებს არარეზიდენციული და არაკომერციული ზონები, მით უფრო აიწევს მათი ცხოვრების დონეცა და მათი უძრავი ქონების კაპიტალიზაციური ფასეულობაც. წარმატებული დეურბანიზაცია უნდა განხორციელდეს ტალღებად, დაახლოებით 50 წლის მანძილზე და უნდა მიუყვებოდეს პროფესიონალურად გათვლილ მოდელს, რომელიც გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და რეიმიგრაციის ფაქტორებს. ამავე ნახევარი საუკუნის განმავლობაში თბილისის პერიმეტრის შიგნით კერძო სექტორის ფულით უნდა გადარჩეს და აღდგეს მინგრეულ-განადგურებული იპოდრომი, სტადიონები, გაშენდეს გასართობი და სარეკრეაციო ტყე-პარკები, სახელმწიფო ფულით უნდა გამწვანდეს უკეთ მტკვრის სანაპირო, დაცარიელდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გეტო-უბნები.

გაეროს ბოლო კვლევის მონაცემებით 2050 წლისათვის, ანუ ძალიან მალე, თუ რამე არ შევცვალეთ, საქართველოს მოსახლეობა შემცირდება 28%-ით. კვლევის მიხედვით ეს შემცირება მოხდება ქართული ეროვნების ხარჯზე. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ქართველი მოსახლეობა მაგ დროისათვის თითქმის განახევრდება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობა გაიზრდება 35% და 6%-ით შესაბამისად. ანუ ჩვენ, განსხვავებით ჩვენი უფრო ყოჩაღი მეზობლებისაგან, რომლებსაც ღმერთმა გაუმარჯოს, ვდგავართ გადაშენების პირას.

ამიტომ საქართველოში კანონით უნდა აიკრძალოს აბორტით ბავშვის მკვლელობა. მსოფლიოს აბორტების კანონმდებლობის რუკა ძალიან ჭრელია. ზოგან აბორტი იკრძალება საერთოდ, თანაც ეს ხდება ჩვენზე ბევრად დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია და როგორიც იყვნენ ამ ცოტა ხნის წინ შვეიცარია და ამერიკის შტატების უმრავლესობა, სადაც ლიბერალიზმმა ნელ-ნელა დაამარცხა ბავშვების სიცოცხლე. საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს უმკაცრესი კანონები აბორტის წინააღმდეგ. უნდა შეტრიალდეს ეს უკუღმართი პრაქტიკა, როდესაც აბორტისას სრული პასუხისმგებლობა დედაზეა და მშობიარობისას - ექიმზე. ამის გამო საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ექიმების მზარდი პროცენტი, ორსულობის ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, პაციენტს ურჩევს აბორტს, რათა თავი არ აიტკივოს. ფაშიზმის სუნი ასდის თანამედროვე პრაქტიკას, როდესაც ნაყოფის პრობლემურობის შემთხვევაში დედებს სთავაზობენ რამდენიმე თვის ბავშვის საშოში მკვლელობას. ალოგიკურია აქ ამ მიდგომის აპოლოგეტების ჰუმანიზმი. თუ დედაზე ზრუნავენ, უფრო "ჰუმანური" იქნებოდა დედას ემშობიარა, ეს ნაკლებად სახიფათო იქნებოდა მისი ორგანიზმისათვის და მერე მოეკლათ საწყალი ბავშვი. ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებული ფაშისტური რეჟიმი სუსტებისა და ავადმყოფების ხოცვას უჭერდა მხარს. ახლა კი ამას ლიბერალური არჩევანი ჰქვია.

სირცხვილის გამო ორსულობის დამალვის მსურველ დედებს ეკლესიამ და მთავრობამ უნდა შესთავაზონ მათი ღირსებისა და ანონიმურობის დაცვის სპეციალური პროგრამა, აშშ-ში არსებული სასამართლოს მოწმეთა გადამალვის პროგრამის (witness protection programme) მსგავსად. ამ პროგრამით ორსულობის შესამჩნევ თვეებში მომავალ დედებს უნდა მიეცეთ საშუალება ინკოგნიტოდ ცხოვრებისა სამონასტრო თუ სამოქალაქო სპეციალურ დაწესებულებებში, აღჭურვილთ სამედიცინო კლინიკებით, ბიბლიოთეკებით, ბაღებითა და სასადილოებით. მომავალ დედებს იქ უნდა ჰქონდეთ ყველა პირობა სრულფასოვანი მშობიარობისათვის მზადებისა. მშობიარობის შემდგომ ჩვილის მიტოვების მსურველ დედებს ეკლესიამ და მთავრობამ უნდა შესთავაზონ ჩვილის ბავშვთა სახლში დატოვება, როგორც ამას აკეთებს ახლა ეკლესია. სურვილის შემთხვევაში, ბავშვის გარკვეულ ასაკამდე, დედას უნდა დაუტოვონ უფლება ბავშვის კვლავ აყვანისა. განსაზღვრული ასაკის მერე, ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, დედას აღარ უნდა ჰქონდეს მასზე პრეტენზიის უფლება. ბუნებრივია, ზოგიერთი მაინც არჩევს მეზობელ ქვეყნებში ჩუმად წასვლას აბორტის გასაკეთებლად, მაგრამ აბორტების რიცხვი მაინც მკვეთრად შემცირდება.

ძალიან უნდა გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბავშვის აყვანის პროცედურები და უნდა აიკრძალოს ისინი უცხოელებისათვის, რათა ამითაც ხელი შეეწყოს ჩვენი მოსახლეობის შემცირების შეჩერებასა და ზრდის დაწყებას.

კანონით დასჯადი უნდა გახდეს სიწმინდისა და ნებისმიერი ტრადიციული დიდი რელიგიისა და მათი ლიდერების დაცინვა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა პრესაშიც და სოციალურ ქსელებშიც. ჩვენმა ერმა მეოცე საუკუნეში უკვე იწვნია შედეგები ეკლესიისა და საკუთარი ზნეობრივი ფუნდამენტის დაცინვისა, შეურაცხყოფისა და დევნისა. მაშინ ქვეყანაში ეკლესიისა და სარწმუნოების ბოლშევიკ-ლიბერალურმა დევნამ, რომელიც უწყინარი კრიტიკის ლოზუნგით დაიწყო, საბოლოო ჯამში სისხლის გუბეები დააყენა და ამავე უბედურების საწყის ნიშნებს ვხედავდით ჩვენ საქართველოში გასული ათი წლის განმავლობაში. ამიტომ ერის გადარჩენისა და თავისუფლების ცენტრალური საკითხი არის არა თავისუფლების დროშით რელიგიის შეზღუდვა, დაცინვა, შეურაცხყოფა და დევნა, არამედ ამ დამცინველთა, შეურაცხმყოფელთა და მდევნელთა მოქმედებების კანონით აღკვეთა. ნებისმიერ პიროვნებას უნდა ჰქონდეს უფლება ნებისმიერი, მათ შორის რელიგიური ინსტიტუტების ანალიზისა და მასზე საკუთარი აზრის გამოხატვისა, მაგრამ კანონით მკაცრად უნდა განისაზღვროს მოქალაქის ქცევისა და ლექსიკის რა შემთხვევაში შეიძლება ამას მიეცეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კვალიფიკაცია და რა სამართლებრივი სასჯელი უნდა მოჰყვებოდეს მას. ამ ახალი კანონმდებლობის შემუშავებისას ჩვენ არ გამოგვადგება არც დასავლეთის ლიბერალური ინვერსიები, სადაც ვითომდა თავისუფალ ქვეყნებში, ქრისტესა და მუჰამედის დაცინვა შეიძლება, ხოლო მამათმავლებისა არა და არც სამხრეთ-აღმოსავლური ფანატიზმები. აქ, ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, პროფესიონალი ქართველი კანონმდებლები უნდა დასხდნენ საზოგადოებასთან და საქართველოს რელიგიურ ლიდერებთან ერთად და კოლოსალური მოცულობის სამუშაოს შესრულების შედეგად უნდა დადონ მაგიდაზე კანონები, რომლებიც არც ფანატიკური იქნება და არც ლიბერალურად ფუღურო და უსამართლო.

