მიხეილ სააკაშვილი აბდულა გიულის შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი აბდულა გიულის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქ კოლეგას, აბდულა გიულის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

მხარეებმა ორი ქვეყანის ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ნატო-ში მის ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.

საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები გაფართოებული შემადგენლობებით დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გავრცელდა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას გუშინ უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დაშავება გახდა. საქართველოს პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა და სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშისას დაშავდა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში სამუშაო ვიზიტით 6 აპრილს გაემგზავრა. პრეზიდენტ სააკაშვილის თურქეთში ვიზიტი ხვალ, 10 აპრილს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"