კარელ შვარცენბერგი - ჩეხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლად არ გამოდგება
რუსეთი მხოლოდ იმ სახელმწიფოს სცემს პატივს, რომელიც მასზე დიდია და აქედან გამომდინარე, ჩეხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლად არ გამოდგება , - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ შვარცენბერგმა თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩეხეთი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იშუამავლოს საქართველოსა და რუსეთს ან სხვა ქვეყანას შორის.
რაც შეეხება საქართველოს მომავალს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, მათ შორის არის ის რომ, შეინარჩუნოს კონტაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებთან. კერძოდ, ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა პირადი ურთიერთობების დონეზე, თუნდაც ბიზნესის დონეზე ან თემების დონეზე. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ქართული მხარე იყოს მომთმენი, ტოლერანტული, მაგრამ არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი.
"რთულია როდესაც შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ზოგჯერ უნდა ველოდოთ წლები, ათწლეულებიც კი მანამ სანამ გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, მე არ ვიცი როდის დადგება ეს დრო, მაგრამ დადგება აუცილებლად ის დრო როდესაც ეს შესაძლებლობები გაიხსნება", - განაცხადა კარელ შვარცენბერგმა.
"ინტერპრესნიუსი"