უნდა შედგეს სია არატრადიციული, ადამიანის ფსიქიკისათვის სახიფათო რელიგიური სექტებისა, როგორიცაა იეღოვას მოწმეთა სექტა, და უნდა აიკრძალოს მათი მოღვაწეობა საქართველოში. როგორ ახსნიან, საინტერესოა, ათეისტები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ამ სექტის მაქსიმალური კონცენტრაციის სამი ადგილი არსებობს: ცხინვალის მიმდებარე ქართლის სოფლები, პერევის მიმდებარე ზემოიმერული ქალაქები და სოფლები და ენგურის ნაპირის მეგრული სოფლები, ანუ ზუსტად ის ზონები, სადაც საქართველომ დროებით დაკარგა ტერიტორიები, განიცადა გენოციდი და დამარცხდა სისხლიან ომებში მტრის წინაშე.

ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ზემოთ ხსენებულ ცვლილებებს შეეწინააღმდეგება, ეცდება მათ დისკრედიტაციასა და დაბლოკვას, იკადრებს საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, საზოგადოებრივ პიროვნულ ავტორიტეტებსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, ან საქართველოში არსებულ ნებისმიერ სხვა ტრადიციულ რელიგიაზე ღია თუ შეფარულ ინტრიგანობასა და აგრესიას და რომელიც ამ მიზნების განსახორციელებლად ფინანსდება უცხოეთიდან, უნდა გამოცხადდეს საქართველოში არალეგალურად და დაიხუროს. ამ ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქე თანამშრომლებს სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს იმავე ხელფასისა და პასუხისმგებლობის დონის პოზიციები სახელმწიფო სამსახურში.

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო რეგულირება მიწისა და უძრავი ქონების გარშემო. საქართველოში მიწისა და სახლის ყიდვა, ჩვენი მეზობელი თურქეთის მსგავსად, მაგრამ უფრო მკაცრი მოდელით, უნდა შეეძლოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ბუნებრივია, დამოუკიდებლად მისი ეროვნული წარმომავლობისა. ჩვენ ერთი ციდა ოქროსავით მიწა გვაქვს და თუ ეს ჭიშკრები, რომლებიც მტრულად და ცინიკურად გააღეს ჩვენმა ლიბერსატებმა, მალევე არ დავკეტეთ, რამდენიმე წელიწადში წავილეკებით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ვინმეს ან რამეს, როგორც გვაშინებენ. ამგვარი შეზღუდვები უამრავ ქვეყანას აქვს და ჩვენ რა დავაშავეთ?! გასაგებია, რომ ამგვარ ამკრძალველობას თან უნდა დაერთოს ჩვენი ინერტული და უძრავი ერის ამოძრავება, სხვანაირად კარგი არაფერი გველოდება. აწ გარდაცვლილი მმართველი რეჟიმის იდეოლოგია ქართველების საკუთარ მიწაზე გაბეჯითებას უცხოელების მასობრივ ჩამოსახლებას ამჯობინებდა, ბურები იქნებოდნენ ეს, სიქჰები თუ ჩინელები. გამომდინარე თითოეული ჩვენგანის მსოფლხედვიდან, ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ეს ჩავთვალოთ ან ღვთის ნიშნად, ან საბაზრო ტენდენციად. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დროა შევიგნოთ, რომ მხოლოდ ამკრძალველობა, კარებისა და ფანჯრების ჩაკეტვა და თითოეული ჩვენგანის პირში სიგარეტგარჭობილი ვაკეში გდება სიმყრალისა და კიბოს მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ორგანიზმს.

ამავდროულად, უნდა გამკაცრდეს მოქალაქეობის გაცემის უთავბოლო პრაქტიკა. გაადვილებული წესით მოქალაქეობა უნდა ეძლეოდეთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, ან აქაური წინაპარი ჰყავდათ, ასევე დამოუკიდებლად მათი ეროვნული წარმომავლობისაგან.

სასწრაფოდ უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებთან, სადაც ჩვენები ბევრს არ დადიან, ხოლო იქიდან კი ხალხი გვაწყდება, როგორიცაა უპირველესად ჩინეთი და ინდოეთი, აფრიკის კონტინენტის ქვეყნები და სხვა.

ამავე დროს უცხოელ ინვესტორებს უნდა მივცეთ უკეთესი საშუალებები საქართველოში ფულის ჩადებისა და ხალხის დასაქმებისა, ვიდრე მათ ეს ჰქონდათ აქამდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოთ უცხოეთში მყოფ ქართველებს და საქართველოს ყოფილ მკვიდრთ, რადგან ისინი იქნებიან ჩვენი უცხოური ინვესტიციების მთავარი წყაროც, ყველაზე მცოდნე და მოთმინებიანი ინვესტორებიც და ყველაზე გულისხმიერი დამსაქმებლებიც. ეს ტენდენცია შეინიშნებოდა ე. წ. "ვარდების რევოლუციის" აფერის შემდეგ, მაგრამ ის დიდი ცინიზმითა და სისასტიკით ჩაახშო მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამნაშავე გუნდმა. ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ დაცული, კომფორტული პირობები (და რაც მთავარია, პრეცედენტული პრაქტიკა) ყველა სახის ბიზნესში ინვესტირებისათვის, სასოფლო-სამეურნეო მიწისა და საცხოვრებელი უძრავი ქონების მფლობელობის გარდა. ბიზნესის წარმოების პირობები უნდა იყოს სიმეტრიული საქართველოს მოქალაქეებისათვისაც და უცხოელებისათვისაც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ნებისმიერი მიმართულებით.

სრულიად საქართველოში, ყოველგვარი გეოგრაფიული გამონაკლისების გარეშე, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშების ბიზნესი, სამორინეები, ონლაინ-კაზინოები და სპორტული ტოტალიზატორები. გასაგებია, რომ მათ, ვინც ამ მანკიერებით განსაკუთრებით დაავადებულია, მაინც დარჩებათ საშუალება გლობალური ონლაინ-გემბლინგისა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ დაავადების შემცირებას ქვეყანაში. და თუ შევატყვეთ, რომ ეს ზომაც არ არის საკმარისი, მაგ გლობალურ ონლაინ-გემბლინგსაც მოვუფიქროთ რამე ჩვენი მოქალაქეების შემთხვევაში. მაგალითად, დავადოთ ინტერნეტ-ვაჭრობის გადასახადები, ან სულაც ავუკრძალოთ კანონით, თუ ამის ტექნიკურ შესაძლებლობას მოვნახავთ.

სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს საიმპორტო საბაჟო პოლიტიკა. უნდა დამთავრდეს ცალ კარში თამაში, სადაც ადგილობრივ მწარმოებელს არაფერში ვუწყობთ ხელს. როგორც მინიმუმ, როგორც გვექცევიან ჩვენთან მოვაჭრე მეზობელი ქვეყნები, ისე მოვექცეთ ჩვენც მათ. არის თურქეთში ქართული პამიდვრის შეტანაზე 300%-იანი ბაჟი? მაშინ ჩვენთან თურქული პამიდვრის შემოტანაზე ბაჟი 0% კი არ უნდა იყოს, არამედ მინიმუმ იგივე 300%. რა თქმა უნდა, არის კატეგორიები, სადაც ჩვენ რაღაცას მაინც არ ვაწარმოებთ და რატომ გავუძვიროთ ჩვენსავე მოსახლეობას ეს პროდუქცია? ასეთ შემთხვევებში დიფერენცირებული მიდგომა გვმართებს, ოღონდ არა იმ ჩუკენური ვაილიბერალიზმით, ბოლომდე ვერ ამოკითხულით წიგნებში და არა აქტუალურით ჩვენს რეალიებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში. და როგორც კი ვინმე საქართველოში იმ რაღაცის წარმოებას მაინც დააპირებს, მას მთავრობამ და პარლამენტმა მყისიერად უნდა შეაგებონ შესატყვისი საბაჟო პროტექცია სიმეტრიული ყველა ქვეყნის მწარმოებლებთან მიმართებაში.

მკაცრი და პროფესიონალური კონტროლის სფერო უნდა გახდეს საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა საკვებ-პროდუქციის მოყვანა, წარმოება და იმპორტი. კანონით უნდა აიკრძალოს გენეტიკურად მოდიფიცირებული, არაორგანული პროდუქციის წარმოება-მოყვანაცა და იმპორტიც საქართველოში. კარგად, ჩვენი მეცნიერების თაოსნობით, უნდა განისაზღვრს, თუ რას ნიშნავს ტერმინები "ორგანული" და "გენმოდიფიცირებული," რათა რამე ჭირი არ გაგვეპაროს ცბიერი მეწარმეებისა და მათი ლობისტი მატყუარა მეცნიერების მხრიდან. ამ მხრივ საქართველო უნდა გახდეს სამაგალითო ქვეყანა მსოფლიოში. უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჯერ კიდევ ჩვენში შემორჩენილი ხილის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, მწვანილის და ხორცის ბუნებრიობა, კეთილსურნელება და გემოვანება, რომელიც რამდენი ხანია სანატრელი გახდომია დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ყველაფერში, რაც შეეხება სასმელი წყლისა და საკვები პროდუქციის, მეღვინეობისა და კვების მრეწველობის დარგებს, საქართველომ უნდა მოახდინოს მაქსიმალური განდევნა იმპორტისა, მისი ჩანაცვლება საკუთარი, ჯანმრთელი საკვებით და შეძლებისდაგვარად გახდეს მისი ექსპორტიორი მთელს მსოფლიოში. ამას სჭირდება ჩვენი ეროვნული ენერგია და მისი გამონახვისა და განხორციელების შემთხვევაში ჩვენც გადავრჩებით და ჩვენი ქვეყანაც. გამარტივებულად ამ აზრის ასე ჩამოყალიბებაც შეიძლება: საქართველოს მოსახლეობის მიერ საკუთარი თავის ხარისხიანი, ბუნებრივი საკვებით გამოკვება უდრის მის ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებასა და გადარჩენას.

მეოცე საუკუნეში ჩვენ გავხდით მიწისა და სოფლის მიმტოვებელი საზოგადოება. უმეტესი ჩვენგანის ოჯახის წევრები სოფლიდან "დროებით" წამოვიდნენ ქალაქში. საქართველო იქცა დაცარიელებულ გზებთან მოწყენით მჯდომარე მილიონობით ბებია-ბაბუის ქვეყნად, რომელშიც ქალაქში წასული შვილები განათლების მიღებასა და სოფლის დახმარებას აპირებდნენ. მერე რაც მოხდა, ვიცით. ბევრი მათგანი ქალაქში უსაქმოდ შერცხვა და გაფუჭდა, ბევრი მერე უცხოეთში გადაიხვეწა და იქ გადაჯიშებას მიეცა, ხოლო მათი ბებია-ბაბუები დარდითა და სიმარტოვით გარდაიცვალნენ. XXI საუკუნე უნდა გახდეს გადატვირთული ქართული ქალაქების განახლებისა და ნაწილობრივი დაცლის საუკუნე, ემიგრანტებისა და მათი შვილების საქართველოში დაბრუნების საუკუნე, იმ მიტოვებულ მიწასთან, სოფლებსა და საფლავებთან ჩვენი დაბრუნების საუკუნე. ეს უნდა გაკეთდეს ჭკვიანურად და თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, ყოჩაღად და უნაყოფო ფანატიზმის გარეშე. ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის ჭუჭყი და ოჯახის ნგრევა, რომელიც ქართველმა ქალაქში აიკიდა, მანვე ჩამოირეცხოს სოფელში და ამით გაჯანსაღდეს. აწი ბევრმა ქალაქელმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, "რისთვის ვარ მე ქალაქში?" და გასაგები პასუხის ვერგაცემის შემთხვევაში უნდა მიაშუროს სოფელს, ან თავისი წინაპრებისას, ან ნებისმიერს, რომელიც მოუნდება.

ქალაქში უნდა გაიზარდოს ხელოსნობის კულტურა. უამრავ ქალაქელს ურჩევნია სახლში უჭმელი და დეპრესიული იჯდეს, ვიდრე მშენებლობაზე მაინც იმუშაოს. ფსიქოლოგებისა და ეკლესიის მიერ უნდა მოიძებნოს ამ ჩვენი შემოდგომის აზნაურისეული ავადმყოფური სოციალური ამბიციისა და ამპარტავნების დასაძლევი წამლები და გასაღებები. უნდა მოხდეს მათი რეალიზაცია. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ამ სიმახინჯეში გაჩხერილი ერი, რომელსაც რცხვენია თბილისში რესტორანში მიმტანად მუშაობა, მაგრამ ამერიკაში დამლაგებლობასაც არ თაკილობს. როგორ დაიმსხვრეს და დაიძლიოს ეს სტერეოტიპები, რა ჭკუითა და პროპაგანდით, ამაზე პროფესიონალებმა უნდა იზრუნონ. უნდა შეიქმნას ქალაქელ ხელოსანთა ამქრები, უნდა ხდებოდეს მათი წევრების ოსტატობის ხარისხის დადგენა და მინიჭება. ეს ბიზნესიც არის და კულტურაც, სერიოზული საქმეცა და სახალისო ღონისძიებაც. გამოსულ ქალაქელებს უნდა ეამაყებოდეთ ამ ყარაჩოღელობაში თავიანთი შვილების მიცემა. ბავშვმა შეიძლება მერე ჰარვარდშიც ისწავლოს, მაგრამ ის ფეხზე უფრო მყარად იდგება, თუ დურგლობა ან მკერავობაც ეცოდინება. ასე აზროვნებენ და ცხოვრობენ შრომისმოყვარე ებრაელები და სომხები, ვისწავლოთ თუნდაც მათგან ჩვენი დავიწყებული თვისებების აღდგენა, ნუ გვრცხვენია.

რამდენიმე წლის წინ გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნდა ამ სტატიის ავტორის სხვა წერილი, "ქვეყნის მთავარი პრობლემა," რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა ნარკომანიასა და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის ხერხებს (აქ და მანამდეც გამოყენებული და ზემოთ ავადხსენებული საკუთარი თავის მესამე პირში მოხსენიება პუბლიცისტური ჟანრის სტილისტური წესია, რომელიც სრულიად მიუღებელია პირდაპირი საუბრისას გამოსაყენებლად.) ავტორისათვის გასაკვირად, ნაწილი რეკომენდაციებისა, თუმცა ზოგჯერ სახეცვლილი ფორმით, გათვალისწინებულ იქნა, ან დაემთხვა მთავრობის მიერ შემდგომში გატარებულ ზომებს. ამ ზომებმა მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა ქვეყანაში სიტუაცია ნარკომანიასთან მიმართებაში. იმ წერილში იყო წარმოდგენილი წინადადება, ე.წ. "მშრალი გადაგდების" კანონის ძალით დაძალების თაობაზე, რომელიც სპეციალიზებული კლინიკების მშენებლობას გულისხმობდა და რომელიც მთავრობამ ციხეების პირობებში ამჯობინა. ამ პრაქტიკის გაცივილურება და მისთვის მეტი საჯაროობის მინიჭება დღემდე გადაუდებელ საქმედ რჩება ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში.

