ზაქარია ქუცნაშვილი: დაპირისპირება ჩემსა და ღარიბაშვილს შორის არ არსებობს!
21 მარტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებათა იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს შეეზღუდება უფლება, მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში ერთპიროვნულად, პარლამენტთან შეუთანხმებლად დანიშნოს მთავრობა. საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტ სააკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გაახმაურა გადაწყვეტილება, რომ ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ პროექტს. ასევე გახდა ცნობილი ისიც, რომ უმცირესობა მოითხოვს, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, სარეიტინგო კენჭისყრის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მისცემს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც დააკლდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც პრეზიდენტისა და უმცირესობის შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია გაახმაურა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი გახლდათ, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი უმცირესობის გარკვეულ წევრებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა.
- ბატონო ზაქარია, ეს თქვენი ვარაუდი იყო თუ რეალურად იცით, რა ხდებოდა პრეზიდენტისა და უმცირესობის შეხვედრაზე?
- ჩემი ნათქვამი, რომ პრეზიდენტი ქუთაისში უმცირესობასთან შესახვედრად ბრძანდებოდა, დადასტურდა. აშკარა იყო, რომ უმცირესობის ნაწილი განწყობილი იყო ამ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად. ეს იცოდა პრეზიდენტმაც, შესაბამისად, სცადა გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა ამ ადამიანებზე, მაგრამ არ გამოუვიდა.
- პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა და არც ახლა აპირებს მთავრობის დათხოვნას და რომ მთავრობას თვითონ ქართველი ხალხი დაითხოვს…
- პრეზიდენტის ეს რიტორიკა ყველასთვის ცნობილია, თუმცა საკითხავია, შეიძლება კი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს ენდოს ადამიანი? აი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი "ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა…" ეს გახლავთ მათი ქმედების მთავარი ახსნა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ერთიანი და მონოლითური გაერთიანება და ეს რომ ასე არ არის, სწორედ ამის დემონსტრირების შეეშინდათ - "ნაციონალური მოძრაობა" რეალურად ჩამოშლილია, აი, ამის აღიარების შეეშინდა სააკაშვილს. ახლა იმედი აქვთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით არ წარმოჩინდება მათ შორის განხეთქილება, თანაც შეეცდებიან, დემაგოგიური ლაპარაკით დაიწერონ ქულები, ისე წარმოაჩინონ საქმე, რომ მათზე იყო რაღაც დამოკიდებული.
- საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, რათა დადგინდეს თუ რამდენი ხმა გაკლდებათ ამ ცვლილების განსახორციელებლად…
- კანონის მიხედვით, სარეიტინგო კენჭისყრა ალტერნატიული ვარიანტების არსებობის შემთხვევაში ტარდება. დღეს კი არანაირი ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ სამართლებრივი საფუძველი სარეიტინო კენჭისყრის ჩასატარებლად არ არსებობს.
- ანუ აპირებთ უარი თქვათ "ნაციონალური მოძრაობის" შემოთავაზებაზე?
- არანაირი სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, ჩვენ ვგეგმავთ ამ საკითხის თაობაზე არსებითი კენჭისყრის ჩატარებას.
- შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის მიმდინარეობისას ბატონმა ირაკლიმ თქვენ შეხვედრის დატოვება მოგთხოვათ, თუმცა არ შეასრულეთ მისი მოთხოვნა და შეხვედრაზე მაინც ბოლომდე დარჩით. ბევრმა ეს აღიქვა თქვენსა და მინისტრს შორის დაპირისპირებად, რა მოხდა რეალურად?
- ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა. ეს შეხვედრა იყო ღია და საჯარო, მას, პარლამენტის წევრების გარდა, ესწრებოდა უამრავი ჟურნალისტი, ვესწრებოდი მეც. იქ არც შესვლა იყო პრობლემა და არც გამოსვლა. რატომღაც მოხდა ისე, რომ ჩემი პერსონა ყურადღების ცენტრში მოექცა და ირაკლიმ საკმაოდ მოწიწებით იხუმრა ამაზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც ასევე იოხუნჯეს, თითქოს მას ჩემი გვერდში დგომა სჭირდებოდა. დაპირისპირება ჩემსა და ღარიბაშვილს შორის არ არსებობს.
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი მეუბნება, სპორტსმენები და მსახიობები პარლამენტში აღარ დამანახოთ, კანონშემოქმედებაში სამი კაცი ძლივს მეხმარებაო. მართლა ასე რთულად არის ვითარება უმრავლესობაში?
- არა, ასე რთულად ნამდვილად არ არის. ბატონმა ბიძინამ ეს ხატოვნად თქვა. პარლამენტში, როგორც წარმომადგენლობით ორგანოში, ყოფნის უფლება აქვს, როგორც მსახიობს, ასევე სპორტსმენს და სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. მაგრამ უმჯობესია, სჭარბობდნენ: იურისტები, ეკონომისტები ფინანსისტები…
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)