ნოდარ ნათაძე: ეროვნულ ინტერესებს არც ივანიშვილის ხელისუფლება ემსახურება - კვირის პალიტრა

ნოდარ ნათაძე: ეროვნულ ინტერესებს არც ივანიშვილის ხელისუფლება ემსახურება

19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა "ახალი ეროვნული მოძრაობის" დაწყების შესახებ აცნობეს საზოგადოებას და ამ ახალი მოძრაობის მიზნად სამი რამ დაასახელეს: "ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება-განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია". პარტიის ლიდერთა თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობას რეალურად ემუქრება საფრთხე და ეროვნული მოძრაობის დაწყებაც ამიტომ გადაწყვიტეს, თუმცა, ეს თემა რიგ წრეებში მხოლოდ ქილიკის საგნად იქცა. დავინტერესდით თუ რას ფიქრობს ნაციონალთა ინიციატივაზე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, "სახალხო ფრონტის" ლიდერი ბატონი ნოდარ ნათაძე.

- ბატონო ნოდარ, როგორ შეაფასებთ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას - დაიწყოს ეროვნული მოძრაობა?

- რუსულ ინტერნეტსაიტებს თუ კარგად გადახედავთ, რუსეთის იდეოლოგები დუგინი და სხვები წერენ, რომ საქართველოში გაბატონებულია ნაციონალისტური მენტალიტეტი და იქვე უკიჟინებენ ოფიციალურ მოსკოვს - ჩვენ უნდა დავიკავოთ ეს ნიშაო, შევქმნათ ჩვენი ორგანიზაციები საქართველოში, რომელიც იმოქმედებენ ეროვნული მოძრაობის სახელითო. ამის ერთ-ერთი მაგალითია მიხეილ სააკაშვილისა და მისი "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლილი პოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, გადარჩეს და მისი გადარჩენა ასევე უნდა რუსეთსაც, რომელმაც რეკომენდაცია მისცა, რომ ეროვნულად "გადაიღებონ", რაც ძალიან სასაცილოა იმ ხალხისგან, რომლებსაც ეროვნულისა არაფერი სცხიათ.

- თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ეროვნულ მოძრაობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იწყებენ და ამ დამოუკიდებლობას სწორედ რუსეთი ემუქრება…

- ეს ფრაზები არის სწორი, მაგრამ ფუჭი, რადგან მათ უკან რეალური ნება არ დგას. ისინი წარმოადგენენ რუსეთის ირიბ აგენტურას. სამწუხაროა, რომ ეროვნულ ინტერესებს არც ივანიშვილის ხელისუფლება ემსახურება, მათ უკვე არა შეფარვით, არამედ პირდაპირ რუსული კურსი უჭირავთ. რუსეთმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა "ნაციონალური მოძრაობა" შეინახოს ვითომ ივანიშვილის საპირწონედ, რეალურად კი ორივე ერთი მიმართულების სხვადასხვა ფრთაა. ანუ რუსეთს სურს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არსებული პოლიტიკური ძალები მის ინტერესებს ატარებდნენ, რათა რეალურად ეროვნული აზრისთვის აღარ დარჩეს ადგილი.უნდათ, ორპარტიული სისტემა დარჩეს ქვეყანაში და ამ ორივემ მათზე იმუშაოს.

- რატომ მიიჩნევთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" რუსულ ინტერესებს ატარებს?

- მეტი რა არგუმენტი გჭირდებათ ამის დამადასტურებლად, ივანიშვილი რუსეთთან მეგობრობაზე ლაპარაკობს ოკუპაციის პირობებში. ევროსაბჭოშიც კი ხმამაღლა თქვა, რომ თურმე აფხაზეთის რკინიგზა უნდა აღსდგეს, რაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ ან უნდა მივიღოთ რეზოლუცია, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი თუ პომიდორი თუ კიდევ რაღაც ჯანდაბა რუსეთსა და დასავლეთს შორისო, ამას გულწრფელი და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი ხმამაღლა არ უნდა ამბობდეს, მეტიც, თავშიც არ უნდა მოსდიოდეს აზრად.

- ევროსაბჭოში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველოს არჩევანი ევროინტეგრაციაა…

- ამგვარი განცხადებები სავალდებულოა, ვინც ამას არ იტყვის, ის თავის თავს ამხელს. ყველა ვალდებულად მიიჩნევს თავს, რომ დემოკრატიაზე ილაპარაკოს, მაგრამ სინამდვილეში სულ ფეხზე ჰკიდიათ დემოკრატია. ასევეა დასავლურ ინტეგრაციაზე ლაპარაკიც.

- როგორ ფიქრობთ, მაინც როგორი უნდა იყოს ეროვნული ინტერესებით წარმართული პოლიტიკა?

- რადიკალურად უნდა დავუპირსპირდეთ რუსეთს, უნდა ვლობირებდეთ საერთაშორისო ასპარეზზე კავკასიელი ხალხების რუსეთისგან გათავისუფლებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის კავკასიიდან განსადევნად. ამასთანავე, უნდა მოხდეს ქვეყნის სხვაგვარი მობილიზაცია, სკოლებში უნდა შემოვიღოთ სამხედრო სწავლება, არმია უნდა ავაგოთ სხვანაირად.

- ბატონო ნოდარ, თქვენ აცხადებთ, რომ რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთს და გავუწიოთ ლობირება კავკასიის გათავისუფლებას… დაახლოებით ამას ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლებაც, თუმცა, თქვენ წინა ხელისუფლება მაინც არ მოგწონდათ…

- კარგი იყო, როდესაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარეს და ამ ტრაგედიას მონუმენტი დაუდგეს, მაგრამ სხვანაირად არაფერი გაუკეთებიათ მსოფლიო ასპარეზზე კავკასიელთა ინტერესის ლობირებისთვის. გავაგრძელებ ისევ იმაზე საუბარს თუ რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მართვა: მიწები არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, პრორუსული იმიგრაცია არ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში, როგორიცაა ჩინური თუ ინდური. საერთოდ, იმიგრაცია უნდა აღიკვეთოს. ჩვენ, ვინც ნამდვილად ეროვნულები ვართ, შემუშავებული გვაქვს პროგრამები - რა და როგორ უნდა გაკეთდეს. გულხელდაკრეფილი კი არ ვსხედვართ, როგორც წინა თუ ახალი ხელისუფლება. ერთ მაგალითს გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლების სანაკოევის პროექტი იყო საქართველოს წინააღმდეგ ნამდვილი დივერსია. სახელწოდება "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის შეთხზულია, ამის პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში არსებობა არ შეიძლება. სააკაშვილის ხელისუფლებამ იმ სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნით ეს ტერმინი გააცოცხლა, ამას აცოცხლებს ივანიშვილიც, რომელმაც ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ეს ტერმინი რამდენჯერმე ახსენა, რაც ასევე დივერსიაა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)