”თამაში” - ბავშვებზე სექსუალური ძალადობა
საზოგადოებისთვის შემგუებლობა არა გადარჩენას, არამედ გადაჯიშებას, გადაშენებას ნიშნავს. ჩვენს საზოგადოებას კი საუბედუროდ, უკვე ბევრჯერ დაუდგა ეს საფრთხე, - ჩვენი დუმილი, ჩვენივე ირგვლივ მომხდარ ამაზრზენ მოვლენებთან დაკავშირებით სწორედ ესაა და სხვა არაფერი.
ზუსტად ასეთი დუმილი მეფობს, ზუგდიდის რაიონის სოფლ ნარაზენის საჯარო სკოლაში უფროსკლასელ ვაჟთა შორის სექსუალურ ძალადობის თამაზეც, - რამდენიმე მშრალი ინფორმაციით საზოგადოებამ ეს ამბავიც ისევე უემოციოდ მიიღო, როგორიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი იგივე შემთხვევა. არადა, ეს ის იმას მოწმობს, რომ "ზვავი დაძრულია."
ზვავში მხოლოდ მოზარდობიდანვე გაუკუღმართებულ სქესობრივი ცხოვრებისაკენ სწრაფვას არ ვგულისხმობ, - როგორც ანონიმურმა წყარომ გვითხრა ნარაზენიდან, - სოფლის მოსახლეობის ნაწილი ამ ინციდენტში მოძალადე მხარის, 15 წლის მოსწავლის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს. "ეგ ნ********ი ადგილზე დასაკლავია, ეს ამბავი რომ გაიგეს, ხალხი წივილ-კივილით გაიქცა მისი სახლისკენ. აფსუს უკვე გაპარულები იყვნენ, - კარი და ფანჯრები რომ შევამტვრიეთ, სახლში აღარავინ დაგვხვდა, თორემ უნდა გამოგვეყვანა და ქვებით იქვე ჩაგვექოლა დედ-მამიანად. ღირსი არ არის? ეგ 15 წლის რომ ამას იზამს, როცა გაიზრდება რას ჩაიდენს ვინ არის პასუხისმგებელი, არ ჯობია ახლავე მოსცილდეს ამ ქვეყანას?!
- ვერ გეტყვით. მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება იმ ბიჭიდან ღირსეული ადამიანიც დადგეს?
- რა ღირსეული, ეგ უკვე გაფუჭებულია. რომ გადარჩა, ღმერთს მადლობა უთხრას, მაგრამ მაგას ჩვენ ვერ ვაცხოვრებთ ჩვენი შვილების გვერდით, გაყიდონ სახლ-კარი და წაეთრიონ ჩვენი სოფლიდან, თორემ მაინც ჩავქოლავთ!"
ასეთია ხალხის "სამართალი", - დანაშაულში ეჭვმიტანილის სახლი გადაწვას იმ დღეებში მხოლოდ პოლიციის ალყამ გადაარჩინა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ეჭვმიტანილის ოჯახი თავის სახლში დაბრუნდება და ცხოვრებას ჩვეულებრივ განაგრძობს. როგორც ნარაზენის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ჩაჩიბაია ამბობს, ამ სახლში ყველაფერი დალეწილია, რისი დალეწვაც შეიძლებოდა.
-თავად თქვენი მოსწავლე სად არის, ქალბატონო ლალი?
- დაზუსტებით ვერ გეტყვით. როგორც მითხრეს, მშობლებმა აღმოსავლეთ საქართველოს რომელიღაც ეკლესიაში წაიყვანეს.
- როგორც იმ დღეებში დაიწერ
ა, აღნიშნული ფაქტი სწორედ თქვენ გამოააშკარავეთ.
- როცა დაფიქსირდა, რომ სამი დღის განმავლობაში ეს ბავშვი და მისი კლასელები გაკვეთილებზე აგვიანებდნენ, სიტუციის გარკვევა დავიწყე, ბავშვები მოვიკითხე და ვნახე რომ ეს მოსწავლე ნაცემი და დალურჯებული იყო. ამის შემდეგ დავუკავშირდი მათ მშობლებს, - შვილებს თავდაპირველად თქვენ დაელაპარაკეთ და გაიგეთ, მათ თავზე რა ხდება-მეთქი. ნაცემი ბავშვის დედაც გავაფრთხილე, - შენს შვილს აუცილებლად ათქმევინე, რა დაემართა-მეთქი. თურმე მშობლებს ეუბნეოდა, - ღობიდან გადავხტი და იმიტომ ვარ დალურჯებულიო. რამდენჯერ უნდა გადამხტარიყო ღობიდან რომ ასეთი დალურჯებული ყოფილიყო! მერე სხვა ბავშვებმაც გაამხილეს, რომ თავიანთ თანაკლასელს ცემით აიძულებდნენ, მეორე თანაკლასელზე სექსუალურ ძალადობას შეშვებოდა.