ჩვენი მამაკაცების რეკორდული ნარკომანიზაციის, გალოთების, მოთამაშეობისა და მასობრივი უვარგისობის ძირეული მიზეზი არის მცირეშვილიანობა, რომელშიც ისინი იზრდებიან. ევროპაში ერთ და ორშვილიანი ოჯახების მშობლები მუშაობენ და ამ შვილებს თავიანთ ჭარბ მშობლიურ, უფრო ხშირად დედობრივ, ენერგიას არ ახარჯავენ მათდა საზიანოდ. ჩვენთან კი ევროპულად ვაჩენთ და მერე უმუშევარი დედა თავის ჭარბ ქალურ ჰორმონულ ენერგიას, რომელიც ბევრად მეტ შვილზე უნდა გადანაწილებულიყო, ახმარს ერთ ან ორ შვილს. ეს განსაკუთრებით ბიჭებში იწვევს მათ სრულ ინფანტილიზაციას და უვარგისობას. ასეთი ფსიქოლოგიურად ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილებით არის სავსე ჩვენი ქვეყანა. აღვწეროთ თითოეული ჩვენგანისათვის ნაცნობი სურათი: ოცდახუთს გადაცილებული ბიჭი, ზოგჯერ ცოლიანად, ცხოვრობს დედასა და მამასთან ერთად ქალაქში, არის წიკვინა, ვითომ ვაჟკაცი და სინამდვილეში ქალაჩუნა ფსიქოპათი, სულ ეჩხუბება დედამისს, "კარგი რა, დედა, დამანებე თავი", მაგრამ არაფერი შეუძლია მის გარეშე, არ გააჩნია ოჯახის შექმნის კაცობა და ამიტომ უმიზეზოდ შორდება ცოლს, იწყებს ნარკომანობას, ლოთდება, აგებს სახლს კარტში, ლერწამივით ტყდება პირველივე ცხოვრებისეული წინააღმდეგობისას. ამასობაში გაუბედურებული დედა სადღაც მუშაობს, რომ ეს თავისი ქმარი და ოყლაყი შვილი გამოკვებოს, ლანძღავს, ეჩხუბება და თან დაფოფინებს ამ თავის ვაჟს, ურეცხავს საცვლებს, ყიდის საგვარეულო ბეჭედს, რათა დაიცვას იგი ნარკომანობის ან ვინმეს დაჭრის გამო ციხეში მოხვედრისაგან, უწყობს საქმეს, არიდებს მას ციხეს და მერე კაიფში გაპარული, ან ჩხუბში მოკლული ამ თავისი შვილის პანაშვიდზე მოთქვამს და უცქერს ცხედართან თანაგრძნობით მდგომარე მის კრეტინ მეგობრებს, რომლებსაც, სხვადასხვა ვარიაციით, იგივე ბედი ელით მალე. ამ სტანდარტული სცენარის წრეზე მოძრაობს სულ უფრო მეტი, უკვე მილიონობით, ადამიანი თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბოლო ნახევარი საუკუნეა. ყველაფერი ეს კი დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენ მასობრივად და უფუნქციოდ ჩამოვეყარეთ ქალაქებში, ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოში ნარკოტიკების უფასოდ მოხმარება შემოიღო ნარკომანებისათვის, მათი "მკურნალობის" მიზნით და მას შემდეგ, რაც ქართველებმა მშობლების თაობის სისხლით ნაყიდი სტაბილურობა და სიმდიდრე საკუთარი თავის დასანგრევად გამოვიყენეთ.

ამ წრის გატეხა შეიძლება მხოლოდ მრავალშვილიანობითა და ნაწილობრივი დეურბანიზაციით. ჩვენი ბაბუა-ბებიების ოჯახებს, რომლებსაც ჩვენზე ბევრად მეტი მატერიალური გაჭირვება ჰქონდათ, საშუალოდ 5-10 და-ძმა ჰყავდათ. ის ხალხი იყო ფსიქიკურად ბევრად ჯანმრთელი და ძლიერი, ვიდრე ჩვენ. მათ ააშენეს თანამედროვე საქართველო საბჭოთა პერიოდში და ჩვენ ვანგრევთ მას ბოლო ნახევარი საუკუნეა. ეს ტენდენცია უნდა შეტრიალდეს ახლა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. ეშმაკის ძალიან დიდი ტყუილია, რომ ადამიანმა ჯერ ფული უნდა იშოვოს და მერე უნდა მისცეს თავს უფლება ცოლ-შვილის ყოლისა. ამ ტყუილის ანატომიას მატერიალისტ-ათეისტებს ვერ ავუხსნით. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იშრომოსა და ისწავლოს ოჯახის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ბეჯითი და მშრომელი ადამიანის მიერ ცოლ-შვილის ყოლა მას უფრო ამწიფებს და უფრო ვარგისსა და წარმატებულს ხდის საქმისათვის. ასეთ ადამიანს ყოველთვის მეტი ეძლევა ოჯახის ყოლის შემთხვევაში, ვიდრე მაშინ, როდესაც ის მარტოა. ამიტომ სინამდვილეში პირიქითაა: თუ ადამიანი გამრჯეა, ჯერ მან ოჯახი უნდა შექმნას და მერე მიეცემა ბევრად მეტი კარიერული და მატერიალური წინსვლა, ვიდრე მას მიეცემოდა მარტოხელა ცხოვრების, გროვებისა და სეირნობის შემთხვევაში.

სანამ ამ სიმახინჯეებს არ გამოვასწორებთ, აფხაზებსა და ოსებს ბევრით ვერაფრით დავაინტერესებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე არ უნდა ვისწრაფოდეთ მათთან შერიგებისაკენ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შერიგება მოხდება, თუ თავს გადავირჩენთ და მათაც, მსგავსი საფრთხეების წინაშე მდგომარეთ, გადარჩენისა და დახმარების რეალურ შანსს შევუქმნით. მანამდე სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ სპეციალური სუბსიდიებისა და მასტიმულირებელი ზომების კომპლექსური პაკეტი. აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან პასპორტში შტამპის გამო ციხეში მოხვედრისა კი არ უნდა ეშინოდეთ, არამედ დანარჩენ საქართველოში ჩამოსვლა უნდა უყვარდეთ და უნდოდეთ. აფხაზებმა და ოსებმა უნდა მიიღონ ისეთივე სამედიცინო დაზღვევა, როგორიც დანარჩენმა ჩვენმა მოქალაქეებმა. უბედური შემთხვევებისა და ჩვილთა მკურნალობა უნდა იყოს მათთვის უფასო. მათ რეგიონებთან მოსაზღვრე გორსა და ზუგდიდში უნდა აშენდეს საუკეთესო სამედიცინო კლინიკები საქართველოში. მათვე უნდა მიეცეთ, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა. მათ უნდა შეეძლოთ თბილისში თავიანთი ქართული პასპორტებით უცხოურ საელჩოებში ვიზების აღება, რაც მათ მნიშვნელოვანწილად გაუადვილებთ ცხოვრებას. მათთვის უნდა შეიქმნას სპეციალური საგანმანათლებლო პრეფერენციები, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების დონეზე. აფხაზებისა და სამაჩაბლოელი ოსების შვილებს უნდა შეეძლოთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უფასო, ხარისხიანი განათლების მიღება და კარგ პირობებში ცხოვრება, საერთო საცხოვრებლები იქნება ეს თუ მათი მასპინძლობის მსურველი ქართული ოჯახები. ეს პრეფერენციები იდენტური უნდა იყოს ჩვენი ლტოლვილებისათვისაც და არ უნდა ეხებოდეთ იმ პირებს, რომლებიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ჩამოსახლდნენ ეთნიკური კონფლიქტების მერე. ქართული სახელმწიფო უნდა გახდეს ლტოლვილებზე, აფხაზებსა და სამაჩაბლოელ ოსებზე მეტად მზრუნველი, ვიდრე დანარჩენ თავის მოქალაქეებზე. უცხოეთში გაჭირვებაში აღმოჩენილ აფხაზსაც და სამაჩაბლოელ ოსსაც თავისუფლად უნდა შეეძლოთ დახმარებისათვის მიმართონ ქართულ საელჩოებსა და საკონსულოებს.

