”ხელისუფლების რუხი კარდინალი”, ”ხუხოფობია”, ”ყველაფრისმცოდნე” - ბოლო დროს ეს სიტყვები გია ხუხაშვილის მისამართით ხშირად გაისმის. რაღაცებს თავადაც იუმორით უყურებს, მაგრამ რაღაცებზე ბრაზობს და ამბობს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველაფერს აბრალებენ. პრევენციითაც იმუქრება, - თუ ეს გაგრძელდება, სასამართლოს მივმართავო. მას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრეთ.- იმას, რომ საზოგადოებას ”ხუხოფობია” შეეყარა, ობიექტური მიზეზები აქვს, - მე არ ვარ იდენტიფიცირებული პოლიტიკური ფიგურა, ანუ პოლიტიკაში ჩემი ადგილი გარკვეული არ არის. ამავდროულად, ხელისუფლებასთანაც ვინარჩუნებ ახლო ურთიერთობას და ეს ყველაფერი საზოგადოებაში გარკვეულ ლეგენდას ქმნის. ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ დავუძახე და ინფორმაცია მივაწოდე. თუმცა, ჩემი სიტყვები მუდმივად საკამათო ხდება და თემაც აქტიურდება. ამის გამო საკმაოდ ხშირად ვჩანვარ, რაც ჩემ შესახებ ლეგენდას ამძაფრებს. ”ხუხოფობიას” სუბიექტური მიზეზებიც აქვს, გარშემო რაც კი ხდება, ყველაფერს მე მაბრალებენ, დათა ახალაიას წერილის ავტორობაც კი მე დამაბრალეს, - ხუხაშვილის დაწერილიაო... რუსეთთან დაკავშირებით გამოთქმულ ჩემს აზრსაც სხვანაირად მოაბეს ყური, არადა, უბრალოდ ის ვთქვი, როგორი წარმომიდგენია საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ჩემი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე დაატრიალეს... ყველა თემის კომენტირება მიწევს, რადგან წესად მაქვს, როდესაც ჟურნალისტი მომმართავს, ჩემი მოსაზრება აუცილებლად უნდა ვუთხრა. ეს არის და ეს. მითები და ლეგენდები - ხუხაშვილმა ყველაფერი იცისო, გადაჭარბებულია. - იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ მმართველ გუნდთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობით სარგებლობთ, თუმცა, თანამდებობაზე არ ხართ და პოლიტიკაში აშკარა მოღვაწეობასაც არიდებთ თავს... - დიახ, ეს ჩემი არჩევანი იყო. როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ვიღებდი მონაწილეობას, თავიდანვე განვაცხადე, პარტიული პოლიტიკოსობა ჩემი საქმე არ არის-მეთქი. არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ შესვლას. ვერ ვიტყვი, ძალიან ახლო-მეთქი, მაგრამ საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან. ეს ჩემი ადამიანური არჩევანია და მას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემს აზრსაც ვეუბნები.- ბოლო ხანს ახალი ხელისუფლების ”რუხ კარდინალადაც” მოგიხსენიებენ...- საოცარია. ნეტავ საიდან იქმნება ეს მითები. არ ვიცი, ღირს კი ამაზე ლაპარაკი? როგორც ჩანს, არის ჩვენში ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რაღაც ახალი დაავადება, ზემოთხსენებული ”ხუხოფობია” სჭირს....- ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კვალიფიციურად ისაუბრა, ხოლო უმცირესობის წევრებმა პარალელი გაავლეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებთან და აღნიშნეს, რომ რცხვენოდათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უსმენდნენ.…თქვენ როგორ შეაფასებდით მის გამოსვლას?- წინასწარ ვიცოდით, რომ ამ გამოსვლას ასეთი პოლარიზებული შეფასებები მოჰყვებოდა. მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც აღმატებული მოხდა და არც იმას ვამბობ, რომ რაღაც ცუდი მოხდა, უბრალოდ ეს იყო სრულიად სწორი პოზიცია. მან ისაუბრა გულწრფელად და არ ფიქრობდა პოპულიზმზე, არც იმის სურვილი ჰქონია, რომ ვინმესთვის თავი მოეწონებინა და ისეთი რამ ელაპარაკა, რაც მათ ესიამოვნებოდათ. ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად განსხვავდებოდა სააკაშვილისგან, რომელიც ზღაპრებს ყვებოდა და ევროპარლამენტარების წინაშე ვირტუალურ სურათებს ხატავდა. სააკაშვილსა და ივანიშვილის გამოსვლას შორის პრინციპული სხვაობა იყო, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს მეგობრებთან ურთიერთობაში. პრემიერ-მინისტრი არ ვარცხნიდა საქართველოში არსებულ ვითარებას, რითაც მან სტერეოტიპი დაანგრია. ანუ ეს გამოსვლა არც ვაი, ეს რა ვნახეთ იყო და არც ვუი, ეს რა იყოო...…- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და არსებობს თუ არა იმის წინაპირობა, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობაზე სასიკეთოდ აისახება?- ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობა იმდენად არის გაფუჭებული, ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ პრემიერის გამოსვლა რუსეთთან დაკავშირებით რაიმეს შეცვლის საფუძველს იძლევა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები პირადი შეურაცხყოფა მივაყენოთ მეორე მხარეს, თუნდაც მტერს. ეს იქნება ღირსეული საქციელი და კიდევ, თუნდაც მტერს უნდა ელაპარაკო იმ ენაზე, რომელიც დიალოგში მიღებულია. ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოზე გამოსვლის დროს, იყო პროვოცირება, რომ პრემიერს ტონი შეეცვალა და იგივე მოედანზე ასულიყო, საიდანაც სააკაშვილი საუბრობდა. მაგნიცკის თემაც კი შემოაგდეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ყველამ ვიცით, პუტინი ვინც არის. თუ ჩვენ მას ზედმეტად შევაგინებთ, ამით არაფერი შეიცვლება. ქართულმა მხარემ უნდა ისაუბროს იმ რიტორიკით, რომელიც საჭიროა დიალოგის დროს. თუ დიალოგის დაწყებამდე მას წინასწარ შეაგინე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აღარ დაგელაპარაკება. - ბატონო გია, თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს რუსეთისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა... უფრო დაწვრილებით ხომ ვერ განგვიმარტავდით ამას?- თუ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელთანაც დიალოგზე უარს იტყვის აფხაზური და ოსური მხარე. მათ შორის არც რუსეთი, რადგან ჩვენ თავადაც ვამბობთ, რომ რუსეთი კონფლიქტის მონაწილეა. ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, და რუსეთსაც არ უნდა ვათქმევინოთ, რომ მას კარგი არაფერი უთქვამს, არც გაუკეთებია და ვერც დაველაპარაკებითო. ეს იყო იდეა ჩემი სიტყვებისა, როდესაც ვთქვი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი-მეთქი. პრეზიდენტს რომ მოლაპარაკების წარმოების ფუნქცია ჰქონდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთი ადამიანის არჩევა, ვინც აფხაზეთში იბრძოდა და მათთან რაიმე პირადი შეხება ჰქონდა. ამის უნიკალური გამოცდილება აქვს ირაკლი ალასანიას, რომელიც მისაღები იყო როგორც აფხაზების, ისე ოსებისთვის. ირაკლის 90-იანი წლების აფხაზეთის ომში მამა დაეღუპა, მაგრამ მან თავის თავში გადალახა ეს ყველაფერი. დაახლოებით ასეთი ფიგურა უნდა იყოს პრეზიდენტი, თუ ის იქნება ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მხარე...- სხვა საკითხების შესახებაც გკითხავთ. კობა დავითაშვილის მხრიდან დავით სერგეენკოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ხმაური მოჰყვა. სერგეენკო ბოდიშის მოხდას ითხოვს, რასაც დავითაშვილი არ თანხმდება. ამ ფაქტს თქვენ ”წითელი ხაზის გადაკვეთა” უწოდეთ. რაში გამოიხატება ეს?- კრიტიკა ჩვეულებრივი რამ არის, როდესაც პარლამენტარი მთავრობის წევრს აკრიტიკებს ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ამიტომაც კრიტიკა სასარგებლოც კი არის, მაგრამ არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება. უარგუმენტო კრიტიკა კონკრეტულ ბრალდებაში არ უნდა გადადიოდეს და სწორედ ეს გააკეთა კობა დავითაშვილმა, როდესაც სერგეენკო კორუფციაში დაადანაშაულა. ეს უკვე წითელი ხაზის გადაკვეთაა. დეპუტატი ვიღაც არ არის, რომ ჰაერზე თქვას რაღაცები... მას შეეძლო, ბოდიში კი არ მოეხადა, უბრალოდ ეთქვა, სხვანაირი ინტერპრეტაციით ვთქვიო, მაგრამ კობა, განმარტების გაკეთების ნაცვლად, კონფლიქტში შევიდა... როდესაც ვიღაც მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრი რაღაცაშია ეჭვმიტანილი, მაშინ მისი უმრავლესობის წევრთან თანაცხოვრება შეუძლებელია და ჩიხში ვექცევით. ამიტომ ვისურვებ, კობამ გააკეთოს განმარტება, მე გარიგება არ მიგულისხმიაო, ან ერთ პოლიტიკურ გუნდში მათი თანაცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. მაინცდამაინც სიტყვა ბოდიში არ არის საჭირო, მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს. - პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დავითაშვილს დავურეკე და ვეჩხუბეო. როგორ შეიძლება ეს დავითაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაზე აისახოს?- რა მოხდა მერე? ვის არ უჩხუბია, მაგრამ შერიგებულან. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ბიძინა ივანიშვილი კი არა მეც გავცხარდი კობას სიტყვებზე. სერგეენკოს, პირადად მე, არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, ვხვდები, რომ მისი კორუფციაში დადანაშაულება, რბილად რომ ვთქვა, უსაფუძვლოა.- მაშ, რაში დასჭირდა კობას სერგეენკოს კორუფციაში დადანაშაულება?- არ ვიცი, კობა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსია და მას თავის მოსაზრებები აქვს. შესაძლოა, მათ შორის რაღაც დისკომუნიკაცია იყო. შესაძლოა, სერგეენკო მის მოსაზრებებს არ ითვალისწინებდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ემოციებით არ იმართება, რაც უნდა სამართლიანი გვეჩვენებოდეს ჩვენი პოზიცია.- ”კარგი მინისტრები გვყავს, მხოლოდ ერთის მიმართ არსებობს ეჭვი და ამისთვის საზოგადოებას ვამზადებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა ”პოზიციაში” სტუმრობისას განაცხადა თქვენ ვისზე გაქვთ ეჭვი?- არ ვიცი, მან დაასახელა რამდენიმე მინისტრი, ვის მიმართაც კარგად არის განყობილი და რამდენიმე არ დაასახელა, სწორედ მათში უნდა იყოს ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც მიმართაც ეჭვები აქვს. თუმცა, ვინ აითვალწუნა პრემიერმა, ნამდვილად არ ვიცი... კი ამბობენ, ხუხაშვილი ყველაფერი იცისო, მაგრამ პრემიერი გულში ვისზე რას ფიქრობს, ნამდვილად არ ვიცი... ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)