ნოვოდვორსკაია: მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?! - კვირის პალიტრა

ნოვოდვორსკაია: მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?!

რუსი პოლიტიკური მოღვაწე და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქართველო ხელოვანების მოსკოვში გამართულ გასტროლებზე საუბრობს.

"მე არ უნდა ვუყვებოდე რობერტ სტურუას, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ თეატრს ხელმძღვანელობს, და სხვადასხვა ანსამბლების წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე გამართეს გასტროლები მოსკოვში, მათი ისტორიის შესახებ. მათ ალბათ დაავიწყდათ, როგორ მოვიდნენ სტალინი და მისი ამხანაგები და როგორ სცემდნენ ქართველ სოციალ-დემოკრატებს იმისთვის, რომ მათ არ უნდოდათ საბჭოთა რუსეთის კავკასიურ კავშირში გაერთიანება. თვით ლენინიც კი აღშფოთდა, რომ ეს საქმე ცემის გარეშე არ მოგვარდა. დაავიწყდათ სტალინი, რომელსაც შესანიშნავი ქართველი უწოდეს, თუმცა ის ოსი იყო, როგორ აპატიმრებდა ქართველ ინტელიგენციას. ნახეთ ფილმი "მონანიება". ფილმი, რომელიც საქართველოსთვის მიყენებულ ბოროტებაზეა. მერე იყო საბჭოთა ხელისუფლება. დაგავიწყდათ, როგორ აწამებდნენ პოლიტპატიმრებს ციხეებში, რაც შევარდნაძის დამსახურება იყო, როგორ დახვრიტეს თვითმფრინავის გატაცეის მცდელობისთვის ბიჭები; დაგავიწყდათ, როგორ დაშალა გენერალმა როდიონოვმა ქართული მიტინგი ნიჩბების გამოყენებით?! მე უნდა მახსოვდეს 9 აპრილი და თქვენ უნდა გახსენებდეთ?! სირცხვილია! სირცხვილია, გასტროლებზე მიდიოდეთ იმ ქვეყანაში, რომელიც 2008 წელს თავს დაგესხათ, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიების 1/5 წაგართვათ, თქვენი სოფლები და ქალაქები დაბომბა და რომელიც ძლივს განდევნეთ ჯორჯ ბუშის დახმარებით. ახლა კი, როცა გათავისუფლდით და როცა პარლამენტმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რომელსაც კვლავაც ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიები, თქვენ საჯაროდ იწყებთ თქვენი დამპყრობლისთვის თბილი გრძნობების დემონსტრირებას. თითოეული მსახიობი სირცხვილისგან უნდა იწვოდეს, ოკუპანტისთვის ითამაშის გამო.

ახლა კი ივანიშვილი უკან დაბრუნებისკენ ისწრაფვის, მის "ქართულ ოცნებასაც" გული პურის იმ ნატეხისკენ მიუწევს, რომელიც უფრო ტკბილია, ვიდრე საკუთარი შრომით მოპოვებული. როგორც ჩანს, ახლა ქართველებს მოღალატეები მართავენ, რომლებმაც სააკაშვილისა და მის პროდასავლური მთავრობა ჩამოაშორეს ხელისუფლებას, რომელიც ახლა ცდილობს წაგართვათ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი რეფორმები, თქვენი მომავალი, დასავლური კურსი. იცით, ზოგჯერ თამაში ღალატს ნიშნავს. ჩათვალეთ, რომ თქვენ ახალ რომაელებს ართობთ და მათ წინაშე გლადიატორების ბრძოლას აწყობთ, თუმცა საბოლოო ჯამში, განგმირული საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება. და ყოველივე ამის შუაში სტურუას თეატრი იდგება და ის თავს ქართველად ჩათვლის. არ ვიცი, მე მრცხვენია თქვენს გამო, იმათ გამო, ვინც მოსკოვში წავა და კომედიას მოწყობს თქვენი მტრების წინაშე.

იხილეთ ვიდეო: "მე მრცხვენია თქვენ გამო!" - ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველ ხელოვანებს მიმართავს