უნდა შემუშავდეს სპეციალური სამთავრობო პროგრამა მთის დაცლის შესაჩერებლად და მთაში ხალხის ჩასასახლებლად. ყველა ის მასტიმულირებელი პაკეტი და ზომა, რომელთა მაგალითებიც ზემოთ მოვიყვანეთ ქალაქიდან სოფელში გადასახლების მსურველი მოქალაქეებისათვის, უფრო მომგებიანი და უხვი უნდა იყოს მთიანი რეგიონებისათვის, ვიდრე ბარისათვის. დამატებით უნდა შემუშავდეს მთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის კომპლექსური დახმარების სტრატეგია. დენისა და გაზის საკმარისი მოცულობის ლიმიტები საქართველოს მაღალმთიანი სოფლებისა და დაბებისათვის უნდა იყოს უფასო. უნდა დამუშავდეს და განხორციელდეს სამთო რეგიონებისათვის შესაძლებელი მრეწველობის საწარმოების შექმნა კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფოს პარტნიორობით. ამ სფეროებში ფულის ჩამდებ კერძო ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ ყველაზე დამნდობი შეღავათები, როგორიცაა ყველანაირი გადასახადისაგან სრული და მუდმივი გათავისუფლება და საწარმოსათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ადგილამდე უფასოდ მიყვანა სახელმწიფოს მიერ.

განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერის ღირსია მისი უწმინდესობის იდეა სასაზღვრო მთიან რეგიონებში პატიმართა საცხოვრებელი ზონების შექმნისა. აქვე ვთქვათ, რომ აწ გარდაცვლილი პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და უბედურება იყო მისი უწმინდესობის, როგორც ჩვენი თანამედროვეობის მსოფლიო მასშტაბის უდიდესი მოაზროვნისა და სულიერი ლიდერის უგულებელყოფა, ფასადური პატივისცემა და მასთან ქვეშ-ქვეშა გააფთრებული ბრძოლა. ამას ათეისტები ვერ გაიგებენ, მაგრამ ეს ბრძოლა, საბოლოო ჯამში, გახდა რეჟიმის ტოტალური კრახისა და დასამარების უმთავრესი მეტაფიზიკური მიზეზი, ისევე, როგორც უპირველესად მისი უწმინდესობის მიუწვდომელმა სიბრძნემ და გულმხურვალე, წმინდა ლოცვამ განაპირობა ის, რომ პირველი ოქტომბრის მერე თბილისს ბოლი არ ასდიოდა და ქუჩებში ავტომატის ხმა არ ისმოდა.

დავუბრუნდეთ უწმინდესის იდეას და მოვახდინოთ მისი ჩვენებური განვრცობა. მსუბუქი დანაშაულისა და მოზარდი ასაკის პატიმრებისათვის უნდა შეიქმნას მიმაგრების ზონები იმ მთიან სასაზღვრო რეგიონებში, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ მოსახლეობა, როგორიცაა ფშავი, პირიქითა ხევსურეთი და მთა-თუშეთი. თაღლითობის, ქურდობის, ნარკომოხმარებისა და ნარკოვაჭრობის და სხვა ამგვარი დანაშაულის ჩამდენთ უნდა შეეძლოთ იქ ცხოვრება მათი ოჯახის წევრებთან ერთად. მათი იქ ყოფნის გაკონტროლება ადვილი იქნება ყოველდღიური პრობაციის მეშვეობით. მათი განსახლება შესაძლებელი იქნება დაცლილ ნასოფლარებში, რომელთაც აღდგენა დასჭირდებათ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ბევრად ეფექტური იქნება სახელმწიფოსათვის, ვიდრე პატიმართა კაპიტალურ შენობებში ყოლა, კვება და მერე მათი საზოგადოებაში დროებით დაბრუნება ყოველგვარი რესოციალიზაციის პირობების გარეშე. გადასახლების ეს პრაქტიკა არახალია მსოფლიოსათვის და მისი განხორციელება ჩვენი ბუნებრივი რელიეფისა და დემოგრაფიული საჭიროებების პირობებში რეალურიცაა და სასარგებლოც. რაც მთავარია, თავად პატიმარი, თუ მან არ იყაჩაღა, კაცი არ მოკლა, ან არ დაჭრა, გაშვებული მთაში, თავს ადამიანად იგრძნობს. იგი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის გზას უფრო ადვილად დაადგება, მით უმეტეს, თუ სადმე ფშავში პატიმრობისას მას ძროხის მოვლაც დაევალება და ყველის კეთებაც და თუ მას იმ ადგილზე მიმაგრებული სასულიერო პირიც ედგება გვერდში და ჭირში არმიმტოვებელი ოჯახის წევრიც.

საქართველოს კულტურის სამინისტროში უნდა შეიქმნას ძლიერი და პროფესიონალური დეპარტამენტი ქართული კულტურის ექსპორტისა და პროპაგანდისა. მისი მიზანი უნდა იყოს ჩვენი კულტურის სიღრმისეული გაცნობა უცხოეთისათვის. იგი, თავის მხრივ, დაყოფილი უნდა იყოს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ჩინურ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ბერძნულ და ებრაულ განყოფილებებად და უნდა ახდენდეს შესაბამისი ქვეყნების სამეცნიერო და აკადემიურ დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებთან რეგულარულ და ინტენსიურ მუშაობას, როგორც ჩვენთვის საინტერესო მასალების მოძიების, ასევე მიწოდების მხრივ, უნდა ატარებდეს სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს ქართველოლოგიაზე, როგორც იმ ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამავე დეპარტამენტმა აიღოს კურატორობა მსოფლიოში ქართველოლოგიის დარგის განვითარებაზე. პატრიარქის წინადადებისამებრ, თბილისში უნდა შეიქმნას მსოფლიოს ქართველოლოგიის ცენტრი, სადაც უცხოელ ქართველოლოგებს ექნებათ საშუალება ცხოვრებისა და მუშაობისა. ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვისაც და მსოფლიოს კულტურული გამდიდრებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ უკეთ გაიცნოს და ჩასწვდეს ჩვენს უნიკალურ კულტურას, მისი ენისა და მსოფლმხედველობის სიღრმეებს. ჩვენც არ გვაწყენს ჩვენივე კულტურის უკეთ გაცნობა ამ პროცესში.

