დავით უსუფაშვილი პოლონელებს სთხოვს, სააკაშვილის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი პოლონელებს სთხოვს, სააკაშვილის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ

პოლონეთიდან ახლად დაბრუნებულმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პოლონურ მხარეს სთხოვა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი

მათ ქვეყანაში იქნება, მის ჯანმრთელობას განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ. "ცუდია, რომ პრეზიდენტს გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ კარგი ამბავია, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაფერია. გუშინ პარლამენტის დელეგაცია პოლონეთიდან დაბრუნდა და დღეს პოლონეთში პრეზიდენტი უნდა ჩაბრძანებულიყო. მე ჩვენს პოლონელ მეგობრებს ვთხოვე, რომ მის ჯანმრთელობას განსაკუთრებულად გაუფრთხილდნენ, სანამ იქ იქნებოდა", - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მისვლის საკითხს, როგორც უსუფაშვილი განმარტავს, ამ თვალსაზრისით არავითარი ბარიერი არ არსებობს და გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მისაღებია.

"როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, პარლამენტის ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ ამ წუთიდან პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხზე ყველანაირი ბარიერი მოხსნილი იყო. მათ ვთხოვე, რომ კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად დაგვკავშირებოდნენ. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა, თუკი გამოხმაურებას ადგილი ექნება, მზად ვართ დეტალები სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ. პრეზიდენტს შევპირდი, რომ ქუთაისში ვუმასპინძლებთ, პარლამენტი მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს და მოუსმინოს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"