"ქართული მიწის გაყიდვა სააკაშვილმა დაიწყო და "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა"
ინდოელებმა უკვე ოთხმოცამდე სოფელში იყიდეს მიწები
"მიწა, რომელიც კონფლიქტის ზონაშია და ქართველებმა ის საკუთარი სისხლის ფასად შეინარჩუნეს, ახლა ინდოელების საკუთრება უნდა გახდეს"
"იმედი მაქვს, ივანიშვილი ხუმრობდა, როდესაც თქვა, რომ უცხოელი ფერმერებისთვის ხელის შეშლა ინვესტორებთან ურთიერთობას გაგვირთულებსო."
"თუ ისევ გამოჩნდებიან ჩვენ თბილისიდან აქტივისტებს ჩავიყვანთ და წინააღმდეგობას გავუწევთ."
"უცხოელები, ჩვენი ხელისუფლების დახმარებით, ქართულ მიწა-წყალს იტაცებენ."
"ბარემ პირდაპირ გამოგვიცხადონ, რომ ეს აღარ არის საქართველო და ეს არის უბრალოდ ქვეყანა, სადაც სხვებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ."
"ხელისუფლება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე შეეწირა" - ამბობს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ქართული მიწების უკანონიდ გაყიდვის პროცესს აგრძელებს. კუკავა ირწმუნება, რომ მმართველმა ძალამ სოფელ დიცის მოსახლეობა მოატყუა და მათ სისხლითა და ბრძოლით შენარჩუნებული მიწა ჩუმად გაუყიდა.
- ბატონო კახა, რა ხდება დღეს რეალურად დიცში?
- ჯერ მშვიდობაა. ინდოელმა ფერმერებმა გორის რაიონის სოფელ დიცში სამასი ჰექტარი მიწა იყიდეს. იცით, ეს რას ნიშნავს? მიწა, რომელიც კონფლიქტის ზონაშია და ქართველებმა ის საკუთარი სისხლის ფასად შეინარჩუნეს, ახლა ინდოელების საკუთრება უნდა გახდეს. ძალიან მიხარია, რომ სოფლის მოსახლეობამ, პრივატიზების შეჩერების მოთხოვნით, უკვე შეიტანა სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევპირდით მხარდაჭერას, როგორც სამართლებრივ დავაში, ასევე ფიზიკური ძალითაც კი.
- ფიზიკური ძალით დახმარებაში რას გულისხმობთ?
- ახლა ინდოელ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიტოვებული აქვთ. თუ ისევ გამოჩნდებიან, ჩვენ თბილისიდან აქტივისტებს ჩავიყვანთ და წინააღმდეგობას გავუწევთ.
- ფიქრობთ, რომ თქვენი ქმედება სამართლიანია? ინდოელებმა ხომ ამ მიწაში ფული გადაიხადეს?
- ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ, დაიცვას მათი უფლება, ქართულ მიწაში გადახდილი გროშებიც უკან დაუბრუნოს და მიღებული ზარალიც აუნაზღაუროს. ინდოელი ფერმერების გაძარცვას ნამდვილად არ ვაპირებთ. თუმცა არც იმას დავუშვებთ, რომ ქართველების სისხლით მორწყულ მიწაზე უცხოელები დავასახლოთ. სამწუხაროდ, ასეთი პრობლემა მხოლოდ დიცში არ არის. ინდოელებმა უკვე ოთხმოცამდე სოფელში იყიდეს მიწები. ფაქტობრვად, უცხოელები, ჩვენი ხელისუფლების დახმარებით, ქართულ მიწა-წყალს იტაცებენ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ამ საქმეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად ახალი მთავრობაც მონაწილეობს. მართალია, მიწების უცხოელებზე პრივატიზება 2012 წლის ივლისში დაიწყო, მაგრამ 2013 წლის დეკემბერში დასრულდა. ე.ი. გამოდის, რომ ქართული მიწის გაყიდვა სააკაშვილმა დაიწყო და "ქართულმა ოცნებამ" დაასრულა.
- თქვენი აზრით, ახალ ხელისუფლებას შეეძლო ეს პროცესი ისე შეეჩერებინა, რომ ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელი არ შეეშალა? აღარაფერს ვამბობ, საერთაშორისო მასშტაბით სახელის გატეხვაზე...
- რა თქმა უნდა, შეეძლო. ჯერ ერთი, ეს მიწა კანონიერად სულაც არ არის გაყიდული. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გასაყიდად გამზადებული სასოფლო-სამეუნეობის დანიშნულების მიწა ჯერ დახურულ აუქციონზე უნდა გამოიტანონ, სადაც მხოლოდ ადგილობრივი გლეხები მონაწილეობენ. თუ ეს მიწა, შიდა აუქციონზე, 6 თვის განმავლობაში არ გაიყიდა, მერე გამოაქვთ ღია აუქციონზე, სადაც ინვესტორები მონაწილეობენ. დღეს სოფლებში დახურული აუქციონები საერთოდ არ ტარდება, მიწებს პირდაპირ უცხოელებზე, კანონდარღვევით ყიდიან. სოფელ დიცში მოსახლოებამ მიწის გაყიდვის შესახებ მანამდე ვერაფერი გაიგო, სანამ ხვნა-თესვის დრო არ მოვიდა. მიწის ნაკვეთი (რომლის გასხვისებასაც დავით კირვალიძემ მოაწერა ხელი და კანონი დააღვია), სარეზერვო იყო და თავად ადგილობრივებს ძალიან სჭირდებოდათ. ამიტომაც იყო, რომ როგორც კი მისი გაყიდვის შესახებ გაიგეს, მაშინვე პროტესტი გამოხატეს. ამ ხალხს თავის დროზე რომ გაეგო ეს ყველაფერი, მიწას თავად იყიდდნენ. ჩემი აზრით, ამ ქმედებით სახელწიფომ მარტო კანონი კი არ დააღვია, ეროვნული უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბარემ პირდაპირ გამოგვიცხადონ, რომ ეს აღარ არის საქართველო და ეს არის უბრალოდ ქვეყანა, სადაც სხვებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ.
- ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლება უცხოელ ფერმერებს უკვე შესყიდულ მიწებს ვერ წაართმევს. მისი თქმით, "ეს კარგია, ჩვენი სოფლის მეურნების განვითარებისთვის..." ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ თქვენი აქტიურობით შედეგს მიაღწევთ?
- ეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომელსაც "რესპუბლიკური პარტია" იზიარებს, მაგრამ არ იზიარებს პარტია "თავისუფალი საქართველო". თუ 27 აპრილს, შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერას მივიღებთ, გარწმუნებთ, რომ არც ერთ ინდოელს, ჩინელს და ბურს არ დავუთმობთ ქართულ მიწას. მიწის ყიდვა-გაყიდვა პოლიტიკური საკითხი არ არის და წესით ამ თემაზე პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა ვაფიქსირებდეთ. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რასაც ილია ჭავჭავაძე შეეწირა. მე და ჩემი თანამოაზრეები ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ამ საკითზე მხოლოდ დებატებით და დისკუსიებით შემოვიფარგლოთ. მე დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას და არ მინდა ზედმეტად გავაკრიტიკო. იმედი მაქვს, ხუმრობდა, როდესაც თქვა, რომ უცხოელი ფერმერებისთვის ხელის შეშლა ინვესტორებთან ურთიერთობას გაგვირთულებსო. უცხოელის მიერ მიწის ყიდვა ინვესტიციის ჩადებას არ ნიშნავს. არავინ ყიდის იმას, რაც ისედაც მუშაობს და შემოსავალს იძლევა. ინვესტიცია იქნებოდა, ის რომ ინდოელს 100 ჰექტარი მიწა (რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის არ იქნებოდა განკუთვნილი) ეყიდა და იქ ქარხანა აეშენებინა. ამის არათუ წინააღმდეგები, მომხრეებიც კი ვიქნებოდით. ძალიან მაინტერესებს, რა სარგებელს მიიღებს სოფელი დიცის მოსახლეობა, თუ მათ მიერ სისხლით შენარჩუნებულ მიწაზე ინდოელი დასახლდება, დახნავს, დათესავს, მოსავალს მოიმკის და შეჭამს? ან ბიუჯეტში რა შევა აქედან? არაფერი, სრულიად არაფერი... ეს ჩვენი კაპრიზი კი არ არის, მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება არ ყიდის სასოფლო-სამეურნეო მიწას. ევროპაში, ფართოდ აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, ეკონომიკის სფეროში თავისუფალ მიმოქცევას ხელს უწყობენ, მაგრამ ამასთანავე მიწაზე, პორტებზე და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების გასხვისებაზე სერიოზულ შეზღუდვებს აწესებენ.
- მოდით გულწრფელად ვთქვათ, თქვენი აზრით, შეიქნებოდა თუ არა ეს პრობლემა, ქართველ გლეხს მიწის დამუშავება რომ არ ეზარებოდეს?
- აბა ნახეთ სოფელ დიცში, თუ დატოვეს ქართველებმა მათ მფლობელობაში არსებული მიწები დაუმუშავებელი. Iს, რომ ვითომ კახელი თუ ქართლელი გლეხი ზარმაცია, ხოლო ინდოელი თუ ბური ფერმერი შრომისმოყვარე, სააკაშვილის მოგონილი ტყუილია. თუ გახსოვთ, სააკაშვილი ბურ ფერმერებს, მიწების დამუშავებისთვის სპეციალურ კრედიტებს დაპირდა, ქართველ გლეხს კი მიწის ფლობისთვის გადასახადი დაუწესა. იცით, ეს რატომ გაკეთა? იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო, საქართველოში უცხოელები უპირატეს მდგომარეობაში ემყოფებინა და ქართველების მდგომარეობა გაუსაძლისი გაეხადა. არ მინდა, დავიჯერო, რომ ახალი ხელისუფლებაც ამ მისიას აგრძელებს. ძალიან ვთხოვ მათ, ნუ მიჰყიდიან ჩვენი წინაპრების, ჩვენი ახალგაზრდა, 2008 წლის ომში დაღუპული ბიჭების სიხლით მორწყულ მიწას უცხოელებს. ქართველი კაცი ოდითგან მიწათმოქმედი და ამ საქმის უბადლო მცოდნე იყო და მიეცით მას თავისი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალება.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)