ქართულ მუზეუმებში გამოფენილი ექსპონატების პროპორცია ჩვენივე მუზეუმების საცავებში დაცულ და ზოგჯერ ჩახერგილ სიმდიდრეებთან შედარებით კრიტიკას ვერ უძლებს. თბილისში უნდა გაშენდეს თანამედროვე ქალაქი-მუზეუმი, ფართო პავილიონებითა და თანამედროვე აღჭურვილობით. დასაწყისისათვის მას უნდა დაეთმოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რაიხსტაგისებური გუმბათი უნდა გადატანილ იქნეს სადმე მთაწმინდაზე საობსერვატორიოდ. დანარჩენი მუზეუმი უნდა განვითარდეს ელიას მთაზევე რეზიდენციისა და სამების მიმართულებით და შესაძლოა სამების უკანაც. ეს ქალაქი-მუზეუმი უნდა გახდეს მსოფლიოს მეცნიერთა და კულტურულოგიური ტურიზმის მოყვარულთა პილიგრიმაჟის საყვარელი ადგილი. მისი სიმდიდრეები გამოფენილი უნდა იქნას ულტრათანამედროვე პირობებში და მათი შესწავლის ყველა საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართველებსაც და უცხოელებსაც. მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში რეგულარული სიარულისა და პროექტების მზადების კურსი ცალკე საგნად უნდა იქნას შემუშავებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საშუალო სკოლების უფროსკლასელებისათვის. ფინანსური თვალსაზრისითაც ქალაქი-მუზეუმის წყალობით შემოსული ტურისტული შემოსავლები რამდენიმე წელიწადში დაუფარავენ სახელმწიფოსა და ინვესტორებს მისი აგების ხარჯებს.

ცალკე სტრატეგიული აზროვნება და დაგეგმარება სჭირდება საქართველოს საკუთარ ემიგრაციასთან ურთიერთობისა და თავდაცვის არქიტექტურის სფეროებში. ეს თემები ერთად არის ნახსენები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაწილობრივ ერთმანეთთან კავშირშია, არამედ იმიტომაც, რომ ამ ორივე სფეროში ჩვენთვის ისრაელის სახელმწიფოზე უკეთესი მრჩეველი არ უნდა არსებობდეს. ბუნებრივია, ჩვენი ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვისწავლოთ ებრაელებისაგან ამ სფეროებში, მათი კოლოსალური გამოცდილებისა და წარმატებიდან გამომდინარე. ამ მიზნით პროდუქტიული იქნება, თუ გაფართოვდება საქართველოსა და ისრაელს შორის პარტნიორობა ამ სფეროებში, შეიქმნება მუდმივი კომისიები თავდაცვასა და ემიგრაციასთან ურთიერთობების საკითხებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემენ ამ უნიკალური სახელმწიფოს გამოცდილების შესწავლისა.

უნდა შემუშავდეს ემიგრანტების შვილების არდადეგებზე საქართველოში ოჯახებში სტუმრობისა და მათ მიერ საქართველოდან ბავშვების მასპინძლობის პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ნათესაური ხასიათისა იქნება. ამ მიზნით უნდა შეიქმნას სპეციალური სააგენტო.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამინისტრო, რომელსაც დაერქმევა ემიგრანტების სამინისტრო. მას უნდა გააჩნდეს ლაზეთის, ტაო-კლარჯეთის, საინგილოს, ლორეს, სოჭის რეგიონის, ფერეიდნისა და მაზანდარის, რუსეთისა და დსთ-ს, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის, ისრაელის დეპარტამენტები. თითოეულ დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10-წლიანი სტრატეგია, ბიუჯეტი და პროგრამა. სამუშაო უნდა იყოფოდეს ორად: იქ მყოფი ქართველებისა და საქართველოს მკვიდრთათვის მხარდაჭერა და მათთვისვე საქართველოში დაბრუნების ან საქმიანობის დაწყების პირობების შექმნა.

ჯართან მიმართებაში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ქვეყნის ელიტას რცხვენოდეს შვილის ჯარში არგაშვება. ისრაელის მსგავსად, ყველანი უნდა ვაგზავნიდეთ შვილებს ჯარში. მაგრამ ამისათვის ჯარში უნდა იყოს შესაბამისი ღირსების დაცვისა და წვრთნის პირობები.

ჯარის სტრუქტურა, ჩვენი ქვეყნის ზომებიდან, კულტურიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ იქნება მასობრივი და შემტევი. მაგრამ ყველა დამპყრობელს, საქართველოში შედარებით ადვილი შემოჭრის შემთხვევაშიც კი, ჯოჯოხეთად უნდა ექცეოდეს აქ ყოფნა ჩვენი შეიარაღებული ძალების დანაყოფების მობილურობის, შენიღბულობისა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ბრძოლისუნარიანობის გამო. მტრის ავიაციის მხარდაჭერით ჩვენთან შემოჭრილ სატანკო და საქვეითო ურჩხულებს, რომლებთანაც ფრონტალურ შეჯახებაში ჩვენს ჯარს ყოველთვის გაუჭირდება, აქ შემოსვლის შემდეგ უნდა ეშინოდეთ საქართველოში დაღამებისა და გათენებისა, რომც კეტავდნენ ტრასებს და იკავებდნენ ქალაქებს თუ ერთ-ორ სამხედრო ბაზას. ამგვარი თავდაცვითი გამძლეობისა და უნარების მატარებელი პროფესიონალური ჯარის უჯრედოვანი სტრუქტურა, უცხოური აგრესიის შემთხვევაში, გაზრდის სამოქალაქო მსხვერპლს, მაგრამ შეუძლებელს გახდის საქართველოს ნაწილების ხანგრძლივ და უპრობლემო ოკუპაციას, როგორც ეს ხდება დღეს. ასეთ სტრატეგიას არა მხოლოდ ჯარის, არამედ მთელი ერის კონსენსუსი და თავდადება სჭირდება, რომელიც ვერ ექნება ფასეულობა არეულ, მხოლოდ ფულზე მეოცნებე და ეგოიზმში ჩამხრჩვალ საზოგადოებას. ამგვარი სტრუქტურის ჯარის ყოლა ერის ღირსების სხვა დონეზე აყვანას ნიშნავს. გავიხსენოთ "ქართლის ცხოვრებაში" ციტირებული 16 წლის ვახტანგ გორგასლის სიტყვები, როდესაც ის საქართველოს დაპყრობილი ნაწილების გასათავისუფლებლად ემზადება, ქართლში - ოსებისაგან და აფხაზეთში - მართლმადიდებელი ძმა ბერძნებისაგან: "სიკვდილი გვიჯობს ამგვარ სიცოცხლესო", - ამბობს წმინდა მეფე. ათას ექვსასი წლის შემდეგ, იმავე საჭადრაკო კონფიგურაციაში მოხვედრილ საქართველოს პრეზიდენტს მილანში შოპინგი ერჩივნა ამგვარ სიცოცხლეს, მას შემდეგ, რაც საქვეყნოდ შეირცხვინა თავი. ეს დაცემულ მდგომარეობაში მყოფი და ცრუ მიზნების მოსურნე ერის ლოგიკური სახეა. აქ პიროვნების, რაგინდ უღირსის, ბრალი ნაკლებია, ვიდრე თითოეული ჩვენგანისა და ეს აღარ უნდა დაუშვას აღარასოდეს ქართველმა ერმა.

აი, ეს არის ჩვენი მიზნები და არა სადმე შევარდნა-გამოვარდნა. რამდენადაც ამ მიზნების მიღწევას სადმე გაწევრება ემსახურება, იმდენად უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ რამდენადაც ამ მიზნებს რომელიმე გაერთიანებაში შესვლა ეწინააღმდეგება, იმდენად არ უნდა გავერთიანდეთ ასეთ გაერთიანებებში, რა საფრთხეებსაც არ უნდა გავურბოდეთ ამასობაში.

