დააკანონებს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას თამარ კორძაია? - კვირის პალიტრა

დააკანონებს თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებას თამარ კორძაია?

”კოალიცია ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს” – ეს განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამ გააკეთა. გაბედავას ინფორმაციით, ”კორძაია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა სახის კვლევებს ატარებს, რის გამოც მისი არჩევა დაუშვებელია”. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ თამარ კორძაიას დავუკავშირდით.

- ქალბატონო თამარ, რამდენად შეესაბამება რეალობას, გაბედავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერთ მხარს?

- ოპონენტებმა ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყეს. სიმართლე რომ გითხრათ, ამის გამო არ ვნერვიულობ, მათი ბრძოლა ჩემ წინააღმდეგ იმას ადასტურებს, რომ მე გამარჯვების დიდი შანსი მაქვს. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ მოსახლეობის მანიპულირებას შეძლებენ. რეალურად მე ყოველთვის ვიქნები კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დამცველი და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი და ამას ყველგან ვიტყვი.

- ანუ, ერთსქესიანთა ქორწინებასაც დაუჭერთ მხარს?

- ამაზე საუბრის დრო არ არის. მე ვხვდები, საითაც მიგყავთ საუბარი და გაინტერესებთ, ვარ თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანი. გიპასუხებთ, რომ დიახ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ! ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე, მყავს მეუღლე და მასთან ერთად ვზრდი ოთხ შვილს!

- გასაგებია. ქალბატონო თამარ, გავრცელდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ თქვენ "ქართული ოცნების" არარესპუბლიკელ აქტივისტებზე განაწყენებული ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და მმართველი კოალიციის კანდიდატზე მუშაობის ნაცვლად, მის კონკურენტებს ეხმარებიან.

- ესეც მორიგი პროვოკაცია და ჭორია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ უნდობლობის გამოცხადება არ მომხდარა. საარჩევნო სტრატეგიიდან გამომდინარე, მთლიანად შტაბის მიერ ერთობლივად, მათ შორის კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმღვანელის, ბატონი დავით საგანელიძის უშუალო მონაწილეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შტაბის საქმიანობაში კორექტივების შეტანის შესახებ, რაც სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები პროცესია. შტაბის უდიდესი ნაწილი აგრძელებს საქმიანობას და მე პირადად მადლობას ვუხდი ”ქართული ოცნების” თითოეულ წარმომადგენელს იმ დაუღალავი შრომისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და სამართლიანობის აღდგენის გზაზე.

- როგორ ფიქრობთ, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისთვის რა შანსი გაქვთ?

- ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი შანსი მაქვს.

- ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ?

- გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ”ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა პირველ ოქტომბერს ნდობა გამოუცხადა. კოალიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კეთდება ხალხის ნდობის გასამართლებლად.

- თქვენი ოპონენტის, ”ნაციონალი” პაპუნა დავითაიას შანსს როგორ შეაფასებთ?

- ის დამარცხებულ გუნდს ანუ ”ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. ამით ყველაფერი ნათქვამია...

- წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)