- თქვენ თანაკლასელებზე საუბრობთ, მაგრამ პირველი ინფორმაციით საზოგადოებამ იცოდა, რომ უფროსკლასელისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, არა თანაკლასელი, არამედ მესამეკლასელი იყო.
- ეს რეალობას არ შეესაბამება. ექსპერტიზამ მესამეკლასელზე ძალადობა არ დაადასტურა. როგორც გაირკვა, აღნიშნული უფროსკლასელის მხრიდან იყო მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისკენ მიმართული სექსუალური შინაარსის ძალადობრივი მუქარა და დაცინვა. საუბედუროდ, თითქმის ერთი წლის მანძილზე.
- და ამ ხნის განმავლობაში, სოფელში, სადაც ყველამ ერთმანეთის ყველაფერი იცის, არავინ იცოდა ეს ამბავი, არც ბავშვები ამბობდნენ რაიმეს?!
- ასე გამოდის. ჩვენი სოფელი პატარა სოფელი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი აღნიშნული მოსწავლის მხოლოდ უბანში ხდებოდა. და მაინც არავინ არაფერი იცოდა. ამას არც მცირეწლოვნები ბავშვები ამხელდნენ, არც ის უფროსკლასელი, რომელიც დაზარალებულად ითვლება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ არც ამ უკანასკნელთან დაკავშირებით დაადასტურა სექსუალური ძალადობა და საქმე დაიხურა.
- აბა, რა დაადასტურა?
- როგორც გამოძიებით დადგინდა ეს იყო მხოლოდ "თამაში". ახლა მორიგი საშინელებაც უნდა ვთქვა, - მე გამოუცდელი პედაგოგი არ ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მსგავსი ფაქტები სკოლებში სხვაგანაც ბევრი ხდება. ოღონდაც არ ხმაურდება, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. ასეთია რეალობა! ამ უმძიმესი რეალობის გამო არაერთხელ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ იმდენად სხვა დროში და სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სკოლაში არსებითი რეფორმები თუ არ ჩატარდა, ჩვენი საქმე კარგად ვერ წავა. ეს რეფორმები სკოლაში ფსიქოლოგის შტატის დანიშვნასაც უნდა გულისხმობდეს და მშობელთა ჩართულობასაც. ტრაგედიაა და აუცილებლად უნდა ითქვას, - როცა ამ თემაზე დაკავშირებით მშობელთა კრება ჩავატარე, უფროსკლასელების მშობლებს ამ კრებაზე მოსვლა აზრადაც არ მოსვლიათ, - ჩვენი შვილები დიდები არიან და მაინც არაფერი ემუქრებათო, მოვიდნენ მხოლოდ შედარებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები.
... თუ რატომ მკვიდრდება ასეთი "თამაშები" ჩვენს რეალობაში, ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგ ნინო კანდელაკს ვესაუბრე
- როცა სახეზეა ძალადობა და თანაც სექსუალური გადახრებით, დასკვნა თუ რატომ სჩადის მოძალადე ამას, ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე უნდა
გაკეთდეს. ამის მიუხედავად უყოყმანოდ ვიტყვი, რომ ძალადობრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების გახშირება სკოლებში პირდაპირი შედეგია იმისა, რომ მედიასივრცეში ზოგადად არატრადიციულ ურთიერთობებზე ტაბუ მოიხსნა. უფრო მეტიც, ასეთი ურთიერთობის წახალისებაც კი ხდება. მაშინ რატომღა უნდა იფიქროს რომელიმე მოსწავლემ, რომელსაც შეიძლება მართლაც აქვს ფსიქიკური გადახრები, რომ მაინცდამაინც მისთვის იქნება ეს ყველაფერი დაუშვებელი. ერთადერთი, რაც გვიშველის, სკოლაში მრავალკომპონენტიანი მაშველი ძალის ამუშავებაა, რომელშიც უნდა შედიოდნენ მასწავლებელი, მშობელი, ეკლესია და ბავშვთა ფსიქოლოგები. რაც უფრო მალე მოხდება ეს და რაც უფრო ახმაურდება საზოგადოება ამ თემაზე, მით უკეთესი ჩვენთვის, - ნარაზენის სკოლის დირექტორის ნათქვამი, - ასეთი შემთხვევა სხვა სკოლებშიც ბევრია, მაგრამ, ჩუმად არიანო, იმას ნიშნავს, რომ ამ სიჩუმემ უკვე დიდ უბედურებამდე მიგვიყვანა.
... დამეთანხმებით, რომ ამ თემას სხვა კომენტარი აღარ სჭირდება. თუმცა მე მაინც დავამატებდი: ვიყვიროთ, ხალხნო, საქმე შვილებს ეხება, - დღეს ვიღაცისას, ხვალ კი შეიძლება ჩვენსასაც შეეხოს. ნუთუ ერთხელ არ დავფიქრებულვართ რომ ასეთი დუმილიც დანაშაულია?
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)