ზემოთ ხსენებული მიმართულებით საქართველოს განვითარება საწინდარი იქნება სამაგალითო სახელმწიფოს მშენებლობისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ზნეობრივი და ოჯახური ტრადიციების იმ კონგლომერატზე, რომელსაც პატივს სცემს და იზიარებს მრავალი ერი ჩვენ გარშემო. ამ მიმართულებით სვლა საშუალებას მოგვცემს აღვიდგინოთ ჩვენი ეროვნული ხასიათის ის თვისებები, რომელთაც ასე ნატრობს დიმიტრი უზნაძე. ამავე დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამეზობლო ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალი კი არ არის, არამედ რუსეთი თავისი დაღესტნითა და ჩეჩნეთით, ოსეთითა და ინგუშეთით, ყაბარდო-ბალყარეთითა და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთით, ადიღეითა და კრასნოდარ-სტავროპოლით, ასევე, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი. ვისაც ამის მიხვედრა არ სურს, გადასახლდეს, ბატონო, ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალში. ჩვენი ამოცანა არის არა ფეტიშური ტაკიმასხარაობა და ისეთი პაროდიული ევროპელობის მცდელობა, რომელზეც იქით ფრანგებს გაეცინებათ და აქეთ ჩეჩნებს, არამედ ქართველობა, რომელსაც, თუ სწორად აღვიდგენთ, ყველა პატივს სცემს. ამ ქართველობაში მოენახება ადგილი ნებისმიერ ტრადიციულ სარწმუნოებასა და ეროვნებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, თუკი ის, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ადამიანური საზოგადოების წესიერებისა და თანაცხოვრების საუკუნოვან ნორმებს. სახელმწიფო სტატუსი ჩვენს ქვეყანას იმიტომ დაუბრუნდა, რომ მან თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების მრავალსაუკუნოვან მსოფლხედველობასა და ტრადიციებზე დაყრდნობით თავს უშველოს და მერე საინტერესო გახდეს, მთელი მსოფლიოსათვის თუ არა, მისი რეგიონის ქვეყნებისათვის მაინც. და თუ ამას შევძლებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაც და რუსებთან შერიგებაც უფრო ბუნებრივად და ადვილად მოხდება. კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია არ წაიღოს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად დაგინებული აღიარება უკან, მაგრამ არც ხელი შეუშალოს ჩვენს მათთან შერიგებასა და რეინტეგრაციას. ეს ლოგიკურად სავსებით თავსებადი ცნებებია, მით უმეტეს სტატიის დასაწყისში ნახსენები ოსეთის სახელმწიფოებრიობის რუსეთისათვის უხერხულობის გამო. ამ ხაფანგის საშიშროებას რუსები ნელ-ნელა მიხვდებიან, თუ უკვე არ მიხვდნენ. და თუ არ მიხვდებიან, მაშინ დიდი გაჭირვება ელოდებათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს ეს. საქართველო მაინც აუცილებლად გამთლიანდება და ჩვენი სახელმწიფოსათვის ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ეს მოხდება არა რუსეთის ნგრევის, არამედ მისი კეთილგონიერების ფონზე. მით უმეტეს, რომ რუსეთის კულტურული და ზნეობრივი ფესვები, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენსავით აღმოსავლურ-ქრისტიანული წარმოშობისაა და მთელი რიგი ეთნიკური, კლიმატური თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად, რუსებსა და ქართველებს მსოფლმხედველობრივად საკმაოდ მჭიდროდ ანათესავებს. რამდენად რეალურია რუსეთის კეთილგონიერებისა და კეთილმეზობლობის როდისმე გამოვლინების იმედი, ამას დრო გვანახებს. მაგრამ ჩვენი წილი კეთილგონიერება და კეთილმეზობლობა ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალთან, სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან მიმართებაში. მაგრამ უაზროდ რუსების გინებას, ჯობია თავს მივხედოთ და რუსეთისგანაც და დასავლეთისგანაც საუკეთესო ავიღოთ და მიუღებელი გადავაგდოთ.

ყოველივე ამის განხორციელება ბრძენი სასულიერო და საერო ხელმძღვანელობის პირობებში შესაძლებელია. მეტად სასარგებლო იქნება, თუ ჩვენთან აღდგება კონსტიტუციური მონარქია. მისი უწმინდესობის მიერ დაყენებული ამ საკითხის მიმართაც ჩვენი ბოლშევიკ-ლიბერალების დამოკიდებულება გულისამრევია. ჩვენმა პრეზიდენტმა ამაზე გამოაცხადა, რომ მას თურმე ბებია ყოლია ბაგრატიონი და ჩვენმა მმართველმა რეჟიმმა სრული იგნორირება გაუკეთა (უარესი რომ არა ვთქვათ) იმ ისტორიულ მოვლენას, რომელსაც 500 წლის შემდგომ ბაგრატიონთა უპირატესი კახური და უმცროსი ქართლური შტოების კვლავ გაერთიანება ერქვა, ბატონიშვილი ანასა და ბატონიშვილი დავითის ქორწინებაში. 41 უძლიერესი სახელმწიფო, მათ შორის დასავლური დემოკრატიებიც, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, დანიის, ესპანეთის, ბელგიის და სხვათა ჩათვლით არის მონარქიები და ჩვენს პროვინციალ ბოლშევიკ-ლიბერალებს რცხვენიათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნით და ინტელექტუალურად არც კი ესმით მნიშვნელობა საქართველოში ევროპის უძველესი დინასტიის ტახტის აღდგენისა. დინასტიისა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მართა საკუთარი ქვეყანა და რომლის გაუქმებაზეც ქართველ ერს არასოდეს მიუცია თანხმობა სხვათაგან განსხვავებით, რუსები იქნებიან ეს თუ ფრანგები. დინასტიისა, რომლის მეფენიც ყველაზე დიდი რიცხვით არიან კანონიზებულნი წმინდანებად და რომლის შთამომავლებსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი გოლდა მაიერი 1970-იან წლებში შეხვდა ესპანეთში და შესთავაზა ისრაელის ახალშექმნილი სახელმწიფოს მეფობა იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი იუდაიზმს მიიღებდა. გოლდა მაიერმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ებრაელებს ჩვენზე უკეთ ესმით, რომ ადამიანთა საზოგადოების დემოკრატიულად მართვის ერთადერთი ბოლომდე სწორი ფორმა მონარქია არის და იმიტომ, რომ ბაგრატოვანთა შტო ერთადერთ ცოცხლად შემორჩენილ პირდაპირ შთამომავლობად ითვლება მეფე დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველისა. ამ მასშტაბის იდეას დასცინიან ჩვენი ლიბერასტები, მაგრამ თუ პრინც უილიამ უინძორი ქეით მიდლტონზე დაქორწინდება, მაშინ ისინივე ამოგვიღებენ ტვინს თავიანთ ტელეარხებზე ქორწილის სამდღიანი ტრანსლაციითა და ვის რა კაბა ეცვა, ვინ რას ჭამდა და მსგავსი ამბების აღტაცებული განხილვით. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი ბოლშევიკ-ლიბერალების უბადრუკი პროვინციალიზმისა, საკუთარი კულტურისა და ისტორიის არცოდნისა და მისი უპატივცემულობისა. ამრიგად, თუ საქართველოში მიმდინარე სულიერი, პოლიტიკური და სოციალური პროცესები საფუძველს ჩაუყრის ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, ეს არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ დიდად დაეხმარება საქართველოში ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის ორგანული დემოკრატიის ფორმის განმტკიცებას. იგი გახდება ბოლო აკორდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუტების აღდგენის საქმეში, ავტოკეფალიასა და სახელმწიფოებრიობასთან ერთად. მონარქიისვე აღდგენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩვენთან აფხაზებისა და ოსების სამუდამო შემორიგების პროცესში, რამეთუ ამ ქართული ინსტიტუტის ლეგიტიმურობა მათზე ისეთივე აღიარებული და დამტკიცებულია ისტორიკოსების მიერ, როგორც ჩვენი ეკლესიის ეპარქიალური უფლებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

ბოლოს ვთქვათ, რომ საქართველო ვერც და არც უნდა გაემიჯნოს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს. მაგრამ მას აქვს სრული უფლებაცა და მოვალეობაც განსაჯოს, თუ რა ერგება და რა არ ერგება მის ტრადიციებსა და კულტურას ამ პროცესებიდან, განახორციელოს, თუ გნებავთ, სელექციური ვესტერნიზაციის პოლიტიკა.

