”კირვალიძე ღირსეულად მოიქცა, ხაჩიძის საქციელი კი პოლიტიკური უზრდელობის მაგალითი იყო ” - კვირის პალიტრა

”კირვალიძე ღირსეულად მოიქცა, ხაჩიძის საქციელი კი პოლიტიკური უზრდელობის მაგალითი იყო ”

”ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვითხოვ, შემიჩერონ უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება” - განაცხადა სოფლის მეურნეობის უკვე ექსმინისტრმა დავით კირვალიძემ მთავრობის სხდომაზე და მისი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრმა იქვე დააკმაყოფილა. სავარაუდოდ, ეს დაუსვამს წერტილს იმ მითქმა-მოთქმას, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებას საზოგადოებასა და მედიაში მოჰყვა. უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას კი წინ უსწრებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ”მექანიზატორის” მაღალი თანამდებობის პირების დაკავება სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით. გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ”ანონსის” შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა ივარაუდა, რომ ცვლილება სამთავრობო კაბინეტის ეკონომიკურ ბლოკში განხორციელდებოდა. გულისხმობდა თუ არა სწორედ დავით კირვალიძეს და კიდევ ელოდება თუ არა ცვლილებებს მთავრობაში, - ამას ბატონი რამაზისგან შევიტყობთ:

- ეს ცვლილება ეკონომიკურ გუნდში რომ იქნებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო ვივარაუდე, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ძირითადად ამ გუნდში არსებული პრობლემებითაა განპირობებული. რაც შეეხება კირვალიძეს, კონკრეტულად რთული იყო მისი გამორჩევა, რადგან ის საკმაოდ აქტიური გახლდათ, თუმცა ამ სფეროში პრობლემები მართლაც ძალიან ბევრია - პრობლემად რჩება ქართული პროდუქტის ბაზარზე გამოტანა, სუპერმარკეტებისა თუ ბაზრების დახლებზე ისევ უცხოური პროდუქტი სჭარბობს, აშკარად პრობლემურად წარიმართა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლად და ა.შ. პრობლემები არის ამ ბლოკის სხვა სეგმენტებშიც მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნაკარნახევი იყო იმ სამართალდარღვევებით, რის თაობაზეც ინფორმაცია მას საზოგადოებაზე ადრე ჰქონდა. თუ ისევ ამ ბლოკის მინისტრების საქმიანობას მივუბრუნდებით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ინერტული მეჩვენება, განსაკუთრებით ერთი მიმართულება მაოცებს ძალიან - როგორც იცით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა პრობლემა იყო საქართველოსთვის და დღემდე პრობლემად რჩება, არ ვიცი, ეს პარლამენტის ბრალია თუ ეკონომიკის მინისტრის, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც დროულად უნდა მოგვარდეს.

- ეკონომიკურ ფლანგზე კიდევ არის მოსალოდნელი რაიმე ცვლილებები?

- ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმ ნიშნით, ვინ მუშაობს კარგად და ვინ - არა, ივანიშვილი გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, საკადრო ცვლილებებს ჯერჯერობით ალბათ მხოლოდ სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს.

- რამდენად სწორად მიიჩნევთ რამდენიმე დღით ადრე იმის თქმას, რომ ერთ-ერთი მინისტრის შეცვლა იგეგმება. ის აჟიოტაჟი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებას მოჰყვა, ვფიქრობ, საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო…

- ეს არ იყო სწორი ფორმა, რაც აღიარა კიდეც პრემიერ-მინისტრმა, როდესაც თქვა, შეცდომა დავუშვიო. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილი არ არის შეჩვეული ისეთ ლაპარაკს, რაც მის რანგს შეეფერება. ვერ ვიტყოდი, რომ მას რაიმე წინასწარგანზრახვა ჰქონდა ამ შემთხვევაში, უბრალოდ, გულახდილად გაუზიარა თავისი აზრი ჟურნალისტს. მხოლოდ მერე ნახა, რაც მოჰყვა ამას. ვფიქრობ, ივანიშვილი თავისი პიროვნული ჩვევებით ხელმძღვანელობს და შიგადაშიგ ახლა არკვევს, რომ ეს ჩვევები პოლიტიკაში ზოგჯერ გაუმართლებელი და უშედეგოა.

- დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ რაც მის სამინისტროში მოხდა, ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავად იღებს. ამგვარი რამ, როგორც მახსოვს, მანამდე არც ერთი მინისტრისგან არ გვსმენია. მახსენდება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გარემოს დაცვის სამინისტროში ლამის ყოვეწლიურად რომ იჭერდნენ თანამშრომლებს, იმჟამინდელი მინისტრი გოგა ხაჩიძე კი მხოლოდ წუხდა ხოლმე, ეს არ ვიცოდიო…

- კირვალიძე ნამდვილად ღირსეულად მოიქცა. აი, გოგა ხაჩიძის საქციელი კი პოლიტიკური უზრდელობის მაგალითი უფრო იყო. ისე, ამგვარ მაგალითებზე ლაპარაკს ხაჩიძისგან არ დავიწყებდი, ჩვენს ისტორიაში გვაქვს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა, ვგულისხმობ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ბრალდებულნი. საზოგადობას მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ცივილიზებული სახელმწფოების მსგავსად მოიქცეოდა და გადადგებოდა მინისტრი, თუმცა მერაბიშვილი არ გადადგა და მას მერე დაიწყო ის პროცესი, რასაც სავარძლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება ერქვა. რაც დღეს ვნახეთ კირვალიძის შემთხვევაში, ეს ქცევის ნორმაა, ის, რაც ხდებოდა ადრე - არანორმალურობა იყო.

- როგორ ფიქრობთ, ახალი მინისტრის შერჩევა არ გაჭირდება? ჩვენში ხომ მუდმივად კადრების დეფიციტია?

- დროა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ ხდება ჩვენში კადრების შერჩევა. არ ვამბობ, რომ ეს მაინცდამაინც ივანიშვილის მთავრობის პრობლემაა, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე სულ ერთნაირად მიმდინარეობდა ეს პროცესი. მთელ რიგ ქვეყნებში გარკვეული გამოკვლევები ტარდება, კადრების შესწავლა ხდება, დგება პროფესიული რეიტინგები და ამის მიხედვით ინიშნებიან ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მაგრამ ჩვენთან მეტწილად ერთგულების ნიშნით ნიშნავენ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ კადრების დეფიციტი კი არ არის, უბრალოდ, მოუწესრიგებელია კადრების მოძებნის მექანიზმები.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)