მსოფლიოში მცხოვრებმა ხუთივე ათასმა ერმა რომ ხვალ სახელმწიფოებრიობა მოინდომოს, მსოფლიო ერთ დღეში ჩაიხრჩობა სეპარატიზმის სისხლის მორევში. მაგრამ ჩვენ, როგორც ერთ-ერთ უძველეს და უნიკალური კულტურის ერს, დაგვიბრუნდა რა ეს სახელმწიფოებრიობა, აწი გვეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ჩვენი თანამოქალაქეების გადარჩენისა და ისეთი სახელმწიფოს განვითარებისა, რომელიც ორგანული იქნება ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ხალხებისათვის და ამით საინტერესო გახდება სხვა ქვეყნებისათვისაც. მსოფლიოში ინგრევა ზნეობა, წესიერება და ოჯახი და ეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენთანაც და ამის მაგალითი უნდა მივცეთ დანარჩენ მსოფლიოსაც. ეკონომიკური წინსვლა არ არის ადამიანის თვითმიზანი. ადამიანურობის, ოჯახისა და ზნეობის შენარჩუნება არის ადამიანისა და ნებისმიერი ჯანმრთელი საზოგადოების თვითმიზანი.

ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამასა და პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს, რომელიც ჩვენი ბოლო დიდი მეფის, ერეკლე II-ის დროს მოღვაწეობდა, ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "ყველა იმ განკარგულებათა და წეს-ჩვეულებათაგან, რომელნიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას, რელიგია და ზნეობრიობა გახლავთ ყველაზე შეუცვლელი კომპონენტები". და რომც ვხედავდეთ, რომ ასეთი გენიალური მოაზროვნეებისა და მოღვაწეების დანატოვარს ივიწყებენ, ან აუკუღმართებენ საკუთარ სამშობლოში, ჩვენ არა გვაქვს უფლება ასეთი გულმავიწყობისა. რამეთუ ჩვენი ერისათვის არც ეს დასავლური იმპერია არის პირველი, ვინც ჩვენთან შემოსულა და არც ეს რუსული იმპერია იქნება ბოლო, ვინც აქედან მიდის. ჩვენი ამოცანა ამ ეპოქათა ცვლაში, როგორც ყოველთვის, არის ქართველობის აღდგენა და შენარჩუნება, უამისოდ ჩვენ ვერც ჩვენს თავს ვარგებთ რასმე და ვერც მსოფლიოსათვის ვიქნებით რამეთი ფასეულნი. ამისათვის ვართ ჩვენ ერიცა და ამისათვის მოგვეცა ჩვენ კვლავ სახელმწიფოც.

ლევან ვასაძე

5 მარტი 2013

რედაქციის შენიშვნა: სტატიის ავტორის თხოვნით, რადგან ქართულ პრესაში მის შესახებ წლების მანძილზე მრავალი არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაცია დაგროვდა და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თავად შეძლებისდაგვარად ერიდება საჯაროობას, სტატიის ბოლოს ვაქვეყნებთ მისი ბიოგრაფიის ზუსტ ვერსიას, შეთანხმებულს ავტორთან.

ლევან ვასაძე - დაიბადა თბილისში 1970 წელს, გაიზარდა მთაწმინდაზე

ოჯახი - ჰყავს მეუღლე და შვიდი შვილი.

განათლება - დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა (1987)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით, "წითელ დიპლომზე" (1992)

აშშ-ში ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რობერტო გოიზუეტას სახელობის ბიზნესსკოლა ბიზნესადმინისტრაციის მაგისტრის, MBA-ს ხარისხით (1995)

სხვადასხვა დროს სწავლობდა და გადიოდა ტრეინინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტში მინერალოგიასა, სტრუქტურულ გეოლოგიასა და ამერიკულ ლიტერატურაში (1990/1991), ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლასთან არსებულ უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში (Advanced Management Institute) (1993) და მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ლიტურგიკას, ძველი და ახალი აღთქმისა, მოციქულთა და პატერიკის შემსწავლელ კურსებზე (2006-2007).

რაგბი - თამაშობდა რაგბის მისი ნათლიის, ბათუ კევლიშვილის თბილისის ბავშვთა სარაგბო სკოლა "ტუნოში", იგივე "სპარტაკში", იგივე "ლელოში" 1983-1987, შემდეგ თბილისის "ლოკომოტივში" 1988-1992, იყო მიწვეული საქართველოს ნაკრების საზამთრო შეკრებაზე (1992,) პროფესიონალურ რაგბისთვის თავის დანებების შემდეგ თამაშობდა სამოყვარულო-ვეტერანულ გუნდებში მოსკოვში ( Moscow Dragon2002-2005,), ინგლისში, კენტის საგრაფოში (Sevenoaks RFC Acorns 2008-2009,) და თბილისში ("ბარბაროსები" 2011-დღემდე,). იყო მოთამაშე მწვრთნელი ნიუ-იორკის სენტ-ლოურენსის უნივერსიტეტის სარაგბო გუნდისა (1990/1991). არის დამფუძნებელი კიკეთში მდებარე სარაგბო კლუბისა "იუნკერები."

ქვეყნები და მუშაობა - 1990-1991 და 1993-1995 წლებში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1995-2007 წლებში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში რუსეთში, 2008-2009 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბიზნესის სფეროში ინგლისში, 2009 წლიდან ოჯახით კვლავ მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

პუბლიკაციები - არის ავტორი პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეებისა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" სხვადასხვა ნომერში: "ტექტონიკური შეჯახებისა და გამოფატრული მიზნების ეპოქა", "რას უნდა აშუქებდეს ქართული ტელევიზი", "ამისათვის ჩამოვსულვართ ჭალაში","ლევინისა და ვრონსკის კრებითი პერსონაჟის პარადიგმა" და მემუარისტული ჟანრის წიგნისა "დღიური ათონის მოლოცვისა".

თანამდებობები - სხვადასხვა დროს იყო წამყვანი რუსული და საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე, წევრი, გენერალური დირექტორი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. ამჟამად არის დამფუძნებელი და დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე კომპანიებისა Pet Retail Russia (ООО“Бетховен,”) Prometheus Capital Partners, Ltd.., შპს. "ბაგრატიონი 1882", შპს. "სამოსელი პირველი". არის კიკეთის "იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს რაგბის კავშირის მმართველობის წევრი, აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნესსკოლის სტუმარი ლექტორი საერთაშორისო ბიზნესში, ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული მოტორალის ლონდონი-თბილისი თანათავმჯდომარე ინგლისის ერლ-ლორდ პატრიკ ჯეიმს კლანუილიამთან ერთად, ყოველწლიური საქველმოქმედო "ქართული მეჯლისის" დამფუძნებელი და მეურვეთა საბჭოს წევრი.